ღმერთო, მე არ გთხოვ სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას – მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას. მომეცი დაკვირვების უნარი, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ჩემი სული ააღელვეს..
მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან.
გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს ყოველ დღეს, შემეძლოს მწვერვალების დანახვა და ხანდახან მაინც მრჩებოდეს დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.
დამეხმარე გავიგო, რომ არა აქვს მნიშვნელობა ოცნებებს წარსულზე და მომავალზე, დამეხმარე ვიყო აქ და ახლა და აღვიქვა ეს წუთი როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.
დამიცავი გულუბრყვილო შეხედულებისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. მომანიჭე იმის ნათლად გაცნობიერების უნარი, რომ სირთულე, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები არიან ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით პიროვნულად.
შემახსენე ხოლმე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან…
მომივლინე საჭირო დროს ისეთი ვინმე, ვისაც ეყოფა სიმამაცე მითხრას მწარე სიმართლე, მაგრამ მითხრას სიყვარულით!
ვიცი, რომ ზოგიერთი პრობლემა მაშინ გვარდება, როცა არანაირ ზომებს არ ღებულობ, მაშ მასწავლე მოთმინება.
შენ იცი, თუ რა ძლიერ გვჭირდება ადამიანებს მეგობრობა. გთხოვ გამხადე ღირსი ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრისა.
მომეცი მდიდარი ფანტაზია საიმისოდ, რომ საჭირო წამს, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, სიტყვით თუ უსიტყვოდ ვაჩუქო ვინმეს აუცილებელი სითბო.
გთხოვ, ამარიდე შიში იმისა, რომ ცხოვრებაში რამე გამომრჩება.
ღმერთო, მომეცი ის, რაც მე ჭეშმარიტად მჭირდება… მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.
ავტორი: ანტუან დე სენტ ეკზიუპერი