ბოლო რამდენიმე წელია ასტროლოგიის მიმართ ჩემი შეხედულება რადიკალურად შეიცვალა, მთელი ცხოვრება მეგონა ერთ-ერთი შარლატანური ფსევდო მეცნიერება, რომელიც უსაქმურ ხალხს დროის მოკვლაში ეხმარებოდა 🤦♀️რეალურად კი აღმოჩნდა რომ თუკი ცხოვრებაში რამე სფეროს მიმართ მქონია ინტერესი ყველაფერს მოიცავდა – ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტრონომია, გეომეტრია, მათემატიკა, მითოლოგია, სიმბოლიზმი 😳ასტროლოგია ისეთი კომპლექსური სფეროა და იმდენად გადაქსოვილია ერთმანეთში ყველა ეს დისციპლინა, რომ მხოლოდ ერთის ცოდნით ნამდვილ არსს ვერ ჩაწვდები.
რომ წარმოვიდგინოთ ცხოვრება როგორც კოსმიური თამაში, ასტროლოგია ამ თამაშის წესებს შეისწავლის, ხოლო პირადი ნატალური რუკა წარმოადგენს ჩევნს კოსმიურ პასპორტს ანუ ერთგვარი ინსტრუქციაა თუ როგორ ვოპერირებთ რა პროგრამა და რა როლი გვაქვს ამ თამაშში. როდესაც თამაშობ თამაშს და აზრზეც არ ხარ ამ წესების და ისიც კი არიცი რომ რამე მსგავსი არსებობს, მუდმივ ლუპში მეორდება ცხოვრებისეული მოვლენები შენ კი სანამ მიხვდები რას გასწავლის სამყარო, უკვე ცხოვრება დასასრულს უახლოვედება და ასე გრძელდება ინკარნაციიდან ინკარნაციამდე.

ამ სტატიაში ვეცდები რაც შეიძლება მარტივი ენით გადმოვცე, ჩემი ხედვით აღქმული ეს საოცარი სწავლება. ასტროლოგია (Astro— ვარსკვლავი; Logos — მოძღვრება) უძველესი სწავლებაა რომელიც 40 საუკუნოვან გამოცდილებას ეყრდნობა, იგი ცოცხალი ორგანიზმია რომელიც დროსთან ერთად პროგრესირებს და იცვლება, იგი მჭიდრო კავშირშია კოლექტიური ცნობიერების განვითარებასთან და ეპოქალურ ცვლილებებთან. ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი, მათემატიკურად რთული ენა, რომელიც სიმბოლოოების და მითოლოგიის მეშვეობით არსებულ რეალობაზე გვესაუბრება. იგი იყენებს ზუსტ მეცნიერებებს მათემატიკას, ასტრონომიას და სულიერ ცოდნებს – ეზოთერიას, მითოლოგიას და ა.შ. ანუ მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი ორი განსხვავებული მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ჰოროსკოპი (hora – დრო და skopeo – დაკვირვება) კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში ზეცის გრაფიკული გამოსახულებაა, ანუ რა მდგომარეობა ეკავათ მნათობებს, პლანეტებსა და ვარსკვლავებს, ადამიანის დაბადებისას. ციური მოვლენები არ ჩერდება, თუმცა კონკრეტული ადამიანის დაბადების ადგილსა და მომენტში ხდება ასე ვთქვათ, მისი “ზეციური სკანირება” და ამ დროს კოსმოსში მიმდინარე ციური მოვლენები ფიქსირდება, მის ხასიათსა თუ ბედისწერაში.
თავდაპირველად ასტროლოგიას ასტრალური რელიგიის სახე ჰქონდა რომელიც იქმნებოდა მისტერიების საიდუმლო სკოლებში. უპირველესი მისტერიები შეიქმნა ატლანტიდიდან წამოსულ ქურუმთა მიერ, ატლანტიდაში მისტერიები დაკავშირებული იყო მნათობებთან, ყველაზე ძლიერი სატურნის და იუპიტერის მისტერიები იყო, სწორედ იუპიტერის ორაკულთა მისტერიალურ ცენტრებთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ იუპიტერის რასსის წარმომადგენლები, რომელთაგანაც მომდინარეობს თეთრი რასა. სწორედ მათ დააფუძნეს უპირველესი მისტერიები ძველ ინდოეთში და ძველ კოლხეთში. ქურუმები თავისი განვითარებით წინ უსწრებდნენ კაცობრიობას. ისინი სხვა მეცნიერებებთან ერთად ქმნიდნენ ენათმეცნიერებას, იმ პერიოდში მთელს დედამიწაზე ერთი ენა არსებობდა რომელითაც ქურუმები საუბრობდენ, კაცობრიობა კი უფრო ჟესტმიმიკის ენაზე საუბრობდა.ცნობილია ბაბილონის 7 საფეხურიანი პირამიდები(ზიკურატები), საიდანაც ქურუმები აკვირდებოდნენ ცას და პლანეტარულ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ქურუმებს უდიდესი ოკულტური ცოდნა გააჩნდათ,მათ იცოდნენ ასტროლოგია ასტრონომია, ისინი წვდებოდნენ სამყაროს იდუმალებებს, მის წარმოშობას და არსს. სწორედაც ამ ცოდნის გადმოსაცემათ შეიქმნა მითები. მითოლოგია – ეს არის სიმბოლიზმი, სიმბოლოთა სისტემა, რომელთა დაფარული მნიშვნელობა იცოდნენ მხოლოდ ქურუმებმა. ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ წვდებოდა, მაგრამ მითს ღებულობდა, მითის საშუალებით ქვეცნობიერში შედიოდა ჭეშმარიტება. მითების კარგი მცოდნე ადამიანი სულიერად უკვე განვითარებული იყო.

სოლარული სისტემა წარმოადგენს ჩვენი სხეულის ანუ მიკროკოსმოსის პროექციას როგორც უზარმაზარი მაკროკოსმოსი. ჩვენს სხეულზე განლაგებული 7 ენერგეტიკული ცენტრი კი შეესაბამება 7 პლანეტას – 1. მულადჰარა – სატურნი/ სტიქია – მიწა, 2 სვადჰისტანა- იუპიტერი / სტიქია – წყალი 3 მანიპურა – მარსი / სტიქია – ცეცხლი, 4. ანაჰატა – ვენერა/ სტიქია – ჰაერი 5 ვიშუდჰა – მერკური / სტიქია -ეთერი 6 ანჯნა სადაც ხვდებიან მზე და მთვარე – იდა და პინგალა და 7 საჰასრარა- ტრანსცენდენტური ცოდნა – პლუტონი, ურანი, ნეპტუნი. სწორედ ამ ცენტრების და სტიქიების მეშვეობით იმართება ჩვენი რეალობა. პლანეტარული ემანაციები რეზონანში მოდიან ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებთან რომლებიც ამ იმპულსებს გადააქცევენ ფსიქიკურ ენერგიებად.

ადამიანის ყველა ეს საწყისი ენერგიები ბერძნულ მითოლოგიაში მოცემულია ღმერთების პანთეონის სახით. პლანეტების საფუძველში მდებარე პრინციპები და არქეტიპები იმდენად უნივერსალურია, რომ პრაქტიკულად ყველა მოვლენა, სფერო, საგანი და ფილოსოფიური საკითხიც კი შესაძლოა დავუკავშიროთ ამა თუ იმ პლანეტას. ჩვენთვის ცნობილია ოლიმპოს ღმერთთა სამყარო. აგრეთვე გმირების, ტიტანების სამყარო. თითოეული ღმერთი, თითოეული გმირი, თითოეული ტიტანი ასახავს გარკვეულ ცნებას, გარკვეულ საწყისს.
ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში ასახავს ეთერს. ეთერი არის საწყისი, რომელიც თვალისათვის უხილავია, მაგრამ მთელი სამყაროს საფუძველია, ეთერი არის სამყაროს სასიცოცხლო ძალა, რომელიც ყველაფერს აძლევს ფორმას: კოსმოსს, პლანეტებს, დედამიწას, მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანს. ეს არის ყველაფრის უხილავი საწყისი და შემოქმედი, ყველაფრის მომწესრიგებელი და ყველაფრის ადგილის მიმჩენი. ეთერის რამდენიმე სახეობა არსებობს,მაგრამ თავის არსით ერთიანია. რას გამოხატავს მისი მეუღლე ჰერა? – ჰერა, თვით სახელიც მიგვანიშნებს, რომ გამოხატავს ჰაერს, ეს არის უძველესი პელაზგურ–იბერიული ქალღმერთი – ჰაერა. ჰაერი აგრეთვე მთელი კოსმოსის, მთელი სამყაროს სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობაა. ვინ არის ღმერთი პოსეიდონი? – იგი წარმოადგენს წყლის სამყაროს, მას ჰყავს პითონები, ნერეიდები, წყლის სულები, ვინ არის ჰეფესტო? – ეს არის ცეცხლის საწყისი. მითოსში ყველა არსება, ყველა ღმერთი გარკვეული საწყისს წარმოადგენ. ვინ არის ათენე? – ათენე პრომეთემ ამოიყვანა ზევსის თავიდან. ეს არის აზროვნების საწყისი. მაგრამ აზროვნებას ხომ რამდენიმე სახე აქვს, არსებობს ფილოსოფიური აზროვნება, არსებობს უფრო განსჯითი აზროვნება, დაკავშირებული უფრო გამოცნობასთან, გამოკვლევასთან, ახსნასთან. ამ საწყისებს უკვე ჰერმესი წარმოადგენს.

ჰერმესის აზროვნება, დაკავშირებულია ჭკუასთან, ათენე კი დაკავშირებულია სიბრძნესთან. ბრძენსა და ჭკვიანს შორის უდიდესი განსხვავებაა. აზროვნების ერთი სახეობა არის ათენე, უფრო ღვთაებრივი, უფრო სინთეზური საწყისი, ხოლო მეორე – უფრო ანალიტიკური. ჰერმესი ასევე მოგზაურთა და ვაჭართა მფარველია. ვაჭრობას სჭირდება აზროვნების გარკვეული დონე, მართალია უფრო დაბალი,მაგრამ გამოთვლის უნარი, და გარკვეული ეშმაკობაც. ყველა ამ საწყისს ქურუმები ხატოვნად გადასცემდნენ მითების და სიმბოლოების სახით. ისინი აპიროვნებდნენ სამყაროს სხვადასხვა საწყისებს და უკავშირებდნენ სტიქიებს და პლანეტებს კონკრეტულ უნარებს და ხასიათს რათა ჩვეულებრივ ადამიანს შეძლებოდა ამ ენერგიებსა და საკუთარ თავს შორის კავშირი აღექვა და შეეგრძნო.
სიმბოლოებს ასტროლოგიაში უდიდეს დატვირთვა აქვთ, ყოველი გლიფი და ღმერთის ატრიბუტი კონკრეტულ მნიშვნელობას ატარებს. სიმბოლიზმი გაცილებით ფართო და ყოვლისმომცველი ცნებაა იგი უკავშირდება მთელი კაცობრიობის კულტურას. შუა საუკუნეების კაცობრიობა სიმბოლოებით აზროვნებდა და ალეგორიებით გამოხატავდა სათქმელს. ეპოსებში პოემებში სიმბოლოები მარგალიტებივით იყო გადაქსოვილი და უდიდეს სულიერ ცოდნას გადმოსცემდა. ზევსის თავიდან ათენეს ამოყვანაც, მისი ფემინური ასპექტის გამოხატულებაა რომელიც პერსონიფიცირებულია როგორც ბრძენი ქალი. ხელოვნებაში პალას ათენა გამოისახება მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად ფარით და შუბით – (ეს ატრიბუტები უმეცრების ანუ სიბნელესთან ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს) მას მუდამ თან ახლავს მისი წმინდა ფრინველი – ბუ (სიბრძნის სიმბოლო).

როდესაც სული მოდის განსხეულებაში იგი წინასწარ ირჩევს კონკრეტულ პროგრამას და პლანეტების მეშვეობით იქმნის გარკვეულ სიტუაციებს და დაბრკოლებებს რაც მისი ევოლუციისთვის არის საჭირო. ეს მოიცავს სხვადასხვა პლანეტარულ კონფიგურაციებს რომლებიც ხელს უწყობენ სულის დედამიწაზე მოგზაურობას. ყოველი ადამიანის ‘კოსმიური პასპორტი’ (ნატალური რუქა) მოიცავს სხვადასხვა არქეტიპულ პატერნებს რაც პლანეტარული ემანაციებით აქტიურდება რათა დააბალანსოს, განავითაროს და დაამუშავოს კონკრეტული თვისებები რაც მას სულიერ ზრდაში დაეხმარება. მაგალითად სულს თუ პროგრამაში აქვს რომ იყოს მასწავლებელი, ექიმი ან არტისტი ეს ის სფეროებია რაც მას მიიზიდავს. შესაბამისად როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე პლანეტებსაც აქვთ არქეტიპული გამოხატულება მაგალითად იუპიტერი – მასწავლებელია; ქირონი – მკურნალი ხოლო ვენრა არტისტი. თითოეული სული ირჩევს განსხეულებას იმ პერიოდში როდესაც პლანეტარული დინამიკა ყველაზე მეტად შეესაბამება მისი სულიერი ამოცანის შესრულებას.
ერთერთი საინტერესო თემა ასტროლოგიაში პლანეტარული დინამიკის დაკვირვებაა, მათი ტრანზიტები სამყაროში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში. როდესაც ამ ყველაფერს ისტორიულ ჭრილში უყურებ ხვდები როგორ მეორდება ეპოქალური ცვლილებები. ყველაზე აღსანიშნავი ამ მხრივ სატურნის და პლუტონის ასპექტებია. ბევრად უკან რომ არ წავიდეთ და ბოლო 100 წლეულის დინამიკას რომ გადავხედოთ ნათლად დავინახავთ რამხელა გავლენა აქვს პლანეტარულ ენერგიებს, ხოლო ყოველი მათი არაჰარმონიული ასპექტი (ოპოზიცია,შეერთება და კვადრატი)კოლექტიურ ჭრილში კაცობრიობისათვის უდიდესი რყევების მომტანია.
- 1914 წელი – ფრანც ფერდინადის მკვლელობა სარაიევოში, რომელიც I მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა ♇ ☌ ♄ – პლუტონის და სატურნის შეერთება კირჩხიბში
- 1939 წელი – II მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს დაიწყო ხოლო ევროპაში გერმანია თავს დაესხა პოლონეთს 1939 წლის 1 სექტემბერს. ♇ □ ♄ – პლუტონის და სატურნის კვადრატი ლომიდან და კუროში
- 1947 წელი – ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის დასაწყისი. აღნიშნულ ომში ინდოეთმა დაამყარა თავისი კონტროლი აღნიშნული ტერიტორიის 2/3 – ზე, დანარჩენი ნაწილი კი პაკისტანის ხელში გადავიდა. ♇ ☌ ♄ – პლუტონის და სატურნის შეერთება ლომში
- 1982 წელი – ფოლკლენდის ომი – დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ, ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ♇ ☌ ♄ – პლუტონის და სატურნის შეერთება სასწორში
- 1993 წელი – 26 თებერვალი – ტერორისტული აქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე. ეკონომიკური ზარალი: $810 მილიონი, ლონდონში 1993 წლის 24 აპრილს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა. ეკონომიკური ზარალი: 1.2 მილიარდ დოლარზე მეტი; ♇ □ ♄ – პლუტონის და სატურნის კვადრატი მერწყულიდან და მორიელში
- 2001 წელი – ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $3 ტრილიონი; 24 ივლისში შრი-ლანკის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $517 მილიონი ♇ ☍ ♄ – პლუტონის და სატურნის ოპოზიცია მშვილდოსნიდან ტყუპებში
- 2011 წელი – ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს, პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის დახმარებით მოკლეს. ბინ ლადენის მკვლელობის ოპერაციის ბრძანება გასცა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ოპერაცია განხორციელდა CIA-ს ცენტრალურ დაზვერვის შტაბში. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია ამერიკელებმა ავღანეთიდან დაიწყეს. ♇ □ ♄ – პლუტონის და სატურნის კვადრატი თხის რქინდან სასწორში
- 2020 წელი – ახლო აღმოსავლეთში ვითარება 3 იანვარს აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. სოლეიმანის მკვლელობაზე საპასუხოდ ირანმა სარაკეტო შეტევები განახორციელა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე. (III მსოფილო ომის დასაწყისი? ) ♇ ☌ ♄ – პლუტონის და სატურნის შეერთება თხის რქაში
2020 წლის 10 იანვარს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში პლანეტების სტელიუმია – სატურნი, პლუტონი, მზე, მერკური, იუპიტერი და მთვარის დაღმავალი კვანძი – ეს უზარმაზარი ენერგიაა რომელიც გარდაუვალი ცლილებების მანიშნებელია. პლუტონის და სატურნის დამანგრეველი ძალა თხის რქის არქეტიპიდან გამომდინარე არასწორ საფუძველზე აშენებული სტრუქტურების ჩამოშლას გამოიწვევს. მერკურის და მზის შეერთების დროს მერკურს’დამწვრად’ მოიხსენიებენ, რაც უფრო ახლოს არის მზე მერკურთან ეგო მეტად ფარავს გონებრივ შესაძლებლობებს. რაც შეეხება იუპიტერის და დაღმავალი კვანძის შეერთება ის შემთხვევაა როდესაც კაცობრიობას კარმა დაუბრუნდება – ამ დროს არეულია კოლექტიური და პირადი ამბიციები ხოლო ამ ყველაფრის ოპოზიციაში კირჩხიბის ნიშანში სავსე მთვარეა რომელიც ასევე უდიდესი ენერგიის მატარებელია და მისი დაბნელება 😳 ზოგადად ეკლიფსებს ‘რესტატის’ ენეგია აქვთ, ანუ დასრულების, დაწყების და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს აღნიშნავს. ადრე მეცინებოდა იმ ფაქტზე რომ მეფეებს საკუთარი ასტროლოგები ჰყავდათ…ეხლა უკვე აღარ მეცინება..

ასტროლოგიური ახალი წლის საწყისად გაზაფხულის ბუნიობა მიიჩნევა, რომლის დროსაც დღე-ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. გაზაფხულის ბუნიობა გაზაფხულის დასაწყისი იყო, ხოლო შემოდგომის ბუნიობა – შემოდგომის. გაზაფხულის ბუნიობა, ანუ დღე-ღამის ტოლობა ემთხვეოდა მზის შესვლას პირველ ასტროლოგიურ ნიშანში – ვერძის ზოდიაქოში, შესაბამისად, შემოდგომის ბუნიობა, ანუ დღე-ღამის ტოლობა ემთხვეოდა მზის შესვლას მეშვიდე ასტროლოგიურ ნიშანში – სასწორის ზოდიაქოში. ჩვ. წ. აღ-ით მეორე საუკუნეში ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ დაადგინა, რომ გაზაფხულის ბუნიობის წერტილი გადაადგილდებოდა გარკვეული სიჩქარით (პრეცესია). ეს წერტილი მოძრაობდა ძალიან ნელა და ერთი გრადუსის გავლას 71,5 წელიწადს უნდებოდა. ხოლო 30 გრადუსის, ანუ ერთი თანავარსკვლავედის გავლას კი – 2150 წელიწადს. ასტროლოგებმა სწორედ ამ პერიოდს უწოდეს ეპოქა. იესო ქრისტეს დაბადებისას გაზაფხულის ბუნიობის წერტილი უკვე თევზების თანავარსკვლავედის 30-ე გრადუსში შედიოდა (ეს წერტილი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით – ზოდიაქოს საპირისპიროდ) ანუ თევზების ეპოქის დასაწყისი დაემთხვა ქრისტეს დაბადებას და მომავალში სწორედ თევზი იქცა ქრისტიანობის სიმბოლოდ.
ქრისტეს დაბადების შემდეგ 2000 წლის განმავლობაში კაცობრიობამ თევზების ეპოქაში იცხოვრა, ახლა კი შევდივართ მერწყულის ეპოქაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლაპარაკია დროის ძალიან დიდ ინტერვალზე, ძნელია განისაზღვროს, ეს ზუსტად როდის მოხდა. თევზების ზოდიაქო სულიერი ცოდნის სიმბოლოა, ამიტომ თევზების ეპოქა ქრისტიანობის ეპოქაა. ქრისტეს პირველ მოციქულთა უმეტესობა მეთევზე იყო. ეს ეპოქა ერთდროულად იქცა მსხვერპლად შეწირვისა და სულიერი ბრძოლების საუკუნედ (თევზების ზოდიაქოს სიმბოლური გამოხატულება). თევზი ასევე იქცა ქრისტეს სიმბოლოდ – ბერძნული სიტყვა “იხთუს” (თევზი) – ‘იესო ქრისტე, მაცხოვარი, ძე ღმერთისა’.
მერწყულის ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება და რაციონალური სულიერება იქნება და არა ბრმა რწმენა. სწორედ მერწყულის ზეგავლენითაა, რომ ბოლო ხანს ერთმანეთის მიყოლებით ემხობა დიქტატორული მმართველობები. წინა პლანზე წამოიწევს მეცნიერება და ციფრული ტექნოლოგიები. მერწყულის ზოდიაქო დაკავშირებულია გამოგონებებთან და აღმოჩენებთან, ამიტომ ამ პერიოდში ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ. გაჩნდება ახალი ნანოტექნოლოგიები და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ავითვისოთ როგორც საკუთარი სოლარული სისტემა, ასევე სხვა გალაქტიკებიც.
ავტორი: ნინო ტოგონიძე