– ანუ ამბავი მრავლად დაფანტული ღმერთისა
მოდით, შევხედოთ ამ ყველაფერს უძველესი ვედური ცოდნის კუთხით, რომელსაც სანსკრიტზე ჯიოტიში ეწოდება. ესაა ცოდნა ყველაფრის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ნაწილებად და სფეროებად იყოფა, მაგრამ მისი მთავარი ნაწილია ცოდნა სამყაროს ძალთა შესახებ. ესაა უძველესი ფუნდამენტური ცოდნა, რომელზეც აგებულია ყველაფერი დანარჩენი. ვეცდები ძალიან მოკლედ და გასაგებად წარმოგიდგინოთ იგი და დავაკავშირო ზემოთმოყვანილ ცნებებთან. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ ახალი ხედვის კუთხე შემოვიტანო სამყაროს ამ ისედაც რთულ სისტემაში.
ერთი (შეგვიძლია მას ვუწოდოთ ‘ღმერთი’) იყოფა ორ ყველაზე ფუნდამენტალურ ძალად, ორ პრინციპად. სანსკრიტზე მათ ეწოდებათ ‘სურია’ და ‘ჩანდრა’. ესაა ცენტრის პრინციპი და პერიფერიის (თანამგზავრის) პრინციპი. ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც მზე და მთვარე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს პრინციპები პირველ რიგში სამყაროს მთავარი ძალებია, და მზე, მთვარე და სხვა პლანეტები ამ ძალთა მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასტროლოგია განიხილავს ამ ძალებთან კავშირს პლანეტარული განლაგების (ნატალური რუქის) მეშვეობით, მაგრამ ხშირად თანამედროვე ასტროლოგებს ავიწყდებათ, რომ პირველადი და მთავარი სწორედ ძალებია და არა ჩვენს მზის სისტემაში არსებული ციური სხეულები. სინამდვილეში ჯიოტიში ამ ძალების შესახებ ცოდნაა და არა მზის სისტემის პლანეტების. უძველეს ჯიოტიშის ოსტატს შეეძლო ადამიანის ხელისგულზე დაენახა იგივე (პალმისტრი [სანსკრ], ანუ ქირომანტია) რასაც დღეს თანამედროვე ვედური ან დასავლური ასტროლოგიის მიმდევრები ნატალურ რუკაში ხედავენ. მაშ ასე, სამყაროს მთავარი ძალები:
სურია (მზე) — ესაა არსებობის ძალა, რომელიც ყოველივეს ცენტრია. იგი ვლინდება ყველა მაკრო- და მიკრო-სისტემაში. იგია გალაქტიკის ცენტრი — გალაქტიკაში, იგია მზე — მზის სისტემაში, იგია ბირთვი — ატომში. იგია ის ძალა, რომელიც ნებისმიერი სისტემის არსია, სულია, ცენტრია და ინარჩუნებს მას, შესაბამისად მის გარეშე ნებისმიერი სისტემა დაიშლება. ადამიანში — ესაა ის ყველაზე ნატიფი ძალა, რომელიც სიცოცხლეს აძლევს მას და რომლის გარეშეც სხეული უძრავ გვამად იქცევა. თუ შეგრძნებებით განვიხილავთ, სურია ადამიანში — ესაა შეგრძნება ‘მე ვარ’, ‘მე ვარსებობ’, ‘მე გავცემ’. ესაა ‘ერთიანი’, საიდანაც წარმოიშობა ყველა დანარჩენი ციფრი.
ჩანდრა — (მთვარე) ესაა პერიფერიის პრინციპი, თანამგზავრის პრინციპი. ადამიანში ვლინდება, როგორც ძალა — ‘მე ვგრძნობ’, ‘მე შევიგრძნობ’, ‘მე ვიღებ’. პლანეტა მთვარე ასტროლოგიურად გამოხატავს ამ ძალას, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს, ჩანდრას წარმოადგენს მზის მიმართ. სწორედ ჩანდრაა ყველაზე ნატიფი ძალა მზის შემდეგ. ჩანდრა არსობრივად შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ქმნილების არსი. ესაა მზის ‘ნათელის’ ის ‘ბნელი’ პოლარობა, რომელიც შთანთქავს ამ ნათელს და ცდილობს აღივსოს მისით, და ამგვარად შეერწყას მის არსს. სწორედ ჩანდრა ვლინდება ამის შემდეგ მატერიაში 5 მატერიალურ ძალად, რომლებიც მატერიის 5 ელემენტს (სტიქიას) შეესაბამება:
გურუ — სტიქია – ეთერი. ესაა სივრცის არსი, მატერიის ყველაზე ნატიფი ‘მატრიცა’, რომელზეც ყველაფერი დანარჩენი ლაგდება. ინფორმაციული ველი, რომელიც ყველაფერს ინახავს. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა იუპიტერი.
მანგალა — სტიქია – ცეცხლი. განსხვავებით მზისგან, ანუ სულიერი ცეცხლისგან (სულიერი იან-ისგან) ესაა მატერიალური ცეცხლი, პირველადი მატერიალური სინათლე, პირველი აფეთქება (Big Bang), შეღწევის, გაფართოების, დაწვის, დაშლის, აქტიური ქმედების იმპულსი. ასტროლოგიურად მას წარმომადგენს პლანეტა მარსი.
შუკრა — სტიქია – წყალი. ცეცხლის საპირისპირო პოლარობა. განსხვავებით ჩანდრასგან, ანუ სულიერი წყლისგან (ინ-ისგან), ესაა მატერიალური წყალი. მიზიდვის, შეკუმშვის, ჩაქრობის, გაყინვის იმპულსი. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა ვენერა.
შანი — სტიქია – ჰაერი. სტიქია, რომელიც აწონასწორებს ცეცხლისა და წყლის პოლარობებს. ასევე შემოსაზღვრავს ნებისმიერ სისტემას და გვევლინება, როგორც წონასწორობის შემანარჩუნებელი და ‘დამსჯელი’ ძალა. ‘სასჯელი’ სწორედ მაშინ მოდის, როდესაც წონასწორობა ირღვევა და ცეცხლის ან წყლის მიმართულებით მეტისმეტად გადაიხრება. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა სატურნი.
ბუდჰა — სტიქია – მიწა. ძალა, რომელიც კრავს და საბოლოო ფორმას აძლევს ყველა დანარჩენ სტიქიას. ესაა საბოლოო ფორმის მიცემის ძალა. მეტყველება, როგორც აზრის სიტყვად საბოლოოდ ფორმირების პროცესი, ასევე წერის პროცესი. კომუნიკაციის პროცესი. მიწის სტიქია, ერთი მხრივ ყველაზე ‘ფორმირებული’ და ‘გაუხეშებულია’, მეორე მხრივ იგი საკუთარ თავში შეიცავს ყველა დანარჩენ სტიქიას. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა მერკური.
ეს ხუთი მატერიალური ძალა + ორი მთავარი პრინციპი (სურია და ჩანდრა) გვაძლევს სამყაროს შვიდ მთავარ ძალას, რომელიც აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. მატერიაში არის კიდევ ორი ძალა (უფრო სწორად ერთი ძალის ორი პოლუსი) რომელსაც ეწოდება რაჰუ-კეტუ, მაგრამ ამ ძალების დაწვრილებით აღწერილობაზე არ შევჩერდები. ვეცდები ზემოთ მოყვანილ ცნებებთან დავაკავშირო მთავარი ძალები: სურია და ჩანდრა.
- სურია — არსია, ჩანდრა — ფორმაა, ჭურჭელია;
- სურია — იდეაა, ჩანდრა — იდეის მრავალრიცხოვანი გამოვლინებაა;
- სურია — წესრიგია, ჩანდრა — ქაოსია;
- სურია — ზე-სისტემაა, ჩანდრა — სისტემა და ქვე-სისტემებია;
- სურია — შემოქმედია, ჩანდრა — ქმნილებაა;
- სურია — გამცემია, ჩანდრა — მიმღებია;
- სურია — იანია, ჩანდრა — ინია;
- სურია — სინათლეა, ჩანდრა — სიბნელეა;
- სურია — გამცემი, დაღმავალი ძალაა, რომელიც თავისი სინათლით ცდილობს შეაღწიოს და გავრცელდეს ჩანდრაში, შეერწყას მას; ჩანდრა — მიმღები, აღმავალი ძალაა, რომელიც შთანთქავს სურიას სინათლეს და ცდილობს თავისი სიბნელით გარს მოეფინოს, შთანთქოს იგი, შეერწყას მას;
ნებისმიერი სისტემა მთლიანია მხოლოდ მაშინ, როცა ეს ორი ძალა მასში ჰარმონიულადაა, როცა ისინი კონფლიქტში არ არიან ერთმანეთთან. მესამე ძალას, რომელიც ამ ორს ათანხმებს, უწოდებენ ჰარმონიას, სიყვარულს, დიალექტიკას, სიმბიოზს, სინთეზს. მესამე ძალის გარეშე ეს ორი ძალა მუდმივ კონფლიქტში იქნებოდა თავიანთი ურთიერთ-საწინააღმდეგო ბუნების გამო. ადამიანიც სწორედ ამ ორი ძალის ურთიერთ-ბალანსის შედეგად არსებობს. აქედან ვღებულობთ სამების პრინციპს სამყაროში.
- სული, სურია, შემოქმედი არსი, ცეცხლის სტიქია, მამა…
- მატერია, ჩანდრა, მიმღები არსი, წყლის სტიქია, დედა…
- ადამიანი, ბავშვი, სიყვარული, თანხმობა, ჰარმონია, დიალექტიკა.
არსებობენ სწავლებები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მზის გზაზე (ე.წ. ჩამომავალ, ზემოდან დაშვებულ ცოდნაზე), არსებობენ სწავლებები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მთვარის გზაზე (ე.წ. აღმავალ ცოდნაზე). პირველს უმეტესწილად განეკუთვნებიან რელიგიები (თავისი პირვანდელი იმპულსით) და სხვადასხვა სულიერი და ეზოთერული სწავლებები. მეორეს უმეტესწილად განეკუთვნება მეცნიერება და სხვადასხვა ტანტრულ-ოკულტური ეზოთერული სწავლებები. და სამწუხაროდ ამ ორ გზას შორის ხშირად კონფლიქტია, რადგან ადამიანის ცნობიერება ჯერ არ განვითარებულა იმ დონემდე, რომ ჰარმონია დაამყაროს და სინთეზი მოახდინოს ამ ორ მიმართულებას შორის. მეცნიერება ხშირად უარყოფს უძველესი დროიდან დატოვებულ ‘ზემოდან შთაგონებულ’, დაღმავალ ცოდნას, ან იმ ცოდნას, რომელსაც რაღაც გზებით ახლაც ყოველ წამს გვაძლევს სურია, ანუ ზე-სისტემა. და მეორე მხრივ ‘ზემოდან’ მიღებული ცოდნის მიმდევრებიც ძალიან ხშირად უარყოფენ აღმავალ, მეცნიერულ ცოდნას, არასერიოზულად თვლიან მას, ხშირად ‘დემონურსაც’ უწოდებენ, და ვერ აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში ესაა ქმნილების, ანუ ჭურჭლის ევოლუცია, და რაც უფრო მეტად ვითარდება ჭურჭელი, მით უფრო მეტ სინათლეს იტევს იგი. სინამდვილეში ეს ორი პროცესი ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და ეს დაყოფაც მხოლოდ პირობითია. იანი გადადის ინში, და ინი გადადის იანში…
ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია უფრო მეტი აქცენტი გავაკეთო აღმავალ გზაზე, ანუ ქმნილების განვითარების გზაზე, რადგანაც ეს გზა უფრო ახსნადია, ექსპერიმენტულად დამტკიცებადია, ადამიანთა უმრავლესობისთვის გასაგები და მისაღებია. ამიტომაც ნაკლებად ვეხები ზე-სისტემის (შემოქმედის) აღწერას და ვცდილობ სისტემის, ანუ ქმნილების შესახებ უფრო მეტი ვისაუბრო, და ამ ორი მიმართულების კიდევ ერთი საინტერესო კუთხით საჩვენებლად სწორედ უძველესი — ჯიოტიშის ცოდნა მოვიშველიე, რომელიც სწორედ მზის გზითაა მიღებული, და არა მეცნიერული კვლევების და ექსპერიმენტების შედეგად, და თან ვეცადე ამომევსო ცოდნის ამ ორ მხარეს შორის არსებული ნაპრალი.
მაშ, ასე, განვაგრძოთ ჩვენი მოგზაურობა ქმნილების განვითარების კვალდაკვალ…
თუ გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ქმნილება ვლინდება ოთხ დონედ: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. სიცოცხლის გამოვლინების ყველა ფორმა, დაწყებული მინერალით და დამთავრებული ადამიანით, მხოლოდ ამ ოთხი დონის ფარგლებშია. არსებობს გარდამავალი ფორმებიც, მაგალითად სოკო, როგორც გარდამავალი ფორმაა მცენარეულსა და ცხოველურს შორის, მაგრამ სხვა დონეს გარდა ამ ოთხისა ჩვენ ვერ ვხედავთ. შეგახსენებთ, რომ საუბარია სისტემაზე, და არა ზე-სისტემაზე (ანუ ზე-ადამიანურ დონეზე). მოვიყვან ცნობილი სუფი პოეტის — ჯალალ-ედ-დინ რუმის ციტატას:
‘გარდავიცვალე მე, როგორც ქვა და მცენარედ ვიქეც, გარდავიცვალე მცენარე და ამ ქვეყანას მოვევლინე ვით მხეცთაგანი. გარდავიცვალე მხეცთაგანი და კაცად ვიქეც, და სიკვდილის აღარ მეშინის, განა შეწყვეტს ჩემ აღზევებას გარდაცვალება? მოვა ჟამი და მომერღვევა კაცური სახე და რადგან ქვეყნად ყოველივე აღიგვება თვინიერ მისა, მე აღზევებით ანგელოზთაც აღვემატები, რომ გონებისთვის მიუწვდომელ არსად გადვიქცე’.
როგორც ნიცშე ამბობდა, სწორედ ადამიანია ხიდი ცხოველსა და «’ნგელოზს’ შორის. და ზე-ადამიანური დონეები, ეს უკვე სისტემას სცდება და ზე-სისტემაში გადადის. და რადგანაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ სტატიაში სისტემის ფარგლებს არ გავცდებით, დავუბრუნდეთ მას.
მაშ ასე. ოთხი დონე, რომელიც ბევრ სისტემასა და კლასიფიკაციაში გვხვდება. ამ ოთხ დონეზე საუბრობდნენ სუფიებიც, კაბალისტებიც, მას აღწერდა რუდოლფ შტაინერი და სხვა მრავალი ეზოთერიკოსი. მაგრამ დღეისათვის ამ ოთხი დონის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და მეცნიერული აღწერილობა, მისი ფრაქტალური განმეორებადობა და ზუსტი სტრუქტურული მატრიცა როგორც მაკრო, ასევე მიკროკოსმოსში, და რაც მთავარია ადამიანის ფსიქიკაში, შეგვიძლია სისტემურ-ვექტორულ მატრიცაში ვიხილოთ.
ფიზიკოსმა და ფსიქოლოგმა ვლადიმირ განზენმა ფსიქოლოგიაში შემოიტანა სრულიად ახალი მიდგომა — ობიექტებისა და მოვლენების სისტემური აღწერა. განზენის თეორიის თანახმად, ნებისმიერი დაკვირვებადი რეალობის ასაღწერად აუცილებელია და საკმარისია ოთხი პარამეტრი: დრო, სივრცე, ენერგია და ინფორმაცია. გრაფიკულ ვარიანტში ეს გამოისახება, როგორც კვადრატი, რომელიც ოთხი კვადრატისგან (ოთხი მეოთხედისგან) შედგება. ე.წ. განზენის მატრიცამ საფუძელი ჩაუყარა მისი მოსწავლის, ვიქტორ ტალკაჩოვის შრომას, რომელმაც ეს მატრიცა აქცია განზენ-ტალკაჩოვის მატრიცად. თვითოეული მეოთხედი დაიყო ორად — ინტრავერტულ და ექსტრავერტულ ნაწილებად. დროის მეოთხედი დაიყო წარსულად და მომავლად სივრცის ნაწილი დაიყო შიგა და გარე სივრცედ და ა.შ. მთლიანობაშ მივიღეთ 8 ვექტორი, 8 ეროგენული ზონა, 8 ფსიქოტიპი, რომელიც ქმნის მთლიან და დასრულებულ სისტემას. ამ ვექტორების ჩამონათვალია: კუნთის, ანალური, კანის, ურეთრალური, ორალური, ვიზუალური, ყნოსვის (ნაზალური) და სმენის (აკუსტიკური).
ვექტორული სისტემის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიის ქართულ ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/svp.ge/ ან საიტზე: http://svp.ge ამ სტატიაში კი ხაზს გავუსვამ მხოლოდ იმას, რომ ქმნილების განვითარების ოთხი დონე ფრაქტალურად მეორდება სამყაროს ყველა დონეზე (მათ შორის ვექტორულ სისტემაშიც), და სისტემურ-ვექტორული აზროვნება სრულიად ახალი სიტყვაა და პირველია მეცნიერებაში, რომელიც სისტემურად და ერთიანობაში, დღეისათვის ყველაზე კარგად და გასაგებად განიხილავს მოვლენათა ურთიერთკავშირს და ადამიანის ფსიქოტიპებს (სისტემის ფარგლებში და აღმავალი გზის თვალსაზრისით).
ქმნილების არსი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არ არის რაღაც ერთფეროვანი და მონომორფული, არამედ იყოფა 8 ვექტორად, სურვილის ავსების 8 მიმართულებად. თუ გავავლებთ პარალელს ქმნილების განვითარების ოთხ დონესთან, გამოდის, რომ ადამიანმაც და მთელმა კაცობრიობამაც უნდა გაიაროს ჯერ არაცოცხალი, შემდეგ მცენარეული, შემდეგ ცხოველური და ბოლოს ადამიანური დონეები. სისტემურ-ვექტორული მატრიცის მიხედვით აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა თავისი განვითარების ფაზით ჯერ მხოლოდ ცხოველურ დონეზე იმყოფება. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი (ეს ეხება კაცობრიობას, და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, სადაც ასევე არსებობს გრადაცია არაცოცხალიდან ადამიანურ დონემდე).
აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული ვექტორული ნაკრები (ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ვექტორთა ნებისმიერი რაოდენობა 1-დან 8-მდე). და სწორედ ეს ნაკრები განსაზღვრავს ადამიანის სურვილთა, შესაბამისად ძალისხმევათა და მოქმედებათა მიმართულებებს. აქედან გამომდინარე, ადამიანში დაბადებიდან ჩადებულია მისი ფუნქციური როლი, და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბედნიერი და რეალიზებული, თუკი ამ როლს ასრულებს. და ადამიანთა ტანჯვის მიზეზებია: ამ როლების ვერ-გაცნობიერება, ამ როლებში არარეალიზებულობა და რაც ჩვენი დღევანდელი ცივილიზაციისთვისაა დამახასიათებელი როლების (ფუნქციების) თავსმოხვევა საზოგადოების მხრიდან.
ვექტორების დაწვრილებით განხილვას ამ სტატიაში ვერ მოვახერხებ, მაგრამ მინდა გავავლო პარალელი ზემოთ ნათქვამთან და შესადარებლად ავიღო ორი ვექტორი: კუნთის ვექტორი და სმენის ვექტორი (ამ სტატიის სრულყოფილად გასაგებად კარგი იქნება, თუ გაეცნობით ამ ვექტორების მოკლე მიმოხილვებს). სხვა დანარჩენი ვექტორები, რაღაც კუთხით წარმოადგენენ გრადაციებს ამ ორ ვექტორს შორის. და თუ დონეების მიხედვით შევაფასებთ, კუნთის ვექტორი – ესაა არაცოცხალი დონე, ეგოიზმის ყველაზე პრიმიტიული ფორმა ადამიანში, ხოლო სმენის ვექტორი — ადამიანური დონის ყველაზე მაღალი გამოვლინება, ესაა ამობრუნებული ეგოიზმი, რომელიც სრული განვითარების შემთხვევაში იქცევა აბსოლუტურ ალტრუიზმად. კუნთის ვექტორი — ესაა მატერიის ბაზა, ფუნდამენტი, ხოლო სმენის ვექტორი — ესაა ქმნილების არსის სურვილი — სრულად შეიმეცნოს მატერია და გასცდეს მის საზღვრებს (პირობითად რომ ვთქვათ, ამაღლდეს სისტემის დონიდან ზესისტემის დონემდე).
თუკი ავიღებთ კაცობრიობას, როგორც სისტემას, მასში კუნთის ვექტორი წარმოადგენს ერთიან ცნობიერებას —’ჩვენ’. ესაა კვანტური არალოკალური ჩახლართულობის ყველაზე მაღალი ხარისხი კაცობრიობის სისტემის შიგნით. ხოლო სმენის ვექტორი — ესაა ჩახლართულობის ყველაზე დაბალი ხარისხი. ესაა შესაძლებლობა, რომ პიროვნულმა ‘მე’-მ განიცადოს დამოუკიდებელი ევოლუცია.
კუნთის ვექტორი არ სვავს კითხვებს. აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან. აზროვნებს პრინციპით —’სადაც ყველა, იქაც მე’. ხოლო სმენის ვექტორი, ესაა ვექტორი, რომელმაც პირველად დასვა ფილოსოფიური კითხვები: რისთვის არსებობს, რა მიზანი აქვს ადამიანს, საერთოდ სიცოცხლეს და ა.შ. და მისი ფუნდამენტური კითხვაა: ‘ვინ ვარ მე?’. მისი ფუნქციაა პირველ-არსთან, პირველ-მიზეზთან დაბრუნება.
ახლა კი გავცეთ პასუხი კითხვას, რომელიც დასაწყისში დავსვი: ‘რატომაა ჩვენთვის ცნობილი ყველა მცენარეული და ცხოველური სისტემა ბუნებასთან ჰარმონიაში და რატომ ქმნის კონფლიქტს ბუნებასთან მხოლოდ ადამიანი (კაცობრიობა)?’
მიზეზი მარტივია: ადამიანში სმენის ვექტორი პირველად გამოვლინდა სრული სახით, პირველად სწორედ ადამიანში გაჩნდა შემეცნების სურვილი, მაგრამ შემეცნებისთვის საჭირო იყო განზე გადგომა, სისტემის ჩახლართულობიდან გამოსვლა, საკუთარი თავის პიროვნულ ‘მე’-დ შეგრძნება. ადამიანმა პირველად იგემა ‘აკრძალული ნაყოფი’. მან აირჩია განვითარების გზა: ‘მე თვითონ’. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი (კაცობრიობა) თითქმის ყოველთვის თავის შეცდომებზე სწავლობდა.
დღეს ადამიანის ფუნქციაა, რომ მთლიანად კაცობრიობამ (და არა მხოლოდ რომელიღაც გამორჩეულმა ინდივიდებმა) დაინახოს სამყაროს კანონზომიერებები, დაინახოს, რომ არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელ სამყაროში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ‘ჩახლართულ’ მდგომარეობაში იმყოფება. დაინახოს, რომ ჩვენ ყველანი ერთი საერთო სისტემის, ერთი საერთო ორგანიზმის უჯრედები ვართ, უჯრედებს, რომლებიც მთელის წინააღმდეგ მიდიან — კიბოს უჯრედები ეწოდებათ და თუ გაჯანსაღება ვერ შეძლო, ‘მთელი’ მათ აუცილებლად გაანადგურებს. დღეს კაცობრიობა უახლოვდება იმ ზღვარს, როცა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ყველანი, მთელი მსოფლიო, ყოველი ერი ერთ ნავში ვსხედვართ და ნებისმიერი დაპირისპირება და კონფლიქტი დიალექტიკის (სიყვარულის) გარეშე, ესაა სამყაროს მთავარი კანონზომიერების წინააღმდეგ წასვლა.
ნებისმიერ დუალიზმში ორი უპირისპირდება ერთმანეთს, და მხოლოდ მესამე ძალას შეუძლია მათი შერიგება, დაბალანსება, შეთანხმება. საყოველთაოდ ცნობილ ენაზე ამ ძალას სიყვარული ეწოდება. შეგვიძლია ამას დავარქვათ ერთიანობა, დიალექტიკა, ჰარმონია. ესაა ის, რასაც დაპირისპირებულობა, კონფლიქტი, თეზა და ანტითეზა გადაჰყავს ერთიანობაში, ურთი-ერთობაში, სინთეზში.
ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ბუნებრივ ჰარმონიას. მაგრამ ეს აღარ იქნება ‘იძულებითი’, განპირობებული, გაუცნობიერებელი ჰარმონია, როგორც ეს აქვთ ცხოველებს, მცენარეებს. არამედ იქნება გაცნობიერებული, შემეცნებული და ‘მე თვითონ’-ის გზით მიღწეული ერთიანობა. ე.წ. გაცნობიერებული ‘ჩახლართულობა’, როცა ‘მე’ წარმოადგენს ‘ჩვენ’-ის ნაწილს და ამავდროულად ინდივიდუალობასაც არ კარგავს. კაცობრიობა ჯერ ვერ სწვდება ზე-სისტემას, იმიტომ რომ ადამიანი ჯერ არ გამხდარა ადამიანი. ადამიანი ჯერ ისევ ბავშვია, რომელიც ‘სათამაშოს’ კანონზომიერებას მისი დამტვრევით და დაშლით სწავლობს.
ოდესღაც იყო ერთი. ერთი მრავლად დაიფანტა. მრავალი ისევ ცდილობს ერთამდე მისვლას… ეს თამაში დროსა და სივრცეში მიმდინარეობს… დროსა და სივრცის მიღმა კი — ყველაფერი ისევ ერთია! და ამ რეალობაში ჩვენ ვართ დაფანტული ‘მე’-ები, რომლებსაც დაგვავიწყდა ჩვენი (ღმ)ერთობა!
ავტორი: მამუკა გურული
წყარო: maGma.ge