28,00 ₾
მიმდინარე კვირაც დავუთმოთ ქართველი მოაზროვნის, მერაბ მამარდაშვილის შემოქმედებას. “რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები” წიგნში მამარდაშვილი განიხილავს, როგორ იცვლებოდა რაციონალურობის იდეალი – ანუ რას ნიშნავდა „გონივრულად ფიქრი“ – ისტორიის განმავლობაში. ავტორი აპირისპირებს ორ დიდ მოდელს: კლასიკურ და არაკლასიკურ რაციონალურობას. კლასიკური რაციონალურობის იდეალია მკაცრი ლოგიკა, სისტემატიურობა და აუცილებლობა. აქ გონება წარმოდგენილია როგორც უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ობიექტური ჭეშმარიტების აღმოჩენა მკაცრი მეთოდის საშუალებით. სუბიექტი და ობიექტი მკაფიოდ გამიჯნულია, ხოლო აზროვნება — წესრიგში მოქცეული, სტაბილური და საყოველთაო კანონებზე დაფუძნებული. არაკლასიკური რაციონალურობა კი ეჭვქვეშ აყენებს ამ სიმყარეს და ეფუძნება თვითრეფლექსიას, საკუთარი აზროვნების გააზრებას და ცნობიერების სიღრმისეულ ანალიზს. მამარდაშვილისთვის ამ ორი მოდელის დაპირისპირება არ ნიშნავს ერთის უარყოფასა და მეორის გამარჯვებას. პირიქით, ის გვაჩვენებს, რომ რაციონალურობა ცოცხალი პროცესია — კულტურული და სულიერი შრომა, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავად ყალიბდება. აზროვნება აქ აღარ არის მხოლოდ ტექნიკური უნარი; ის არის პასუხისმგებლობა საკუთარი ცნობიერების წინაშე. ამგვარად, წიგნი გვაფიქრებს არა მხოლოდ ფილოსოფიის ისტორიაზე, არამედ ჩვენს პირად დამოკიდებულებაზე გონივრულობის მიმართ: რას ნიშნავს დღეს, თანამედროვე სამყაროში, იყო რაციონალური?