‘Just as Psyche’s fate is entwined with Eros, the soul’s fate is always erotic. We work out our fate by discovering what we desire, what we value, and what we would die for.’
Elisabeth Eowyn Nelson
როგორც ცნობილია, ტერმინს „ფსიქოლოგია“ (მეცნიერება სულის შესახებ) პირველად გერმანელმა ფილოსოფოსმა, ქრისთიან ვოლფმა მიმართა მე-18 საუკუნეში, მაგრამ ძველ ბერძნული „ფსიქე“ ან „ფსიქეა“ გაცილებით დიდი ხნისაა და საუკუნოვან სიბრძნეს უკავშირდება. უპირველესი ცნობები ფსიქეას შესახებ გვხვდება ჰომეროსთან (VIII სკ.ჩვ.ერამდე), მაგრამ მითი ფსიქეაზე სრულად ჩამოაყალიბა რომაელმა მწერალმა აპულეუსმა, რომანში „მეტამორფოზები ან ოქროს სახედარი“ (II სკ). აპულეუსმა გააერთიანა ბერძნული მითები ფსიქეას შესახებ და შექმნა იგავი გოგონა–ფსიქეაზე, რომელიც სიყვარულის (ეროსის) ძიების პროცესში არა ერთ დაბრკოლებას გადალახავს. მითი „ეროსსა და ფსიქეას შესახებ“ ისეთი ზღაპრების არქეტიპად იქცა, როგორიცაა „მზეთუნახავი და ურჩხული“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ალისფერი ყვავილი“. აპოლეუსი ასე იწყებს თხრობას: მან, სახედრად გადაქცეულმა (სიმბოლური გაიგივება სხეულთან), შეიტყო ფსიქეას შესახებ ამბავი, რომელსაც მოხუცი ქალი ყაჩაღების მიერ მოტაცებულ ახალგაზრდა პატარძალს უყვებოდა;
– მეფეს 3 მზეთუნახავი ქალიშვილი ყავდა, რომლეთა შორისაც უმშვენიერესი იყო უმცროსი – ფსიქეა. სილამაზის გამო, მას ღვთაებრივ პატივსაც კი მიაგებდნენ, რითაც განარისხეს სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე. შეურაცხყოფილმა აფროდიტემ შურისძიების მიზნით, თავის შვილს, ეროსს უბრძანა ფსიქეასთვის შთაეგონებინა სიყვარული ყველაზე მდაბიო, ღატაკი და მახინჯი ადამიანის მიმართ, როდესაც ეროსი მივიდა ფსიქეასთან რომ სიყვარულის ისრით მოეწამლა მისმა სილამაზემ შეაკრთო და საკუთარ ისრით თვითონვე დაიჭრა და სიგიჟემდე შეუყვარდა ფსიქეა, ამის გამო დავალებული მისია ვეღარ შეასრულა. განრისხებულმა აფროდიტემ მაინც მოაჯადოვა ფსიქეა, ქალს უამრავი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ ის მაინც არ თხოვდებოდა. მისი მშობლები ორაკულთან წავიდნენ, რათა შვილის მომავალი გაეგოთ. არც ეროსმა დააყოვნა, ის აპოლონს ეახლა და დახმარება სთხოვა: ორაკულს უნდა ეთქვა, თითქოს ფსიქე მახინჯ ურჩხულზე დაქორწინდებოდა, რომელსაც ვერასდროს ნახავდა და ურჩხული მას მთის მწვერვალზე დაუცდიდა. მშობლები ამ ამბავმა გაანადგურა, მაგრამ შვილს მაინც გადაუხადეს ქორწილი, რის შემდეგაც ფსიქე ყოველ ღამით მოახერხებდა ქმართან ყოფნას. მართალია ფსიქე ქმარს ვერ ხედავდა, მაგრამ მის უდიდესს სიყვარულს მაინც გრძნობდა. ფსიქემ თავის დებს უამბო მისი ბედნიერების ამბავი და ისიც თუ როგორ წუხდა იმის გამო რომ ქმარს ვერ ხედავდა. დებს შეშურდათ და უთხრეს რომ მისი ქმარი საშინელი მონსტრი იყო, რომელიც ფსიქეს მოკლავდა, თუ ქალი არ დაასწრებდა.
ფსიქეა ზეთის ლამპრითა და დანით ხელში მივიდა ქმართან, მაგრამ მონსტრის ნაცვლად თვით სიყვარულის ღმერთი ეროსი შერჩა ხელში. გაოცებულ ქალს ხელი აუკანკალდა და ზეთი სახეზე დაასხა ეროსს. ღმერთს გაეღვიძა და განრისხებულმა უთხრა, რომ მან პირობა დაარღვია და ისინი ერთად ვეღარასდროს იქნებოდნენ.
ფსიქეა დარდმა მოიცვა. მეუღლის საძიებლად მთელი სამყარო მოიარა. ამ მძიმე და მტანჯველი მოგზაურობის დროს ფსიქეას სასტიკად სდევნიდა აფროდიტე. ბოლოს 4 დავალების შესრულება უბრძანა; ფსიქეას უნდა გადაერჩია სხვადასხვა მარცვლები უზარმაზარ გობში, მოეპოვებინა ველური, შეშლილი ვერძების ოქროს მატყლი, მოეტანა სტიქსის წყალი და ჰადესიდან წამოეღო პერსეფონეს ზარდახშა, საოცარი მალამოთი (ან აფროდიტეს სილამაზით). დახმარების წყალობით, ფსიქეამ შეასრულა აფროდიტეს ყველა დავალება, მაგრამ მისდა საუბედუროდ, გახსნა პერსეფონეს ზარდახშა, სადაც აფროდიტეს სილამაზის ნაცვლად, სასიკვდილო წამალი ინახებოდა; გულუბრყვილო ფსიქეა მარადიულმა ძილმა მოიცვა. ეს ამბავი გაიგო თუ არა ეროსმა სასახლიდან გაიქცა. იგი ზევსთან მივიდა და სთხოვა ფსიქე გადაერჩინა. წყვილის სიყვარულით მოხიბლული ზევსი შეჰპირდა რომ დაეხმარებოდა. ეროსმა ამბორით გააცოცხლა ფსიქე, ზევსმა კი მოკვდავ ქალს პეპლის ფრთები და უკვდავება მიანიჭა, რის შემდეგაც ეროსს და ფსიქეს ერთად ყოფნა სამუდამოდ შეეძლოდ. მათ ქალიშვილი ეყოლათ სახელად – ვოლუპია, იგივე ნეტარება.
როგორც ცნობილია, მითი მეტაფორულ–ალეგორიულად გადმოსცემს მის შემქმნელთა ფილოსოფიას.ჯერ კიდევ ვერგილიუსი მითებს ისტორიის ფილოსოფიურ გააზრებასთან აკავშირებდა. მე-17 საუკუნეში ფრენსის ბეკონი წერდა, რომ მითები პოეტური ფორმით შეიცავენ უძველეს ფილოსოფიასა და რელიგიურ განცდას,ასევე, მორალურ სენტენციებსა და მეცნიერულ ხედვას, რომელთა აზრიც სიმბოლოებსა და ალეგორიებს მიღმაა დაფარული. მითოლოგიას ექვემდებარება არა მხოლოდ ბუნება და ფიზიკური სამყარო, არამედ ადამიანის ფსიქო–სოციალური ცხოვრებაც.ჯოზეფ ქემფბელი მიუთითებს მითოლოგიის ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა ერთის მხრივ, სამყაროს ორგანიზება–გააზრება (სამყაროს განსულირება, კოსმოგონიის შემუშავება) და მეორე მხრივ, სოციალური წესების გადმოცემა–დამკვიდრება და ინდივიდუალური ფსიქიკის წვდომა–განვითარება. მ.ილაიდის მიხედვით კი, მითის ერთერთ უმთავრეს ფუნქციას სწორედ ქცევის მოდელების დამკვიდრება წარმოადგენს.
მითების ფსიქო–სოციალური ასპექტი ფსიქოანალიზური კვლევების საგანგებო ამოცანად იქცა. ზ.ფროიდისა და კ. იუნგის თეორიულ სისტემებში მითი გაიაზრება, როგორც ფსიქიკის სტრუქტურის, მისი შინაარსის მანიფესტაცია და ობიექტივაცია. ანალიზური ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება საწყისი მითოლოგიური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. კ.იუნგი მითოლოგიას “ბირთვის უფსკრულს“ უწოდებდა; იმ უღრმეს ცენტრს, რომლის გარშემოც ახდენს ადამიანის ყოფიერება საკუთარი თავის ორგანიზებას. მითი ფსიქიკის კვლევის ეფექტურ და უფრო მეტიც, შეუცვლელ ინსტრუმენტად მიიჩნევა. ამ მხრივ, სრულიად განსაკუთრებულია ჩვენს მიერ განხილული მითის მნიშვნელობა, რადგანაც მასში პროტაგონისტად თავად ფსიქიკა (ფსიქე) გვევლინება. შესაბამისად, მისი მეტაფორული ენის ამოკითხვა ადამიანის ფსიქიკასთან და მისი განვითარების პროცესთან დაკავშირებული უძველესი, არქეტიპული წარმოდგენების გააშკარავებას გულისხმობს.
ფსიქეას ძველი ბერძნები გამოსახავდნენ პეპლისფრთიანი გოგონას სახით, ხშირად ფსიქეას გამოსახულებას ეროსი მისდევს, ხელში ჩირაღდნით. შედარებით იშვიათად, ფსიქეას გამოხატავდა ფრინველიც. ასევე, საკმაოდ ხშირად ფსიქეა–პეპელა გარდაცვლილის სარიტუალო კოცონიდან ჰადესში, სულთა საუფლოში მოფარფატედ გამოისახებოდა, როგორც გარდაცვლილი სულის ხატი. ანტიკურ ხელოვნებაში ფსიქეა–პეპლის გამოსახულებით ამკობდნენ შენობებს, ჭურჭელს, სამკაულს, ქსოვილს, ავეჯს. . . მაგალითად, პომპეის ფრესკებზე ფსიქეა გამოსახულია მუზების ატრიბუტით– ფლეიტით. ამავე ფრესკებზე ფსიქეა ამურთან ერთად, მინდორში ყვავილებს აგროვებს. ფაქტობრივად, მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ძველ ბერძენს მუდამ თან სდევდა ფსიქეას გამოსახულება, როგორც მისი სულის დამცავი თილისმა. ამავე დროს, ფსიქეა იმქვეყნიური ცხოვრების თანამგზავრიც იყო– პეპელა–ფსიქეა ხშირად გამოისახებოდა საფლავის ქვებზეც, სიკვდილის სხვა სიმბოლოებთან ერთად
ფსიქეა–სულის ზოომორფულ სახედ ან მის ატრიბუტად “პეპელა” შემთხვევით არ ქცეულა; ბერძნულ სიტყვას „ფსიქეა“ – 3 ძირითადი მნიშვნელობა აქვს: სული, პეპელა და სუნთქვა. ამ სამებაში გამთლიანებულია არსობრივად დაკავშირებული სამი ელემენტი: სული, პეპელა და სუნთქვა. ძველ ბერძენთა განცდით, გოგონასა და პეპლის სისუსტე თუ მოწყვლადობა მოჩვენებითია და ზედაპირული,- მათ თავად უკვდავება, მარადიულობა უკავშირდება (ანტიპოდების არქეტიპული კავშირი: სისუსტე–სიძლიერე, სინორჩე–სიბრძნე). პეპლის უკვდავებასთან სიმბოლური კავშირი პეპლის ცხოვრებისეული ციკლის თავისებიურებითაც აიხსნება; ცხოვრება (ჭიაყელა), სიკვდილი (ჭუპრი), აღორძინება (პეპლის თავისუფალი ფრენა). ჭუპრი– სუდარის ასოციაციას იწვევს, ჭიაყელას დაჭუპრება– სიკვდილისას, ხოლო პეპელა– სულის მეტაფორად განიცდება, რომელიც მკვდარ სხეულს ტოვებს და მიფრინავს. შესაბამისად, ფრენა– აღდგომის, ამაღლების, სხეულის ბორკილებიდან სულის განთავისუფლების მეტაფორად იქცევა. საინტერესოა, რომ ერთერთი ვარაუდის მიხედვით, მუმიფიცირების ხელოვნება ჭუპრის მიბაძვით წარმოიშვა; მჭიდროდ გახვეული მუმია ისევე გამოფრინდება თავისი „ჭუპრიდან“, როგორც პეპელა. რაც შეეხება სუნთქვას, მას ძველი ბერძნები ქართან და ფრთებთან აიგივებდნენ. ადამიანების სულები წარმოედგინათ მოჩვენებათა ქარბუქად. მაგალითად, ტროასთან აქილევსის მოჩვენება ქარბუქის თანხლებით ჩნდება. უნდა ითქვას, რომ სუნთქვა სიცოცხლის (სულის) ტრადიციული და უნივერსალური მეტაფორაა, არის რა მასთან არსებითად დაკავშირებული. ბიბლიაში, შემოქმედი, ადამის სხეულს მიწისგან შექმნილს, თავისი ღვთაებრივი სუნთქვით სულს შთაბერავს და სოცოცხლეს ანიჭებს. შესაბამისად, ფსიქეა სულია, „ცოცხალი და მარადიული სუნთქვაა“, რომელიც პეპლის მსგავსად, მეორედ ან მარადიულად იბადება.
ფსიქეა მხოლოდ გოგონა, სული, პეპელა, სუნთქვა და ფრენა როდია. მას არსობრივად უკავშირდება სიყვარული, სიყვარულის ღვთაება (ეროსი – „სიყვარული“, კუპიდო -„სურვილი“). არა ერთ გამოსახულებაზე, ფსიქეა ეროსს ხელისგულზე პეპელას–სულის სიმბოლოს, უდებს და თითქოს ამ მეტაფორით, თავის სულს უძღვნის. ორაკული ამცნობს ფსიქეას მამას, რომ მისი სიძე გახდება არა ადამიანი, არამედ „რაღაც ფრთოსანი, ცეცხლით შემრუსველი, ღმერთებისა და თავად სტიქსის რისხვა“ (აპულეუსი). ძვ.წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან ჩნდება მითები, როლებშიც ეროსს ოლიმპიელ ღმერთთა შორის ადგილი მიეჩინება. გვიანდელ მითებში, ეროსი– აფროდიტეს (სიყვარულის ქალღმერთის) და არესის (ომის ღმერთის) ვაჟია. ადრეული მითების მიხედვით კი, ეროსი უპირველესი ღვთაებაა; მან დააკავშირა სასიყვარულო კავშირით ურანოსი (ცა) და გაია (დედამიწა), რაც კოსმიური წესრიგისა და სიცოცხლის საწინდრად იქცა. დიონისეს მისტერიებში ეროსს “protagonus”–ს ანუ პირველადს, პირველმოქმედს ან დაბადებულთა შორის პირველს (იმას, „ვინც იხილა ქაოსი“) უწოდებენ. არისტოფანეს მიხედვით, ეროსი ერებოსის (მარადიული უკუნის) და ნიუტუს (ღამის ქალღმერთის) შვილია. მას თანაბრად ემორჩილებიან ადამიანები და ღმერთები. ეროსს (ამურს) ეთაყვანებოდნენ როგორც ნაყოფიერების ღმერთსაც. უნდა ითქვას, რომ ათენში ყოველი თვის მეოთხე დღე ეროსს ეძღვნებოდა, რაც ამ ღვთაების პოპულარობაზე მეტყველებს. ასევე, ეროსს პატივს მიაგებდნენ, როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ან მარადიული სიცოცხლის ღმერთსაც– მისი გამოსახულებებით ამკობდნენ სარკოფაგებსა და საფლავებს. ამური–ეროსი ერთის მხრივ, პირველადი სტიქიაა, კოსმიური აღმშენებლობითი ძალა, რომელმაც ქაოსი კოსმოსად (წესრიგად) გარდაქმნა და მეორე მხრივ, ის მშვილდ–ისრით შეიარაღებული, ფრთოსანი ბიჭია, სიყვარულისა და სიძულვილის ისრებით.
„ეროსი მშვენერია და სასტიკი, სიყვარული კი ტკბილი სიმწარე“
საფო–
ეროსის ეს ორამაგობა არაა გასაკვირი იმის გათვალსწინებით, რომ ეროსი ამბივალენტურ სტიქიას (სიყვარულს) გამოხატავს და როგორც უძველესი ღვთაება, საუკუნეების მანძილზე ცვლილებას განიცდიდა. ფსიქეა მხოლოდ სულთან, გოგონასთან, პეპელასთან, სუნთქვასთან, ფრენასა და სიყვარულთან არ კავშირდება. ამ მართლაცდა, ღვთაებრივი კავშირის ერთერთი აუცილებელი ელემენტია ცეცხლი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორაკული ამცნობს ფსიქეას მამას, რომ მისი სიძე გახდება არა ადამიანი, არამედ „რაღაც ფრთოსანი, ცეცხლით შემმუსვრელი“. ეროსის ერთერთი ეპითეტია „ყოველი ცეცხლის ბატონი“ (აპულეუსთან). ასევე ზემოთ მივუთითეთ, რომ ხშირად ფსიქეას გამოსახულებას ეროსი მისდევს, ხელში ჩირაღდნით! და რაც მთავარია, მითში, ფსიქეა ეროსს სანათიდან დაღვენთილი ზეთით დასწვავს. აქვე ჩნდება ფარვანის ასოციაცია –პეპელა, რომელიც ცეცხლს ესწრაფვის და მასში იწვის; პეპელა, რომელიც „სიყვარულის ცეცხლს“ ეწირება. ცეცხლისა და ფრთოსანის გამთლიანების პოზიტიური ნიმუშია ფენიქსი (ცეცხლოვანი ჩიტი). აქვე დავძენ, რომ ფენიქსის მსგავსად, ფსიქეა ჩადის ჰადესში (კვდება) და მეორედ იბადება.
ფენიქსი φοῖνιξ phoinix– წერილობით ტექსტებში პირველად ჰეროდოტესთან გვხვდება (მე-5 სკ. ჩვ. ერამდე). ბერძნულ მითოლოგიაში ფენიქსი უკვდავი ფრინველია, რომელსაც რეგენერაციის , აღდგომის უნარი აქვს. ის ასოცირდება მზესთან და მზესავით ბრწყინვალება ახასიათებს; ალისფერ–ოქროსფერი ბუმბულით არის შემოსილი. ფენიქსი ადრეული ქრისტიანობის ამოსავალი სიმბოლოა , ქრისტიანულ ლიტერატურაში ფენიქსი– მარადიულ სიცოცხლესა და ქრისტეს გამოხატავს.მისი გამოსახულება გვხვდება ქრისტიანული საფლავების ქვებზეც. ფასკუნჯი – (ირანული სიმურგის ანალოგი)- დრაკონის მსგავსი ფრინველი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში, რომლის ფრთაც განმკურნებელია. ფასკუნჯის გამოძახება მისი ფრთის დაწვითაა შესაძლებელი. ცხოვრობს ქვედა სამყაროში, საიდანაც გმირი ამოჰყავს. როგორც ვხედავთ, ფენიქსი ან „ცეცხლოვანი ჩიტი“ არქეტიპია, რომელიც თავს ავლენს სხვადასხვა ეპოქებსა და კულტურებში. ფენიქსი ფსიქეას (სულის) ზოომორფული ხატია; მას ცეცხლი წვავს, მაგრამ არ იწვის. უფრო მეტიც, ფსიქეა თავად დასწვავს სიყვარულის ღმერთს სანათიდან დაღვენთილი ზეთით. ის ფარვანასავით მიელტვის ცეცხლს, მაგრამ, პეპლისგან განსხვავებით, არ იღუპება. ფსიქეა ჩადის ჰადესში (კვდება), მაგრამ როგორც ფენიქსი, მეორედ იბადება სიყვარულის ამბორით ან სიყვარულის ცეცხლით გაღვიძებული. უნდა ითქვას, რომ ფსიქეას მითოლოგიური თემა შემოქმედთა სტიმულად იქცა და არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა ხელოვნების ისტორიის მაძილზე; ის მხატვრულად დაამუშავეს განსხვავებულ ეპოქებში, სრულიად განსხვავებულმა ხელოვანებმა (რომანო, რაფაელი, რუბენსი, კანოვა, თორვალდსენი, კალდერონი, ლაფონტენი, მოლიერი . ..). თანამედროვე ეტაპზე მითმა თავისი მრავალრიცხოვანი ვარიაციები ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში ჰპოვა.
ფსიქეაზე მითის გაგება–ინტერპრეტირების არა ერთი ვერსია არსებობს. არის მოსაზრება, რომ აპულეუსმა თავის ნაწარმოებში მეტაფორულად ასახა ვენერას მისტერიალურ კულტში ინიციაციის რიტუალი. რ. მერკელბახის შეხედულებით (იუნგიანელი ავტორი), ფსიქეას ისტორია მისტერიალური ტექსტია; ინიციაციის რიტუალს ან საკრალური მოქმედების საიდუმლოს ასახავს.მისი მიზანი ნეოფიტის, საიდუმლო რელიგიური ჯგუფის ახალი წევრის, მეტამორფოზა და ტრანსფორმაციაა. ავტორის აზრით, სწორედ ინიციაციური ფუნქცია ზრდის ამ მითის ღირებულებას. ასევე ავტორი აღნიშნავს ფსიქეას მითოსური ტექსტის ზეგავლენას ადამიანისა და კერძოდ, თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაზე; მითი ფსიქეაზე თანამედროვეობასთან განსაკუთრებული „სიახლოვით“ გამოირჩევა, ასახავს რა ადამიანის ცნობიერების დინამიკას, მის ღიაობასა და განვითარებისადმი ტენდენციას. ძველი კულტურების რიტუალებში ინიციაცია (ლათ.საიდუმლოს შესრულება, კულტის ახალი წევრის კურთხევა) ინდივიდის განვითარების ახალ საფეხურზე ასვლას და მის მისტიკურ კავშირსა თუ ახალ სოციალურ ჯგუფში გაწევრიანებას უკავშირდებოდა. ინიციაციის დროს ინდივიდი გადიოდა, როგორც წესი, მძიმე და ზოგჯერ მტკივნეული გამოცდების ციკლს. მაგალითად, თანამედორვე პირველყოფილ ტომებში ინიციაციის დროს მიმართავენ ნეოფიტის იზოლაციას, ტატუირებას, სხეულის დაზიანებას და სხვ. საინტერესოა ე.წ „გარდასვლის“ ან კურთხევის რიტუალები, რომლებიც 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება: 1) ინდივიდის განცალკევება (separation), 2) ინდივიდის „ზღვრული“ მდგომარეობა– როდესაც ინდივიდი „ორ სამყაროს“ შორის იმყოფება (ლათინურად margo ან limen– ზღურბლი) და 3) ინდივიდის ჩართვა ახალ საზოგადოებაში ან „აღდგენა“(reagregation).
თუკი გარდასვლის რიტუალების სქემის საფუძველზე განვიხილავთ მითს ფსიქეას შესახებ, მაშინ შეგვიძლია მისი სტრუქტურა ასე წარმოვადგინოთ: 1) სეპარაცია–მოტაცებული ფსიქეა მარტოდ – მარტო ცხოვრობს სასახლეში, სადაც მისი მეუღლე და მსახურები უხილავნი არიან. 2) ზღურბლი– ფსიქეა მიატოვა ეროსმა და ის ამქვეყნიურ და იმქვეყნიერ სამყაროებს შორისაა მოქცეული: ეროსის ძებნაში მოიარა დედამიწა და ჰადესი. (არც ცოცხალია და არც მკვდარი), 3) აღდგენა– ფსიქეა გააცოცხლა ეროსმა და მასთან იქორწინა. ქრისტიანული ვერსიით, მითი ფსიქეაზე სოფიას (ღვთაებრივი სიბრძნის) შესახებ ქრისტიანული იგავის ანალოგია ან ამ უკანასკნელის არქეტიპი; ფსიქეა ადამიანის სულს განასახიერებს; ის იძინებს (ან კვდება) ჰადესის სამეფოში და მას აცოცხლებს „ნათლისაკენ გამძღოლი“ იესო, როგორც სამყაროს ერთიანი ცნობიერება და როგორც ეროსი (სიყვარული). ქრისტიანულ ტექსტში „სამყაროს წარმოშობა“ ნათქვამია: „როგორც ერთი ლამპრიდან მრავალი ლამპარი აინთება და იქ ერთიანი ნათელია, ლამპარი, რომლისგანაც სინათლე აიღეს, არ ქრება, ასევე ეროსი ვრცელდება ქაოსის ყველა ქმნილებაზე და არ ქრება“. მითის კულმინაციაა სულისა და სიყვარულის ქორწინება, რის შედეგადაც ფსიქე უკვდავებას მოიპოვებს. მითის ქრისტიანული ვერსიით, ეს მისტიკური კავშირი გნოზისს (შემეცნებას) განასახიერებს, რომლის საფუძველზეც ნეოფიტი საკუთარ უკვდავ, პირველად რაობას წვდება.
რენესანსის ჰუმანისტების ინტერპრეტაციით, მითი ფილოსოფიური ალეგორიაა და ასახავს სულის (ფსიქე) სურვილისკენ (ეროსი) სწრაფვას, რისი შედეგიცაა ნეტარება–სიამოვნება (მათი შვილი). მითი იკითხება ჭეშმარიტი სიყვარულის კლასიკური მაგალითის სახითაც და ასევე, როგორც ადამიანის სულის უმაღლესი რეალიზაცია; – მოკვდავი და უკვდავების მომპოვებელი ფსიქეა– იდეალის მაძიებელი სულის სიმბოლოდ წარმოდგება.ფსიქეას მითი ასევე, გაიგება ფსიქოთერაპიის პროცესთან ანალოგიითაც. კერძოდ, როგორც იმ ცვლილებათა ამსახველი, რომლებსაც ფსიქოთერაპიის პროცესში აქვს ადგილი; ადამიანი სიყრმეში მხიარულია და თავისუფალი (ფსიქეას ნეტარება უხილავ მეუღლესთან), მაგრამ მოზრდილ ადამიანს უჩნდება პრობლემები, რასაც თან ერთვის ქრონიკული შფოთვა (ეროსი ტოვებს ფსიქეას), ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი და ფსიქოთერაპია (ფსიქეას გამოცდა და დავალებები), დაკარგული მთლიანობის, თვითიდენტობის აღგენა (ეროსთან შერწყმა ოლიმპოზე).
ერიჰ ნოიმანის („ამური და ფსიქეა“) ინტერპრეტაციით, ფსიქეა მოკვდავი ქალია, რომელიც ცდილობს თავის ღვთაებრივ ქმარს დაუკავშირდეს. ამ მიზნით დედამთილის 4 სიმბოლურ დავალებას ასრულებს. ყოველი დავალება იმ უნარს გულისხმობს, რომელიც ზრდასრულ ქალს უნდა გააჩნდეს ან რომელიც უნდა განივითაროს. ყოველი დავალების შესრულების შემდეგ ფსიქეა ახალ უნარს იძენს, რომელიც იუნგიანულ ანიმუსს (ქალში მამაკაცურ საწყისს) შეესაბამება. აღნიშნული თვისებები ქალის ისეთ არქეტიპებს უკავშირდება, როგორიცაა არტემისი (მონადირე ქალი) ან ათენა (სიბრძნის, ომი–მშვიდობის მეომარი ქალღმერთი). მითის დასაწყისში ფსიქეა შეესაბამება და ასახავს ისეთ არქეტიპებს, როგორიცაა საყვარელი (მითოლოგიური პირველსახე–აფროდიტე), მეუღლე (მითოლოგიური პირველსახე– ჰერა) და ფეხმძიმე დედა (მითოლოგიური პირველსახე– ცერერა). მითის მსვლელობისას ფსიქეა მეორედ დაბადებულის არქეტიპსაც ეზიარება (მითოლოგიური პირველსახე–პერსეფონე) – ფსიქეა ჩადის ჰადესში და იქიდან უვნებლად ამოდის (როგორც ფენიქსი ). ასევე, აფროდიტეს დავალებების შესრულებით, ფსიქეა ახალ არქეტიპულ როლებს ითავისებს (მებრძოლი, აქტიური,მშრომელი ქალის) და პიროვნული განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს.
პირველი დავალება: მარცვლეულის დასორტირება (ფსიქეას ეხმარებიან ჭიანჭველები). რ.ჯონსონის აზრით, ეს დავალება სიმბოლურად კრიტიკული გადაწყვეტილების მიღების და კერძოდ, კონფლიქტური გრძნობებისა და სურვილების გადახარისხების უნარს გამოხატავს. ამ უნარის შესაძენად ქალმა ხშირად უნდა მოახდინოს გრძნობების, მოტივებისა თუ ღირებულებების ანალიზი და მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან გამოყოს. სანამ ქალი ისწავლიდეს „აბურდულ“ სიტუაციაში შეჩერებასა და ფიქრს (და არა მოქმედებას), ის „ჭიანჭველებს“ (ან ინტუიციას,ჭიანჭველა– ინტუიციის მეტაფორა) ენდობა. ქალი დამოუკიდებლად შეძლებს მოქმედებას, როდესაც არაცნობიერ ინტუიციაზე უფრო მეტად ცნობიერ ძალისხმევას– ლოგიკური შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების საკუთარ უნარებს მიენდობა.
მეორე დავალება: ოქროს მატყლის მოპოვება უზარმაზარი, აგრესიული ცხვრებისგან. ამ დავალების შესრულებისას ფსიქეას მოსაუბრე მწვანე ლერწამი ეხმარება, რომელიც მას ასწავლის დაიცადოს დაღამებამდე– ველური ცხვრების დაძინებამდე. ამის შემდეგ ფსიქეა იოლად შეასრულებს დავალებას– ოქროს მატყლს მაყვლის ბუჩქებიდან შეაგროვებს, რომლებსაც მატყლი შემორჩება. ეს დავალება, ავტორის აზრით, ასევე მეტაფორაა; კონკურენტულ გარემოში ადამიანები აგრესიულად იბრძვიან სოციალური მდგომარეობისთვის. ასეთ გარემოში მოქცეული ქალი (ქალის მოწყვლადი ტიპი) უცილობლად განიცდის ხიფათსა და მარცხს. ქალის მებრძოლი ტიპი კი (ათენა ან არტემისი) თავს საკუთარ სტიქიაში გრძნობს. რაც შეეხება ფსიქეას, მას მხოლოდ ლოდინი შეუძლია და მიზანს შემოვლითი გზებით აღწევს. ფსიქეას მიერ ოქროს საწმისის მოპოვება, ე. ნოიმანის გაგებით, ძალაუფლების მეტაფორაა, რომელსაც ფსიქეა ფემინურ– შემოვლითი, არააგრესიული გზით აღწევს.
მესამე დავალება: ბროლის სასმისის ავსება მდინარე სტიქსის წყლით. მდინარე სტიქსი–ჰადესის სამეფოში მოედინება. ის კასკადით ეშვება სათავიდან – მაღალი კონცხიდან ღრმა უფსკრულში და შემდეგ, მიწის გავლით ისევ უბრუნდება თავის სათავეს. მეტაფორულად სტიქსი– ცხოვრების წრებრუნვას ასახავს, რომელშიც უნდა ჩაყვინთოს ფსიქეამ, რათა აავსოს თავისი სასმისი. ამ დავალების შესრულებისას ფსიქეას არწივი ეხმარება, როგორც შორით ხედვის და ელვისებური პიკირების (სწრაფი მოქმედების) მეტაფორა; ე. ნოიმანი წერს, რომ ქალი–აფროდიტესთვის მნიშვნელოვანია ემოციური დისტანციის დაცვა, რათა გარემო მის ერთიანობაში დაინახოს, მთავარი და მნიშვნელოვანი დეტალები გაარჩიოს. ეს უნარი გამოცდილების გასააზრებლად და საკუთარი ცხოვრების ფორმირებისათვის სრულიად აუცილებელია.
ფსიქეას მეოთხე დავალებას ავტორმა პირობითად უწოდა: „ისწავლე თქვა -„არა!“ ფსიქეა ჰადესში ჩადის პერსეფონეს ზარდახშის მოსაპოვებლად. ამ უკანასკნელში მარადიული სილამაზის მომნიჭებელი მალამოა. დავალების შესრულების დროს ფსიქეას გარდაცვლილთა სულები დახმარებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ თუ ფსიქეა სამჯერ არ იტყვის „არას!“- სამუდამოდ დარჩება ჰადესში. ავტორის გაგებით, ამ შემთხვევაში გამოყენებულია მიზანდასახულებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარების მეტაფორა.
ოთხი დავალების შესრულებით, ფსიქეა ყალიბდება, როგორც პიროვნება, იძენს ისეთ მასკულინურ თვისებებს, როგორიცაა სიმამაცე, სიმხნევე და გაბედულება.მაგრამ მიუხედავად ამ მონაპოვრებისა, ფსიქეას ბუნება უცვლელია, რადგანაც მის ღერძულ ღირებულებად ისევ სიყვარული რჩება. ე.ნოიმანის გაგებით, სწორედ ესაა მისი საბოლოო გამარჯვების გასაღებიც. ე.ნოიმანი მიუთითებს ფსიქეას კონფლიქტზე– მას საყვარლის სხეულში სძულს უხილავი არსება (შესაძლო მხეცი ან ურჩხული) და უყვარს ადამიანი. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ საყვარლის შეცნობითაა შესაძლებელი. ამიტომაც ფსიქეა გამოდის არაცნობიერის სიბნელიდან, წყვეტს კავშირს მატრიარქატთან და მამაკაცური საწყისის მიმართულებით მოძრაობს; შეიცნობს ეროსს არა მხოლოდ როგორც ანონიმურ საყვარელს. ამით ფსიქეა ჭეშმარიტად „ხვდება“ მეუღლეს და უყვარს იგი ცნობიერად.
არის მითის უფრო ზოგადი გაგებაც; მითში ასახული სიუჟეტი უკავშირდება არა მხოლოდ ქალის, არამედ ზოგადად, ადამიანის სულის ევოლუციას; ადამიანის სულის რაობას, მის ტანჯვას სიყვარულის დაცვის პროცესში და მრავალი შეცდომის დაშვებით, საბოლოო ნეტარების მიღწევას. მაგალითად, ბეატრის ჰინკლი (ასევე იუნგიანელი ავტორი) აღნიშნავს, რომ სიყვარულის მიერ მძინარე სულის გაღვიძება (როგორც ფსიქიკური განვითარებისა და ფსიქიკური გამოღვიძების მეტაფორა) – ის არქეტიპული მოტივია, რომელიც ხშირად მეორდება მითებში, ზღაპრებში, ხელოვნების ნაწარმოებებში და ასევე, სუბიექტურ განცდებში. ავტორის გაგებით, მითი მონანიება– გამოსყიდვის პროცესს ასახავს; მთავარი პერონაჟი (ფსიქეა) გადის ტანჯვის, თვითმკვლელობისა და აღდგომის მტკივნეულ პროცესს. აქვე ავტორი აღნიშნავს, რომ ანიმა ფსიქიკურ სტრუქტურად სიყვარულის ძალით ყალიბდება – ეროსი წარმოშობს ფსიქიკურს. ამავე დროს, ანიმას შემოქმედებითი საწყისიც უკავშირდება. „შემოქმედებით დემონს“ ავტორი მარადიული ბავშვის ღვთაებრივ ხატთან (ყრმა ამური) აიგივებს; კრეატულობის აღმოსაცენებლად ის უნდა შეერწყას ქალურ სულს (ანიმას) „ფსიქიკურ კოიტუსში“.შესაბამისად, მითი ფსიქეაზე ეროსისა და ფსიქიკურის ურთიერთობის რიტუალს ასახავს, რომელიც მარადიულად თამაშდება როგორც ადამიანებს შორის, ასევე ერთი ადამიანის ფსიქიკის ფარგლებშიაც. ბ. ჰინკლი მიუთითებს, რომ თანამედროვე ცნობიერებისათვის ფსიქეას ისტორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა მკაფიოდ ასახა ჯონ კიტსის ლექსმა „ოდა ფსიქეას“. კიტსი ფსიქეას (ან ადამიანის სულს), როგორც ახალ ან თანამედროვე ქალღმერთს მიმართავს–
„გონების უხილავ სიღრმეთა შორის,
მე– ქურუმსმომეცი ნება აგიგო ტაძარი.
ფლეიტის ნაცვლად ახალ აზრების
ისმოდეს ბგერა ტკივილნარევი“.
ჩვენს ეპოქაში საკრალობა ადამიანის სულმა შეიძინა. ფსიქეა ქალია, რომელმაც მისი სულის ან პიროვნების ფორმირების პროცესში განსაცდელი გამოიარა და ახალი საკრალური სფეროს ქალღმერთად იქცა. უნდა ითქვას, რომ სხვა მითებისგან განსხვავებით, ფსიქეას მითის ინტერპრეტაცია–ინსცენირება განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, უკავშირდება რა ის ადამიანის სულის გაგებას. შესაბამისად, მითი ე.წ. პროექციული ფსიქოლოგიური ტესტების მნიშვნელობას იძენს. და მაინც, რატომ ამოიცნო ფსიქოთერაპიამ ფსიქეას მითში მძლავრი თერაპიული პოტენციალი? ფსიქეა–ფენიქსი არა ერთ ატრიბუტთან და სიმბოლოსთან (გოგონა, სული, პეპელა, სუნთქვა, სიყვარული, ცეცხლი) კავშირდება, ის პოლისემანტური ხატია, მაგრამ ამ მიზეზით სხვა მითოსური ხატებისგან არ გასხვავდება. მისი უნაკალობა სხვა, რამდენიმე მიზეზიდან მომდინარეობს; ფსიქეა ქალი–გოგონაა, მაგრამ, სხვა ფემინური მითოლოგიური პერსონაჟებისგან განსვავებით, ის აქტიურია და განვითარებისადმი ღია. მითოლოგიის ფემინური პერსონაჟები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მამაკაცი–პროტაგონისტების აქტივობისა და ბრძოლოს მიზნად ან ჯილდოდ არიან წარმოდგენილნი, მამაკაცი–პროტაგონისტების სახელებისგან განსხვავებით, ფსიქეას სახელი არ ითარგმნება როგორც „ჰერასთან მებრძოლი“ (ჰერაკლე), როგორც „ქალაქების მძარცველი“ (პერსევსი) და არც როგორც „ინსტიტუცია“ (თეზევსი); ფსიქეა ადამიანის სულის მეტაფორაა და მისი აქტივობა თავად სულის ბრძოლა და ევოლუციაა.
ფსიქეას, როგორც „იდეალურ“ სიმბოლოს, შეიძლება „დიდი მაკავშირებელი“ ეწოდოს; ფსიქეა ისეთ ტრადიციულ ანტიპოდებს აკავშირებს, როგორიცაა 1 სისუსტე – ძლიერება > ფსიქეა სუსტი გოგონა–პეპელაა, რომელიც მძიმე გამოცდის შემდეგ უკვდავებას მოიპოვებს, 2 ემოციური სიმშრალე – ვნება > ფსიქეა მზრუნველობის პასიური ობიექტი იყო ჯადოსნურ სასახლეში და შემდეგ კი, ორი სამყარო მოიარა სიყვარულის ძიებაში. ფსიქეა კვდება და ამბორით ცოცხლდება, 3 სიბნელე– (სიბრმავე) – სინათლე (ხედვა) > უხილავთა შორის მოქცეული ფსიქეა, ვერავის ხედავს გარშემო და შეცნობის მიზნით, ლამპარს ანთებს, 4 სიკვდილი – სიცოცხლე > სტიქსის წრებრუნვის ანალოგიურად, ფსიქეა ჩადის ჰადესში და იქიდან უვნებელი ბრუნდება, 5) ფიზიკურ სამყარო– მეტაფიზიკური სამყარო > მოკვდავი ქალი ეზიარება მიღმიერ სამყაროს (ჰადესს) და ბოლოს, უკვდავი ღმერთების სავანეს(ოლიმპოს).
ავტორი: რუსუდან მირცხულავა
რედაქტირება: ნინო ტოგონიძე
SHEN ©