15 Apr ბედნიერება პრობლემაა
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
II თავი
ბედნიერება პრობლემაა
დაახლოებით 2500 წლის წინ, ჰიმალაის ძირში, თანამედროვე ნეპალის ტერიტორიაზე დიდებული სასახლე იდგა. ამ სასახლეში ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ერთხელაც მემკვიდრე შეეძინა. ვაჟის გაჩენისთანავე მეფე ერთი დიდებული იდეით განიმსჭვალა: გადაწყვიტა, შვილისთვის უდარდელი და უზრუნველი ცხოვრება შეექმნა, აერიდებინა მისთვის ყველანაირი განსაცდელი და მისი ყველა სურვილი შეესრულებინა.
იმისათვის, რომ უფლისწულს გარე სამყაროს ამბები არ შეეტყო, მეფემ სასახლეს მაღალი გალავანი შემოავლო. ის შვილს ძალიან ანებივრებდა, ათასნაირი ნუგბარითა თუ საჩუქრით ავსებდა და უხვად ახვევდა მსახურებს, რომლებიც მყისიერად ასრულებდნენ ბავშვის თითოეულ აჩემებას. თავიდან საქმე გეგმის მიხედვით მიდიოდა – უფლისწულს ცხოვრებისეული სიძნელეების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
ასე გაიარა ბავშვობამ. მაგრამ, განუზომელი სიმდიდრისა და ფუფუნების მიუხედავად, ყმაწვილი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო, რადგან მისთვის ყველაფერმა აზრი და ხიბლი დაკარგა. რასაც მამა უკეთებდა, არასაკმარისად და უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა.
ამიტომაც ერთ ღამეს სასახლიდან გაიპარა, რათა გაეგო, რა ხდებოდა გალავნის მიღმა. მსახურმა ახლოს მდებარე სოფელში წაიყვანა და იქ ნანახმა გულის სიღრმემდე შეძრა ყმაწვილი.
მან პირველად იხილა ხალხის ჭირ-ვარამი. ნახა სნეული, მოხუცი, უსახლკარო, დატანჯული და მომაკვდავი ადამიანები.
ამის შემდეგ უფლისწული შინ დაბრუნდა, სადაც ერთგვარი ეგზისტენციური კრიზისი დაეწყო – არ იცოდა, როგორ ეშველა ამდენი გაჭირვებულისთვის და ამის გამო სულ ჯავრობდა და წუწუნებდა. როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, ყველაფერში მამას ადანაშაულებდა. ფიქრობდა, რომ სწორედ სიმდიდრესა და განცხრომაში ცხოვრებამ გახადა ის ასეთი უმწეო, მისი ცხოვრება კი – ასეთი უშინაარსო. ამიტომ გაქცევა გადაწყვიტა.
მაგრამ უფლისწული ბევრად უფრო ჰგავდა მამას, ვიდრე წარმოედგინა: მასაც უხვად ჰქონდა დიდებული იდეები. ამ იდეებმა მას მხოლოდ გაქცევა კი არა, მეფობაზე, ნათესავებსა და ყველა პრივილეგიაზე უარის თქმა და ცხოველივით ქუჩასა და ჭუჭყში ცხოვრება გადააწყვეტინა. უნდოდა, სიცოცხლის ბოლომდე ეშიმშილა, ეწვალა და უცხო ადამიანების საჭმლის ნარჩენებით ესაზრდოვა.
მომდევნო ღამით უფლისწული კვლავ გაიპარა სასახლიდან, ოღონდ ამჯერად მტკიცე განზრახვით, უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. მრავალი წელი თემისგან მოკვეთილ და ყველას მიერ მივიწყებულ მაწანწალად იხეტიალა და საზოგადოების ტოტემის ბოძქვეშ მიმხმარ ნეხვად გადაიქცა. ერთი სიტყვით, ზუსტად ისე იტანჯებოდა, როგორც დაგეგმა – უხვად ნახა სენი, შიმშილი, ტკივილი და მარტოობა. სიკვდილის ზღვარზე დადიოდა და ხშირად დღეში მხოლოდ ერთ ცალ თხილს კმარობდა. გავიდა რამდენიმე წელი. მერე კიდევ რამდენიმე. მერე კი… არაფერიც არ მოხდა. უფლისწულმა თანდათან შეიგნო, რომ ტანჯვასა და წვალებაში ბევრი არაფერი ეყარა. განსაცდელმა არც სამყაროს საიდუმლოს ახადა საბურველი და არც ცხოვრების უმთავრესი მიზანი დაანახვა.
ერთი სიტყვით, ის მიხვდა იმას, რაც ადამიანთა უმეტესობამ ყოველთვის ვიცოდით: რომ ტანჯვა ცუდია; რომ მასში დიდი აზრი არ დევს. რომ ფუჭია არა მხოლოდ სიმდიდრე, არამედ განსაცდელიც, თუ მას მიზანი არ აქვს. მან დაინახა, რომ თურმე, მამამისის დიდებული იდეის მსგავსად, მისი დიდებული იდეაც სისულელე იყო და რომ ახალი გზები უნდა ეძებნა.
თავგზაარეულმა უფლისწულმა ტანი დაიბანა, გზას დაადგა და მდინარის პირას ერთი დიდი ხე იპოვა. გადაწყვიტა, იმ ხის ქვეშ დამჯდარიყო და, სანამ სხვა დიდებული იდეა არ ეწვეოდა, ადგლიდან ფეხი არ მოეცვალა.
ლეგენდის თანახმად, ამ ხის ქვეშ უფლისწული 49 დღე იჯდა. ახლა არ დავიწყებთ განსჯას, შესაძლებელია თუ არა, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი 49 დღე ერთ ადგილას იჯდეს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ დღეებში მან რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რამ გაიაზრა.
ერთ-ერთი უმთავრესი აზრი ის იყო, რომ ცხოვრება, თავისთავად, ტანჯვის ცალკეულ ფორმას წარმოადგენს. მდიდრებს სიმდიდრე ტანჯავს, ღარიბებს – სიღარიბე; მარტოხელა ადამიანები უოჯახობის გამო იტანჯებიან, ოჯახიანები – ოჯახური პრობლემების გამო. ამქვეყნიურ სიამოვნებებს გამოკიდებულ ადამიანებს კი ამქვეყნიური სიამოვნებები ტანჯავს.
არა, ყველა განსაცდელი ერთნაირი როდია. ზოგი სატანჯველი მეტად მტკივნეულია, ზოგიც ნაკლებად. მაგრამ, ასეა თუ ისე, წვალებას ვერავინ გავექცევით. რამდენიმე წლის შემდეგ უფლისწული საკუთარ ფილოსოფიას ქმნის და ამ სწავლებას მსოფლიოს უზიარებს. მისი მოძღვრების მთავარი იდეა ასეთია: ტკივილსა და დანაკარგს ვერსად გაექცევით, ამიტომაც ნუ უძალიანდებით მათ… მოგვიანებით უფლისწული ბუდას სახელით გახდება ცნობილი. თუ მის შესახებ არაფერი გსმენიათ, დამიჯერეთ, მაგარი ტიპი იყო.
მრავალ ჩვენს რწმენა-წარმოდგენას ერთი იდეა უდევს საფუძველში. ეს იდეა გულისხმობს, რომ ბედნიერებას ერთგვარი ალგორითმი აქვს: ის შეიძლება შრომით მოიპოვო ან ფულივით მოიხვეჭო – თითქოს იურიდიულ სკოლაში ჩაგებარებინოს, ანდა Lego-ს კონსტრუქტორით რაღაც კონსტრუქცია აგეგოს. X-ს თუ მივაღწევ, ბედნიერი ვიქნები. Y-ის შესახედაობა თუ მექნება, ბედნიერი ვიქნები. Z-თან თუ ვიქნები, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
მაგრამ სწორედ ამ ვარაუდიდან გამომდინარეობს მთავარი პრობლემაც. ბედნიერება მათემატიკური განტოლება არაა. დაუკმაყოფილებლობა და სულიერი შფოთვა ადამიანური ბუნების განუყოფელი ელემენტებია და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სტაბილური ბედნიერების აუცილებელი კომპონენტებიცაა. ბუდა ამას თეოლოგიური და ფილოსოფიური რაკურსიდან ამტკიცებდა. ამ თავში მეც იმავეს დავამტკიცებ, ოღონდ ბიოლოგიური კუთხით. ამ საქმეში პანდები დამეხმარებიან.
იმედგაცრუების პანდის ფათერაკიანი თავგადასავალი
სუპერგმირი რომ მყავდეს შესაქმნელი, იმედგაცრუების პანდას შევქმნიდი. მას ზოროსნაირი ნიღაბი ექნებოდა აფარებული და უზარმაზარი ღიპისთვის შეუფერებლად ვიწრო მაისური ეცმებოდა. მისი სუპერძალა კი ადამიანებისთვის საჭირო, მაგრამ არასასურველი მწარე სიმართლის განდობაში გამოვლინდებოდა.
იმედგაცრუების პანდა, ბიბლიის გამყიდველივით, კარდაკარ ივლიდა და ადამიანებს არასასიამოვნო რამეებს ეტყოდა. აი, მაგალითად: „რასაკვირველია, დიდი ფული თავს უკეთ გაგრძნობინებთ, მაგრამ შვილებს მხოლოდ მათ გამო არ ეყვარებით“; ან: „როცა თავს ეკითხებით, ენდობით თუ არა ცოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლს არ ენდობით“; ანდა: „ის, რასაც მეგობრობას უწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის გაუთავებელი მცდელობები“. ამის შემდეგ პანდა მასპინძელს დაემშვიდობებოდა და მომდევნო სახლს მიადგე ბოდა.
მაგარი სანახავი იქნებოდა… გამამხნევებელიც, აუცილებელიც… და სევდიანიც, რადგან სხვა თუ არაფერი, ყველაზე არასასიამოვნო რამ სწორედ უდიდესი ჭეშმარიტებების მოსმენაა.
ასეთი პანდის ნახვა არავის უნდა, მაგრამ უმეტესობისთვის მასთან შეხვედრა აუცილებელია. მისი სიტყვები ქორფა ბოსტნეულია იმ მენტალური კონსერვების ფონზე, რომლებითაც ყოველდღიურად ვიკვებებით. ის გუნებას წაგვიხდენს, მაგრამ საგრძნობლად გაგვიუმჯობესებს ცხოვრებას; მიწასთან გაგვასწორებს და ამით გაგვაძლიერებს; წყვდიადს დაგვანახვებს და მომავალს გაგვინათებს. მისთვის ყურის დაგდება ძალიან ჰგავს ფილმის ყურებას, რომლის მთავარი გმირიც ბოლოში კვდება. ეს ფილმი მძიმე საყურებელია, მაგრამ იმდენად რეალისტურადაა გადაღებული, რომ თვალს ვერ წყვეტ.
ჰოდა, რახან ასეა, ნება მომეცით, იმედგაცრუების პანდის ნიღაბი მოვირგო და მწარე სიმართლე გითხრათ:
ჩვენ ვიტანჯებით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ტანჯვა სასარგებლოა. მისი დახმარებით ბუნება გვაიძულებს, შევიცვალოთ. ასეთები შეგვქმნა ევოლუციამ: ადამიანები მუდამ დაუკმაყოფილებლები და შეშფოთებულები ვართ, რადგან ზომიერად დაუკმაყოფილებელი და შეშფოთებული არსება ყველა ძალას იყენებს სიახლეების შესაქმნელად და გადასარჩენად. ასეთია ჩვენი ბუნება – უკმაყოფილოები ვართ ყველაფრით, რაც გვაქვს და გვაკმაყოფილებს ის, რაც არ გვაბადია. სწორედ დაუკმაყოფილებლობის ეს მარადიული გრძნობა აიძულებდა ჩვენს მოდგმას ბრძოლას, შენებასა და დაპყრობას. გასაჭირი და სატკივარი კაცობრიობის ევოლუციის დეფექტი კი არა, განსაკუთრებული თვისებაა.
განსაცდელის ნებისმიერი ფორმა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მოქმედების სტიმულირებისთვის იყენებს. ავიღოთ უბრალო მაგალითი. დავუშვათ, რაღაცას მიარტყით ფეხის თითი. თუ ჩემნაირი ადამიანი ხართ, იმისთანას იღრიალებთ, რომ, თქვენი შემყურე, პაპი ფრანცისკეც კი ატირდება. გარდა ამისა, ალბათ ამ უბედურებაში უსულო საგანსაც დაადანაშაულებთ. „სულელური მაგიდა“ – იყვირებთ გამწარებული. მაგრამ შესაძლოა ნაღრძობმა თითმა კიდევ უფრო შორს წაგიყვანოთ და სახლის ინტერიერის საერთო კონცეფციაზე დაგაფიქროთ: „რომელმა იდიოტმა დადგა აქ მაგიდა? არა, მართლა!“
თუმცა თემას გადავუხვიე…
ერთი სიტყვით, თითის ტკივილის სიმწარე, რომელიც ასე გვაშინებს მეც, თქვენც და რომის პაპ ფრანცისკესაც, ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არსებობს. ფიზიკური ტკივილი არის ნერვული სისტემის პროდუქტი, უკუკავშირის მექანიზმი, რომელიც ორიენტირების საშუალებას გვაძლევს – სად შეიძლება და სად არ შეიძლება გავიაროთ; რას შეიძლება და რას არ შეიძლება შევეხოთ… როცა ამ დაწესებული ჩარჩოებიდან გავდივართ, ნერვული სისტემა დაუყოვნებლივ გვსჯის, რომ მეორედ საზღვრების დარღვევა აღარ გავბედოთ.
ჩვენ გვძულს ტკივილი, მაგრამ ის სასარგებლოა. სწორედ ტკივილი გვასწავლის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ახალგაზრდები, ანდა დაუდევრები ვართ. ის გვასწავლის, რა არის კარგი და რა არის საზიანო. ტკივილი გვიჩვენებს შეზღუდვებს და მათ დაცვას გვაიძულებს. მისი წყალობითაა, რომ ვერიდებით გავარვარებულ ქურას და რომ ლითონის ჩხირებს არ ვარჭობთ დენის როზეტებში. ამიტომაც ტკივილისთვის თავის არიდე-ბა და სიამოვნების ძიება ყოველთვის კარგი არაა, რადგან ტკივილს შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენი კეთილდღეობისთვის.
მაგრამ ტკივილი მხოლოდ ფიზიკური როდია. ნებისმიერი, ვისაც ბოლომდე აქვს ნანახი „ვარსკვლავური ომების“ წინაისტორია, დამეთანხმება, რომ ადამიანებს ძლიერი ფსიქოლოგიური ტკივილის განცდაც შეგვიძლია. მართლაც, კვლევებმა ცხადყო, რომ ჩვენი ტვინი ფიზიკურ და სულიერ ტკივილს დიდად ვერ ასხვავებს. როცა ვამბობთ, სატრფოს ღალატი გულში ლახვარივით ჩამესოო, ვგულისხმობთ, რომ შეყვარებულის ღალატი მართლაც შეიძლება გულში დანის ჩარჭობასავით მტკივნეული იყოს.
ფიზიკური ტკივილის მსგავსად, ფსიქოლოგიური ტკივილიც წონასწორობის დარღვევასა და გარკვეული ზღვრის გადაკვეთაზე მიგვანიშნებს. ისევე, როგორც ფიზიკური ტკივილი, სულიერი ტკივილიც ყოველთვის ცუდი ან სულაც არასასურველი არაა. ზოგ შემთხვევაში ემოციური ან ფსიქოლოგიური ტკივილის განცდა სასარგებლო და აუცილებელია. როგორც ნატკენი თითი გვკარნახობს, რომ მაგიდის ფეხს უნდა მოვერიდოთ, ასევე უარყოფით ან წარუმატებლობით გამოწვეული ემოციური ტკივილი გვასწავლის, როგორ არ დავუშვათ ორჯერ ერთი და იგივე შეცდომა.
ამიტომაცაა სახიფათო ჩვენს განებივრებულ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელიც სულ უფრო მეტად ცდილობს, აირიდოს გარდაუვალი ცხოვრებისეული დისკომფორტი. ტკივილის ჯანსაღი დოზების მიღებიდან გამომდინარე, ჩვენ ვკარგავთ ყველა სარგებელს და ამის გამო ვწყდებით სამყაროს რეალობას.
შეიძლება ნერწყვი მოგდით მარადიული ბედნიერებითა და თანაგრძნობით აღსავსე უზრუნველი ცხოვრების წარმოდგენაზე, მაგრამ აქ, დედამიწაზე, პრობლემა ყოველთვის ულევია. სერიოზულად გეუბნებით, მათ ბოლო არ უჩანს. აი, წეღან იმედგაცრუების პანდა მეწვია. კოქტეილი დავლიეთ და ყველაფერი მითხრა: თურმე პრობლემები ბოლომდე არასოდეს ქრება. ისინი შეიძლება მხოლოდ დაიხვეწოს. ფულის პრობლემა უორენ ბაფეტსაც აქვს და უკანასკნელ უსახლკარო მათხოვარსაც. უბრალოდ, ბაფეტის პრობლემა მათხოვრისაზე უკეთესია. ასეთია ცხოვრება.
– ცხოვრება პრობლემების უწყვეტი წყებაა, მარკ, – მითხრა პანდამ. მერე კოქტეილი მოწრუპა, ჭიქაზე შემოსკუპებული დეკორატიული ქოლგა გაასწორა და განაგრძო, – ერთი პრობლემის გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ ახალი პრობლემის შექმნაა და სხვა არაფერი.
წამით სიჩუმე ჩამოწვა. მერე ვკითხე, ასეთი მოლაპარაკე პანდა საიდან გაიჩითე, ან ეს კოქტეილი ვინ გაგვიკეთამეთქი?
– უპრობლემო ცხოვრებაზე არც იოცნებო, – განაგრძო პანდამ, – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. იოცნებე კარგი პრობლემებით აღსავსე ცხოვრებაზე.
ესა თქვა, ჭიქა მაგიდაზე დადგა, სომბრერო გაისწორა და ჩამავალი მზის მიმართულებით გაეშურა.
პრობლემის მოგვარებას ბედნიერება მოაქვს
პრობლემა ცხოვრებისეული კონსტანტაა. როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად ტრენაჟორების დარბაზის აბონემენტს ყიდულობ, როგორც წესი, ახალ პრობლემებს იქმნი: ადრე უნდა გაიღვიძო, ცხრაპირი ოფლი მოიდინო, ტანი დაიბანო და ტანსაცმელი გამოიცვალო, რომ მთელი ოფისი არ ააქოთო და ა. შ. ან, ვთქვათ, ცოტა დროს უთმობ მეუღლეს და, ამის გამოსასწორებლად გინდა, ყოველი ოთხშაბათის საღამო მასთან გაატარო. ესეც დიდი თავსატკივარია: ყოველკვირა უნდა გადაწყვიტო, სად წახვიდეთ, რომ ორივემ ისიამოვნოთ; უნდა იქონიო საკმარისი ფული, რომ კარგად ივახშმოთ; უნდა მოიფიქრო, როგორ დაუბრუნო ურთიერთობებს უწინდელი ხიბლი, რომელიც, ორივეს აზრით, დიდი ხნის დაკარგულია; და უნდა დაეუფლო პატარა და გვარიანად აქაფებულ აბაზანაში ქინძაობის ტექნიკას.
პრობლემები არ ილევა. ისინი მხოლოდ იცვლება და/ან იხვეწება.
ბედნიერება პრობლემის მოგვარებას მოაქვს. ამ შემთხვევაში „მოგვარება“ საკვანძო სიტყვაა. თუ პრობლემებს გაექცევი, ან მიიჩნევ, რომ ისინი საერთოდ არ გაქვს, უბედური იქნები. უბედური იქნები მაშინაც, თუ ჩათვლი, რომ შენი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. შესაბამისად, მთავარი პრობლემების ქონა კი არა, მათი მოგვარებაა.
იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, პრობლემებს უნდა ვაგ- ვარებდეთ. შესაბამისად, ბედნიერება მოქმედების ფორმა, საქმიანობაა. ის არ მოდის თავისით, არ გვხვდება The Huffington Post-ის საუკეთესო სტატიების ათეულში და არ აღმოცენდება რომელიმე გურუსა თუ მასწავლებლის რჩევადარიგებებზე. ბედნიერება არ გაჩნდება ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით მაშინ, როცა ფულს იშოვი სახლზე კიდევ ერთი ოთახის მისაშენებლად. ის არ გვიცდის დათქმულ ადგილას, რომელიმე კონკრეტულ იდეაში, სამსახურსა თუ წიგნში.
ბედნიერება მუდმივი შრომაა, რადგან მუდმივი შრომაა პრობლემების მოგვარება… და დღევანდელ პრობლემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხვალინდელი პრობლემების ფუნდამენტს წარმოადგენს. ბედნიერი მაშინ ხდები, როცა პოულობ ისეთ პრობლემებს, რომელთა ქონა და მოგვარება გსიამოვნებს.
ზოგჯერ ეს არის ისეთი მარტივი პრობლემები, როგორებიცაა, ვთქვათ, ხარისხიანი საკვების მიღება, მოგზაურობა, ახალშეძენილი ვიდეოთამაშის მოგება და ა. შ. ზოგჯერ კი პრობლემები აბსტრაქტული და რთულია. მაგალითად, როცა დედას უნდა შეურიგდე, იპოვო საყვარელი სამსახური, ანდა გადაარჩინო ბზარგაჩენილი ურთიერთობები.
როგორიც გინდა იყოს პრობლემები, არსი არ იცვლება: მოაგვარეთ ისინი და ბედნიერი იქნებით. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა საქმეს ასე მარტივად არ უყურებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ცხოვრებას ორიდან ერთ-ერთი გზით ირთულებენ. ეს გზებია:
1. უარყოფა. ადამიანები ხშირად უარყოფენ პრობლემების არსებობას. არ სურთ ფაქტებს თვალი გაუსწორონ, ამის გამო იძულებული ხდებიან, თავი მოიტყუონ და გაექცნენ რეალობას. ამას ცოტა ხნით შვება მოაქვს, მაგრამ, შემდეგ დაუცველობის შეგრძნება, ნევროზული მდგომარეობა და ემოციური დათრგუნვა იჩენს თავს.
2. მსხვერპლის ფსიქოლოგია. ზოგი კი (მაშინაც, როცა ეს ასე არაა) მიიჩნევს, რომ მისი პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. ეს ადამიანები ცდილობენ, საკუთარ პრობლემებში სხვები ან გარემო პირობები დაადანაშაულონ. ცოტა ხნით ამასაც მოაქვს შვება, მაგრამ, საერთო ჯამში, გაღიზიანებას, უსუსურობის შეგრძნებასა და სასოწარკვეთას იწვევს.
ადამიანები ერთი უბრალო მიზეზით აბრალებენ სხვებს ან სულაც უარყოფენ პრობლემების არსებობას: ასე მოქცევა ადვილი და შვების მომგვრელია. პრობლემის მოგვარება კი, ხშირად, ძნელი და არასასიამოვნოცაა. სხვებისთვის გადაბრალებითა და უარყოფით თავს მყისიერად უკეთ ვგრძნობთ. ეს სირთულეებისგან დროებით გაქცევის საუკეთესო საშუალებაა.
არსებობს სხვა საშუალებებიც. მაგალითად, ალკოჰოლი, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობა (ჩნდება მაშინ, როცა სხვებს ადანაშაულებ), ან რაიმე ახალი სარისკო საქმით გამოწვეული აღგზნება. თუმცა ეს საშუალებები ცხოვრებაში არც ისე გამოსადეგია. ამის მიუხედავად, თვითდახმარების სახელმძღვანელოთა უმეტესობა, პრობლემებისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ ნარკოტიკებს გვთავაზობს. ამ სახელმძღვანელოების შემქმნელი გურუები რეალობისგან გაქცევის ახალ-ახალ გზებს გვიჩვენებენ და გვასწავლიან სავარჯიშოებს, რომლებიც მხოლოდ დროებითი ანალგეტიკის ფუნქციას ასრულებს. უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანი არ დადგება სარკესთან და არ შთააგონებს საკუთარ თავს, ბედნიერი ვარო.
გარდა ამისა, ეს მიჩვევასაც იწვევს. რაც უფრო ხშირად იყენებ სიძნელეთა ძირეული ფაქტორებიდან ყურადღების გადატანის საშუალებებს, მით უფრო ძლიერდება პრობლემების უგულებელყოფის მოთხოვნილება. ამ შემთხვევაში ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს ნარკოტიკად – იმისდა მიხედვით, რა მოტივები გვიბიძგებს მისი გამოყენებისკენ. ყველას გვაქვს ტკივილის გაყუჩების საყვარელი საშუალებები. თუ ამ საშუალებებს ზომიერად ვიყენებთ, მათში ცუდი არაფერია. მაგრამ რაც უფრო დიდი ხნით გავექცევით რეალობას და რაც უფრო მეტ გამაყუჩებელს გადავყლაპავთ, მით უფრო მტკივნეული იქნება სინამდვილესთან შეჯახება.
ემოციების მნიშვნელობა გაზვიადებულია ემოციები გარკვეული მიზნით – უკეთ ცხოვრებისა და უკეთ გამრავლებისთვის ჩამოგვიყალიბდა. სულ ესაა. ისინი უკუკავშირის მექანიზმებია: გვამცნობენ, რა არის სწორი და რა – არა. არც მეტი და არც ნაკლები.
როგორც დამწვრობით გამოწვეული ტკივილი გვასწავლის, არ მივეკაროთ ცხელ საგნებს, ასევე მარტოობის ტკივილი გვარიგებს, არ მოვიქცეთ ისე, რომ მარტო დავრჩეთ. ემოციები მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური სიგნალებია, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს განაპირობებს.
არ გეგონოთ, არასერიოზულად ვუყურებდე თქვენს შუახნის კრიზისს, ან იმ ფაქტს, რომ როცა რვა წლის იყავით, მთვრალმა მამამ ველოსიპედი მოგპარათ და ეს დღემდე ვერ მოგინელებიათ. მაგრამ თუ ამ ამბის გახსენებაზე ისევ ცუდ გუნებაზე დგებით, ესე იგი, ტვინი გეუბნებათ, რომ პრობლემა უყურადღებოდ დატოვეთ და არ მოაგვარეთ. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეგატიური ემოციები მოქმედებისკენ მოწოდებაა. ისინი გვკარნახობს, რომ რაღაც უნდა ვიღონოთ. და პირიქით, პოზიტიური ემოციები სხვა არაფერია, თუ არა სწორად მოქცევისთვის მიღებული ჯილდო. როცა ასეთი შეგრძნებები გეუფლება, ყველაფერი მარტივად გეჩვენება და სხვა არაფერი გრჩება, გარდა იმისა, რომ ცხოვრებით დატკბე. მაგრამ შემდეგ პოზიტიური ემოციები უკვალოდ ქრება, რადგან ჩნდება ახალი პრობლემები.
ემოციები ცხოვრების გაკონტროლების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. თუ რაღაცა კარგ გუნებაზე გვაყენებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა აუცილებლად კარგი იქნება. და პირიქით, ის, რაც განწყობას გვიფუჭებს, ყოველთვის ცუდი როდია. ემოცია მითითება კი არა, მხოლოდ მინიშნებაა – ერთგვარი რჩევა, რომელსაც ჩვენი ნეირობიოლოგია იძლევა. მათ ყოველთვის არ უნდა ვენდოთ. მეტიც, ჯობია, მათში ხშირად დავეჭვდეთ. სხვადასხვა სოციალური, კულტურული თუ პირადი მოსაზრებით, ადამიანებს ხშირად ასწავლიან ემოციების – განსაკუთრებით, ნეგატიური ემოციების – ჩახშობას. მაგრამ ნეგატიური გრძნობების უარყოფა ნიშნავს უარყო უკუკავშირის მექანიზმები – სწორედ ის მექანიზმები, რომლებიც პრობლემების მოგვარე- ბაში გვეხმარება. შედეგად, ასე გაზრდილ ადამიანთა უმეტესობას მთელი ცხოვრების განმავლობაში უჭირს საკუთარ პრობლემებთან გამკლავება. ხოლო ის, ვინც პრობლემებს ვერ აგვარებს, ბედნიერი ვერ იქნება. გახსოვდეთ, ტკივილს თავისი დანიშნულება აქვს.
მაგრამ ზოგი გრძნობებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მათი აზრით, ემოციებით ყველაფრის გამართლება შეიძლება. „დიახ, მე ჩაგიმსხვრიეთ მანქანის შუშა. რა ვქნა, ძალიან გავბრაზდი და თავი ვერ შევიკავე“. ან „სწავლას თავი დავანებე და ალასკას მივაშურე, რადგან ვიგრძენი, რომ ასე აჯობებდა“. მაგრამ, ცივი გონების ნაცვლად, მხოლოდ ემოციებზე აღმოცენებულ ინტუიციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის მცდარია. იცით, ვინ ცხოვრობს მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით? ვინ და, სამი წლის ბავშვები. და ძაღლები. იცით, კიდევ რას აკეთებენ სამი წლის ბავშვები და ძაღლები? რას და, ხალიჩაზე ჯვამენ.
გრძნობებით ხელმძღვანელობა და მათზე ზედმეტად დაყრდნობა იმიტომაა ცუდი, რომ ემოცია წამიერია. ის, რაც დღეს გვახარებს, ხვალ აღარ გაგვახარებს, რადგან ჩვენი ბუნება სულ უფრო და უფრო მეტს მოითხოვს. ბედნიერების აკვიატებით ძიებას მუდამ „რაღაც ახლის“ ძიებამდე მივყავართ: ახალი სახლის, ახალი ურთიერთობების, კიდევ ერთი ბავშვის, ხელფასის მომატებისა და ა. შ. მაგრამ, გაწეული ჯაფისა და დაღვრილი ოფლის მიუხედავად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მაინც ვერ ვიშორებთ.
ფსიქოლოგები ზოგჯერ ამას „ჰედონიკურ სარბენ ბილიკს“ უწოდებენ: ჩვენ მუდამ ბევრს ვშრომობთ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობთ, რომ რაღაც იცვლება.
ამიტომაცაა პრობლემები რეკურსიული და გარდაუვალი. ადამიანი, რომელზეც ქორწინდები, არის ადამიანი, რომელთანაც მუდამ ბრძოლა გიწევს. სახლი, რომელსაც ყიდულობ, ესაა სახლი, რომელსაც მუდამ არემონტებ. საოცნებო სამსახური სტრესების უშრეტ წყაროდ იქცევა. ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს – ის, რისი წყალობითაც თავს კარგად ვგრძნობთ, ამავდროულად, ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზიცაა. ის, რასაც ვიხვეჭთ, ამავდროულად, არის ის, რასაც ვკარგავთ. ის, რაც დადებით გამოცდილებას ქმნის, უარყოფით გამოცდილებასაც განაპირობებს.
ეს მართლაც მწარე სიმართლეა. ადამიანებს ძალიან მოგვწონს იდეა, რომ შეიძლება ბედნიერებას ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ. ადამიანებს მოგვწონს აზრი იმის შესახებ, რომ სამუდამოდ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ტანჯვა-წვალებისგან. ჩვენ მოგვწონს მოსაზრება, რომ მუდამ შეგვიძლია ვიყოთ ცხოვრებით კმაყოფილი.
მაგრამ ეს შეუძლებელია.
აირჩიე, რისთვის იბრძოლო თუ კითხვაზე, „რა გინდათ მიიღოთ ცხოვრებისგან“, მიპასუებთ – ბედნიერება, კარგი ოჯახი და საყვარელი სამსახურიო, თქვენი პასუხი სრულიად არაორიგინალური და არაფრის მთქმელი იქნება. ყველას მოსწონს, როცა ყველაფერი კარგადაა. ყველას უნდა ჰქონდეს უზრუნველი, ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრება, უყვარდეს, ჰყვარობდეს, ჰყავდეს კარგი მეგობრები, კარგად გამოიყურებოდეს, ბევრ ფულს შოულობდეს, იყოს პოპულარული, პატივცემული, სათაყვანებელი და ისეთი მაგარი, რომ მის წინაშე ხალხი ისე მიიწმოიწეოდეს, როგორც წითელი ზღვა განიპო მოსეს წინაშე.
ეს ყველას უნდა. ამის ნდომა ძალიან ადვილია.
მაგრამ არსებობს უფრო საინტერესო კითხვაც, რომელზეც ადამიანთა უმრავლესობა არც კი დაფიქრებულა: „რა ტკივილი გინდა გადაიტანო ცხოვრებაში? რისთვის გინდა იბრძოლო?“ მეტწილად სწორედ ეს კითხვა განსაზღვრავს, რა მიმართულებით წარიმართება ჩვენი ცხოვრება.
მაგალითად, ადამიანთა უმეტესობას უნდა ჰქონდეს დიდი კაბინეტი და ბევრი ფული. მაგრამ ყველას როდი სურს კვირაში სამოცი საათი მუშაობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში საათობით ჯაყჯაყი, საბუთებში ქექვა და ყოველდღე კორპორაციულ იერარქთა თვითნებობის ატანა იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ოცნება აიხდინოს.
ვის არ უნდა კარგი სექსი და შინაარსიანი ურთიერთობები. მაგრამ ამისათვის ყველა როდი გადაიტანს მძიმე საუბრებს, უხერხულ სიჩუმეებს, გრძნობების შელახვასა და ემოციურ ფსიქოდრამებს. ამიტომაც ვსხედვართ გულხელდაკრეფილები. ვსხედვართ და ვოცნებობთ: „რა იქნებოდა…“ ასე გადის წლები, სანამ „რა იქნებოდას“ არ შეცვლის კითხვა – „კიდევ რა ვქნა?“ მერე კი, როცა ადვოკატები დაგვემშვიდობებიან და ფოსტით ალიმენტების ქვითარს მივიღებთ, გაკვირვებული ვკითხულობთ – აბა, რა უნდა მექნაო? რა უნდა გექნა, დალოცვილო, და, ოცი წლის წინ სტანდარტებისა და მოლოდინების თამასა დაბლა არ უნდა დაგეწია. იმიტომ, რომ ბედნიერებას მუდმივი ბრძოლა სჭირდება. ის პრობლემებიდან აღმოცენდება. ის, ზიზილებისა და ცისარტყელების მსგავსად, მიწიდან თავისით არ ამოიზრდება. ნამდვილი, სერიოზული და ხანგამძლე თვითრეალიზაცია და ცხოვრების აზრი მაშინ წარმოიშობა, როცა არჩევანს მუდმივი ბრძოლის სასარგებლოდ აკეთებ. რაც გინდა გტანჯავდეს, იქნება ეს შიშები, მარტოობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა თუ სირთავა უფროსი, ყოველდღიურად რომ გიშხამავს სიცოცხლეს, გამოსავალი ყოველთვის სიძნელეების აღიარებასა და გამოსავლის აქტიურ ძიებაშია. პრობლემებზე თვალის დახუჭვა და სიძნელეებისთვის თავის არიდება კი კარგს არაფერს მოგიტანს.
ადამიანებს უნდათ, ლამაზი სხეული ჰქონდეთ. მაგრამ არ ექნებათ, თუ კალორიების თვლას არ ისწავლიან და ჭამას არ მოუკლებენ, არ დააფასებენ ტკივილსა თუ ფიზიკურ დატვირთვას და სპორტულ დარბაზში საათობით არ ივარჯიშებენ.
ადამიანებს უნდათ საკუთარი ბიზნესის დაწყება. მაგრამ წარმატებას მანამ ვერ მიაღწევენ, სანამ რისკების, განუსაზღვრელობის, მუდამ განმეორებადი წარუმატებლობებისა და მრავალსაათიანი უშედეგო მუშაობის დაფასებას არ ისწავლიან.
ადამიანებს სურთ პარტნიორი, მეუღლე. მაგრამ საიმედო თანამგზავრს ვერ იპოვიან, თუ მზად არ იქნებიან ემოციური რყევებისთვის, რომლებიც მოჰყვება უარით გამოწვეულ სტრესებს, დაუსრულებელ სექსუალურ დაძაბულობასა და შეყვარებულის სატელეფონო ზარის ამაო მოლოდინს. ეს ყველაფერი სასიყვარულო თამაშის განუყოფელი ნაწილია. ხოლო ვინც არ თამაშობს, ის ვერც იმარჯვებს.
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ წარმატება გინდათ, ნუღარ ეკითხებით საკუთარ თავს, ახლა რით ვისიამოვნოო? ჯობია ის გაარკვიოთ, როგორი ტკივილი გინდათ განიცადოთ.
ბედნიერებისკენ მიმავალი გზა სამარცხვინო ჩავარდნებითა და ნეხვითაა მოფენილი რაღაც უნდა აირჩიოთ. სიცოცხლე ტკივილის გარეშე არ არსებობს. ცხოვრება ია-ვარდით მორთული და ზღაპრული ცხოველებით დასახლებული ჯადოსნური ტყე არ არის. სიამე იოლი ასარჩევია, რადგან, ამ მხრივ, ადამიანთა უმეტესობას ერთი და იგივე სურვილები აქვს.
ყველაზე საინტერესო კითხვა კი სწორედ ტკივილს უკავშირდება. როგორი ტკივილის გადატანისთვის ხარ მზად? სწორედ ამ რთულ კითხვას აქვს მნიშვნელობა… სწორედ მას შეუძლია სადმე მიყვანა, ან თვალსაზრისისა თუ სულაც მთელი ცხოვრების შეცვლა. მისი დამსახურებით ვართ მე – მე, თქვენ კი – თქვენ. ის განგვსაზღვრავს, გვასხვავებს ერთმანეთისგან და, საბოლოო ჯამში, გვაერთიანებს.
მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მინდოდა მუსიკოსი – როკვარსკვლავი გავმხდარიყავი. ნებისმიერი ჩამთრევი მუსიკის გაგონებაზე თვალებს ვხუჭავდი და საკუთარ თავს სცენაზე წარმოვიდგენდი: თითქოს ამ მელოდიას ბრბოს გუგუნის ფონზე ვასრულებდი და ხალხი ჩემი დაკრულის მოსმენაზე ჭკუიდან იშლებოდა. ასე შემეძლო საათობით მეოცნება; და იმაზე კი არ ვფიქრობდი, ოდესმე დავუკრავდი თუ არა, არამედ როდის დავუკრავდი აღფრთოვანებული მსმენელების წინაშე. ყველაფერი კარგად მქონდა დაგეგმილი. მხოლოდ ცოტა უნდა მომეცადა და, როცა დრო მოვიდოდა, მთელი ძალისხმევა მიმემართა მუსიკალურ ხელოვნებაში თვალსაჩინო ღვაწლის შესატანად. ოღონდ ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა, აპარატურის შესაძენი ფული შემეგროვებინა, ვარჯიშისთვის საჭირო თავისუფალი დრო გამომენახა, საჭირო ნაცნობები მომეძებნა და პირველი პროექტი შემედგინა.
მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ბევრი ოცნების მიუხედავად, რეალობა სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა. ამის მიზეზს ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი: საქმე ის იყო, რომ სინამდვილეში, მუსიკოსობა სულაც არ მინდოდა.
მე მხოლოდ შედეგის წარმოდგენა მიტაცებდა: იმის წარმოდგენა, როგორ დავდგებოდი სცენაზე, როგორ მოვისმენდი ხალხის ოვაციებს, როგორ შევიდოდი ექსტაზში, როგორ ჩავაქსოვდი სულს და გულს მუსიკაში… მაგრამ თავად პროცესი სულაც არ მხიბლავდა. ამიტომაც ვერაფერს მივაღწიე. მარცხს მარცხი მოსდევდა. თუმცა თავს ვიტყუებ: იმდენი არც კი მიცდია, რომ საერთოდ ღირდეს მარცხზე ლაპარაკი. ყოველდღიური დამქანცველი ვარჯიში, ჯგუფის შეკრება და რეპეტიციები, კონცერტების ძიება და ამ კონცერტებზე ხალხის შემოტყუებაზე ჩალიჩი, დაწყვეტილი სიმები, გადამწვარი ხმის გამაძლიერებელი, ორმოცგირვანქიანი აპარატურის უმანქანოდ თრევა… ერთი სიტყვით, ჩემი ოცნება იქცა ვეებერთელა მთად, რომლის მწვერვალამდეც ძალიან, ძალიან ბევრი იყო სავალი. მე კი დიდი ხანი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მთაზე ცოცვა კი არა, მხოლოდ მწვერვალზე ჯდომა მომწონდა.
ზოგმა, გავრცელებული კულტურული ნარატივიდან გამომდინარე, შეიძლება თქვას, რომ ზარმაცი და უქნარა ვარ და რომ ყველაფერი ჩემი ბრალია; რომ უნიათობის გამო ვთქვი ოცნებაზე უარი და, შესაძლოა, საზოგადოების ზეწოლასაც ვერ გავუძელი.
მაგრამ სიმართლე ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებზე ბევრად უფრო პროზაულია – უბრალოდ, მეგონა, რომ რაღაც მინდოდა და, სინამდვილეში, არ მნდომებია.
მე ჯილდო მინდოდა, ოფლის დაღვრა კი – არა. შედეგი, და არა პროცესი. გამარჯვებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ბრძოლაზე არც მიფიქრია.
ცხოვრებაში კი ასე არ ხდება.
ვინ ხარ და რა ხარ, განისაზღვრება იმით, თუ რისთვის შეგიძლია ბრძოლა. მათ, ვისაც სპორტული დარბაზის სიძნელეები მოსწონს, ტრიათლონი იტაცებს, მუცელზე კვადრატული კუნთები აქვთ და პატარა სახლის წონის სიმძიმის აწევა შეუძლიათ. ვისაც სამსახურში ღამეების თევა და შიდაკორპორაციული ინტრიგები მოსწონს, კარიერული კიბის მწვერვალზე ადის; ის კი, ვისაც უქონლობა და ნახევრად მშიერი ცხოვრების სტრესები მოსწონს, საქმიანობის სფეროდ მხატვრობას ირჩევს.
ამ შემთხვევაში ნებისყოფასა და გამძლეობას არ ვგულისხმობ. ეს არც მორალის კითხვაა თემაზე „ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია“. ესაა ცხოვრების უმარტივესი და უმთავრესი შემადგენელი: ჩვენს წარმატებებს ჩვენი ბრძოლა განსაზღვრავს. ჩვენი პრობლემები წარმოშობს ჩვენსავე ბედნიერებას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს იმას, რომ მომდევნო პრობლემები ოდნავ უკეთესი, ოდნავ გაუმჯობესებული იყოს.
ხომ გესმით? ეს ზემოთ მიმავალი უსასრულო სპირალია. და თუ უეცრად გადაწყვიტეთ, რომ აღმასვლა საჭირო აღარაა, ესე იგი, მთავარი არსი ვერ გაგიგიათ. სიხარული ხომ მაღლა ცოცვაშია.
გაგრძელება იქნება..
ავტორი: მარკ მენსონი
No Comments