25,00 ₾
“მაგრამ ერთი რამ კი იქნება ცხადი: გრიგალს რომ თავს დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.“
ეს ის ქარიშხალია, რომელშიც პატარა ბიჭი — კაფკა ტამურა — თავით გადაეშვება, გაექცევა სახლს, მამის ჩრდილსა და საზარელ წინასწარმეტყველებას.
სადღაც მოვისმინე, რომ ეს ამბავი ახალგაზრდების მეტაფორაა, რომლებიც მშობლების კლანჭებს დააღწევენ თავს, დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში წავლენ. მაგრამ კაფკა არ არის უბრალო ბიჭი, რომელიც მშობელს გაურბის და თავისუფლებას ახალ სივრცეებში ეძიებს — არა, კაფკა ის ბიჭია, რომელიც გარეთ კი არა, შიგნით გადახტება — იქ, სადაც თევზებისა და ლოქოების წვიმა მოდის. ძნელია გაარჩიო რეალობა და სიზმარი; იაპონური მეტაფორები და ფსიქოანალიტიკური არქეტიპები ერთმანეთში ირევიან. ნაკატას კატების ენა ესმის, კაფკა ბიბლიოთეკაში იმალება, გაექცა რეალობას — მაგრამ რეალობას გაექცა სიბრძნის სახლში, სიძველისა და სიღრმის წიაღში, საკუთარ არაცნობიერში. მან გააკეთა სარისკო ნახტომი საკუთარ არსში მოგზაურობისაკენ — იმ უბნელესი კუნჭულების მოსანახულებლად, იმ გენეტიკური კოდების ამოსახსნელად, იმ შეუცნობელის შესაცნობლად, რომლისაც ასე ეშინიათ ადამიანებს.
კაფკას ადგილი არც ტოკიოშია, არც ბიბლიოთეკაში, არც შიკოკიში. კაფკას ადგილი საკუთარი თავის ცენტრშია, სადაც კარს მიღმა ან ჭეშმარიტება, ან სიკვდილი დგას. კაფკა არ გარბის სინამდვილიდან — ის საკუთარ არსში გარბის, რომ თავად იქცეს სინამდვილედ, იპოვნოს საკუთარი სიმშვიდე — შინაგანი პლაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კაფკასია.