ალბათ ცოტამ თუ იცის რომ ქალაქი სიეტლი აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში დუვამიშის ტომის ბელადის სახელს უკავშირდება. ეს იყო უდიდესი ადამიანი რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ინდიელებისა და თეთრკანიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
იგი 1786 წლის 7 ივნის დაიბადა, სიმაღლით 180 სანტიმეტრი იყო და ათლეტური სხეულით გაოირჩეოვოდა რის გამოც ზედმეტსახელად ‘დიდი’ უწოდეს, გარდა სიმამაცისა სიეტლი დაჯილდოვებული იყო ორატორული ნიჭით, სხვადასხვა წყაროების გადმოცემით როდესაც იგი საუბრობდა მისი ხმა შორეულ კუთხეებამდეც კი აღწევდა. 1848 წელს იგი კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტიანად მოინათლა და ნათლობის სახელი ნოე მიიღო, მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანი გახდა, იგი მის უძველეს რწმენას და ინდიელთა ღმერთებს უდიდეს პატივს მიაგებდა. მაშინ როდესაც მის ხალხს გასახლების საფრთხე შეექმნათ, ოლიმპიკის ნახევარკუნძულზე დოქტორ მეინარდომს შეხვდა, ისინი მალევე დამეგობრდნენ. სიეტლმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა დოქტორზე რომ მან ქალაქ დუომპსის მოსახლეობა დაარწმუნა რომ ქალაქისთვის დიდი ინდიელი ბელადის სახელი – სიეტლი ეწოდებინათ.
წერილი რომელიც სიეტლმა 1855 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – ფრანკლინ პირსს გაუგზავნა, ეხებოდა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში (დღევანდელი ვაშინგტონის შტატი) დუვამიშის მიწების შეძენის შეთავაზებას. მკვიდრი იდიელები ძლიერად იყვნენ დაკავშირებულნი დედამიწასთან; მათთვის კერძო საკუთრების იდეა უცხო იყო და დედამიწას კაცობრიობის კუთვნილებად თვლიდნენ.
‘ვაშინგტონის პრეზიდენტი გვითვლის, რომ ჩვენი მიწის ყიდვა სურს. დიდი მეთაური მეგობრობისა და კეთილი სურვილების სიტყვებს გვიგზავნის, ეს მისგან დასაფასებელი საქციელია, ვინაიდან ვიცით, რომ მას ჩვენთან მეგობრობა დიდად არ სჭირდება. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ მისი შემოთავაზება, რადგან ვიცით, რომ თუკი ამას არ ვიზამთ თეთრკანიანები შეიძლება იარაღებით მოგვადგნენ და მიწა ძალით წაგვართვან.
როგორ შეგიძლიათ გაყოდოთ ცა – მიწის სითბო? ეს იდეა უცხოა ჩვენთვის. მაშინ, როცა არ ვფლობთ ჰაერის სისუფთავეს, წყლის სიკამკამეს, როგორ შეგიძლიათ იყიდოთ ისინი ჩვენგან? ამ მიწის ყოველი ნაწილი წმინდაა ჩემი ხალხისთვის. ფიჭვის ყოველი მბრწყინავი წიწვი, ყოველი ქვიშიანი ნაპირი, ბნელი ტყის ნისლი, ყველა სიწმინდე და მწერების ბზუილი წარმოადგენს სიწმინდეს ჩემი ხალხის მეხსიერებასა და გამოცდილებაში. ხეებში მჩქეფარე ენერგიით სავსე წვენი ინახავს წითელკანიანთა მოგონებებს.
გარდაცვლილი თეთრკანიანი ივიწყებს თავის დაბადების ადგილს როდესაც ვარსკვლავებს შორის გზას დაადგება. ჩვენი მკვდარი კი არასდროს ივიწყებს ამ მშვენიერ დედამიწას, რადგან იცის, რომ იგია წითელკანიანის დედა. ჩვენ დედამიწის ნაწილი ვართ, ხოლო ის ჩვენი ნაწილია. სურნელოვანი ყვავილები ჩვენი დები არიან: რქიანი მხეცები, ცხენები და დიდებული არწივები – ჩვენი ძმები. ველები, კვიცისა და ადამიანის თბილი სხეულები, ყველაფერი ერთ ოჯახს ეკუთვნის. ამდენად, როდესაც ვაშინგტონის დიდ ლიდერს მიწის ყიდვა უნდა, ის თავისთავად ძალიან დიდ შეთანხმებას ითხოვს. დიდი ლიდერი გვითვლის, რომ იგი გამოყოფს ადგილს ჩვენთვის, რათა ერთად კომფორტულად შევძლოთ ცხოვრება. ის იქნება მამაჩვენი, ჩვენ კი – მისი შვილები. ამის გამო ჩვენ განვიხილავთ მიწების ყიდვის შემოთავაზებას. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, ვინაიდან ეს მიწები ჩვენთვის წმინდაა. მოკამკამე წყალი, რომელიც ჩქეფს მდინარეებსა და ნაკადულებში უბრალოდ წყალი არაა, ეს ჩვენი წინაპრების სისხლია. თუკი ჩვენ ამ მიწებს გავყიდით, თქვენ უნდა გახსოვდეთ და თქვენს შვილებსაც უნდა ასწავლოთ, რომ ისინი წმინდაა, რომ ტბების კრიალა წყლის ზედაპირზე ყოველი მოჩვენებითი ანარეკლი საუბრობს ჩემი ხალხის სიცოცხლესა და მოგონებებზე.
მდინარეები ჩვენი დები არიან და წყურვილს გვიკლავენ. მდინარეებს მიჰყავთ კანოეები და კვებავენ ჩვენს შვილებს. თუკი ჩვენს მიწებს მოგყიდით, უნდა გახსოვდეთ და ასწავლოთ თქვენს შვილებს, რომ მდინარეები ჩვენი ნათესავებიც არიან და თქვენიც, ამიერიდან მდინარეებს ისევე კეთილად უნდა მოექცეთ, როგორც თქვენს დებს და ძმებს.
ვიცით, რომ თეთრკანიანი ვერ მიხვდება ჩვენს გზას. მიწის ერთი ნაწილი ისეთივია მისთვის, როგორიც მეორე, ის უცხოა, რომელიც ღამით მოდის და იღებს მიწისგან იმას, რაც სჭირდება. მიწა არ არის მისი ძმა, ის მისი მტერია და როდესაც იპყრობს მას, წინ აგრძელებს გზას. იგი თავისი მამის საფლავებს ტოვებს და მათი შვილების უფლებებს ივიწყებს. შვილებს მიწას უძარცვავს და მასზე არ ზრუნავს. ავიწყდება მამამისის საფლავი და შვილების უფლებები. ის ისე ეპყრობა დედას, დედამიწას, ცას და მის ძმას, თითქოს გასაყიდი ან ნაყიდი იყოს, მისი დაუკმაყოფილებელი შიმშილი დედამიწას გადაყლაპავს და უდაბნოს დატოვებს.
ჩვენი გზები თქვენგან განსხვავებულია. თქვენი ქალაქების დანახვაც კი ტკივილს გვრის წითელკანიანს. მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ წითელკანიანი ველურია და არ ესმის. თეთრკანიანის ქალაქებში მშვიდი ადგილები არ არსებობს, ვერ მოუსმენთ მწერების ფრთების ან გაზაფხულის ფოთლების შრიალს. მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მე ველური ვარ და არ მესმის რა არის ცხოვრება თუკი ადამიანი ვერ მოისმენს ჩიტების მშვენიერ გალობას ან ღამით ჭაობის გარშემო ბაყაყების ყიყინს? მე წითელკანიანი ვარ და არ მესმის. ინდიელი ამჯობინებს შუადღის წვიმით თავისთავად გაწმენდილი ან ფიჭვის სურნელებით გაჟღენთილი ქარის სუფთა ხმას.
ჰაერი ძვირფასია წითელკანიანისთვის. ყველაფერი ერთი და იმავეთი სუნთქავს – მხეცები, ხეები და ადამიანები. თეთრკანიანები ვერ ამჩნევენ ჰაერს, რომლითაც სუნთქავენ. თუკი ჩვენს მიწებს გავყიდით, უნდა გახსოვდეთ, რომ ჰაერი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჰაერი თავის სულს უზიარებს ყველა სიცოცხლეს, რომელიც მას ინარჩუნებს და თუ მიწებს გავყიდით, ისინი უნდა გამოყოთ დანარჩენისგან და შეინარჩუნოთ მათი სიწმინდე, აქციოთ ისეთ ადგილად, სადაც თეთრკანიანიც კი ყვავილების ტკბილი სურნელით გაჟღენთილი ქარის შესაყნოსად მიდის.
თუკი მივიღებ თქვენს შემოთავაზებას, ერთ პირობას წაგიყენებთ. თეთრკანიანი უნდა მოეპყრას ამ მიწის მხეცებს, როგორც თავის ძმებს. მე ველური ვარ და სხვაგვარად არ მესმის. ნანახი მაქვს ათასობით გახრწნილი კამეჩი მინდორზე, რომელიც თეთრკანიანებმა დატოვეს მოძრავი მატარებლიდან სროლის შემდეგ. მე ველური ვარ და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება მბოლავი რკინის ცხენი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე კამეჩი, რა არის ადამიანი მხეცების გარეშე? . ყველაფერი დაკავშირებულია და რაც არ უნდა დაზიანდეს ამით დედამიწა და მისი შვილები ზიანდება.
უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს, რომ მათ ფეხქვეშ არსებული მიწა მათი ბებია-ბაბუების ფერფლია. იმისათვის, რომ მათ პატივი სცენ დედამიწას, ასწავლეთ, რომ დედამიწა ჩვენი წინაპრების სიცოცხლითაა სავსე. უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ის, რაც ჩვენ ჩვენსას ვასწავლით: რომ დედამიწა დედაჩვენია. ყველაფერი, რაც დედამიწაზე გავლენას ახდენს, ასევე გავლენას ახდენს დედამიწის შვილებზე. როდესაც ადამიანები მიწას აზიანებენ, ისინი საკუთარ თავს აზიანებენ. ჩვენ ვიცით: დედამიწა არ ეკუთვნის ადამიანს. ადამიანი ეკუთვნის დედამიწას. ადამიანს არ მოუქსოვია სიცოცხლის ბადე – ის მხოლოდ ძაფია მასში. ყველაფერს, რასაც ბადეს უკეთებს, საკუთარ თავსაც უკეთებს. რაც დააზიანებს დედამიწას, დედამიწის შვილებსაც დააზიანებს. ჩვენ ეს ვიცით. ყველაფერი ერთმანეთს ისევე უკავშირდება, როგორც სისხლი აკავშირებს ოჯახს.
თეთრკანიანიც კი, რომლის ღმერთიც მასთან ერთად დადის და ელაპარაკება, არ შეიძლება გამოირიცხოს საერთო ბედიდან. საბოლოოდ შეიძლება ძმებიც კი აღმოვჩნდეთ. ერთი რამ ვიცით, რასაც თეთრკანიანი ოდესმე მიხვდება რომ ჩვენი ღმერთი იგივე ღმერთია. შეიძლება ფიქრობთ, რომ მას ისევე ფლობთ, როგორც ჩვენი მიწის დაპატრონება გსურთ, მაგრამ არ შეგიძლიათ. ის ადამიანის სხეულია და მისი თანაგრძნობა ერთია წითელკანიანებისა და თეთრკანიანების მიმართ. ეს დედამიწა მნიშვნელოვანია მისთვის და დედამიწისთვის ზიანის მიყენება შემოქმედს აყენებს შეურაცხყოფას. შეიძლება თეთრკანიანები უფრო ადრე გადაშენდნენ ვიდრე სხვა ტომები. გააგრძელეთ საკუთარი საწოლის წაბილწვა და ერთ ღამეს საკუთარ ნარჩენებში შეგეხუთებათ სული. მაგრამ უკანასკნელ წუთებშიც კი იფიქრებთ, რომ ღმერთმა მოგცათ ეს მიწები და განსაკუთრებული დანიშნულება მათზე და წითელკანიანებზე ბატონობისა. როდესაც ყველა კამეჩი განადგურდება, გარეული ცხენები მოთვინიერდებიან, ტყის საიდუმლო ადგილებიც დამძიმდება ადამიანის სუნით და მწიფე გორაკების ხედი განადგურდება მავთულებით, გაქრება დაბურული ტყეები, გაქრება არწივები.. გინდათ გითხრათ რა მოხდება თუ ბუნების განადგურებას და ნადირობას არ შეწყვეტთ? ცხოვრება დასრულდება და გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყება. ‘