მუსიკის ფსიქიკური ზემოქმედება
მუსიკის სფეროს კვლევაში უზარმაზარი ლაქები არსებობს. თანამედროვე მეცნიერებისთვის მის ფსიქიკურ ზემოქმედებაზე ცოტა რამ თუა ცნობილი. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მუსიკის, ვიბრაციის ან ბგერის ზემოქმედება ჩვენამდე მოდის და ჩვენს გრძნობებს გარედან ეხება, თუმცა კიდევ რჩება ერთი პასუხგაუცემელი კითხვა: რა წარმოადგენს ზემოქმედების იმ საწყისს, რომელიც შინაგანად მოდის? ფსიქიკური ზემოქმედების ნამდვილი საიდუმლო სწორედ ამ საწყისში იმალება, – საწყისში, რომლიდანაც ბგერა მოედინება.
უბრალოდ და იოლად გასაგებია, რომ ხმა გარკვეული ფსიქიკური ფასეულობის მატარებელია, რომ ერთი ხმა მეორისაგან განსხვავდება და, რომ თითოეულ ხმას საკუთარი ფსიქიკური ძალა გააჩნია. ძალიან ხშირად ადამიანი ტელეფონში მისგან შორსმყოფი მოლაპარაკე მეორე ადამიანის პიროვნებას გრძნობს. მგრძნობიარე ადამიანს შეუძლია მხოლოდ ხმა შეიგრძნოს, თანაც ისე, რომ მოლაპარაკეს ვერ ხედავდეს. და ბევრნი სიტყვაზე ისე არ არიან დამოკიდებულნი, როგორც ხმაზე, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. ეს გვიჩვენებს, რომ ფსიქიკური განვითარების დონე გამოისახება საუბარში, განსაკუთრებით სიმღერაში.
სანსკრიტზე სუნთქვას „პრანა“ ეწოდება, რაც თავად სიცოცხლეს ნიშნავს. მაშ, რა არის ხმა? ხმა სუნთქვაა. თუკი ადამიანში, ადამიანურ კონსტიტუციაში რამე არსებობს, რომელსაც შეიძლება სიცოცხლე დავარქვათ, – ეს სუნთქვაა. ადამიანის ხმა კი სუნთქვაა, რომელიც გარეგნულად მჟღავნდება. ამიტომ ადამიანს ყველაზე უკეთ საკუთარი თავის გამოხატვა სიმღერასა და ლაპარაკში შეუძლია. თუკი სამყაროში არსებობს რამე, რასაც გონებასა და გრძნობებს შეუძლია გამოსახვა მისცეს, – ეს ხმაა. ხშირად ადამიანი რომელიმე თემაზე სასაუბროდ ათასობით სიტყვას ხარჯავს, მაგრამ ზემოქმედებას მაინც ვერ ახდენს, თუმცა სხვა ადამიანმა შესაძლოა რომელიმე აზრის გამოსახატად სულ რამდენიმე სიტყვა გამოიყენოს და ღრმა შთაბეჭდილება მოახდინოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალა არა სიტყვებში, არამედ იმაშია, რაც სიტყვებს მიღმაა, ანუ ხმის ფსიქიკურ ძალაში, რომელიც „პრანიდან“ მოდის. ხმა მსმენელზე შთაბეჭდილებას ამ ძალის შესაბამისად ახდენს.
მევიოლინეს თითებსა და ფლეიტისტის ტუჩებზეც იგივეს პოვნა შეგვიძლია. მუსიკოსი, საკუთარი აზრებიდან გამოსული გავლენის შესაბამისად, თავისი ინსტრუმენტის საშუალებით ახდენს ზემოქმედებას. ის შეიძლება ძალიან მცოდნე იყოს, მაგრამ თუ მისი თითები სიცოცხლეს ვერ შეიგრძნობენ, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. იმ მუსიკის გარდა, რომელსაც ის უკრავს, არსებობს „პრანის“, ანუ ფსიქიკური ძალის გავლენაც, რომელსაც მუსიკოსი თავის მუსიკას ანიჭებს.
ინდოეთში ვინაზე*** შემსრულებლებიც არსებობენ, რომლთაც გავლენის მოსახდენად და სულიერი ფენომენის გამოსამჟღავნებლად სიმფონიის დაკვრა სულაც არ სჭირდებათ. მათ ამისთვის ხელში ვინას აღება და ერთი ბგერის გამოცემაც ჰყოფნით. გამოსცემენ თუ არა, ეს ბგერა სულ უფრო და უფრო ღრმად აღწევს. ამ მუსიკოსებს აუდიტორიისთვის განწყობის შექმნა ერთი ან ორი ნოტითაც შეუძლიათ. ხმა ყველა ნერვზე მოქმედებს. ეს იმ ლიუტნაზე დაკვრას ჰგავს, რომელიც ყველას გულშია. მათი ინსტრუმენტი იმ წყაროდ იქცევა, რომელსაც ყოველი ადამიანის გული ეხმაურება, – როგორც მოყვარის, ისევე მტრის. ყველაზე მტრულად განწყობილი ადამიანიც კი ვინაზე ნამდვილი შემსრულებლის წინაშე რომ წარსდგეს, სიავეს ვერაფრით შეინარჩუნებს. შეეხება თუ არა ნოტები ამ ადამიანს, ის ვეღარ შეეწინააღმდეგება იმ ვიბრაციებს, რომელიც თავად მასში წარმოიქმნება და ვეღარ შეძლებს არ გახდეს მეგობარი. ამიტომ ინდოეთში ასეთ შემსრულებლებს ხშირად მუსიკოსებს კი არა, „ვინას მაგებს“ უწოდებენ. მათი მუსიკა მაგიას წარმოადგენს. მართლაც, „მუსიკალური სული“ ის სულია, რომელსაც საკუთარი თავი მუსიკაში დაავიწყდა, ისევე როგორც ნამდვილი პოეტია ის, ვისაც თავი პოეზიაში ავიწყდება, ხოლო „სამყაროს სულები“ ისინი არიან, ვინც საკუთარი თავს სამყაროში ივიწყებს. ღვთიურია სული, რომელმაც თავი ღმერთში დაივიწყა. ყველა დიდებული მუსიკოსი, – ბეთჰოვენი, ვაგნერი და ბევრი სხვა, რომელთაც მსოფლიოს დაუტოვეს ნაშრომები, რომლებიც ყოველთვის განძად ჩაითვლება, – ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, საკუთარ საქმეში თავი რომ არ დაევიწყებინა. მათ ყველამ საკუთარი ყოფის იდეა დაკარგეს და ამგვარად ჩაიძირნენ იმ ერთადერთ საგანში, რომლისთვისაც მოვიდნენ და რომლადაც იქცნენ, რათა მსოფლიოსთვის მიეცათ. სრულყოფილების გასაღები სწორედ თავდავიწყებაში შეგვიძლია ვიპოვოთ.
მუსიკის მოსმენის განსხვავებული საშუალებები მოიპოვება. არსებობს ერთგვარი ტექნიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი, რომელიც განვითარებულ ტექნიკას ფლობს და საუკეთესო მუსიკის დაფასება ნასწავლი აქვს, შედარებით დაბალი ხარისხის მუსიკის გამო წუხს. მაგრამ ისეთი სულიერი მდგომარეობაც არსებობს, რომელიც ტექნიკასთან არ არის დაკავშირებული. მან უბრალოდ საკუთარი თავი მუსიკაზე უნდა ააწყოს, ამიტომ სულიერი ადამიანი მუსიკის ხარისხზე არ ღელავს. ეჭვგარეშეა, რომ რაც უკეთესია მუსიკა, მით სასარგებლოა ის სულიერი ადამიანისთვის, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტიბეტში ცხოვრობენ ლამები, რომლებიც კონცენტრირებენ და მედიტირებენ ერთგვარ ჟღარუნაზე, რომლის ხმა არც ისე მელოდიურია. ისინი იმ გრძნობას ავითარებენ, რომელსაც ადამიანი ვიბრაციის საშუალებით უმაღლეს მიზნამდე აჰყავს.
სულის ამაღლებისათვის მუსიკაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. რა თქმა უნდა, მუსიკის ძალა დამოკიდებულია სულიერების იმ დონეზე, რომელსაც ეზიარა. არსებობს ისტორია იმპერატორ აკბარის უდიდეს მუსიკოს ტანსენზე. ერთხელ იმპერატორმა ჰკითხა მას: „ო, დიდებულო მუსიკოსო, მითხარი ვინ იყო შენი მასწავლებელი“? ტანსენმა უპასუხა: „თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი მასწავლებელი უდიდესი მუსიკოსია, უფრო მეტიც, მე მას „მუსიკოსადაც“ ვერ ვუხმობ და „მუსიკას“ ვუწოდებ“. იმპერატორმა ჰკითხა: „შემიძლია მოვუსმინო როგორ მღერის“? ტანსენმა მიუგო: „შეიძლება. ვეცდები. მაგრამ მისი სასახლეში მოწვევა არც კი იფიქროთ“. იმპერატორი დაინტერესდა: „მაშინ შეიძლება ვეწვიო“? ამაზე მუსიკოსმა უპასუხა: „მისი თავმოყვარეობა შეიძლება იმაზე ფიქრითაც კი შეილახოს, რომ ვალდებულია მეფის წინაშე იმღეროს“. მაშინ აკბარმა შესთავაზა: „შეიძლება მას ვეახლო, როგორც შენი მსახური“? ტანსენი დათანხმდა: „დიახ, მაშინ არის იმედი“. ისინი წავიდნენ ჰიმალაის მაღალ მთებში, სადაც ბრძენს მუსიკის ტაძარი გამოქვაბულში ჰქონდა. ის ცხოვრობდა ბუნებაში, რომელიც უსასრულობით სუნთქავდა. ჩასვლისას მუსიკოსი ცხენზე იჯდა, ხოლო აკბარი ფეხით მიდიოდა. ბრძენმა დაინახა, რომ იმპერატორი მისი მუსიკის მოსასმენად ჩამოვიდა და გადაწყვიტა ემღერა. როდესაც განწყობა იგრძნო, სიმღერა წამოიწყო. მისი შესრულება შესანიშნავი იყო, ეს ფსიქიკური ფენომენი გახლდათ და სხვა არაფერი. ყველას ეჩვენებოდა, რომ ტყეში ყოველივე, – ხე თუ ბალახი ვიბრირებდა, – ეს სამყაროს სიმღერა იყო. აკბარისა და ტენსენის არსება ისეთმა ღრმა შთაბეჭდილებამ შეიპყრო, რომლის ატანაც მათ არ შეეძლოთ. მათ ტრანსის, მშვიდობისა და სიმშვიდის მდგომარეობაში შეაბიჯეს. სანამ ასე იყვნენ, ოსტატმა გამოქვაბული დატოვა. როდესაც იმპერატორმა და მუსიკოსმა თვალი გაახილეს, ბრძენი აღარ დახვდათ. იმპერატორმა თქვა: „ო, რა უცნაური ფენომენია! მაგრამ ოსტატი სად წავიდა“? ტანსენმა მიუგო: „თქვენ მას ამ გამოქვაბულში ვეღარასოდეს ნახავთ, რადგან თუ ადამიანმა ეს მუსიკა დააგემოვნა, ყველგან დაუწყებს მას ძებნას, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. იგი ამქვეყნად ყველაფერს აღემატება“. ისინი შინ დაბრუნდნენ. ერთხელაც იმპერატორმა მუსიკოსს ჰკითხა: „მითხარი რომელ რაგას და რომელ ტონალობაში მღეროდა შენი მასწავლებელი“? ტანსენმა მას რაგას სახელი უთხრა და მისთვის იმღერა კიდეც, მაგრამ აკბარი ვერ დაკმაყოფილდა: „დიახ, ეს მსგავსი მუსიკაა, მაგრამ ისეთივე სული არა აქვს. ნეტავ რატომ“? მუსიკოსმა მიუგო: „ამის მიზეზი ისაა, რომ მე ამას თქვენთვის, ქვეყნის იმპერატორის წინაშე ვმღერი, ჩემი ოსტატი ღმერთის წინაშე მღეროდა. აი, ამაშია განსხვავება“.
თუკი ჩვენ თანამედროვე ცხოვრებას ვსწავლობთ, მიუხედავად მეცნიერებაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესისა, – რადიო, ტელეფონი, გრამოფონი და ამ საუკუნის ყველა სასწაული, – აღმოვაჩენთ, რომ მუსიკის, პოეზიის და ხელოვნების ფსიქიკური ასპექტი ისე განვითარებული არ არის, როგორც საჭიროა. პირიქით, ის უკან იხევს. და თუ ჩვენ ვიკითხავთ, მაინც რაშია საქმე, პასუხი იქნება, რომ თანამედროვე კაცობრიობის მთელი პროგრესი მხოლოდ მექანიკურია. ეს კი ინდივიდუალურ პროგრესს ხელს უშლის. მუსიკოსი ახლა ჰარმონიზაციისა და კონტრაპუნქტის კანონს უნდა დაემორჩილოს. თუ ის ერთი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სხვებისგან განსხვავდება, მისი მუსიკა ეჭვქვეშ დგება. რუსეთში ყოფნისას ტანეევს, დიდებულ მუსიკოსს, სკრიაბინის მასწავლებელს ვკითხე, რას ფიქრობდა დებიუსის მუსიკის შესახებ. მან მომიგო: „მე მისი გაგება ვერ შევძელი“. ჩვენ თითქოს შეზღუდულები გავხდით, ერთფეროვნებას მივეჯაჭვეთ. ფრთას ვერ ვშლით. ზუსტად იგივეს მედიცინისა და მეცნიერების სამყაროშიც შეამჩნევთ.
ხელოვნებაშიც კი, სადაც უზარმაზარი თავისუფლებაა საჭირო, ადამიანი განსაკუთრებული ერთფეროვნებითაა შებორკილი. მუსიკოსები და მხატვრები საკუთარი ნამუშევრების აღიარებას ვერ ახერხებენ. ისინი იძულებულნი არიან ბრბოს მიჰყვნენ კვალში იმის მაგივრად, რომ დიად სულებს მისდიონ. ყველაფერი საზოგადო კი ბანალურია, რადგან ადამიანების ფართო მასები მაღალ კულტურას არ ფლობენ. მხოლოდ ერთეულებს აქვთ დახვეწილი გემოვნება, ტკბებიან და აფასებენ ლამაზ საგნებს, და მხატვრისთვის არც ისე ადვილია ამ ერთეულთა შორის მოხვდეს. ასე, რომ ინდივიდუალურ განვითარებას ხელს ის უშლის, რასაც ერთფეროვნება ჰქვია. დღეს ბავშვების განათლებისას აუცილებელია ეს გავითვალისწინოთ და მათ მუსიკის ფსიქიკური დანიშნულება შევასწავლოთ. ეს ერთადერთი იმედი და ერთადერთი გზაა, რომლისგანაც დროთა განმავლობაში შეგვეძლება უკეთეს შედეგებს ველოდოთ. მუსიკის შესწავლისას ბავშვებმა არა მარტო ის უნდა იცოდნენ, რა არის მუსიკა, არამედ ისიც, თუ რა დგას მის მიღმა და როგორ უნდა მივიტანოთ იგი ადამიანებამდე.
რა თქმა უნდა, ამ საკითხს ორი მხარე აქვს: გარეგანი პირობები და ხელოვნების წარდგენა, მისი მიწოდება. გარეგანი პირობები შესაძლოა მეტ-ნაკლებად სარგებლის მომტანი იყოს. მუსიკა ან სიმღერა, რომელიც ორი-სამი სულიერად ახლობელი, თანამგრძნობი, ჰარმონიული კაცის წინ სრულდება, სრულიად სხვაგვარ ვიბრაციას იწვევს, ქმნის განსხვავებულ ეფექტს, რომელიც განსხვავდება იმ მუსიკისგან ან სიმღერისგან, რომელიც იკვრება ან იმღერება ხუთასი ადამიანის წინაშე. რაზე მიგვანიშნებს ეს? ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი ინსტრუმენტს ჰგავს. როდესაც კარგი მუსიკა მის წინაშე ჟღერს, ის ეხმაურება და ეწყობა მას, მთლიანად მუსიკას წარმოადგენს, ამ მუსიკის ნაწილი ხდება და ასე იქმნება ფენომენი. ამ ფენომენს შეუძლია უმაღლეს იდეალს მიაღწიოს, რაც შეიძლება მუსიკიდან მომდინარეობდეს, რომელიც არის სულის თავისუფლების გაცნობიერება ან რეალიზაცია, ანუ ის, რასაც აღმოსავლეთში ნირვანას ან მუკტის, ხოლო ქრისტიანობაში გადარჩენას უწოდებენ. ქვეყნად მუსიკის გარდა არ არსებობს ისეთი რამ, რასაც სულის განვითარებაში უკეთ დახმარება ძალუძს. მედიტაცია გვამზადებს, მაგრამ მუსიკა სრულყოფილებასთან შეხებისთვის უმაღლეს მდგომარეობას წარმოადგენს.
მე მუსიკის ფსიქიკური ძალის მიერ ჩადენილი ბევრი სასწაული მინახავს, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ამისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობს, – ხუთი-ექვსი ადამიანი, მთვარიანი ღამე, აისი ან დაისი… როგორც ჩანს, მუსიკოსს მუსიკის შესრულებაში თავად ბუნება ეხმარება და ისინი ორთავენი მუშაობენ, რადგან ერთ მთლიანს წარმოადგენენ. თუკი უდიდეს ოპერის მომღერალს ან სოლისტ-მევიოლინეს ათი ათასი ადამიანის წინაშე მოუწევს გამოსვლა, რაც უნდა ნიჭიერი იყოს, ვერ შეძლებს იქ დამსწრე ყოველ სულს შეეხოს. რასაკვირველია, ეს არტისტის სიდიადეზეცაა დამოკიდებული. რაც უფრო დიადია არტისტი, მით მეტს მიაღწევს, მაგრამ მას იმის გათვალისწინებაც უხდება, რა ახარებს აუდიტორიას და არა მარტო იმის, თუ რა ესიამოვნება ღმერთს. როდესაც მუსიკა კომერციული ხდება, მას სილამაზე და მისი დანიშნულების დიდი ნაწილი სცილდება.
აღმოსავლეთში იყო დრო, როცა არისტოკრატია ძლიერ ცდილობდა მუსიკა კომერციალიზაციისგან გადაერჩინა და გარკვეული დროის მანძილზე ამ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. მუსიკოსებს ფიქსირებულ თანხას არ უხდიდნენ. მათი მოთხოვნილებები მაშინაც კი კმაყოფილდებოდა, როცა ისინი ექსტრავაგანტულები იყვნენ. მუსიკოსები გრძნობდნენ, რომ მათი გარემოცვა ჰარმონიული და ლამაზი უნდა ყოფილიყო. ისინი დიდსულოვნები იყვნენ და მათი კარი სხვებისთვისაც ყოველთვის ღია იყო. მათ ყოველთვის ჰქონდათ ვალები, მაგრამ ამ ვალებს მეფე ისტუმრებდა. ამის გარდა, მუსიკოსი რამე პროგრამით შეზღუდული არ იყო. მას ისღა დარჩენოდა, საკუთარი ინტუიციისთვის მიენდო იმის გარკვევა, თუ რა სურდა ხალხს. ეს მას მაშინაც შეეძლო ეგრძნო, როცა მის წინაშე წარსდგებოდა, ხოლო დაიწყებდა თუ არა დაკვრას ან სიმღერას, უფრო მეტს იმეცნებდა. ადამიანთა გონების ქიმიური მოქმედება ატყობინებდა, თუ რა სურდათ მათ, შედეგი კი სულიერი ზეიმი იყო.
მთელი მაგნეტიზმის საიდუმლოს, რომელიც პიროვნებაში ან მუსიკაშია გამოხატული, სიცოცხლე წარმოადგენს. სწორედ სიცოცხლე გვხიბლავს, გვიტაცებს. ის, რისკენაც ყოველთვის მივილტვით სიცოცხლეა და მაგნეტიზმის არარსებობა სწორედ სიცოცხლის არარსებობას შეიძლება ვუწოდოთ. და თუკი მუსიკალური განათლება ამ პრინციპს დაეყრდნობა, ის თავისი ფსიქიკური შედეგით გაცილებით წარმატებული იქნება. სწორედ სხეულის, აზრის, წარმოსახვის და გულის, – რომელიც ძალზედ ხშირად ცივია და გაყინული, – ფიზიკურ სიჯანსაღეზეა ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებული; და ადამიანი, თავისი თითებით ვიოლინოზე ან ხმით სიმღერისას სწორედ სიცოცხლეს გამოხატავს. რას ეძებს მსოფლიო და რისკენ მიისწრაფვიან ადამიანთა სულები? ეს სიცოცხლეა, რომელიც მუსიკით, ფერებით, ხაზებით ან სიტყვებით მოდის. რას ნატრობს თითოეული? – სიცოცხლეს. ნამდვილი კურნების წყაროს სწორედ სიცოცხლე წარმოადგენს. თუ მუსიკაში სიცოცხლეა, მას კურნება შეუძლია.
ამის მიღმა არავითარი საიდუმლო არ იმალება, თუ ადამიანს შესწევს უნარი ჭეშმარიტება მის უბრალოებაში შეიმეცნოს. როდესაც ადამიანი მექანიკურად უკრავს, თითები პიანინოსა თუ ვიოლინოზე ავტომატურად დარბიან, და მას მხოლოდ დროებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია, რომელიც მალე გაივლის. სულის მკურნალი მუსიკა შემამსუბუქებელი მოქმედების მუსიკაა. შეიძლება შემსუბუქებული ან უხეში ეფექტი შეიქმნას და ეს არა მხოლოდ მუსიკოსზეა დამოკიდებული, არამედ კომპოზიტორზეც, იმ განწყობაზე, რომელმაც მას მუსიკა შთააგონა. ადამიანი, რომელსაც მუსიკის ფსიქოლოგიური ზემოქმედება შემეცნებული აქვს, უბრალოდ მიხვდება, როგორ განწყობაზე იყო კომპოზიტორი, როდესაც წერდა. თუ მან მუსიკაში სიცოცხლე და სილამაზე ჩააქსოვა, ის ათასი წლის შემდეგაც მშვენიერი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. ეჭვგარეშეა, რომ სწავლა და კვალიფიკაცია მუსიკოსს საკუთარი თავის უკეთ გამოვლენაში ეხმარება, მაგრამ ის, რაც მართლა საჭიროა, არის სიცოცხლე, რომელიც უკიდეგანო ცნობიერებიდან, ღვთიური ნათელიდან გადმოდის და ჭეშმარიტი ხელოვნების საიდუმლოს, მთელი მისტიციზმის სულს წარმოადგენს.
* სუფია – სუფიზმის მიმდევარი. სუფიზმი – მუსულმანური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება.
** სატრფო – ასე უწოდებენ სუფიები შემოქმედს.
*** ვინა – ინდური ნაციონალური სიმებიანი საკრავი.
ავტორი: ჰაზრატ ინიატ ხანი
თარგმან: © Lasha Gabunia