ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
III თავი
თქვენში განსაკუთრებული არაფერია
ერთი ნაცნობი მყავდა… მოდი, ჯიმი დავარქვათ.
მოკლედ, ეს ჯიმი სულ საქმეში იყო – როცა უნდა გეკითხა, ან რომელიმე ფირმასთან გადიოდა კონსულტაციას, ან ინვესტორს ეძებდა პერსპექტიული სამედიცინო აპარატურის ჩამოსატანად, ან საქველმოქმედო აქციაზე აპირებდა გამოსვლას, ანდა იგონებდა ახალი ტიპის ბენზინგასამართ სადგურს, რომელსაც მილიარდები უნდა მოეტანა. ის სულ აქეთ-იქით დარბოდა და, საკმარისი იყო, უბრალო რამ გეკითხა, საათნახევრიან ლაყბობას მოჰყვებოდა თავისი საქმის დიდმნიშვნელოვნებისა და თავისი იდეების გენიალურობის თაობაზე. ბოლოს იმდენ ცნობილ სახელს ჩამოგითვლიდა, რომ გეგონებოდა, ტაბლოიდის ჟურნალისტს ელაპარაკებოდი.
ჯიმი მუდამ პოზიტიურ ენერგიას ასხივებდა. სულ სადღაც შეძრომასა და გაძრომას ცდილობდა, სულ რაღაც გეგმებს ხლართავდა – ერთი სიტყვით, მარიფათიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი უსაქმური იყო. ჯიმი ბევრს ლაყბობდა, არაფერს აკეთებდა, დროის უდიდეს ნაწილს ბარებსა და ძვირიან რესტორნებში ატარებდა და ჭამა-სმაში იმდენივე ფულს ხარჯავდა, რამდენსაც თავის „ბიზნესპროექტებში“. ის პროფესიონალი წურბელა იყო, რომელიც ოჯახის წევრებს (და არა მარტო მათ) მომავალი ტექნოლოგიური დიდების შესახებ ზღაპრებით აბრუებდა და გაუთავებლად სცინცლავდა წვალებით დანაზოგ ფულს. რასაკვირველია, ზოგჯერ, სიმბოლურად, რაღაცას ჩალიჩობდა კიდეც, ან ტელეფონით ვინმე ბობოლას გამოიჭერდა და გავლენიანი ნაცნობების სახელებს უხსენებდა. მაგრამ მაინც არაფერი ხდებოდა. არც ერთ ასეთ „წამოწყებას“ გაგრძელება არ მოჰყოლია.
ასე გადიოდა წლები და, მაშინაც კი, როცა ოცდაათ წლამდე აღარაფერი აკლდა, ჯიმი ისევ მეგობარი გოგოებისა და სულ უფრო და უფრო შორეული ნათესავების ხარჯზე ცხოვრობდა. ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, რომ მას ეს ძალიანაც მოსწონდა. წარმოუდგენლად თავდაჯერებული გახლდათ და მტკიცედ სჯეროდა, რომ ყველა, ვინც დასცინოდა ან ყურმილს უკიდებდა, „ცხოვრების უდიდეს შანსს უშვებდა ხელიდან“. ვინც მის გაბერილ იდეებს ეჭვით ხვდებოდა, „ძალიან გამოუცდელი და უვიცი“ იყო საიმისოდ, რომ მისი გენიალურობა შეეფასებინა. „უსაქმურად“ კი ისინი იხსენიებდნენ, ვისაც მხოლოდ შური და სიძულვილი ალაპარაკებდა.
თუმცა ზოგჯერ რაღაცას მაინც შოულობდა – მეტწილად, ისეთი საეჭვო გზებით, როგორებიცაა სხვისი იდეის თავისად გასაღება, ვინმესგან სესხის გამოძალვა, ან კიდევ უარესი – ახლად გახსნილ ფირმაში წილის დათრევა. ზოგჯერ კი ფულს საჯარო გამოსვლებითაც აკეთებდა (ვერც კი წარმომიდგენია, რა თემებზე შეიძლებოდა ელაპარაკა).
ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ჯიმის მტკიცედ სჯეროდა საკუთარი ლეგენდებისა. მისი მანია ისეთი ტყვიაგაუმტარი იყო, რომ გაოცებას უფრო იწვევდა, ვიდრე გაღიზიანებას.
გასული საუკუნის სამოციან წლებში მსოფლიოში „მაღალი თვითშეფასების“ ბუმი დაიწყო, რაც საკუთარი თავის მიმართ დადებითი აზრისა და შეგრძნებების ქონას გულისხმობდა. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებსაც თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, როგორც წესი, უკეთეს შედეგებს აღწევენ და ნაკლებ პრობლემებსაც ქმნიან. შედეგად, მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მოსახლეობის თვითშეფასების გაზრდა საგრძნობ სოციალურ სარგებელს მოიტანდა: შემცირდებოდა კრიმინალი და ბიუჯეტის დეფიციტი, აკადემიური მოსწრება და შრომის ნაყოფიერება კი გაიზრდებოდა. ამიტომაც იყო, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხალხს ტვინი გაუხვრიტეს მაღალი თვითშეფასების უზარმაზარ მნიშვნელობაზე ლაპარაკით. ამას უჩიჩინებდნენ მშობლებს, ამას ქადაგებდნენ ექიმები, პოლიტიკოსები თუ მასწავლებლები და აქტიურად ნერგავდნენ საგანმანათლებლო პოლიტიკაში. იმისათვის, რომ სუსტ მოსწავლეებს ცუდი მოსწრების გამო არ ენერვიულათ, დაიწყო სკოლის ნიშნების ხელოვნურად გაბერვა. ყოველდღიურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის გამოიგონეს ათასნაირი ჯილდო და პრიზი. ბავშვებს აძლევდნენ ისეთ უაზრო დავალებებს, როგორებიცაა, ვთქვათ, თხზულების დაწერა თემაზე „რით ვარ განსაკუთრებული“ ან „ხუთი რამ, რაც ყველაზე ძალიან მომწონს ჩემში“. მღვდლები და პასტორები მრევლს მოძღვრავდნენ, რომ ღვთის წინაშე თითოეული ადამიანი უნიკალურია და, რუხ მასაში გათქვეფის ნაცვლად, რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს. ბიზნესისა და მოტივაციის სემინარებზე გაუთავებლად იმეორებდნენ ერთსა და იმავე პარადოქსულ მანტრას – რომ ყველას შეუძლია იყოს განსაკუთრებული და ძალიან წარმატებული.
მას შემდეგ ბევრი თაობა შეიცვალა და თამამად შეგვიძლია შედეგები შევაჯამოთ. როგორც ირკვევა, ყველანი განსაკუთრებული არ ვართ. მაღალ თვითშეფასებას კი არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამისათვის სერიოზული საფუძველი არ არსებობს. სხვადასხვა სახის სიძნელისა თუ მარცხის განცდა სასარგებლო და აუცილებელიცაა, რადგან მათ გარეშე სრულფასოვან და წარმატებულ ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბება შეუძლებელია. ხოლო ადამიანებისთვის იმის ჩიჩინი, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში განსაკუთრებულები არიან, ათასობით ბილ გეიტსსა და მარტინ ლუთერ კინგს კი არა, მილიონობით ჯიმის წარმოშობს.
დიახ, ილუზორული სტარტაპების დამფუძნებელ ჯიმის. ჯიმის, რომელიც ყოველდღე პლანს ეწეოდა, საკუთარი თავის ქება-დიდების გარდა, არაფერში ვარგოდა და ამ ბოდვის თავადაც სჯეროდა. ჯიმის, რომელიც თავის ბიზნესპარტნიორს „უმწიფარს“ ეძახდა, მერე კი, ვიღაც რუსი მოდელის გულის მოსანადირებლად, კომპანია Le Bernardin-ს ანგარიშიდან მთელი ფული მოუხსნა. ჯიმის, რომელმაც სრულად ამოწურა ფულის მსესხებელი კეთილი ბიძებისა და დეიდა-მამიდების მარაგი.
დიახ, სწორედ ეს თავდაჯერებული, მაღალი თვითშეფასების მქონე ჯიმი. ჯიმი, რომელიც იმდენს ლაპარაკობდა საკუთარ ღირსებებზე, რომ საქმე ავიწყდებოდა.
მაღალი თვითშეფასების პრობლემა ისაა, რომ პრიორიტეტს ანიჭებს საკუთარი თავის დადებითად აღქმას. მაგრამ ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანი, მეტწილად სწორედ საკუთარი უარყოფითი მხარეების მიმართ დამოკიდებულებით განისაზღვრება. თუ კაცს ცხოვრება თავზე ენგრევა და, ჯიმის მსგავსად, დროის 99,9%-ში თავს მაინც გადასარევად გრძნობს, განა შეიძლება ეს წარმატებულობისა და ბედნიერების საიმედო კრიტერიუმად ჩაითვალოს?
ჯიმი მიიჩნევდა, რომ შრომის გარეშე იმსახურებდა ყველაფერს საუკეთესოს. მიაჩნდა, რომ უნდა ყოფილიყო მდიდარი, მაგრამ ამის მისაღწევად არაფერს აკეთებდა; უნდოდა, ყველას ჰყვარებოდა და კარგი კავშირები ჰქონოდა, მაგრამ საამისოდ არავისთვის არაფერი მიუცია; უნდოდა განცხრომით ეცხოვრა, მაგრამ ამის სანაცვლოდ არანაირი მსხვერპლი არ გაუღია.
ჯიმის მსგავსი ადამიანები იმდენად კმაყოფილი არიან საკუთარი თავით, რომ ეჩვენებათ, თითქოს მართლაც დიდ საქმეებს აღასრულებენ (მაშინაც კი, როცა არაფრის მაქნისები არიან). მათ სჯერათ, რომ ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდნენ, მაშინაც კი, როცა თავი კრეტინებად წარმოაჩინეს. თავს წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებად თვლიან მაშინ, როცა არც ერთი ბიზნესი არ აუწყვიათ. ისინი თავს ცხოვრების მასწავლებლებად თვლიან და რჩევებში ფულს იღებენ მაშინ, როცა ოცდახუთი წელიც არ შესრულებიათ და ფასეული არაფერი შეუქმნიათ.
ისინი, ვინც თავს საუკეთესოს ღირსად მიიჩნევენ, თავდაჯერებულობის ყალბ აურას ასხივებენ. ამ თავდაჯერებამ მართლა შეიძლება მოატყუოს გარშემო მყოფები – ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნით მაინც. ზოგჯერ კი ყველაზე აბსურდული თვითშეფასებაც კი გადამდები ხდება და გარშემო მყოფებსაც ემატებათ თავდაჯერება. ზემოთ ხსენებული მაქინაციების მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ჯიმისთან ურთიერთობა ჩემთვის ზოგჯერ ძალიანაც სახალისო იყო. მის გვერდით ყოფნისას თავი უძლეველი მეგონა.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს მუდამ საკუთარი თავით ტკბობის მოთხოვნილება აქვთ, რასაც ზოგჯერ გვერდით მყოფთა ხარჯზეც იკმაყოფილებენ. ამ მოთხოვნილების გამო ისინი დროის უდიდეს ნაწილს საკუთარ პერსონაზე ფიქრში ატარებენ. სხვა თუ არაფერი, უზარმაზარი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას, რომ შენი მძღნერი არა ყარს (მით უფრო მაშინ, როცა ტუალეტში ცხოვრობ). როცა ადამიანი პოულობს სქემას, რომლის წყალობითაც, ნებისმიერ მოვლენას თავისი დიდებულების მანიშნებლად მოიაზრებს, მსგავსი ილუზიებიდან მისი გამოგლეჯა ძალიან ძნელია. ასეთი პიროვნება შეგონების ნებისმიერ მცდელობას აღიქვამს, როგორც საფრთხეს მორიგი მოშურნის მხრიდან, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მისი ჭკუა/ნიჭი/გარეგნობა/წარმატება.
საკუთარი უნიკალურობის განცდა ქმნის ნარცისულ საპნის ბუშტს, რომელიც იბერება და თანდათან სულ უფრო და უფრო ამახინჯებს გარშემო არსებულ რეალობას. ადამიანები, რომლებიც თავს მხოლოდ საუკეთესოს ღირსად მიიჩნევენ, ნებისმიერ მოვლენას საკუთარი გრანდიოზულობის დასტურად ან შესაძლო საფრთხედ მოიაზრებენ: რაც კი რამ კარგი ხდება, ყველაფერი მათი გმირული საქციელის დამსახურებაა, რაც ცუდი – მტრებისა და მოშურნეებისა, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ფეხქვეშ გათელონ და დაამცირონ ისინი. მსგავსი მსოფლმხედველობის ადამიანები სრულიად შეუვალი არიან. ისინი გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ და აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც უპირატესობის ამგვარ შეგრძნებას ასაზრდოებს. ისინი ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ საკუთარი მენტალური ფასადის შენარჩუნებას და ამისათვის მზად არიან, ფიზიკური ან ემოციური ტკივილიც კი აგემონ გარშემო მყოფთ.
თუმცა მსგავსი გაზვიადებული თვითშეფასებაც წამგებიანია. ესაა მორიგი ნარკოტიკი, რომელსაც ბედნიერებასთან საერთო არაფერი აქვს.
პიროვნების ფასეულობის ჭეშმარიტი საზომია მისი დამოკიდებულება არა დადებითი, არამედ უარყოფითი გამოცდილების მიმართ. ჯიმისნაირი ადამიანები პრობლემებს ემალებიან და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალ წარმოსახვით წარმატებას იგონებენ. მაგრამ, საკუთარი თავით კმაყოფილების მიუხედავად, ისინი სუსტები და უსუსურები არიან, რადგან სიძნელეებისთვის თვალის გასწორება არ შეუძლიათ.
ჭეშმარიტად თავმოყვარე ადამიანს თავისი ნაკლოვანებების დანახვაც უნდა შეეძლოს („დიახ, ზოგჯერ უპასუხისმგებლოდ ვფლანგავ ფულს“, „დიახ, ზოგჯერ ვაზვიადებ ჩემს წარმატებებს“, „დიახ, ზედმეტად ხშირად ვარ სხვების იმედად მაშინ, როცა საქმეს საკუთარი ძალებით უნდა ვაკეთებდე“…) და ყველანაირად ცდილობდეს მათ გამოსწორებას. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს მხოლოდ საუკეთესოს ღირსად მიიჩნევენ, არც თავიანთი პრობლემების ღიად და გულახდილად აღიარება და არც საკუთარი ცხოვრების გააზრებულად შეცვლა შეუძლიათ. ისინი მუდამ სასიამოვნო შეგრძნებების ძიებაში არიან და რეალობის უარყოფის სულ უფრო მაღალ საფეხურებს აღწევენ.
მაგრამ სინამდვილესთან პირისპირ შეჯახება გარდაუვალია და, ერთხელაც იქნება, სიღრმისეული პრობლემები თავს შეახსენებენ. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის და რამდენად მტკივნეულად მოხდება ეს.
როცა ყველაფერი ინგრევა
დილის ათ საათზე ბიოლოგიის გაკვეთილზე ვიჯექი და ხელებზე ნიკაპჩამოდებული მივჩერებოდი საათის ისარს, რომელიც ნელ-ნელა ითვლიდა წამებს მასწავლებლის მონოტონური დუდუნის რიტმში. მასწავლებელი ქრომოსომებსა და მიტოზზე გველაპარაკებოდა და, იმ ჩახუთულ საკლასო ოთახში გამოკეტილ ცამეტი წლის თანაკლასელთა უდიდესი ნაწილის მსგავსად, მეც ძალიან მოწყენილი ვიყავი.
უეცრად კარზე დააკაკუნეს და ოთახში სკოლის დირექტორმა, მისტერ პრაისმა შემოიხედა.
– ბოდიში, რომ შემოგეჭერით. მარკ, შეგიძლია ერთი წუთით გამოხვიდე? ჰო, ჩანთაც წამოიღე.
„უცნაურია, – გავიფიქრე, – ბავშვებს დირექტორთან ხშირად იძახებენ, მაგრამ დირექტორი თვითონ იშვიათად მოდის ხოლმე“. წიგნები მოვხიკე და გარეთ გავედი. დერეფანში არავინ ჭაჭანებდა. მოშორებით ასობით ჩალისფერი კარადა ჩამწკრივებულიყო.
– მარკ, შეგიძლია შენს კარადასთან მიმიყვანო?
– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე და ჩანჩალით გავუყევი დერეფანს.
უნდა გენახათ, რას ვგავდი: თმაგაჩეჩილი, მოფლაშული ჯინსითა და როკ-ჯგუფ „პანტერას“ მაისურით, რომელიც რამდენიმე ზომით დიდი მქონდა.
ჩემს კარადასთან მივედით.
– გამიღე, თუ შეიძლება, – მითხრა მისტერ პრაისმა. გავუღე. მან გვერდით გამწია და კარადიდან ჩემი ქურთუკი, სპორტული ჩანთა და ზურგჩანთა გამოალაგა. ყველა თარო გამოასუფთავა. მხოლოდ რამდენიმე რვეული და ფანქარი დატოვა. ამ საქმეს რომ მორჩა, თავისი კაბინეტისკენ გასწია.
– წამომყევი! – არც მოტრიალებულა, ისე მომაძახა. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა.
კაბინეტში შევყევი თუ არა, სკამზე მიმანიშნა – დაჯექიო. მერე კარი მიხურა, გადაკეტა და შუშებზე ჟალუზები ჩამოსწია, რათა გარედან ვერავის დავენახეთ.
ხელისგულები გამიოფლიანდა. ეს ჩვეულებრივ გამოძახებას არ ჰგავდა.
ამასობაში მისტერ პრაისი დაჯდა და უსიტყვოდ შეუდგა ჩემი ჩანთების ჩხრეკას – ჯიბეები მოუსინჯა, ელვაშესაკრავები გახსნა, სპორტული ფორმა ამოიღო და იატაკზე დადო.
– იცი, რას ვეძებ, მარკ? – ისე მკითხა, ჩემკენ არ გამოუხედავს.
– არა. – მივუგე.
– ნარკოტიკებს.
ამ სიტყვის გაგონებაზე ძალიან დავიძაბე და ყურები ვცქვიტე. – ნ-ნარკოტიკებს? – ძლივს ამოვილუღლუღე, – რა ნარკოტიკებს?
მისტერ პრაისმა მკაცრად გამომხედა.
– არ ვიცი. რა გაქვს რო?
ჩანთის გვერდითა განყოფილებებს მიადგა და კალმებისთვის
განკუთვნილი პატარა ჯიბეები დაჩხრიკა.
ოფლი ღვარად წამომივიდა. მხოლოდ ხელისგულები კი არა,
მკლავები და კისერიც დამისველდა. საფეთქლებსა და სახეზე სისხლი მომაწვა. მინდოდა, გავქცეულიყავი და სადმე დავმალულიყავი. აბა, ცამეტი წლის რომელ მოზარდს არ მოუნდება გაქცევა, როცა ნარკოტიკების შენახვაში ამხელენ!
– ვერ გამიგია, რაზე მელაპარაკებით, – ვიუარე, მაგრამ ჩემმა ხმამ სასურველზე ბევრად უფრო ჩუმად გაიჟღერა. ნეტავ, უფრო თავდაჯერებული ვყოფილიყავი! თუ პირიქით? იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, უფრო შეშინებული იერი მქონოდა? საინტერესოა, გამოცდილი მატყუარები შეშინებულად გამოიყურებიან თუ თავდაჯერებულად? რომ მცოდნოდა, უფრო თამამად მოვიქცეოდი. ჩემი სიტყვების არადამაჯერებელმა ჟღერადობამ კიდევ უფრო დამაბნია და კიდევ უფრო დამაკარგვინა თავდაჯერებულობა. წყეული მოჯადოებული წრე!
– ახლავე გავარკვევთ, – მომიგო დირექტორმა და ჩემს ზურგჩანთას მიუბრუნდა, რომლის უამრავი ჯიბეც თინეიჯერული ხარახურით მქონდა გამოტენილი. იქ უხვად მეყარა ფერადი ფანქრები, გამომშრალი მარკერები, ფურცლებამოგლეჯილი რვეულები, დაბზარულ ყუთებში ჩატენილი 90-იანების დასაწყისის კომპაქტდისკები, საკლასო მიმოწერიდან შემორჩენილი ბარათები, მტვერი, ძაფები და სასკოლო ყოფაში დაგროვილი ათასნაირი სხვა ნაგავი.
ჩემს ორგანიზმში ოფლის გამოყოფის პროცესი, როგორც ჩანს, სინათლის სიჩქარით მიმდინარეობდა, რადგან დრო ისე გაიწელა და გაფართოვდა, რომ ბიოლოგიის გაკვეთილზე მოწიკწიკე საათის მიერ გადათვლილი თითოეული წამი ხანგრძლივობით პალეოლითის ხანას გაუტოლდა, მე კი ყოველწამიერად ვიზრდებოდი და ვკვდებოდი. მთელ სამყაროში მხოლოდ მე, მისტერ პრაისი და ჩემი უძირო ზურგჩანთა ვარსებობდით.
ბოლოს, დაახლოებით მეზოლითის ხანაში, მისტერ პრაისმა, როგორც იქნა, მოათავა ჩემი ზურგჩანთის ჩხრეკა. ვერაფერი იპოვა და ცოტა დაბნეული ჩანდა. მერე ადგა, ზურგჩანთა გადმოაპირქვავა და შიგ ჩაგროვილი მთელი ნაგავი კაბინეტის იატაკზე მოაბნია. უკვე ისიც ჩემსავით ოფლში იწურებოდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე შეშინებული ვიყავი, ის კი – გაცეცხლებული.
– მაშასადამე, დღეს ნარკოტიკები არ გვაქვს, არა? – ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა.
– არა. – მეც ვცდილობდი.
მან მაგიდაზე გადმოყრილი ნივთები გადაახარისხა და ჩემი ფორმის გვერდით პატარ-პატარა გროვებად დააწყო. ჯიბეებგადმობრუნებული ქურთუკი და ცარიელი ზურგჩანთა მუხლებზე ჰქონდა გადაფენილი. მერე ერთი ამოიოხრა და კედელს მიაშტერდა. ტირილი მინდოდა – ცამეტი წლის ნებისმიერი მოზარდი იტირებს, თუ გაცეცხლებული ზრდასრული მამაკაცი ოთახში გამოკეტავს და ტანსაცმელს იატაკზე დაუყრის.
მისტერ პრაისმა ძირს დაყრილი ნივთებიც დაქექა, მაგრამ უკანონო ვერაფერი ნახა – ნარკოტიკები კი არა და, ისეთი რამეც კი ვერ იპოვა, სკოლის შინაგანაწესით რომ ყოფილიყო აკრძალული. მან კიდევ ერთხელ ამოიოხრა და ზურგჩანთა და ქურთუკიც იატაკზე მიყარა. მერე ხელები მუხლებზე დაიწყო, ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა:
– სიმართლის თქმის უკანასკნელ შანსს გაძლევ, მარკ. თუ გულწრფელი იქნები, შენთვის უკეთესია. თუ არადა, შენს თავს დააბრალე. ამაზე ბევრად უარეს დღეში ჩავარდები.
შეშინებული ვუყურებდი და ღრმად ვსუნთქავდი.
– გამოტყდი, – არ მანებებდა თავს მისტერ პრაისი, – დღეს სკოლაში ნარკოტიკი ხომ შემოიტანე?
ცრემლი მახრჩობდა და ტირილს ძლივს ვიკავებდი. ყველაფერს მივცემდი, ოღონდაც ეს წამება დამთავრებულიყო. ჩემს მტანჯველს სახეში შევხედე და აკანკალებული ხმით მივუგე:
– არა. არანაირი ნარკოტიკი არ მაქვს. ვერ გამიგია, რაზე მელაპარაკებით.
– კარგი, – ფარ-ხმალი დაყარა მისტერ პრაისმა, – შეგიძლია აკრიფო შენი ნივთები და საკლასო ოთახში დაბრუნდე.
მერე ძირს დაგდებულ ზურგჩანთას მზერა ესროლა და, თითქოს უცაბედად, ოდნავ დაადგა ფეხი. ეს უკანასკნელი ცდა იყო. დაძაბული ვიჯექი – ერთი სული მქონდა, ავმდგარიყავი, ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი და ეს კოშმარი დამევიწყებინა.
მაგრამ უეცრად დირექტორმა ფეხით რაღაც იგრძნო.
– ეს რაღაა?
– რა?
– აქ რაღაცაა, – ის ზურგჩანთას დასწვდა და ძირი მოუსინჯა.
გარშემო ოთახის კონტურებმა სიმკვეთრე დაკარგა, ყველაფერი გაფერმკრთალდა და ჰაერში ალივლივდა.
ბავშვობაში სხარტი ჭკუის მქონე და გულღია, მაგრამ ძალიან გათახსირებული ტიპი ვიყავი (ამას რაც შეიძლება რბილად ვამბობ). გაუგონარი და მატყუარა; გაეშმაკებული და გაავებული. თორმეტი წლის ასაკში მაცივრის მაგნიტების საშუალებით კარის სიგნალიზაციას ვთიშავდი და შინიდან ვიპარებოდი ხოლმე. ძმაკაცის დედის მანქანას ნეიტრალურ სიჩქარეში ვაგდებდით, ქუჩაში ვაგორებდით და ისე ვიპარავდით, რომ მოტორის ხმაზე სახლში არავის გაღვიძებოდა. კიდევ, ვწერდი თემებს აბორტის აუცილებლობის შესახებ, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ინგლისურის მასწავლებელი ულტრაკონსერვატორი ქრისტიანი იყო. მეორე ძმაკაცთან ერთად კი დედაჩემს სიგარეტებს ვპარავდი და სკოლის უკან ვყიდდი.
გარდა ამისა, ზურგჩანთაში მოწყობილი მქონდა საიდუმლო განყოფილება, რომელშიც მარიხუანას ვმალავდი.
სწორედ ეს სამალავი აღმოაჩინა მისტერ პრაისმა, როცა ჩემს ზურგჩანთას ფეხი დააბიჯა. ასე გამომიჭირა ტყუილში და, როგორც შემპირდა, თავზე ხელი არ გადაუსვამს. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი ბორკილებდადებული და ჩემი ცხოვრება დამთავრებული მეგონა. რას იზამ, ასეთი ფიქრები ნარკოტიკების შენახვისთვის დაპატიმრებული ცამეტი წლის ლაწირაკისთვის სრულიად ბუნებრივია.
თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, არც შევმცდარვარ: მშობლებმა შინაპატიმრობა მომისაჯეს და დიდი ხნით დავრჩი მეგობრების გარეშე. გარდა ამისა, სკოლიდანაც გამომაგდეს და აკადემიური წლის ბოლომდე სახლში მომიხდა სწავლა. დედამ თმის გაკრეჭა მაიძულა და გადამაყრევინა ყველა მაისური, რომლებზეც მერილინ მენსონი ან ჯგუფი Metallica იყო გამოსახული (რაც 1998 წელს ნებისმიერი ნორმალური მოზარდისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო). მამაჩემს ყოველ დილით სამსახურში მივყავდი და საათობით მახარისხებინებდა ქაღალდებს. ხოლო როცა ოჯახური სწავლების პერიოდი ამოიწურა, კერძო ქრისტიანულ სკოლაში გამამწესეს, სადაც, ბუნებრივია, თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ბოლომდე გამოვისყიდე ჩემი ცოდვები და საკანცელარიო სამუშაოების პასუხისმგებლობით შესრულების ფასიც შევიმეცნე, ჩემმა მშობლებმა გაყრა გადაწყვიტეს. ამას მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ დაგანახოთ: ისეთი ბავშვობა მქონდა, მტრისას და ავისას. სულ რაღაც ცხრა თვის განმავლობაში არა მარტო უახლოესი მეგობრები, არამედ მთელი საძმაკაცო წრე, კანონიერი უფლებები და ოჯახიც დავკარგე. მოგვიანებით – როცა ოც წელს გადავაბიჯე – ჩემმა თერაპევტმა ამას „ტრავმული ქაქი“ უწოდა. ათწლეულზე მეტი დამჭირდა იმისათვის, რომ ამ კომპლექსებისთვის თავი დამეღწია და ნაკლებად ეგოისტ და პრეტენზიულ ნაბიჭვრად ჩამოვყალიბებულიყავი.
მაგრამ ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მის წიაღში საშინელ რაღაცებს ლაპარაკობდნენ ან აკეთებდნენ, არამედ ის, რომ ჩვენთან მნიშვნელოვან რამეებს არც აკეთებდნენ და არც განიხილავდნენ. ჩვენი ოჯახის ცხოვრება იდუმალების ისეთივე საბურვლით იყო მოცული, როგორითაც უორენ ბაფეტის შემოსავლის წყაროები და ჯენა ჯეიმსონის ინტიმური კავშირები. ამ მხრივ ბადალი ნამდვილად არ გვყავდა. მთელი სახლი ცეცხლში რომ გახვეულიყო, ჩემი მშობლები მაინც იტყოდნენ – ყველაფერი კარგადაა, ცოტა ცხელა, მაგრამ, საერთო ჯამში, არა გვიშავსო.
როცა მშობლები ერთმანეთს შორდებოდნენ, არც ჭურჭელს ამტვრევდნენ, არც კარებს აჯახუნებდნენ და არც იმას არჩევდნენ, ვინ ვის უღალატა. ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი ძმა დაგვისვეს და გვითხრეს, რომ ამ ამბავში ბრალი არ მიგვიძღოდა; მერე კი „კითხვებისა და პასუხების სეანსი“ (დიახ, სწორად წაიკითხეთ) ჩაგვიტარეს „ცხოვრების ახალი პირობების“ თემაზე. ერთი ცრემლიც კი არავის გადმოვარდნია. ხმისთვის არავის აუწევია. ერთადერთი, რაც მე და ჩემმა ძმამ მშობლების ემოციების შესახებ გავიგეთ, ის იყო, რომ თურმე მათ „ერთმანეთისთვის არ უღალატიათ“. ხომ მშვენიერია? ცოტა ცხელოდა, მაგრამ ისე ყველაფერი კარგად იყო.
სწორად გამიგეთ, ჩემი დედ-მამა კარგი ადამიანები არიან. მათ არაფერში ვადანაშაულებ (უფრო სწორად, აღარ ვადანაშაულებ) და ორივე ძალიან მიყვარს. მათ, ისევე, როგორც ნებისმიერ მშობელს (მანამდე კი მათ მშობლებს) საკუთარი ცხოვრებისეული ისტორია, საკუთარი გზასავალი და პრობლემები აქვთ. სხვა მშობლების მსგავსად, ჩემმა მშობლებმაც თავიანთი პრობლემების ნაწილი მე გადმომილოცეს და, ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს საუკეთესო სურვილებით მოუვიდათ. ალბათ იმავეს გავაკეთებ მეც ჩემი შვილებისთვის.
როცა ცხოვრებაში მსგავსი „ტრავმული ქაქი“ ხდება, ქვეცნობიერად ვგრძნობთ, რომ ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. პრობლემების გადაჭრის ეს უუნარობა კი უსუსურობისა და დაუცველობის განცდას გვიმძაფრებს.
მაგრამ საქმე ამით არ შემოიფარგლება. მოუგვარებელი პრობლემის წინაშე ადამიანები, განსაკუთრებით გამორჩეულად, ან განსაკუთრებით არასრულფასოვნად მივიჩნევთ თავს ქვეცნობიერად და ვთვლით, რომ თუ განსაკუთრებულები ვართ, ჩვენზე წესებიც განსაკუთრებული უნდა ვრცელდებოდეს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ვთვლით, რომ რაღაც გამორჩეულის ღირსები ვართ.
სიყმაწვილეში გადატანილმა ტკივილმა გამიჩინა განცდა, რომ ყველაფერი საუკეთესო მეკუთვნოდა, და ეს შეგრძნება დაკაცების შემდეგაც არ გამქრობია. თუკი ჯიმის ანალოგიური განწყობა ეუფლებოდა ბიზნესის სფეროში, რომელშიც თავს ძალიან წარმატებულ პიროვნებად მიიჩნევდა, ჩემს შემთხვევაში ეს გრძნობა ურთიერთობებში – განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობებში ვლინდებოდა. ჩემი ტრავმა სიახლოვისა და აღიარების უკმარისობით იყო გამოწვეული. შესაბამისად, მუდმივად მქონდა ამ დეფიციტის ანაზღაურების მოთხოვნილება. გაუთა- ვებლად ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ ყველას ვუყვარდი და ყველა მზად იყო მივეღე ისეთი, როგორიც ვიყავი. შედეგად, ქალებს ისე მივეწებე, როგორც ნარკომანი – კოკაინისგან გაკეთებულ თოვლის კაცუნებს. სულ სიყვარულს ვეძებდი და მის ტკბილ მორევში ვცდილობდი თავის დახრჩობას.
აზარტულ მოთამაშედ გადავიქეცი – უმწიფარ და ეგოისტ, თუმცა ზოგჯერ მომხიბვლელ მოთამაშედ, და თითქმის მთელი მომდევნო ათწლეული ზედაპირულ და არაჯანსაღ ურთიერთობებში გავატარე. სექსი ძალიანაც მომწონდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი სექსი კი არა, თვითდამკვიდრება იყო. ქალებს ვუყვარდი და ვუნდოდი; ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი საკუთარ ფასეულობას. თვითდამკვიდრების წყურვილმა მალე საკუთარი თავით ტკბობისა და თავაშვებულობის მოთხოვნილება წარმოშვა. ვთვლიდი, რომ შემეძლო, რაც მინდოდა, ის მელაპარაკა და როგორც მინდოდა, ისე მოვქცეულიყავი, შემდეგ კი ჩემი საქციელი უაზრო და სირული არგუმენტებით მემართლებინა.
რასაკვირველია, იმ პერიოდში მხიარული და ამაღელვებელი მომენტებიც საკმარისად იყო. ბევრი შესანიშნავი ქალიც შემხვედრია. მაგრამ, საერთო ჯამში, ცხოვრება მაინც არეული მქონდა: ხშირად ვიყავი უმუშევარი; ხან ძმაბიჭებთან ვცხოვრობდი და ხანაც – დედასთან; ზომაზე მეტს ვსვამდი და ბევრი მეგობარიც მოვიმდურე; ხოლო როცა ვხვდებოდი ქალებს, რომლებიც მართლა მომწონდა, ჩემი ეგოიზმი სწრაფად უღებდა ბოლოს ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარების ნებისმიერ მცდელობას.
რაც უფრო სიღრმისეულია ტკივილი, მით უფრო უსუსურად ვგრძნობთ თავს ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე და მით მეტად თავაშვებულად ვიქცევით პრობლემების სანაცვლო ანაზღაურების მისაღებად. ეს მოცემულობა ორი სახით გამოვლინდება: მე გადასარევი ვინმე ვარ, სხვები კი ბანძები არიან. ამიტომაც განსაკუთრებულ მოპყრობას ვიმსახურებ; მე ბანძი ვარ, სხვები კი გადასარევები არიან, ამიტომაც განსაკუთრებულ მოპყრობას ვიმსახურებ.
ამ, ერთი შეხედვით, ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებს ერთი და იგივე ეგოისტური შიგთავსი აქვს. განსაკუთრებულობის პრეტენზიის მქონე ადამიანები ხშირად მერყეობენ ამ ორ უკიდურესობას შორის. ისინი ხან სამყაროს მწვერვალზე დგანან და ხანაც ქვეყნიერების ფსკერზე ყრიან – იმისდა მიხედვით, კვირის რა დღეა, ან რამდენად არიან აყოლილები ამა თუ იმ მავნე ჩვევას.
ადამიანთა უმეტესობა სრულიად სამართლიანად ჩათვლის ჯიმის წყალწაღებულ ნარცისად და იდიოტად. ეს იმიტომ, რომ მას საკუთარ თავზე უზომოდ დიდი წარმოდგენა აქვს. ბევრად უფრო ძნელია პრეტენზიულობის ამოცნობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც თავს მუდამ არასრულფასოვნებად და უღირსებად მიიჩნე- ვენ. მაგრამ გამუდმებით მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა არანაკლები ეგოიზმია, ვიდრე საკუთარი თავით ტკბობა. საკუთარი პრობლემების გადაუჭრელობისა და უნიკალურობის რწმენის შენარჩუნებას ისეთივე დიდი ენერგია და განდიდების მანია ესაჭიროება, როგორიც პრობლემების სრულ უარყოფას. არადა, უნიკალური პრობლემები არ არსებობს. თქვენნაირი პრობლემები წარსულშიც მილიონობით ადამიანს ჰქონია, ახლაც მილიონებს აქვთ და მომავალშიც მილიონებს ექნებათ. გამორიცხული არაა, ასეთი ადამიანები თქვენს ნაცნობებს შორისაც იყვნენ. ეს სულაც არ აკნინებს პრობლემას და სულაც არ გულისხმობს, რომ ტკივილს ვერ უნდა ვგრძნობდეთ. ეს არც იმას გამორიცხავს, რომ გარკვეულ ვითარებაში მართლაც შეიძლება მსხვერპლი იყოთ.
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენში განსაკუთრებული არაფერია. ხშირად იმ ფაქტის გააზრება, რომ შენ წინაშე არსებული სიძნელეების სერიოზულობასა და მტკივნეულობაში განსაკუთრებული არაფერია, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
მაგრამ ადამიანთა უმეტესობას – განსაკუთრებით ახალგაზრდობას – ეს სულ უფრო და უფრო ხშირად ავიწყდება. ბოლო დროს მრავალი პროფესორი და პედაგოგი აღნიშნავს თანამედროვე ახალგაზრდებს შორის ემოციური მდგრადობის დეფიციტსა და ეგოისტური მოთხოვნების სიჭარბეს. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იღებენ პროგრამიდან ამა თუ იმ სახელმძღვანელოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაცას აღიზიანებს. პროფესორებსა და ორატორებს ხმას აკმენდინებენ და სასწავლებლებიდან რიცხავენ მხოლოდ იმის მტკიცებისთვის, რომ ჰელოუინის ამა თუ იმ კოსტიუმში შეურაცხმყოფელი არაფერია. სასკოლო ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ დღეს მოსწავლეთა არნახული რაოდენობა განიცდის უდიდეს ემოციურ სტრესს ისეთი ყოველდღიური და უბრალო პრობლემების გამო, როგორებიცაა, ვთქვათ, თანაკლასელთან შეკამათება ან ცუდი ნიშანი.
უცნაურია, რომ საკუთარი უნიკალურობის განცდამ მაქსიმუმს მაინცდამაინც საყოველთაო კომუნიკაციის ეპოქაში მიაღწია. თანამედროვე ტექნოლოგიებში აშკარად არის რაღაც, რაც განსაკუთრებით გვიმძაფრებს კომპლექსებს. გამოხატვის რაც უფრო დიდი თავისუფლება გვაქვს, მით მეტად გავურბივართ მათ, ვინც არ გვეთანხმება ან გვაბრაზებს. რაც უფრო ხშირად ვეჯახებით საპირისპირო აზრს, მით მეტად გვაღიზიანებს განსხვავებული მოსაზრებების არსებობა. რაც უფრო იოლი და უპრობლემო ხდება ჩვენი ცხოვრება, მით მეტად კარგი ცხოვრების ღირსად ვთვლით თავს.
ინტერნეტი და სოციალური ქსელები, უდავოდ, ნამდვილი საოცრებებია. მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესოა. მაგრამ ვინ იცის, იქნებ სოციალური თვალსაზრისით ეს ტექნოლოგიები არასასურველ გვერდით ეფექტსაც იძლევა? ტექნოლოგიებმა, რომლებმაც კაცობრიობას თავისუფლება და ცოდნა მოუტანა, განსაკუთრებულობის აქამდე არნახული განცდაც შეუქმნა ადამიანებს.
განსაკუთრებულობის ტირანია ადამიანთა უდიდესი ნაწილი საქმეების უმეტესობას საშუალო დონეზე აკეთებს. შეიძლება რაღაცაში ნამდვილი ოსტატები ვიყოთ, მაგრამ დანარჩენი რამეები საშუალოდ ან სულაც ძალიან ცუდად გამოგვდიოდეს. ასეა ცხოვრება მოწყობილი. რაიმე კონკრეტულ საქმეში გვარიანად გაწაფვას დიდი დრო და ძალისხმევა ესაჭიროება, და რადგან ადამიანის დრო და ძალები შეზღუდულია, ერთდროულად რამდენიმე სფეროში დაოსტატებას თითქმის ვერავინ ახერხებს.
სტატისტიკური თვალსაზრისით, გამორიცხულია, რომ ერთმა ადამიანმა ყველა (ან თუნდაც მრავალ) სფეროში მიაღწიოს წარმატებას. სახელგანთქმულ ბიზნესმენებს, ხშირ შემთხვევაში, პირადი ცხოვრება აქვთ არეული. ტიტულოვანი სპორტსმენები, როგორც წესი, ჩლუნგები და ცალტვინები არიან. ცნობილი ხალხის დიდმა უმრავლესობამ ისევე ცოტა რამ იცის ცხოვრების შესახებ, როგორც ამ ხალხის თაყვანისმცემლებმა, პირდაღებულები რომ მიშტერებიან მათ და ყველაფერში ჰბაძავენ.
ჩვენ, ძირითადად, საშუალო უნარების მქონე ადამიანები ვართ. სახელი და პოპულარულობა კი ზღვარზე მოარულთა ხვედრია. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამაზე იშვიათად ვფიქრობთ და/ან ვლაპარაკობთ… და, რაც მთავარია, არასოდეს ვმსჯელობთ, რატომ შეიძლება წარმოადგენდეს ეს პრობლემას.
რასაკვირველია, ინტერნეტის, Google-ის, Facebook-ის, YouTube-ისა და ხუთასზე მეტი სატელევიზიო არხის ქონას არაფერი სჯობია, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ყურადღება შეზღუდულია. მართლაც შეუძლებელია ინფორმაციის იმ უზარმაზარი ზვირთების გადამუშავება, რომლებიც ყოველდღიურად ეხეთქება ადამიანის ცნობიერებას. ამიტომაც ჩვენი გონება ამ ცნობების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იაზრებს – ისეთ რამეებს, რაც მართლა უჩვეულო და იშვიათია.
მაგრამ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტ ახალ ამბებს ვიგებთ განსაკუთრებული თემების შესახებ. ზოგი საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ეხება. ზოგიც – ცუდთა შორის უარესს. საინფორმაციო სივრცე გადავსებულია ფანტასტიკური სპორტული რეკორდებით, ყველაზე სასაცილო ხუმრობებით, ყველაზე საშინელი კატასტროფებით, ყველაზე შემაშფოთებელი საფრთხეებითა და ა. შ.
ჩვენი ცხოვრება იმიტომაა ასე უხვად გაჯერებული ექსტრაორდინარული ადამიანური გამოცდილების შესახებ ინფორმაციით, რომ ეს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ყურადღება კი მედიაბიზნესის ფულის წყაროა. სწორედ ესაა ყველაფრის მიზეზი. მაგრამ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ერთფეროვან, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენი ცხოვრება, ძირითადად, ტრივიალურია და არა – ექსტრაორდინარული.
უკიდურესობების ეს მძლავრი ნაკადი გვაიძულებს, დავიჯეროთ, რომ განსაკუთრებულობა ნორმაა. და, ვინაიდან ჩვენს ცხოვრებაში, როგორც წესი, არაჩვეულებრივი არაფერი ხდება, განსაკუთრებული რამეების შესახებ ინფორმაცია გვაბნევს და გვაშინებს, რადგან გვიჩენს ეჭვს, რომ მთლად სრულფასოვნები არა ვართ. სწორედ ამ დროს იბადება ამ წარმოსახვითი ნაკლოვანების კომპენსირების მოთხოვნილება, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნით ან რაიმე მავნე ჩვევით ვიკმაყოფილებთ. ამისათვის ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება კი საკუთარი თავის ან რაღაცის განდიდებაა.
ერთნი სწრაფად გამდიდრების სქემებს ადგენენ; მეორენი ქვეყნის დასალიერში მიდიან მოშიმშილე ბავშვების გადასარჩენად; მესამენი კარგად სწავლობენ და ყველა სასკოლო ჯილდოს იგებენ; მეოთხენი სკოლაში სროლას ტეხენ; მეხუთენი კი ლოგინში იწვენენ ყველას, ვინც სუნთქავს და ლაპარაკობს.
ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია თვითგანდიდების ზემოთ ხსენებულ კულტურულ ფენომენთან. ამ კულტურულ ძვრაში ხშირად XX საუკუნის ბოლოს დაბადებულ ადამიანებს ადანაშაულებენ. მაგრამ ეს თაობა, უბრალოდ, ყველაზე უფრო შესამჩნევია და ამიტომაცაა მოქცეული ყურადღების ცენტრში. სინამდვილეში, საკუთარი თავის განსაკუთრებულობის შეგრძნება ყველა თაობის ადამიანს აქვს. ჩემი აზრით, ამაში დამნაშავეა მასმედია, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ ტენდენციის პოპულარიზებაზე.
მთელი უბედურება ისაა, რომ ყოვლისმომცველი თანამედროვე ტექნოლოგიები და მასობრივი მარკეტინგი მრავალ ადამიანს უცრუებს საკუთარ თავთან დაკავშირებულ მოლოდინებს. განსაკუთრებულობის ტენდენციის მოზღვავების გამო ადამიანები თავს არასრულფასოვნად გრძნობენ. მათი აზრით, იმისათვის, რომ სხვებმა შეამჩნიონ, ან იმისათვის, რომ საერთოდ რამეს წარმოადგენდნენ, უფრო უჩვეულოები, უფრო რადიკალურები და უფრო თავდაჯერებულები უნდა იყვნენ.
ახალგაზრდა რომ ვიყავი, ინტიმურ საკითხებში ჩემს თავდაუჯერებლობას ძალიან ამძაფრებდა ვაჟკაცობასთან დაკავშირებული სასაცილო კრიტერიუმები, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული იმდროინდელ პოპკულტურაში. ეს სტერეოტიპები დღესაც არსებობს: უნდა იყო მაგარი ტიპი, ყველა პატივს უნდა გცემდეს, წვეულებებზე როკის ვარსკვლავივით უნდა გუგუნებდე და ქალები უნდა გესეოდნენ. ამ ლოგიკის მიხედვით, სექსზე მნიშვნელოვანი მამაკაცისთვის არაფერია და მისი გულისთვის ყველაფერზე შეიძლება უარის თქმა (მათ შორის, ღირსებაზეც).
ეს ბოდვა, რომელიც უწყვეტ ნაკადად მოედინება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, უკიდურესად აძლიერებს დაუცველობის განცდას, რადგან გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ სტანდარტებს არ შევესაბამებით. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ყველა პრობლემა გადაუჭრელი გვეჩვენება, ამავ- დროულად, ხელმოცარულებადაც აღვიქვამთ თავს, რადგან ერთი „დაგუგლვაც“ კი გვიჩვენებს ათასობით ადამიანს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები საერთოდ არა აქვთ.
ტექნოლოგიამ ძველი ეკონომიკური პრობლემები მოაგვარა და ახალი ფსიქოლოგიური პრობლემები შექმნა. ინტერნეტის საშუალებით არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ დაუცველობის, სირცხვილისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ეჭვის განცდის მოპოვებაც ადვილად შეიძლება.
კ-კ-კი მაგრამ, რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ განსაკუთრებული და გამორჩეული არ ვიქნები?
ჩვენს კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველანი რაღაც არაჩვეულებრივი რამისთვის ვართ დაბადებული. ასე ამბობენ ცნობილი ადამიანები. ამას გვეუბნებიან ფინანსური მაგნატები. ამას გვიმტკიცებენ პოლიტიკოსები. თვით ოპრაც( ოპრა უინფრი – ამერიკელი ტელეწამყვანი და მსახიობი) კი ამბობს ამას (რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე მართლაც ასეა). ყველა შეიძლება იყოს გამორჩეული. დიდებას ყველანი ვიმსახურებთ.
მაგრამ ადამიანთა უმეტესობას მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, რომ ეს მოცემულობა, თავისი არსით, წინააღმდეგობრივია: თუ ყველა განსაკუთრებული იქნება, საერთო ჯამში, გამოვა, რომ არავინ იქნება განსაკუთრებული. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში რას ვიმსახურებთ და რას არა, თვალდახუჭული ვყლაპავთ ამ მსუყე ტყუილს და ახალ პორციასაც ვითხოვთ.
„საშუალო უნარების ქონა“ დღეს წარუმატებლობის ახალ განსაზღვრებად გადაიქცა. მრუდის შუაგულში მოხვედრაზე უარესად არაფერი ითვლება. როცა წარმატება „განსაკუთრებულობით“ განისაზღვრება, ჯობს მრუდის კიდეზე – მთლად ფსკერზე იყო, ვიდრე სადღაც შუაში, რადგან ამ შემთხვევაშიც გამორჩეული და, შესაბამისად, ყურადღების ღირსი იქნები. ბევრი ასეც იქცევა: მთელ ქვეყანას უმტკიცებენ, რომ ყველაზე საწყლები, ყველაზე უბედურები და ყველაზე დაჩაგრულები არიან.
მრავალ ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ „საშუალოობის“ ეშინია, რადგან ჰგონიათ, რომ თუ ასეთ მდგომარეობას შეეგუებიან, ვერაფერს მიაღწევენ, ვერასოდეს განვითარდებიან და მათ ცხოვრებას ფასი არ ექნება.
ამგვარი აზროვნება ძალიან სახიფათოა, რადგან რაწამს ირწმუნებთ, რომ ფასი მხოლოდ ჭეშმარიტად გამორჩეულ და დიდებულ ცხოვრებას აქვს, მყისვე უაზროდ და უსარგებლოდ შერაცხავთ ადამიანთა უმეტესობის (მათ შორის, საკუთარ) ცხოვრებას. ეს კი, არც თქვენ და არც გარშემო მყოფებს კარგს არაფერს გიქადით.
ის ერთეულები, რომლებიც ამა თუ იმ საქმეში მწვერვალებს აღწევენ, თავიანთი წარმატებებისთვის განსაკუთრებულობისა და გამორჩეულობის რწმენას არ უნდა უმადლოდნენ. პირიქით, ამ გამარჯვებების მიზეზი ისაა, რომ ისინი თვითსრულყოფის იდეით არიან შეპყრობილი. სრულყოფის იდეით შეპყრობილობა კი მომდინარეობს რწმენიდან, რომ სინამდვილეში, არც ისეთი მაგრები ვართ. ეს კი თვითკმაყოფილებისა და საკუთარი გამორჩეულობის შეგრძნების საპირისპირო გრძნობაა. წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ადამიანი ხვდება, რომ დიდებამდე ჯერ შორია, რომ მისი შედეგები საშუალო დონისაა და რომ მას ამაზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.
ხოლო ლაპარაკი იმაზე, რომ გამორჩეულობასა და დიდებას ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, ფუჭი ყბედობაა და მხოლოდ შელახული თავმოყვარეობისთვის მალამოდ თუ გამოდგება. თითქოს კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ზედმეტი კალორიები – სულისა და გონების გასასუქებლად განკუთვნილი ერთგვარი BigMac-ია.
ემოციურ სიჯანსაღეს – ისევე, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ბევრი ბოსტნეულის მიღება ესაჭიროება. ჩვენს შემთხვევაში, ბოსტნეული ცხოვრების მარტივი ჭეშმარიტებებია. მაგალითად: „შენი ქმედებები არც ისე ბევრ რამეს ცვლის მოვლენათა საერთო სქემაში“, ან „შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი არაფრით გამორჩეული და მოსაწყენი იქნება, და ეს სრულიად ნორმალურია“.
ასე კვება თავიდან შეიძლება გაგიძნელდეთ. ძალიან გაგიძნელდეთ. შეიძლება აუტანლადაც მოგეჩვენოთ… მაგრამ როცა სიმართლეს გადახარშავთ, მთელი სხეული სიცოცხლითა და ახალი ენერგიით აგევსებათ. ბოლოს კი უზარმაზარ ტვირთს ჩამოიშორებთ მხრებიდან, როცა გაგიქრებათ მოთხოვნილება, იყოთ განსაცვიფრებელი და გრანდიოზული. გაქრება არასრულფასოვნების კომპლექსითა და თავისთვის რაღაცის დამტკიცების საჭიროებით გამოწვეული სტრესი და შეშფოთება. ქვეყნად მოკრძალებული როლის მორგება და გააზრება უსათუოდ მეტ თავისუფლებას მოგცემთ იმ საქმეების გასაკეთებლად, რომელთა გაკეთებასაც მართლა ესწრაფვით – ყოველგვარი ზედმეტი განსჯისა და გადამეტებული მოლოდინის გარეშე. უეცრად ეზიარებით ისეთ უბრალო ცხოვრებისეულ სიხარულებს, როგორებიცაა: მეგობრობა, შემოქმედება, გაჭირვებულის დახმარება, საინტერესო წიგნის კითხვა, საყვარელ ადამიანთან ერთად სიცილი.
მოსაწყენად ჟღერს, არა? იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი რამეებია. მაგრამ შეიძლება იმიტომაცაა ეს რამეები ასეთი ჩვეულებრივი, რომ მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ.
გაგრძელება იქნება..
ავტორი: მარკ მენსონი