– რომელიც მეორდება და მეორდება, როგორც ღმერთის სუნთქვა..
ვარიანტთა სივრცე – ეს არის სამყაროს არსებობის გამოვლენისა და ყველა შესაძლო სცენართა ერთობლიობა. იდეის დონეზე არსებობს ყველანაირი სცენარი (ესეიგი, არსებობის დინამიკის ყველანაირი ვარიანტი). თუმცა, ფაქტია, რომ მაგალითად ადამიანები შეზღუდულნი ვართ და ვარიანტთა სივრცეში თავისუფლად ვერ ვმოძრაობთ. რა განაპირობებს შეზღუდვებს? რა არის კომპლექსები და რა არის კარმა? რატომ არსებობს შეზღუდვები თუ თავისუფლები ვართ და რატომ არსებობს თავისუფლება თუ შეზღუდულნი ვართ? – იმისთვის, რომ ამ შეკითხვებს პასუხი გავცეთ, აუცილებელია „გამოვიდეთ“ და შორიდან შევხედოთ ამ პროცესს, რათა მთელი სურათი დავინახოთ და მაშინღა პასუხი გაეცემა ამ შეკითხვებს. პასუხები, რომლებზეც აქ დავწერ, არ წარმოადგენს 100 პროცენტიან ჭეშმარიტებას, არამედ პრობლების გადაწყვეტის ალტერნატიულ (ეზოთერულ) შემოთავაზებას, რაც ყველაზე ბუნებრივად ჯდება საერთო ეზოთერულ კონტექსტში.
მაშ ასე, დავიწყოთ.
იდეის დონეზე არსებობს არსებობის გამოვლენის უსასრულო რაოდენობა ვარიანტები, თუმცა, ბუნებაში რეალიზდება ზოგიერთი მათგანი და არა ყველა მათგანი. ესეიგი, არსებობს გარკვეული ნება, რომელიც ზღუდავს ვარიანტთა სივრცეს და არეალიზებს მხოლოდ გარკვეულ სექტორებს. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ არსებობს ძალიან ბევრი „ნება“, რომლებიც რეალობის სცენართა შერჩევაზე თავიანთ გავლენას ახდენენ, თითოეულ „ნებას“ თავისი წვლილი შეაქვს. ასეთნაირად, ვარიანტთა სივრცე იზღუდება და რეალობას აქვს სრულიად კონკრეტული გამოვლინებები. თავის მხრივ, თავად ეს „ნებების“ არსებობაც რეალობის გამოვლენის პროდუქტია, და პირიქით. ასე თვითშეთანხმებულია ბუნება. მაგრამ, საიდან მოდიან ეს „ნებელობები“ და რა პროცესია საერთოდ ეს? – იმისთვის, „ნებელობათა“ სისტემა ავაგოთ, რომელიც ვარიანტთა სივრცეს შეზღუდვებს უწესებს, საჭიროა გავერკვეთ იმაში, თუ რა არის უმაღლესი „ნებელობა“, ესეიგი, აბსოლუტის ნებელობა. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს.
აბსოლუტის ნებელობა არის ის, რომ სამყარო, რომელსაც ერთიანად აცნობიერებს, ევოლუცირდეს. რას ნიშნავს ეს? – ევოლუციის პროცესი არის სწრაფვა აბსოლუტისკენ (ზესისტემისკენ), ესეიგი, იმ მდგომარეობისკენ, როდესაც სამყაროს ერთიანად აცნობიერებ. მაგრამ, იმისთვის, რომ რაიმე სისტემა ისწრაფვოდეს ზესისტემისკენ, ჯერ აუცილებელია, რომ ის იყოს ინდივიდი (გამოყოფილი ბუნებისგან). თავის მხრივ, ამ მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა, რომ ერთიანი ბუნება დაიშალოს ინდივიდებად. ამრიგად, ევოლუციის პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად: ბუნება იშლება ინდივიდებად, რომლებიც შემდეგ კვლავ ერთიანდებიან. მაგრამ, თუ თავდაპირველი ერთიანობა გაუცნობიერებელია და უსიცოცხლო (მექანიკური), უკანასკნელი ერთიანობა უკვე გაცნობიერებულია და სიყვარულით სავსე. მაგრამ, გზა გაუცნობიერებელი ერთიანობიდან გაცნობიერებულ ერთიანობამდე (აბსოლუტამდე) გადის ინდივიდუალურობაზე (გამოყოფაზე). რატომ? ამას მოგვიანებით ვუპასუხებთ.
ამრიგად, აბსოლუტის ნებელობაა სამყაროს ევოლუცია. ამის გამო, ერთიანი და თვითშეთანხმებული ბუნება, რომლის ერთიანობასა და თვითშეთანხმებულობას აბსოლუტი აბსოლუტურად აცნობიერებს, მაგრამ თავად ბუნება – ვერა, აუცილებელია ევოლუცირდეს, ესეიგი, დაიშალოს ცალკეულ სისტემებად, რომლებიც შემდეგ კვლავ გაერთიანდებიან, მხოლოდ უკვე გაცნობიერებულად და ასე შეერწყმებიან აბსოლუტს, უფროსწორედ, მათი „მე“ გახდება აბსოლუტური. ეს არის აბსოლუტის ნებელობა და სწორედ ამ ნების გამოვლენას წარმოადგენს ვარიანტთა სივრცის შეზღუდვები და მთელი რიგი კონკრეტული სცენარები, რაც ამ ევოლუციურ გზას ემსახურება. მაგრამ, ზემოთ ვთქვით, რომ არსებობს უამრავი „ნება“, ესეიგი, აბსოლუტის ნება არ არის ერთადერთი, რაც გავლენას ახდენს ამ სცენარების ფორმირებაზე, რამეთუ ევოლუციის პროცესში (განსაკუთრებით მაშინ, როცა ბუნება აღწევს ინდივიდუალურ სისტემად დაშლის ეტაპს), წარმოიქმნება უამრავი თავისუფალი ნება, რომლებიც ასევე გავლენას ახდენენ ვარიანტთა სივრცეზე. რატომ ხდება ასე? – მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და გავერკვევით.

დავიწყოთ აბსოლუტიდან და ჩავიდეთ გაუცნობიერებელ ერთიანობამდე. შემდეგ კი პირიქით გავყვეთ. ამრიგად, არის აბსოლუტი, რომელიც მთელს სამყაროს აღიქვამს ერთიანად, როგორც თავის „მე“-ს. ეს არის ევოლუციის უკანასკნელი ეტაპი (პირობითად მე-7 ეტაპი). მაგრამ, ჩვენ გვაინტერესებს როგორ მივიდა ბუნება აქამდე. ესეიგი, გვაინტერესებს წინა ეტაპი (პირობითად მე-6). იმისთვის, რომ შედგეს აბსოლუტური „მე“-ობა, აუცილებელია, რომ არსებობდნენ ასეთივე აბსოლუტური სისტემები, რომლებიც უკვე თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე შეერთდებიან.
ამიტომ, მე-6 ეტაპზე უკვე ვხედავთ სრულად გამოვლენილ ღმერთებს, რომელთა ნება არის ის, რომ მოხდეს ეს ევოლუცია და შერწყმა აბსოლუტთან. მე-7 დონეზე ეს შერწყმა უკვე ხორციელდება და ვიღებთ ერთ სისტემას. მაგრამ, მე-6 დონეზე ვხედავთ მრავალ მათგანს. ევოლუციის მე-6 ეტაპზე მყოფი სისტემები უკვე წარმოადგენენ სრულიად გაცნობიერებულ ღმერთებს, რომლებიც თავისთავად ფლობენ ღვთებრივ სურვილს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სამყარო ევოლუცირდეს. მათ უკვე ერთი ნებელობა აქვთ, ამიტომ მათ მიერ შერჩეული რეალობის სცენარები არ არიან ერთმანეთისგან დაშორებულნი.
ამრიგად, მე-6 ეტაპზე სისტემებს თავისთავად აქვთ ღვთაებრივი ნებელობა. მაგრამ, რა ხდება მე-5 დონეზე? – მოდით მივყვეთ ევოლუციის პროცესს პირიქით (უკუღმა). იმისათვის, რომ სისტემას თავისთავად გააჩნდეს ღვთაებრივი ნებელობა (მე-6 დონეზე), აუცილებელია, რომ მან რაღაც ეტაპზე ეს ნებელობა თავისით აირჩიოს. ესეიგი, მე-5 დონეზე უნდა ხდებოდეს ნებელობის გადაცემა ღვთაებრივზე, ნებელობის დაქვემდებარება ღვთაებრივ ნებას. მაშასადამე, მე-5 დონეზე მყოფი სისტემები არიან ინდივიდები, რომლებიც თავიანთ ნებას ნაწილობრივ ასინთეზირებენ ღვთაებრივთან, რაც შემდგომ ეტაპზე (მე-6-ზე) უკვე იმას იწვევს, რომ ისინი თავისთავად ფლობენ ამ ღვთაებრივ ნებას. მაგრამ, სანამ ეს თავისთავადი გახდება, აუცილებელია, რომ ინდივიდის მიერ მოხდეს ამ ნების გადაცემა. ევოლუციის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდუალურმა სისტემებმა, რომლებიც ბუნებას გამოეყვნენ და ინდივიდუალურობა შეისისხლხორცეს, თავისი ნებით აირჩიონ რეალობის ღვთაებრივი სცენარი (ესეიგი, ნებელობა) და არა ძალდატანებით. მაგრამ, ამისთვის აუცილებელია, რომ ისინი ამ უნარს ფლობდნენ.
აი სწორედ ამ უნარის გამომუშავება ხდება მე-4 ეტაპზე. მე-4 ეტაპი წარმოადგენს ამ შვიდობრივი გზის ცენტრს, შუა ნაწილს, როდესაც ხდება ინდივიდუალურობის გამოვლენა. ეს არის ეტაპი, როდესაც სისტემას გააჩნია თავისუფალი ნება, არა თავისუფლების ილუზია, არამედ რეალურად ნება (შინაგანად მაინც). ამ ეტაპზე მას შეუძლია აირჩიოს რეალობის სასურველი სცენარი. ამიტომ არსებობს ეს დაუსრულებელი ინკარნაციები, რათა სისტემამ გამოიმუშავოს თავისუფალი ნება და დაეუფლოს მომავლის შერჩევის ხელოვნებას (დემიურგიას). ეს არის ეტაპი, როდესაც სისტემამ უნდა ისწავლოს ნებელობის გამოხატვა და რეალობის სცენარის შერჩევა. ამისთვის მას ეძლევა თავისუფლება და ინდივიდუალურობა. მაგრამ, ვინაიდან, ეს ყველაფერი მაინც ზესისტემის მეთვალყურეობის ქვეშაა, ამიტომ, მიუხედავად მრავალი ინკარნაციებისა და ე.წ. „გართობისა“ და თავგადასავლებისა, საბოლოოდ ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ სისტემამ გაიგოს რაში მდგომარეობს ღვთის ნება და თავისი ნებით (ხაზს ვუსვამ – თავისი ნებით) გადააბაროს ნებელობა ზესისტემას (ამით ის უკვე მე-5 ეტაპზე გადავა). მაგრამ, იმისთვის, რომ სისტემამ შეძლოს თავისი ნებით ღვთის ნების არჩევა, აუცილებელია, რომ მას საერთოდ თავისი ნება გააჩნდეს და სწორედ ამ თავისუფლების გამომუშავება ხდება მე-4 დონეზე.

ახლა კი ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმაზე, თუ რა არის კარმა და რა არის კომპლექსები. კარმაც და კომპლექსებიც არის შეზღუდვა ვარიანტთა სივრცეში და ეს ყველაფერი ადამიანში გამოიხატება შინაგანი განწყობების სახით. თუმცა, ამ ორ შეზღუდვას სხვადასხვა ბუნება აქვთ. კარმა – ეს არის შეზღუდვა ზესისტემისგან. რატომ ხდება ეს შეზღუდვა? – მე-4 ეტაპზე მყოფი სისტემა თავისუფალია და აქვს მომავლის შერჩევის უნარი (შინაგანად მაინც). მაგრამ, ის მაინც შეზღუდულია. რატომ? – იმიტომ, რომ მიუხედავად მისი თავისუფლებისა, ის მაინც სამყაროს ევოლუციური სცენარის ნაწილია და მას ეს თავისუფლება იმისთვის მიეცა, რომ შეემეცნა ღვთის ნება და თავისი ნებით დაექვემდებარებინა მისთვის. ამიტომ, ზესისტემა მას არ აძლევს სრულ თავისუფლებას და ატარებს გარკვეული დასაშვები სცენარების ფარგლებში, რომლებიც მისი ევოლუციისთვის სასურველია. ზოგიერთ ინკარნაციაში ეს შეზღუდვები ბევრია, ზოგიერთში პირიქით. მრავალფეროვანი თავგადასავლები და სცენარები საბოლოოდ იმას ემსახურება, რომ თავისუფალი სისტემა გადავიდეს მე-5 ეტაპზე და ნება დაამორჩილოს ღვთაებრივს, რაც უკვე თავისთავად ნებელობაში გადავა მე-6 ეტაპზე და შესრულდება მე-7 ეტაპზე.
მაგრამ, ვინაიდან მე-4 ეტაპის თავისუფლება არის არა ილუზია, არამედ რეალობა, ამიტომ არსებობს იმის საფრთხე, რომ ევოლუცია არ განხორციელდეს და ეს სისტემა საბოლოოდ მოწყდეს ზესისტემასთან შერწყმის საშუალებას. მრავალჯერადი ინკარნაციები და კარმა ოდესმე დასრულდება და თუ სისტემა არ აპირებს მე-5 ეტაპზე გადასვლას, მაშინ ის დარჩება ევოლუციის შესაძლებლობის გარეშე და ვერ გახდება ღვთაებრივი „მე“. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს შესაძლებელია, რადგან ვიმეორებ, თავისუფლება არ არის ილუზია, არამედ რეალურია და შესაბამისად ამ სისტემების ნებელობა გავლენას ახდენს მათი რეალობის სცენარზე ისევე, როგორც აბსოლუტის ნებელობა, რომელსაც სურს ყველა სისტემის ევოლუცია.
რაც შეეხება კომპლექსებს, ისინიც წარმოადგენენ შეზღუდვებს ვარიანტთა სივრცეში, მაგრამ ისინი მოდიან ქვესისტემებისგან და არაზესისტემებისგან. ესეიგი, ისინი დაკავშირებულნი არიან გაუცნობიერებელ შიშებთან, ტრამვებთან, და ა.შ. მე-4 ეტაპზე მყოფმა სისტემამ უნდა ისწავლოს საკუთარი ინდივიდუალურობის შემეცნება და გაცნობიერება და გათავისუფლდეს კომპლექსებისგან. ასევე, მან უნდა ისწავლოს კომპლექსებისა და კარმის (ღვთაებრივი ჩარევის) ერთმანეთისგან გარჩევა, რათა მიხვდეს რა არის ღვთის ნება და რა არის მისი კომპლექსი. როგორ ხდება ამის სწავლა და როგორ ხდება გადასვლა მე-5 ეტაპზე? – ამაზე პასუხი არ ჩაეტევა ორ-სამ წინადადებაში. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი სისტემები ერთმანეთის მასწავლებლებად გვევლინებიან ხოლმე და ერთმანეთის მეთვალყურეობით ხდება ხოლმე განვითარება. მაგრამ, მე ვერ ვისაუბრებ აქ პრაქტიკებზე და საკუთარ თავზე მუშაობაზე. მე მხოლოდ ზოგადი მოდელის წარმოდგენა მსურს თქვენთვის.
კარგით, ახლა განვაგრძოთ. ამრიგად, მე-4 ეტაპი არის მომავლის შერჩევის უნარის გამომუშავება, რაც უნდა გათავისუფლდეს კომპლექსებისგან და დაექვემდებაროს ღვთაებრივს, რათა არ გაუწყდეს ღვთაებრივთან ზიარების შესაძლებლობა, რისი საფრთხეც არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ მას ჭეშმარიტად აქვს მიცემული თავისუფლება. ამრიგად, აბსოლუტის ნებელობა (ყველა სისტემის ევოლუცია) სრულყოფილად შეიძლება ვერ შესრულდეს, რამეთუ თავად ამ სისტემების ნებელობა იყოს სხვა. მაგრამ, მოდით ახლა განვაგრძოთ ქვემოთ მოძრაობა. როგორია მე-3 დონე? – თუ მე-4 დონეზე არსებობს მომავლის შემოტანის უნარი, მაშინ მე-3 დონეზე უნდა არსებობდეს აწყმოსთან ადაპტაციის უნარი. მართლაც, სანამ სისტემა ნაბიჯს მომავალში გადადგამს და გაბედავს მის დემიურგიას, მანამ საჭიროა ისწავლოს იმ მომავლის მიღება, რასაც მას სამყარო უკვე სთავაზობს. სანამ მომავლის შემოტანას გადავწყვეტ, ჯერ უნდა ვისწავლო აწ უკვე შემოსული მომავლის მიღება და მასზე მორგება. ეს არის მე-3 დონე.
რა ხდება მე-2 დონეზე? – ეს არის წარსულის პრინციპი. მართლაც, სანამ ვისწავლი აწყმოზე მორგებას, ესეიგი, გარემოსგან შემოტანილ მომავალზე (სცენარზე) ადაპტაციას, მანამ ის უნდა შემეძლოს, რომ წარსულში დაგროვილი გამოცდილება გადმოვიტანო აწყმოში. ეს არის მცენარეული დონე, რამეთუ მცენარე მიჯაჭვულია თავის ფესვებზე (წარსულზე). და რა ხდება 1-ლ დონეზე? – ეს არის აბსოლუტური გაუცნობიერებლობა და ერთიანობა ბუნებასთან. ესეიგი, ამ დონეზე სისტემა ირეკლავს გარემოს გავლენას და ვერ იმახსოვრებს ვერაფერს, ესეიგი, არ გააჩნია ხელმოსაჭიდი, რასთანაც თავს გააიგივებს. არ გააჩნია „მე“. ეს არის აბსოლუტური მექანიკურობა.

მოდით ახლა პირიქით მივყვეთ, ესეიგი, მივყვეთ ევოლუციის პროცესს პირველიდან მე-7-მდე. პირველ დონეს ვუწოდეთ მინერალური (ან არაცოცხალი). ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბუნებაში არსებული ნებისმიერი სისტემა ცალსახად განისაზღვრება თავისი გარემოსგან და არ გააჩნია არაფერი ინდივიდუალური. მას არ შეუძლია თავისი თავის დამახსოვრება და თავისი თავის გაიგივება რაიმესთან. როგორიცაა გარემო, იგივეა ეს სისტემაც. თუ გარემო ერთგვაროვანია, მაშინ სისტემაც ერთგვაროვანია. თუ გარემო არაერთგვაროვანია, მაშინ სისტემაც არაერთგვაროვანია. მაგრამ, არა იმიტომ, რომ თავისით შექმნა რაიმე არაერთგვაროვნება, არამედ იმიტომ, რომ გარემო აირეკლა. რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ ბუნება ერთიანი და თვითშეთანხმებულია.
შესაბამისად, ნებისმიერი სისტემა გარემოს ანარეკლია, და – პირიქით. ამის მაგალითებს ვხედავთ ფიზიკაში – კლასიკური მექანიკა, კვანტური მექანიკა, სტატისტიკური ფიზიკა, ფარდობითობის ზოგადი თეორია, და ა.შ. ყველა ეს თეორია ეყრდნობა ამ პრინციპს. ევოლუციის მომდევნო ეტაპზე ჩნდება წარსულის, ესეიგი, შეგროვების პრინციპი. ამ ეტაპზე სისტემა იწყებს რაღაცის დამახსოვრებას და როცა გარემო იცვლება, ის უკვე აღარ რეაგირებს მექანიკურად (როგორც პირველ დონეზე), არამედ მჭიდროდ ეჭიდება თავის გამოცდილებას (წარსულს). თუკი ის დაივიწყებს წარსულს, მაშინ გარემოს ცვლილება მას უბრალოდ წალეკავს და დააბრუნებს პირველ დონეზე. ამიტომ, მე-2 ეტაპზე საჭიროა გამოცდილებასთან თავის გაიგივება. მაგრამ, როგორც კი ეს უნარი საკმარისად ვითარდება, შემდეგ უკვე შეიძლება ნაბიჯის წინ წადგმა. როცა უკვე გარემოს ცვლილებებს ვახვედრებთ გამოცდილებას, ამით უკვე ნაწილობრივ ვუპირისპირდებით ბუნების ერთიანობას, რამეთუ არ ვრეაგირებთ მექანიკურად გარემოს გავლენაზე. მაგრამ, მომდევნო ეტაპზე (მე-3 ეტაპზე) კიდევ უფრო წინ მივდივართ, რამეთუ აქ უკვე გარემოს ცვლილებასთან ერთად ჩვენც ვიცვლებით, მაგრამ არა მექანიკურად (როგორც პირველ დონეზე), არამედ გაცნობიერებულად. ეს არის აწყმოს პრინციპი, ადაპტაცია.
ეს არის პირობითად ცხოველური დონე. რატომ? – იმიტომ, რომ მცენარისგან განსხვავებით, ცხოველს შეუძლია ლანდშაფტის შეცვლა, თუ მაგალითად წვიმა წამოვიდა და არ მოეწონა. მცენარე კი მიჯაჭვულია ფესვებზე (წარსულზე).
მე-4 დონეზე კი ჩნდება თავისუფლება, როცა უკვე გარემოსგან შემოთავაზებულ მომავალზე მექანიკურად კი აღარ ვრეაგირებთ (1-ლი დონე), ან გამოცდილებას კი არ ვახვედრებთ (მე-2 დონე) და მომავალთან კი არ ვადაპტირდებით (მე-3 დონე), არამედ თავად ჩვენ შემოგვაქვს მომავალი (მე-4 დონე). აქ ჩნდება მთელი რიგი ინკარნაციები და კარმული პროცესები, თავგადასავლები ვარიანტთა სივრცეში. შემდეგ კი ჩვენი ნებით გადავაბარებთ ჩვენს ნებას ღვთაებრივს და კვლავ შემოგვაქვს მომავალი, მხოლოდ უკვე ის მომავალი, რომელიც უკეთესია ჩვენი ევოლუციისთვის (მე-5 დონე), რათა საბოლოოდ ჩვენი ნება და ღვთაებრივი ნება გახდეს ერთი და იგივე (მე-6 დონე) და შევერწყათ აბსოლუტს (მე-7 დონე). ესაა სამყაროს ევოლუციის სცენარი, რომელიც მეორდება და მეორდება, როგორც სუნთქვა.
ავტორი: იოანე შენგელია