ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
V თავი
ყოველთვის ვირჩევთ
წარმოიდგინეთ, რომ შუბლზე თოფი მოგაბჯინეს და გითხრეს, ხუთ საათში 42 კილომეტრს თუ არ გაირბენ, შენც მოგკლავთ და ოჯახსაც ამოგიწყვეტთო.
ვერ იქნება კარგი ამბავი, არა?
ახლა კი დავუშვათ, რომ მოხერხებული სპორტული ფორმა და ფეხსაცმელი იყიდეთ და, მრავალთვიანი ვარჯიშის შემდეგ, გაირბინეთ მარათონი, რომლის ფინიშთანაც ოჯახის წევრები და მეგობრები დაგხვდნენ. ასეთ მომენტს მთელი სიცოცხლის ბოლომდე სიამაყით გაიხსენებ.
აქაც 42 კილომეტრია, რომელსაც ზუსტად იგივე პიროვნება გარბის ზუსტად ისეთივე ტანჯვითა და ფეხების ტკივილით. მაგრამ როცა არჩევანს დაძალების გარეშე აკეთებ და სიტუაციისთვის მზად ხარ, პროცესს სიხარული მოაქვს და ცხოვრების საუკეთესო მომენტად იქცევა. ხოლო როცა რამეს გაძალებენ, კოშმარულ სიტუაციაში ვარდები.
ხშირად მტკივნეულ პრობლემასა და სასიამოვნო პრობლემას შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკანასკნელს ჩვენ თვითონ ვირჩევთ და მზად ვართ პასუხი ვაგოთ მასზე.
თუ რაიმე სიტუაციაში თავს უბედურად გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია თქვენს კონტროლს სრულად არ ექვემდებარება, ანუ არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეგიძლიათ და რომელიც თქვენი სურვილის გარეშე გაჩნდა.
როცა პრობლემას თავად ვირჩევთ, სერიოზულ მოტივაციას ვგრძნობთ. როცა პრობლემები თვითონ გვირჩევენ, თავს მსხვერპლად ვგრძნობთ.
უილიამ ჯეიმსს პრობლემები ჰქონდა. მართლა ცუდი პრობლემები. ის მდიდარ და სახელიან ოჯახში დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელობა დაბადებიდან არ უვარგოდა: თვალების დაავადებამ ბავშვობაში დროებით დააბრმავა; მუცლის საშინელი სენი გულისრევას იწვევდა და მკაცრ დიეტაზე ყოფნას აიძულებდა. გარდა ამისა, მას ცუდად ესმოდა და ხერხემლის ძლიერი სპაზმების გამო, ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჯდომასა და ფეხზე დგომას.
სუსტი ჯანმრთელობის გამო ჯეიმსი დროის უდიდეს ნაწილს შინ ატარებდა. მეგობარი ცოტა ჰყავდა და ცუდადაც სწავლობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ის მთელი დღეების განმავლობაში ხატავდა. საწყალს მხოლოდ ეს საქმე ანიჭებდა სიხარულს და, როგორც თავად თვლიდა, მხოლოდ ეს გამოსდიოდა.
სამწუხაროდ, მის მეტს არავის მიაჩნდა, რომ ჯეიმსს ხატვის ნიჭი ჰქონდა. როცა წამოიზარდა, მის ნამუშევრებს არავინ ყიდულობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მამამაც (რომელიც მდიდარი ბიზნესმენი იყო) დაუწყო დაცინვა – ზარმაცი და უნიჭო ხარო. ამასობაში უილიამის უმცროსი ძმა, ჰენრი ჯეიმსი მსოფლიო დონის მწერალი გახდა. და – ელის ჯეიმსიც ფულს მწერლობით შოულობდა. უილიამი კი ოჯახში თეთრი ყვავივით იყო – მას ყველა უცნაურ კაცად თვლიდა.
ბოლოს, შვილის მომავლის მოწყობის ბოლო იმედით, მამამ თავისი საქმიანი კავშირები გამოიყენა იმისათვის, რომ უილიამი ჰარვარდის სამედიცინო ფაკულტეტზე მიეღოთ. ასეც უთხრა: ეს შენი უკანასკნელი შანსიაო. ამ შესაძლებლობას ხელიდან თუ გაუშვებდა, ყველაფერი დამთავრდებოდა.
მაგრამ ჯეიმსი ჰარვარდში თავს უცხოდ და ზედმეტად გრძნობდა. მას მედიცინა არ იტაცებდა და სულ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს თვითმარქვია ყოფილიყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავს თუ არ მოირჩენდა, სად გამონახავდა სხვების სამკურნალოდ საჭირო ძალებს! ერთხელ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას, დღიურში ჩაწერა, პაციენტებთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ, ვიდრე ექიმებთანო.
წლები გადიოდა. მამის გულის გასახეთქად ჯეიმსმა სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლას თავი დაანება. მაგრამ სახლში დაბრუნებას და გაუთავებელი საყვედურების მოსმენას შორეულ მხარეში წასვლა ამჯობინა: ანთროპოლოგიურ ექსპედიციაში ჩაეწერა და ამაზონის ტროპიკული ტყეებისკენ გაემგზავრა.
მე-19 საუკუნის სამოციან წლებში ტრანსკონტინენტური მგზავრობა ძნელი და სახიფათო იყო. ბავშვობაში კომპიუტერული თამაში Oregon Trail-ი თუ გითამაშიათ, მიხვდებით, რას ვგულისხმობ. მოკლედ, დიზენტერიაც იყო, დამხრჩვალი საქონელიც და კიდევ უარესი რამეებიც.
ამის მიუხედავად, ჯეიმსმა ამაზონის ტყეებამდე მაინც მიაღწია. უცნაურია, მაგრამ მისმა სუსტმა ორგანიზმმა გზა გადაიტანა. მაგრამ ნამდვილი თავგადასავლები ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ჯერ იყო და, ექსპედიციის პირველივე დღეს ყვავილი დაემართა და კინაღამ მოკვდა ჯუნგლებში. მერე ხერხემლის სპაზმიც დაეწყო. ისეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რომ ვერ დადიოდა. ერთი სიტყვით, ყვავილისგან კვდებოდა, სიარული არ შეეძლო, მარტო იყო მიგდებული შუა სამხრეთ ამერიკაში (ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მიატოვეს და მის გარეშე წავიდნენ) და წარმოდგენა არ ჰქონდა, შინ როგორ დაბრუნებულიყო, რადგან გზას თვეები სჭირდებოდა და მგზავრობას ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა.
ამის მიუხედავად, ჯეიმსმა მაინც შეძლო ახალ ინგლისში დაბრუნება, სადაც (უწინდელზე მეტად) განრისხებული მამა დახვდა. იმ დროისთვის ის უკვე პატარა ბიჭი კი არა, ოცდაათ წელს მიღწეული მამაკაცი იყო, მაგრამ რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერში ხელი მოეცარა და ვერც სამსახური იშოვა. ავადმყოფი სხეული კი გამუდმებით ღალატობდა. ერთი სიტყვით, არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. თითქოს ცხოვრებამ მრავალი შანსი და შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაახერხა. თითქოს ცხოვრებაში მუდმივი და მდგრადი მხოლოდ ტანჯვა და იმედგაცრუება ყოფილიყოს. ჯეიმსი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და თავის მოკვლაზე დაიწყო ფიქრი.
მაგრამ ერთ ღამეს, ფილოსოფოს ჩარლზ პირსის ლექციების კითხვისას, მან პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. დღიურში მომდევნო წლისთვის ასეთი გეგმა მოინიშნა: მიზნად დაისახა, რაც მის ცხოვრებაში მოხდებოდა, ყველაფერზე პასუხისმგებლად საკუთარი თავი ჩაეთვალა. ამ პერიოდის განმავლობაში მას ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისათვის, რომ გარემოებები თავის სასიკეთოდ მოექცია – რაოდენ დიდიც უნდა ყოფილიყო მარცხის ალბათობა. თუკი ერთი წლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლებოდა, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ჯეიმსი გარემოებების წინაშე უძლური იყო და რომ ისღა დარჩენოდა, მართლაც თავი მოეკლა.
რა შედეგი მოიტანა ამან? რა და, უილიამ ჯეიმსი ამერიკული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახდა. მისი შრომები უთვალავ ენაზეა თარგმნილი და ის თავისი დროის უდიდეს ინტელექტუალად, ფილოსოფოსად და ფსიქოლოგად ითვლება. ამის შემდეგ ჯეიმსი ჰარვარდში ასწავლიდა და თავისი ლექციებით მთელი შეერთებული შტატები და ევროპა შემოიარა. გარდა ამისა, მან ცოლიც მოიყვანა და ხუთი შვილიც გააჩინა (რომელთაგან ერთ-ერთი – ჰენრი, ცნობილი ბიოგრაფი და პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა). ამ პატარა ექსპერიმენტს ჯეიმსმა „აღორძინება“ უწოდა და მისით ახსნა თავისი ცხოვრების ყველა მომდევნო წარმატება.
ცხოვრების გაუმჯობესებასა და პირად ზრდას საფუძველში მარტივი რამის გაცნობიერება უდევს: ესაა იმის გააზრება, რომ, გარემოებების მიუხედავად, ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები.
კი, მოვლენები ყოველთვის კონტროლს არ ექვემდებარება, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია გავაკონტროლოთ, როგორ გავიაზროთ, და რა რეაგირება მოვახდინოთ მათზე.
გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ ჩვენ სიახლოვეს განვითარებულ ამბებზე. სხვაგვარად ვერც იქნება. მოვლენების ინტერპრეტირებაზე უარის თქმა, თავისთავად, მოვლენების ინტერპრეტირებაა. მოვლენებზე რეაგირებისთვის თავის არიდება – უკვე მოვლენებზე რეაგირებაა. როცა მანქანა გეჯახება, ან როცა თანაკლასელები გჩაგრავენ, მაშინაც შენ ხარ პასუხისმგებელი ამ ფაქტების ინტერპრეტირებასა და სწორად რეაგირებაზე.
მოგვწონს თუ არა, ადამიანები ყოველთვის აქტიურ როლს ვთამაშობთ იმაში, რაც ჩვენ გარშემო და ჩვენს ცნობიერებაში ხდება; ყოველთვის ვცდილობთ თითოეული წამისა თუ მოვლენის ინტერპრეტირებას; ვირჩევთ ფასეულობებს, რომლებითაც ვცხოვრობთ და კრიტერიუმებს, რომელთა საშუალებითაც ვაფასებთ მოვლენებს. ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც: გააჩნია, რა კუთხიდან შეხედავ.
ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ ამას თუ – არა, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ არჩევანს. ყოველთვის.
სინამდვილეში შეუძლებელია, ადამიანს ყველაფერი ფეხებზე ეკიდოს. გამორიცხულია. რაღაც მაინც ექნება სანერვიულო. თუ კაცი ამბობს, ყველაფერი მკიდიაო, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც არ ჰკიდია.
აი, საკითხავი კი ისაა, რა არ ჰკიდია ამ ადამიანს? რა არჩევანს აკეთებს? რა ფასეულობებს ეყრდნობა მისი საქციელი? რა კრიტერიუმებით აფასებს თავის ცხოვრებას? და სწორია თუ არა ეს მისი არჩევანი: ანუ კარგი ფასეულობები და კრიტერიუმები აქვს თუ არა.
პასუხისმგებლობა და ბრალეულობის ილუზია
როცა უფრო ახალგაზრდა და უფრო სულელი ვიყავი, ერთი პოსტი დავწერე, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: „როგორც ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა ბრძანა – დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება“. მაშინ ეს სიტყვები ჩემთვის ერთობ სოლიდურად და ავტორიტეტულად ჟღერდა. ვისი გამონათქვამი იყო, არ მახსოვდა და ვერც Google-მა მიშველა, მაგრამ ციტატა მაინც დავტოვე, რადგან პოსტის საერთო არსს კარგად შეესაბამებოდა.
ათიოდე წუთის შემდეგ მოვიდა პირველი კომენტარი: „თუ არ ვცდები, დიდი ფილოსოფოსი, რომლის სიტყვებსაც ეყრდნობით, „ადამიანი-ობობას“ პერსონაჟი ბიძია ბენია“. როგორც კიდევ ერთი დიდი ფილოსოფოსი ამბობს: „ფუ, შენი…“
„დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება“ – ესაა ბიძია ბენის უკანასკნელი სიტყვები, წარმოთქმული მას შემდეგ, რაც პიტერ პარკერის მიერ გაშვებული მძარცველი, სრულიად გაუგებარი მიზეზით, სასიკვდილოდ დაჭრის ხალხმრავალ ქუჩაზე. აი, ვინაა ეს დიდი ფილოსოფოსი.
ამის მიუხედავად, ეს ციტატა ყველას პირზე აკერია. მას ხშირად იმეორებენ – როგორც წესი, ირონიით, შვიდი კათხა ლუდის დალევის შემდეგ. ეს ერთი იმ იდეალურ გამონათქვამთაგანია, რომლებიც ძალიან ჭკვიანურად ჟღერს, მაგრამ რეალურად, გვამცნობს ჭეშმარიტებას, რომელიც ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ მკაფიოდ გონებაში არ ჩამოგვიყალიბებია.
„დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება“.
კი, ასეა. მაგრამ ამ თემაზე სხვა გამონათქვამიც არსებობს. ის მართლაც ბრძნულია, უბრალოდ, სიტყვები უნდა გადაანაცვლო: „დიდ პასუხისმგებლობას დიდი ძალა მოჰყვება“.
ცხოვრებაში რაც უფრო ხშირად ვაკეთებთ არჩევანს პასუხისმგებლობის სასარგებლოდ, მით უფრო ძლიერები ვხდებით. ამგვარად, საკუთარ პრობლემაზე პასუხისმგებლობის აღება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ერთი ნაცნობი მყავდა, რომელიც, ტანმორჩილობის გამო, დარწმუნებული იყო, რომ არც ერთი ქალი პაემანზე არ დასთანხმდებოდა. ის განათლებულიც იყო, საინტერესოც და სიმპათიურიც (მეტი რა გინდა!), მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ ქალები სიდაბლის გამო დაიწუნებდნენ.
ხოლო რადგან თავს დაბლად თვლიდა, პაემანზე არავის ეპატიჟებოდა. უფრო სწორად, რამდენჯერმე სცადა და ქალებიც მივიდნენ. მაგრამ ჩემი ნაცნობი ძალიან შებოჭილი დახვდა – სულ ეჩვენებოდა, რომ უშნო იყო. ის გაუთავებლად ირწმუნებდა თავს, რომ გოგოებს არ მოსწონდათ, არადა, შეიძლება პირიქითაც იყო. ალბათ ხვდებით, რომ ამგვარ პაემნებს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა.
ჩემს ნაცნობს არ ესმოდა, რომ თავად შეარჩია არასწორი ფასეულობა: სიმაღლე. ეგონა, რომ ქალებს მხოლოდ სიმაღლე აინტერესებდათ. ამიტომაც იყო განწირული.
ამგვარმა არჩევანმა ჩემს ნაცნობს მთელი ძალა გამოაცალა და ცუდი პრობლემა გაუჩინა: მისი თვალსაზრისით გამოდიოდა, რომ სამყარო მხოლოდ მაღალი ადამიანებისთვისაა შექმნილი. ამ დროს არსებობს ბევრი უკეთესი ფასეულობა, რომელთა მქონესაც საქმე ბევრად უკეთ წაუვიდოდა. მაგალითად: „მინდა ვხვდებოდე მხოლოდ იმ ქალებს, რომლებსაც ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ“. დასაწყისისთვის მშვენიერია. ეს კრიტერიუმი პირველ ადგილზე აყენებს ისეთ ფასეულობებს, როგორებიცაა პატიოსნება და მოწონება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს ნაცნობს ეს ფასეულობები არ აურჩევია. როგორც ჩანს, მას არც კი ესმოდა, რომ გარკვეულ ფასეულობას ირჩევდა (ან შეეძლო აერჩია). ამგვარად, ის პასუხისმგებელი იყო თავის გადაუჭრელ პრობლემებზე ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც სულ წუწუნებდა. „არჩევანი არ მაქვს, – შეიძლებოდა შეეჩივლა ბარმენისთვის, – რა გინდა ქნა კაცმა! ქალები ზედაპირულები და ცალტვინები არიან და არასოდეს შემიყვარებენ“. კი, რა თქმა უნდა, ყველა ქალი დამნაშავეა იმაში, რომ არ მოსწონთ უაზრო ფასეულობებითა და საკუთარი პერსონის მიმართ სიბრალულით თავგამოტენილი ტიპები. ნამდვილად ასეა!
ადამიანთა უმეტესობას ძალიან აშინებს საკუთარ პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ბრალეულობის ტოლფასია. პასუხისმგებლობა და ბრალეულობა ჩვენს კულტურაში ხშირად ერევათ ერთმანეთში. არადა, ეს სრულიად განსხვავებული ცნებებია. მანქანით თუ დაგეჯახებით, დამნაშავეც ვიქნები და იურიდიულადაც ვაგებ პასუხს: ვთქვათ, კომპენსაციას გადავიხდი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინციდენტი შემთხვევით მოხდება, პასუხისმგებლობა მაინც დამეკისრება. ასეთი პასუხი აქვს ბრალეულობას ჩვენს საზოგადოებაში – თუ რაღაც გააფუჭე, უნდა გამოასწორო კიდეც… ცხადია, ეს ასეც უნდა იყოს.
მაგრამ არსებობს პრობლემები, რომელთა წარმოქმნაში დამნაშავეები არ ვართ, მაგრამ პასუხს ვაგებთ.
დავუშვათ, დილით გაიღვიძე და სახლის ზღურბლთან ახალ- შობილი დაგხვდა. ამაში დამნაშავე არ ხარ – ბავშვი შენ ხომ არ მოგიგდია. მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც დაგეკისრება. სასწრაფოდ უნდა მოიფიქრო, რისი გაკეთება შეიძლება და რა გამოსავალიც უნდა აირჩიო (მნიშვნელობა არ აქვს, იშვილებ ჩვილს, თავიდან მოიშორებ, ისევ კართან დატოვებ თუ პიტბულს შეაჭმევ), არჩევანი პრობლემებს მაინც მოგიტანს და ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი სწორედ შენ იქნები.
მოსამართლე არ ირჩევს, რომელი საქმე აიღოს და რომელი – არა. მას საქმე ეძლევა და მისი განხილვა ევალება. ის არც დანაშაულის მონაწილეა, არც მოწმე და არც რაიმე კავშირი აქვს განსახილველ საქმესთან. მაგრამ, ამის მიუხედავად, პასუხისმგებლობა მაინც აკისრია. ის უნდა დაფიქრდეს თავისი გადაწყვეტილებების შედეგებზე, უნდა აირჩიოს კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც შეაფასებს დანაშაულის სიმძიმეს და შემდეგ თვალყურს ადევნებს ამ კრიტერიუმების დაცვას.
ჩვენ გამუდმებით გვეკისრება პასუხისმგებლობა სიტუაციებზე, რომლებიც ჩვენ გამო არ წარმოქმნილა. ასეა ცხოვრება მოწყობილი.
აი, როგორ უნდა განვასხვაოთ ეს ორი ცნება. ბრალეულობა წარსულთანაა კავშირში. პასუხისმგებლობა კი – მომავალთან. დანაშაული გამომდინარეობს უკვე გაკეთებული არჩევნიდან; პასუხისმგებლობა კი – არჩევნიდან, რომელსაც აკეთებ ახლა, ყოველდღე და ყოველ წუთს: დავუშვათ, არჩევ ამ წიგნის წაკითხვას; არჩევ ამ კონცეფციებზე ფიქრს; არჩევ დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ამ შეხედულებებს. შესაძლოა მე ვიყო დამნაშავე იმაში, რომ ჩემს აზრებს არასწორად მიიჩნევთ, მაგრამ თქვენს დასკვნებზე პასუხისმგებლები თქვენ ხართ. იმაში, რომ ეს ფრაზა დავწერე, თქვენი ბრალეულობა არ არის, მაგრამ მისი წაკითხვის (ან არწაკითხვის) გადაწყვეტილებაზე პასუხს თქვენ აგებთ.
შენს პრობლემაში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მართლაც აგებს პასუხს ამ პრობლემაზე. პასუხისმგებლობა შენ თვითონ გეკისრება. შესაძლოა შენს უბედურებაში ბევრი ადამიანი იყოს დამნაშავე, მაგრამ პასუხისმგებლობა არავის ეკისრებოდეს. ეს იმიტომ, რომ შენ თვითონ ირჩევ, როგორ დაინახო ესა თუ ის მოვლენა, რა რეაქცია გქონდეს მასზე და როგორ შეაფასო ის. იმიტომ, რომ ყოველთვის თავად ირჩევ კრიტერიუმებს, რომელთა პრიზმაშიც გაიაზრებ მოვლენებს.
ჩემმა პირველმა მეგობარმა გოგონამ ძალიან შთამბეჭდავი ჟესტით მომიცილა თავიდან: თავის მასწავლებელთან მიღალატა. ჩემთვის ეს მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო: ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მუცელში 253-ჯერ ჩამაზილეს წიხლი. კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ როცა ამ თემაზე დაველაპარაკე, დაჰკრა ფეხი და იმ ვაჟბატონთან გაიქცა. ასე ჩაირეცხა უნიტაზში ჩვენი სამწლიანი თანაცხოვრება.
ამის მერე, რამდენიმე თვე დიდ განცდებში ვიყავი. რა გასაკვირია! ჩემს ტანჯვაში ყოფილ მეგობარ გოგოს ვადანაშაულებდი… და მერწმუნეთ, ასეთმა მიდგომამ კარგი არაფერი მომიტანა. პირიქით, კიდევ უფრო უბედურად ვიგრძენი თავი. საქმე ის იყო, რომ იმ გოგოს ვეღარ ვაკონტროლებდი. ვინ იცის, რამდენი ვურეკე, რამდენი ვუყვირე, რამდენი ვემუდარე, რამდენჯერ მივუვარდი სახლში და საერთოდ, რამდენი უაზრო ისტერიკა მოვუწყვე, მაგრამ მისი გრძნობები და საქციელი ჩემს კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გაუბედურება მისი ბრალი იყო, ის ჩემს მდგომარეობაზე პასუხს არ აგებდა. ჩემს მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი.
თუმცა ბევრი ტირილისა და ლოთობის შემდეგ ყველაფერს სხვა კუთხით შევხედე. ერთ რამეს მივხვდი: მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული საშინლად მომექცა და, შესაძლოა, ჩემ წინაშე დამნაშავეცაა, ჩემს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ. ის გოგო აღარ დამიბრუნდება და აღარაფერს გამოასწორებს.
როცა საქმეს ასე მივუდექი, ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ ერთი, საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. ხელი მოვკიდე სპორტს, მეტ დროს ვატარებდი მეგობრებთან (რომლებსაც მანამდე თავს ვარიდებდი), განზრახ ვეცნობოდი ადამიანებს, განათლების მიზნით ვიმოგზაურე საზღვარგარეთ, ნებაყოფლობით ვასრულებდი სხვადასხვა სამუშაოს… და თანდათან თავი უკეთ ვიგრძენი.
ყოფილი სატრფო ისევ მძულდა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ჩემს ემოციებზე მაინც ვაგებდი პასუხს. შესაბამისად, ავირჩიე უფრო ადეკვატური ფასეულობები: საკუთარი თავის მიმართ ყურადღება და შინაგანი სამყაროს მოწესრიგების სურვილი – და არა მოლოდინი, როდის დამიბრუნდებოდა შეყვარებული და დამილაგებდა არეულ ცხოვრებას (სხვათა შორის, ჩვენი დაშორების უმთავრესი მიზეზი იყო სწორედ მცდარი მოსაზრება, რომ ჩემს ემოციებზე პასუხს ის აგებდა. ამის შესახებ მომდევნო თავებში ვისაუბრებთ).
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ უცნაური რამ მოხდა. ჩვენს ურთიერთობებს რომ გადავხედე, დავინახე პრობლემები, რომლებსაც მანამდე ვერ ვამჩნევდი – პრობლემები, რომელთა მიზეზიც თავად ვიყავი და რომელთა მოგვარებაც ვერ შევძელი. მივხვდი, რომ ჩემს მეგობარ გოგოს ჩემთან ცხოვრება უჭირდა და რომ მისი ღალატი მთლად უმიზეზო არ ყოფილა.
ვერ ვიტყოდი, რომ ეს მას ამართლებს. სულაც არა. მაგრამ საკუთარი შეცდომების აღიარებამ დამანახვა, რომ არც ისეთი უდანაშაულო მსხვერპლი ვიყავი, როგორადაც თავი წარმომედგინა; რომ ყველაფერი გავაკეთე არაჯანსაღი ურთიერთობის გასახანგრძლივებლად. სხვა თუ არაფერი, ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, მსგავსი ფასეულობები უნდა ჰქონდეთ… და რას მეტყველებს ჩემს ფასეულობებზე ის, რომ ამდენ ხანს ვცხოვრობდი უვარგისი ფასეულობების მქონე ქალთან? როგორც მწარე გამოცდილება მკარნახობს, თუ პარტნიორი გულს გტკენს და ეგოისტურად იქცევა, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ გაუცნობიერებლად შენც ასევე ექცევი.
ახლა კი ვხვდები, რომ თავიდანვე უნდა შემემჩნია ჩემი შეყვარებულის ხასიათის ზოგიერთი საგანგაშო თავისებურება – ნიშნები, რომლებსაც ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში ყურადღებას არ ვაქცევდი. ეს ჩემი ბრალია. ამ გადასახედიდან ჩემთვის ისიც ცხადია, რომ მისი ოცნების მზეჭაბუკი არ ვიყავი. ხშირად ცივად და მედიდურად ვექცეოდი. ზოგჯერ არაფრად ვაგდებდი და გულსაც ვტკენდი. ესეც ჩემი ბრალია.
ამართლებს ჩემი შეცდომები მის შეცდომას? არა. მაგრამ მე ვიკისრე იმის პასუხისმგებლობა, რომ უწინდელ შეცდომებს აღარ გავიმეორებდი და აღარ უგულებელვყოფდი საგანგაშო ნიშნებს, რომ მეორედ შავ დღეში არ ჩავვარდნილიყავი. მე ავიღე იმის პასუხისმგებლობა, რომ შევეცდებოდი, უკეთ წარმემართა მომავალი ურთიერთობები ქალებთან. და მინდა მოგახსენოთ, რომ წარმატებით გავართვი თავი ამ ამოცანებს. მას მერე ჩემთვის აღარავის უღალატია და არც 253-ჯერ დაურტყამთ ფეხი მუცელში. მე გავხდი პასუხისმგებელი ჩემს პრობლემებზე და ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. მე ვიკისრე პასუხისმგებლობა არაჯანსაღ ურთიერთობებზე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მომავალში სხვაგვარი ურთიერთობები მქონოდა.
ჰოდა, იცით, რა მოხდა? მეგობარი გოგოს ღალატი, რომელმაც ენით აუწერელი ტკივილი მომაყენა, ჩემი ცხოვრების ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს, საკვანძო მოვლენად გადაიქცა. მისი წყალობით საგრძნობლად გავიზარდე. ამ ერთმა პრობლემამ ბევრად უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ერთად აღებულმა ათმა წარმატებამ.
წარმატებასა და ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღება ყველას გვიყვარს. ეგ კი არა, ვიბრძვით კიდეც ამისათვის. მაგრამ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტ რამეს გვასწავლის. ის გვაძლევს საშუალებას, გავიზარდოთ. სხვების დადანაშაულება კი ტკივილის მეტს არაფერს მოგვიტანს.
რეაქცია ტრაგედიაზე
კი მაგრამ, რა ვუყოთ მართლა ტრაგიკულ ამბებს? ბევრი ადამიანი შეიძლება დავარწმუნოთ, იკისრონ პასუხისმგებლობა სამსახურში არსებულ პრობლემებზე, ან იმაზე, რომ შვილებთან თამაშისა თუ მუშაობის ნაცვლად, მთელი დღის განმავლობაში ტელევიზორთან სხედან. მაგრამ როცა საქმე ნამდვილ უბედურებას ეხება, მათ სიტყვა „პასუხისმგებლობის“ გაგონებაც კი არ უნდათ. ეს გასაგებიცაა. ზოგი რამ ზედმეტად მტკივნეულია ადამიანისთვის საიმისოდ, რომ ამ თემაზე ელაპარაკო.
მაგრამ წამით დავფიქრდეთ: მოვლენის ტრაგიკულობა საქმის არსს არ ცვლის. დავუშვათ, გაგძარცვეს. რასაკვირველია, ეს შენი ბრალი არაა, და არავინ ისურვებს შენს ადგილას ყოფნას. მაგრამ ისევე, როგორც კართან მოგდებული ახალშობილის სიტუაციაში, აქაც შენ გაკისრია პასუხისმგებლობა სერიოზული არჩევნის გაკეთებაზე: შეეწინააღმდეგები მძარცველებს? პანიკაში ჩავარდები? შიშისგან გაშეშდები? დარეკავ პოლიციაში? თუ შეეცდები ყველაფერი დაივიწყო და თავი ისე დაიჭირო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს? მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებ და რა რეაქცია გექნება. თავდასხმა შენ არ აგირჩევია, მაგრამ ამ საშინელი მოვლენის ემოციურ და ფსიქოლოგიურ (ისევე, როგორც იურიდიული) შედეგებზე პასუხისმგებლობა მაინც შენზე იქნება.
2008 წელს ტალიბებმა კონტროლი მოიპოვეს პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სვატის ხეობაზე, სადაც მყისვე თავიანთი ისლამურ-ექსტრემისტული რეჟიმი დაამყარეს. ტელევიზორი არაო. ფილმები არაო. ქალებს მამაკაცის თანხლების გარეშე გარეთ გამოსვლა, გოგონებს კი სკოლაში სიარული აუკრძალეს.
2009 წელს თერთმეტი წლის პაკისტანელი გოგონა, მალალა იუსუფზაი ამ აკრძალვებს არ დაემორჩილა. ის ჯიუტად განაგრძობდა სკოლაში სიარულს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა როგორც მის, ასევე მამამისის სიცოცხლესაც. გარდა ამისა, ის ესწრებოდა კონფერენციებსაც, რომლებიც პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა; თავის ბლოგში კი დაწერა: როგორ ბედავს ტალიბანი, წამართვას განათლების უფლებაო?
2012 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში, მალალას სახეში ესროლეს. ის სკოლიდან ავტობუსით სახლში ბრუნდებოდა, როცა ავტობუსში შაშხანით შეიარაღებული ნიღბიანი ტალიბი ამოვიდა და დაიყვირა: რომელია თქვენ შორის მალალა? მიპასუხეთ, თორემ ყველას დაგხოცავთო. მალალამ უშიშრად გაამხილა საკუთარი ვინაობა (რაც, თავისთავად, გასაოცარია), რის შემდეგაც თავდამსხმელმა, დანარჩენი მგზავრების თანდასწრებით, თავში ესროლა.
მალალა დიდხანს იყო კომაში და კინაღამ მოკვდა. ტალიბებმა კი გამოაცხადეს, რომ თუ გოგონა როგორღაც გადარჩებოდა, მასაც მოკლავდნენ და მამამისსაც.
მაგრამ ის დღესაც ცოცხალია და კვლავაც გამოდის მუსლიმი ქალების ჩაგვრისა და შევიწროების წინააღმდეგ. მისი წიგნი ბესტსელერად იქცა. 2014 წელს კი ის ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა მშვიდობის დარგში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახეში ნასროლმა ტყვიამ მხოლოდ სიმამაცე შემატა ამ გოგონას და მთელ მსოფლიოს გააგონა მისი ხმა. არადა, უფრო შესაძლებელი იყო, ხელები აეწია და ეთქვა: რას იზამ, თავს ზევით ძალა არააო. როგორ პარადოქსულადაც გინდა მოგვეჩვენოს, ესეც არჩევანია. თუმცა მალალამ საპირისპირო რამ აირჩია.
წლების წინ ჩემს ბლოგში გამოვთქვი რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც შემდეგ ამ თავშიც შევიტანე. ამ მოსაზრებების პასუხად ერთმა კაცმა, კომენტარის სახით, დაწერა, რომ მე ვარ პატარა და ზედაპირული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ცხოვრებისეულ პრობლემებზე და არც ადამიანის პასუხისმგებლობაზე. ის წერდა, რომ მისი შვილი სულ ცოტა ხნის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა და რომ მე ნამდვილი მწუხარების არაფერი გამეგება. მისი სიტყვების თანახმად, მხოლოდ იდიოტს შეეძლო დაეკისრებინა მისთვის პასუხისმგებლობა შვილის დაღუპვის გამო განცდილი ტკივილისათვის.
კი ბატონო, ამ ადამიანს ისეთი უბედურება ხვდა წილად, რომლის მსგავსიც ადამიანთა უმეტესობას არ უნახავს. მას არ უნდოდა შვილის დაკარგვა, და მის სიკვდილში დამნაშავე არაა. ამ დანაკლისის ტკივილთან გამკლავების პასუხისმგებლობა მას არაფერში სჭირდებოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის მაინც აგებდა პასუხს თავის ემოციებზე, შეხედულებებსა და ქმედებებზე. სწორედ მისი ასარჩევი იყო, რა რეაქცია ჰქონოდა შვილის დაღუპვაზე. ამა თუ იმ სიძლიერის ტკივილს თავს ვერავინ აარიდებს, მაგრამ ადამიანს შეუძლია, აირჩიოს, რას ნიშნავს ეს ტკივილი მისთვის. მაშინაც კი, როცა ამბობდა, არჩევანი არ მაქვს და მხოლოდ შვილის დაბრუნება მინდაო, ის კაცი აკეთებდა არჩევანს, რადგან ტკივილის საპასუხოდ სხვადასხვანაირად შეიძლება მოქცევა.
მე, რა თქმა უნდა, არაფერი მიპასუხია. შემეშინდა კიდეც: იქნებ მართლა სისულელეებს ვროშავ-მეთქი. ჩემს საქმეში ასეთი რამის რისკი ყოველთვის არსებობს. ესაა ჩემ მიერ არჩეული ერთ-ერთი პრობლემა. პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც მაკისრია პასუხისმგებლობა.
პირველ წუთებში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. მაგრამ მერე გავბრაზდი. იმ კაცის საყვედურებს ჩემს სიტყვებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გავიფიქრე – ჯანდაბა, შვილი რომ არ დამიკარგავს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საშინელი ტკივილი არ განმიცდია-მეთქი!
მაგრამ მერე საკუთარ რჩევას მივყევი და ორიდან ერთი პრობლემა ავირჩიე. არჩევანი კი ასეთი მქონდა: ან უნდა ემოციას ავყოლოდი და დამეწყო გარკვევა, ჩვენ ორში ვის უფრო დიდი ტკივილი განუცდია – რაც სულელური და უგულო საქციელი იქნებოდა; ანდა აღვჭურვილიყავი მოთმინებით, უკეთ გავრკვეულიყავი მკითხველთა გრძნობებში და არ დამვიწყებოდა ის კაცი, როცა კვლავ შევუდგებოდი ცხოვრებისეულ ტკივილსა და ტრავმებზე წერას. ასეც მოვიქეცი.
ამიტომაც მხოლოდ ის ვუპასუხე, რომ თანავუგრძნობდი. მეტი არაფერი მიმიწერია. მეტი რაღა უნდა მიმეწერა!
გენეტიკა და ჩვენს ხელთ არსებული კოზირები
2013 წელს ტელეკომპანია BBC-მ შეარჩია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე რამდენიმე მოზარდი და დააკვირდა, როგორ გადიოდნენ ეს ბავშვები ინტენსიურ თერაპიას არასასურველი ფიქრებისა და აკვიატებული ქმედებებისგან გასათავისუფლებლად.
ჩვიდმეტი წლის გოგონას, სახელად იმოჯენს, აკვიატებული ჰქონდა ყველა ზედაპირზე დაკაკუნება – თუ არა და, მთელი ოჯახი ამომიწყდებაო. ჯოში ყველაფერს სხეულის ორივე მხარით აკეთებდა: ორივე ხელს იშვერდა ჩამოსართმევად, ორივე ხელით ჭამდა, კარის ზღურბლს, ერთდროულად, ორივე ფეხით ახტებოდა და ა. შ. – ხოლო როცა ასე არ იქცეოდა, პანიკის შეტევა ეწყებოდა. ჯეკი ჩვეულებრივი გერმოფობი იყო: ხელთათმანების გარეშე სახლიდან არ გამოდიოდა, აუდუღარ წყალს არ სვამდა, და არ ჭამდა არაფერს, რაც საკუთარი ხელით არ ჰქონდა გარეცხილი და მომზადებული.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მძიმე ნევროლოგიური და გენეტიკური დაავადებაა. მისი განკურნება შეუძლებელია. უკეთეს შემთხვევაში, ის შეიძლება მართო. და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამის საშუალებას სწორედ ფასეულობებში გარკვევა იძლევა.
პროექტში ჩართული ფსიქიატრები, უპირველეს ყოვლისა, არწმუნებენ მოზარდებს, შეეგუონ ფაქტს, რომ ეს აკვიატებული მოთხოვნილებები უვარგისია. მაგალითად, თუკი იმოჯენს მოსვენებას არ აძლევს ოჯახის წევრების დახოცვის შიში, უხსნიან, რომ მისი საყვარელი ადამიანების სიკვდილი გარდაუვალია, რომ ამას არაფერი ეშველება და რომ თუ უბედურება მოხდება, ეს მისი ბრალი არ იქნება. ჯოშმა უნდა გააცნობიეროს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფრის ორივე ხელით (ან ფეხით) კეთება უფრო მავნებელია მისთვის, ვიდრე პანიკის ეპიზოდური შემოტევები. ჯეკის კი ახსენებენ, რომ, ყველა მცდელობის მიუხედავად, მიკრობები ყოველთვის არსებობენ და ყოველთვის მოხვდებიან ადამიანის ორგანიზმში.
ამგვარად, ბავშვებს მათი ფასეულობების არარაციონალურობაში არწმუნებენ – უხსნიან, რომ სინამდვილეში ეს ფასეულობები მათ მიერ კი არ არის შექმნილი, არამედ ფსიქიკური აშლილობის ნაყოფია და ირაციონალური ფასეულობების დაცვა მხოლოდ ვნებს ნორმალური ფუნქციონირების უნარს.
ამის შემდეგ ბავშვებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამო ჩამოყალიბებულ ფასეულობებზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობების შერჩევასა და მათზე ყურადღების გამახვილებაში ეხმარებიან. ჯოშისთვის ეს ფასეულობა თავისი აშლილობის ახლობლებისგან არდამალვა და ნორმალური, ადეკვატური სოციალური ცხოვრებით ცხოვრებაა. იმოჯენისთვის ესაა საკუთარი ფიქრებისა თუ გრძნობების კონტროლი და სულიერი სიმშვიდის მოპოვება. ჯეკისთვის კი ეს ფასეულობა ნერვიულობის გარეშე სახლიდან ხანგრძლივი დროით გამოსვლის უნარია.
ამ ფასეულობებზე ფოკუსირების შემდეგ, მოზარდები იწყებენ დესენსიბილიზაციის ინტენსიურ ვარჯიშებს, რომლებიც ახალი ფასეულობების შესაბამისად ცხოვრების საშუალებას იძლევა. თავიდან საქმე მძიმედ მიდის. ხშირია პანიკური შეტევები, იღვრება ცრემლი, ჯეკი ზიზღით იშორებს თავიდან საგნებს და სასწრაფოდ იბანს ხელებს. მაგრამ ფილმის ბოლოს სერიოზულ პროგრესს ვხედავთ: იმოჯენი ყველაფერზე აღარ აკაკუნებს. ის ამბობს – ჩემი გონების სიღრმეებში კვლავაც სხედან და ალბათ ყოველთვის ისხდებიან ურჩხულები, მაგრამ ჯერჯერობით ისინი წყნარად არიანო. ჯოში სიმეტრიული მოძრაობების გარეშე 20-30 წუთს ძლებს. ჯეკი კი ყველაზე წინაა წასული: დადის რესტორნებში და საგულდაგულოდ გარეცხვის გარეშე შეუძლია ბოთლიდან და ჭიქიდან დალევა. ჯეკი ასე აჯამებს თავის პროგრესს: „ეს ცხოვრება მე არ ამირჩევია; მე არ ამირჩევია ეს საშინელი, გაუსაძლისი მდგომარეობა. მაგრამ ჩემი ასარჩევია, როგორ ვიცხოვრო ამ დაავადებით… მე უნდა ავირჩიო, როგორ ვიცხოვრო“.
ადამიანთა უმეტესობა რაიმე „ნაკლით“ დაბადებას (იქნება ეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, სიდაბლე თუ სხვა რამ) ნამდვილ ნაკლოვანებად აღიქვამს: თითქოს ძალიან ძვირფასი რაღაც წაართვესო. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ ამას არაფერი ეშველება და ამიტომაც არსებული მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას გაურბიან. ისინი ფიქრობენ – ეს უვარგისი გენები მე არ ამირჩევია, ამიტომაც ჩემი ბრალი არაა, საქმე ცუდად რომ მაქვსო.
მართალია, ეს მათი ბრალი არაა.
მაგრამ ისინი ამაზე პასუხს აგებენ.
კოლეჯში სწავლისას მქონდა იმის ილუზია, რომ შემეძლო პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გავმხდარიყავი. ფულს ხშირად ვიგებდი და ეს ძალიანაც მომწონდა. თითქმის ერთი წელი სერიოზულად ვითამაშე, მაგრამ მერე შევეშვი: მივხვდი, რომ კომპიუტერთან ღამეების თევა, დღეში ათასი დოლარის მოგება და მეორე დღეს ამ თანხის უდიდესი ნაწილის წაგება ჩემი საქმე არ იყო. გარდა ამისა, ეს ფულის შოვნის მთლად ჯანსაღი და ემოციურად სტაბილური საშუალება არაა. თუმცა პოკერის თამაშმა ცხოვრების ჩემეულ ხედვაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
პოკერი იმითაა ლამაზი თამაში, რომ მოგებისთვის იღბალი საკმარისი არაა. კაცს შეიძლება ცუდი კარტი ჰქონდეს და ძალიან მაგარი კარტის მქონე მოწინააღმდეგე დაამარცხოს. რასაკვირველია, კარგი კარტის მქონე მოთამაშეს მოგების მეტი შანსი აქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებას განაპირობებს (დიახ, სწორად მიმიხვდით) არჩევანი, რომელსაც მოთამაშე თამაშის მსვლელობისას აკეთებს.
ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. ყველას კარტი გვირიგდება. ზოგს კარგი, ზოგსაც – უარესი. ასეთ პირობებში ადვილად შეიძლება ნირი წაგიხდეს და ფარ-ხმალი დაყარო, მაგრამ ნამდვილი თამაშის არსი არის სწორედ ის არჩევანი, რომელსაც ჩვენს ხელთ არსებული კარტით ვაკეთებთ, ის რისკები, რომელთა გაწევასაც ვბედავთ და შედეგები, რომლებიც მზად ვართ მივიღოთ.
ადამიანები, რომლებიც თანმიმდევრულად აკეთებენ უკეთეს არჩევანს სხვადასხვა სიტუაციაში, გამუდმებით იმარჯვებენ – როგორც პოკერში, ასევე ცხოვრებაშიც.
ზოგი ადამიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად იტანჯება ნევროლოგიური და/ან გენეტიკური დაავადების გამო. მაგრამ ამით არაფერი იცვლება. კი ბატონო, მათ ცუდი კარტი ერგოთ და ამაში დამნაშავეები არ არიან (ისევე, როგორც ქალთან პაემანს მოწყურებული დაბალი კაცი არაა დამნაშავე თავის ტანმორჩილობაში; ან როგორც ძარცვის მსხვერპლი არაა დამნაშავე იმაში, რომ გაძარცვეს), მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც აკისრიათ. სწორედ მათი ასარჩევია, ფსიქიატრთან იმკურნალონ, წამლები სვან, თუ არაფერი მოიმოქმედონ. კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდათ; ანდა ისინი, ვისზეც ფიზიკურად, ემოციურად ან ფინანსურად იძალადეს. თავიანთ პრობლემებში არც ისინი არიან დამნაშავეები, მაგრამ სწორედ მათ (ყოველთვის მათ) ეკისრებათ პასუხსმგებლობა იმაზე, რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, განაგრძონ ცხოვრება და, ვითარების შესაბამისად, საუკეთესო არჩევანი გააკეთონ.
ბოლოს და ბოლოს, მოდი, გულწრფელად ვთქვათ: რომ ავდგეთ და ერთ ოთახში მოვუყაროთ თავი ყველას, ვისაც აქვს ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია ან თავის მოკვლის სურვილი; ვისაც აბუჩად იგდებდნენ ან ჩაგრავდნენ; ვინც ტრაგედია, ახლობლის სიკვდილი, მძიმე სენი, ტრავმა ან უბედური შემთხვევა გადაიტანა. ამ ერთ ოთახში მთელი კაცობრიობა აღმოჩნდება. იმიტომ, რომ ცხოვრების გზის ჭრილობების გარეშე გავლა შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, ზოგი სხვებზე დიდი სიძნელეების წინაშე დგას. ზოგს კი მართლა დიდი უბედურება დაატყდა თავს. მაგრამ როგორი შემაწუხებელი ან მტკივნეულიც გინდა იყოს ჩვენი პრობლემები, საერთო ჯამში, არაფერი იცვლება: ყველა ადამიანი თავის სიტუაციაზეა პასუხისმგებელი.
მსხვერპლად ყოფნის მოდა
პასუხისმგებლობის/ბრალეულობის არასწორად აღქმის შემთხვევაში, ადამიანები თავიანთი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებენ ხოლმე. პასუხისმგებლობის სხვის მხრებზე გადატანასა და სხვების დადანაშაულებას დრო- ებითი შვება და საკუთარ სიმართლეში დარწმუნება მოჰყვება.
სამწუხაროდ, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ერთ- ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ მათი წყალობით უფრო ადვილია პასუხისმგებლობის (თუნდაც უმნიშვნელო რამის გამო) სხვა ჯგუფებსა და ინდივიდებზე გადატანა. დანაშაულისა და სირცხვილის ეს საყოველთაოდ გავრცელებული თამაში თანდათან პოპულარული და, ზოგ საზოგადოებაში, მოდურიც კი ხდება. გადატანილი „უსამართლობის“ სოციალურ ქსელში გასაჯაროებით მომხმარებელი ბევრად უფრო მეტ ყურადღებასა და ემოციურ გამოძახილს იღებს საზოგადოებისგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოვლენის გახმაურებით. ყველაზე მეტ თანადგომასა და თანაგრძნობას სწორედ ისინი იღებენ, ვისაც მუდამ დაჩაგრულობის შეგრძნება აქვს.
მსხვერპლის როლში ყოფნა მოდაშია მემარჯვენეებშიც და მემარცხენეებშიც, მდიდრებშიც და ღარიბებშიც. კაცობრიობის ისტორიაში ალბათ პირველადაა, რომ ყველა დემოგრაფიული ჯგუფი თავს მსხვერპლად აღიქვამს. თან ამ ყველაფერს დიდი აღშფოთება და წუწუნი ერთვის ხოლმე.
ზოგი უკმაყოფილოა, რომ უნივერსიტეტში წასაკითხად მისცეს წიგნი რასიზმის შესახებ; ზოგი იმას ჩივის, რომ მაღაზიებში საშობაო ნაძვის ხეების გაყიდვა აიკრძალა; ზოგიც ტირის, რომ საინვესტიციო ფონდების ბეგარა ნახევარი პროცენტით გაიზარდა. თანაც ყველა რაღაცით შეურაცხყოფილია, თავს დაჩაგრულად მიიჩნევს და თვლის, რომ აქვს აღშფოთების უფლება და საყოველთაო ყურადღებას იმსახურებს.
თანამედროვე მედიაგარემო ყველანაირად უწყობს ხელს და ამძაფრებს ამ განწყობას, რადგან ეს ბიზნესისთვის სასარგებლოა. მწერალი და მასმედიის კომენტატორი რაიან ჰოლიდეი ამას „აღშფოთების პორნოგრაფიას“ უწოდებს: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის უფრო ადვილია (და უფრო მოგებიანიც) არა რეალური ამბებისა და რეალური პრობლემების განხილვა, არამედ რაიმე არასასიამოვნო ფაქტის ფართოდ გახმაურებით მოსახლეობის ერთი ნაწილის აღელვების პროვოცირება, შემდეგ კი ამ მღელვარების მოსახლეობის მეორე ნაწილისთვის ტრანსლირება და კიდევ უფრო დიდი მღელვარების წარმოქმნა. ამგვარად, მძღნერის გუნდა მოსახლეობის ამ ორ წარმოსახვით მხარეს შორის დაფრინავს და საშუალებას არ აძლევს მათ, ყურადღება გაამახვილონ საზოგადოების ნამდვილ პრობლემებზე. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბოლო წლებში ისე ვართ პოლიტიკურად პოლარიზებული, როგორც არასდროს.
მსხვერპლად ყოფნის მოდა განსაკუთრებით იმითაა ცუდი, რომ ყურადღება გადააქვს ნამდვილ მსხვერპლთაგან. ეს იმ ბიჭუნას ამბავს ჰგავს, ტყუილად რომ ყვიროდა – მგლები, მგლე- ბიო. რაც უფრო მეტნი არიან გარშემო ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა უმნიშვნელო რამის მსხვერპლად მოაქვთ თავი, მით უფრო ძნელია ჭეშმარიტი მსხვერპლის ამოცნობა.
დაჩაგრულობის გრძნობამ მიჩვევა იცის, როგორც ნარკოტიკმა: ხალხს მისი განცდა სიამოვნებას ანიჭებს. მართლაც სასია- მოვნოა საკუთარი სიმართლისა და ზნეობრივი უპირატესობის შეგრძნება. როგორც პოლიტიკური კარიკატურისტი ტიმ კრაიდე- რი The New York Times-ში წერდა: „აღშფოთება ჰგავს იმ მავნე რამეებს, რაც თავიდან სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ცოცხლად გვჭამს შიგნიდან. ის მრავალ ნაკლზე უარესია, რადგან ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ სიამეს გვგვრის“.
მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ეს კი გულისხმობს, რომ მშვიდად უნდა მივიღოთ ისეთი შეხედულებებიც, რომლებიც არც ისე მოგვწონს. სწორედ ესაა ის საფასური, რომელსაც დემოკრატიისთვის ვიხდით – მეტიც, ამაშია სისტემის მთელი არსი. მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანები ამას სულ უფრო და უფრო ხშირად ივიწყებენ.
ჩვენ გულდასმით უნდა შევარჩიოთ, რისთვის გვინდა ბრძოლა და დროდადრო ეგრეთ წოდებული მტრის ადგილასაც წარმოვიდგინოთ თავი. ახალ ამბებსა და მედიის სხვა შეტყობინებებს ჯანსაღი სკეპტიციზმით უნდა შევხედოთ და ხელაღებით არ განვსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს აზრს არ იზიარებენ. პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ პატიოსნებისა და გამჭვირვალობის მსგავს ფასეულობებს და ეჭვქვეშ დავაყენოთ ისეთი უვარგისი ფასეულობები, როგორებიცაა საკუთარი სიმართლის შეგრძნება, მუდმივი პოზიტიური განწყობა და შურისძიების წყურვილი. სოციალური ქსელების მუდმივ გუგუნში სულ უფრო ძნელია ამ „დემოკრატიული“ ფასეულობების შენარჩუნება. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიკისროთ მათი შენარჩუნების პასუხისმგებლობა.
შესაძლოა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პოლიტიკური სისტემების სტაბილურობა მომავალში. არავითარი „როგორ“ ზემოთქმულის პასუხად ბევრმა შეიძლება თქვას: „კარგი, მაგრამ როგორ? მივხვდი, რომ უვარგისი ფასეულობები მაქვს, რომ პრობლემების გამო პასუხისმგებლობას გავურბივარ, და რომ ვარ პატარა ეგოისტი, რომლის გასაჭირისა და უსიამოვნებების გარშემო მთელი სამყარო უნდა ტრიალებდეს… მაგრამ როგორ შევიცვალო?
ამაზე „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟის, იოდას სიტყვებით შემიძლია გიპასუხოთ: „გინდ გააკეთე, გინდ არა. კითხვა „როგორ“ არ არსებობს“.
თქვენ ყოველ წამს ირჩევთ, რაზე ინერვიულოთ და იზრუნოთ. ამიტომაც შეცვლა ადვილია: საკმარისია ზრუნვის ობიექტი შეცვალოთ.
კი, ყველაფერი მარტივადაა. მაგრამ ეს საქმეს სულაც არ აადვილებს.
სირთულე კი ისაა, რომ საწყის ეტაპზე ხელმოცარულად, თაღლითად და ბრიყვად იგრძნობთ თავს. თავიდან ძალიან გაღიზიანებული იქნებით. ალბათ ნერვებიც გიმტყუნებთ. შეიძლება ისტერიკები მოუწყოთ ცოლს, მეგობრებს ან მამას. ძველი ფასეულობები უმტკივნეულოდ არ გაქრება – ღირებულებებისა და პრიორიტეტების შეცვლას თავისი საფასური აქვს. ამას ვერსად გაექცევით.
საქმე მარტივადაა, მაგრამ ძალიან ძნელი შესასრულებელია.
მოდი, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი განვიხილოთ. თავს დავდებ, დასაწყისში ეჭვიც კი შეგეპარებათ. გაიფიქრებთ: მართლა უნდა ვთქვა ამაზე უარი, სწორად ვიქცევიო? ხელის აღებამ ფასეულობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ვეყრდნობოდით, შეიძლება თავგზა აგვირიოს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვეღარ არჩევთ, რა არის მართებული და რა – არა. ეს ძალიან რთული, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია. ამის შემდეგ უკმარისობის გრძნობა დაგეუფლებათ – ნახევარი ცხოვრების განმავლობაში ხომ თავს ძველი საზომებით აფასებდი! როცა პრიორიტეტებსა და კრიტერიუმებს ცვლი და სხვაგვარად იწყებ მოქცევას, ძველი კრიტერიუმების გარეშე თავი შეიძლება თაღლითად და არარაობად ჩათვალო. ესეც ნორმალური, თუმცა არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა.
და, რასაკვირველია, მრავალ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა. უწინდელი ურთიერთობების დიდი ნაწილი ძველ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. როცა ღირებულებებს შეცვლით და გადაწყვეტთ, რომ დროს ტარებას სწავლა სჯობია, და რომ ქორწინება და ოჯახი თავაშვებულ სექსზე, საყვარელი საქმე კი ფულზე მნიშვნელოვანია, ეს ცვლილება აისახება ყველა თქვენს ურთიერთობაზე, რომელთა დიდი ნაწილიც შეწყვეტს არსებობას. ესეც ნორმალური და არასასიამოვნოა.
ეს ყველაფერი პრიორიტეტების ცვლის, ძალების სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ღირსეულ ფაქტორებზე გადართვის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გვერდითი ეფექტებია. ღირებულებების გადაფასების პროცესში გამუდმებით შეხვდებით შინაგან და გარეშე წინაღობებს… და, უპირველეს ყოვლისა, დაეჭვდებით: სწორად იქცევით თუ არა.
თუმცა, როგორც ვნახავთ, ეს ძალიან კარგია.
გაგრძელება იქნება..
ავტორი: მარკ მენსონი