';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

I თავი

ნუ შეეცდებით

 

ჩარლზ ბუკოვსკი ერთი ლოთი, მექალთანე, აზარტული მოთამაშე, ხეპრე, წუწურაქი და უსაქმური კაცი იყო, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში პოეტობდა კიდეც. ის არის ალბათ უკანასკნელი ადამიანი, რომლის მაგალითიც შეიძლება ნიმუშად გამოგადგეს ანდა პრაქტიკული რჩევების წიგნში იხილო.

ამიტომაც მისით დავიწყოთ.

ბუკოვსკი მწერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ცივ უარს იღებდა თითქმის ყველა გაზეთისგან, ჟურნალისგან, აგენტისა თუ გამომცემლისგან. ეუბნებოდნენ, ძალიან ცუდად წერო. შენი შემოქმედება უმწიფარი, ამაზრზენი და ბინძურიაო. უარის წერილების დასტა თანდათან სულ უფრო სქელდებოდა და სასოწარკვეთილი ბუკოვსკი ისევ ჩვეულ ლოთობასა და დეპრესიას ეძლეოდა.

დღისით ფოსტალიონად მუშაობდა და მათხოვრული ხელფასის უდიდეს ნაწილს სასმელში, დანარჩენს კი იპოდრომზე ხარჯავდა. ღამღამობით შინ იკეტებოდა, მარტო სვამდა და დროდადრო ძველ საბეჭდ მანქანაზე ლექსებს ბეჭდავდა. ვინ იცის, რამდენჯერ გაუღვიძია ზღვარგადასული სმის შემდეგ დილით იატაკზე! ერთი სიტყვით, ოცდაათი წელი უთავბოლო ლოთობას, ნარკოტიკებს, აზარტულ თამაშსა და მეძავებში სიარულს შეალია. ბოლოს, როცა ორმოცდაათს გადააბიჯა და, განვლილი ცხოვრების შემხედვარე, საკუთარი თავის მიმართ სიძულვილისა და იმედგაცრუების მეტს ვეღარაფერს გრძნობდა, ერთმა პატარა, თავისუფალმა გამომცემლობამ მიაქცია ყურადღება. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ბუკოვსკის არც დიდ ტირაჟს ჰპირდებოდა და არც ბევრ ფულსუბრალოდ, რაღაც უცნაური ახირების გამო თანაუგრძნობდა ამ ხელმოცარულ ლოთ კაცს და გადაწყვიტა, გაერისკა. ბუკოვსკისთვის ეს პირველი და, ცხადია, უკანასკნელი შანსი იყო. მან რედაქტორს მისწერა: „ორი არჩევანი მაქვს: ან ფოსტაში დავრჩე და გავგიჟდე… ანდა მწერლობა ვცადო და შიმშილით გამძვრეს სული. გადავწყვიტე, ვიშიმშილო“.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბუკოვსკიმ პირველი რომანი სულ რაღაც სამ კვირაში დაწერა. ამ ნაწარმოებს მან, უბრალოდ, „ფოსტა“ დაარქვა და თავფურცელზე მიაწერა – არავის ეძღვნებაო.

ასე შედგა ბუკოვსკი, როგორც პროზაიკოსი და პოეტი. ამის შემდეგ მან ექვსი რომანი და ასობით ლექსი გამოაქვეყნა. გაყიდა წიგნების მილიონობით ეგზემპლარი. მისმა პოპულარობამ ყველას – განსაკუთრებით თავად მწერლის – მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.

ბუკოვსკისნაირი ადამიანების ისტორიები ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მისი ცხოვრება ამერიკული ოცნების გან- სახიერებაა: კაცი იბრძვის, არ ნებდება და, საბოლოო ჯამში, მიზანს აღწევს. რით არ არის ფილმის სიუჟეტი? სწორედ ასეთი ამბების შემხედვარე გავიძახით: „ხედავთ? არ დანებდა. ფარხმალი არ დაყარა. ყოველთვის სჯეროდა საკუთარი ძალებისა. ყველა დაბრკოლება დაძლია და ყველაფერს მიაღწია“.

ამიტომაც შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ ჩარლზ ბუკოვსკის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა: „ნუ შეეცდებით“.

საქმე ისაა, რომ მილიონობით წიგნის გაყიდვისა და სახელის მოხვეჭის მიუხედავად, ბუკოვსკი წარუმატებელი ადამიანი იყო, და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა. მისი ტრიუმფი გამარჯვების ურყევმა სურვილმა კი არა, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ შესანიშნავად აცნობიერებდა და აღიარებდა თავის ხელმოცარულობას და გულწრფელად წერდა ამის შესახებ. მას არასოდეს უცდია საკუთარი პერსონა სხვაგვარად, ოდნავ მაინც შელამაზებულად წარმოეჩინა. ბუკოვსკი იმიტომ არაა გენიალური, რომ წარმოუდგენელი დაბრკოლებები დაძლია ან რაიმე განსაკუთრებული ლი- ტერატურული მწვერვალები დაიპყრო. პირიქით, მან სახელი სწორედ იმით მოიხვეჭა, რომ ბოლომდე გულწრფელად წარმოაჩენდა საკუთარი ბუნების ყველაზე უფრო შავბნელ მხარეებსაც კი და ყოველგვარი მერყეობისა თუ ყოყმანის გარეშე გვიამბობდა ცხოვრებაში განცდილი არაერთი მარცხის შესახებ.

ერთი სიტყვით, ბუკოვსკის პოპულარობის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარულიც მშვენივრად გრძნობდა თავს და წარ- მატება სულ ფეხებზე ეკიდა. სახელსა და ავტორიტეტს არად და- გიდევდათ, პოეზიის საღამოებზე ხშირად მთვრალი მიდიოდა და ლანძღვა-გინებით იკლებდა მსმენელებს. არასოდეს დაუმალავს თავისი ჭეშმარიტი სახე და ცდილობდა, ყველა ქალი ლოგინში ჩაეგორებინა. მოკლედ, სახელსა და წარმატებას ბუკოვსკი უკე- თეს ადამიანად არ გადაუქცევია. არც კარგი ადამიანობის გამო გამხდარა წარმატებული.

 

 

თვითსრულყოფა და წარმატება ხშირად ერთდროულად მიიღწევა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ერთი და იგივე რამ არის.

 

ჩვენი კულტურა არარეალურად პოზიტიური მოლოდინებითაა გაჟღენთილი. იყავი უფრო ბედნიერი; უფრო ჯანმრთელი; იყავი საუკეთესო, ყველაზე მაგარი. იყავი უფრო ჭკვიანი, უფრო სწრაფი, უფრო მდიდარი, უფრო სექსუალური, უფრო პოპულარული, უფრო პროდუქტიული, უფრო შესაშური, უფრო მოსაწონი. იყავი უნაკლო და გასაოცარი: ყოველ დილით თორმეტი კარატი ოქრო მოჯვი საუზმემდე, მერე დაკოცნე მზეთუნახავი ცოლი და ორნახევარი შვილი და ვერტმფრენით გაფრინდი სამსახურში, სადაც უმნიშვნელოვანეს საქმეებს აღასრულებ კაცობრიობის სასიკეთოდ.

მაგრამ წამით თუ დავფიქრდებით, თვითგაბედნიერებასთან დაკავშირებული ყველა ეს ცხოვრებისეული რჩევა, რომლებითაც უკვე დიდი ხანია, ყურები გვაქვს გამოჭედილი, სინამდვილეში ჩვენს ნაკლოვანებებზე მეტყველებს. მათში გამოვლენილი და ხაზგასმულია ყველაფერი ის, რასაც წარუმატებლობად და ჩავარდნად მივიჩნევთ. ჰოდა, ჩვენც ვეძებთ ფულის შოვნის საუკეთესო საშუალებას, რადგან ვგრძნობთ, რომ ფული არ გვყოფნის. ვდგავართ სარკის წინ და შთავაგონებთ საკუთარ თავს, ლამაზი ვარო, რადგან სულაც არ ვთვლით თავს ლამაზებად. ყურადღე- ბით ვისმენთ პაემნებთან და ურთიერთობის დამყარებასთან დაკავშირებულ რჩევებს, რადგან არ გვჯერა, რომ ჩვენისთანა ადამიანის შეყვარება შესაძლებელია. ვასრულებთ წარმატების ვიზუალიზების სულელურ სავარჯიშოებს, რადგან ვგრძნობთ, რომ საკმარისად წარმატებული არ ვართ.

პარადოქსი ისაა, რომ პოზიტიურ რამეებზე (საუკეთესოზე, სრულყოფილზე) ფოკუსირებას არაფერი მოაქვს, გარდა იმისა, რომ კვლავ და კვლავ გვახსენებს, ვინ ვერ გავხდით, რა გვაკლია,

რა საწადელი ვერ ავისრულეთ. ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანი არასოდეს დადგება სარკის წინ და არ უჩიჩინებს თავსბედნიერი ხარ, ბედნიერიო. რად უნდა? უბრალოდ, არის და მორჩა.

ტეხასში ამბობენ, ყველაზე პატარა ძაღლი ყველაზე ხმამაღლა ყეფსო. თავდაჯერებულ კაცს საკუთარი თავდაჯერებულობის დამტკიცება არ სჭირდება. არც მდიდარ ქალს ესაჭიროება იმის მტკიცება, რომ მდიდარია. ყველაფერი ისედაც ნათელია. ხოლო როცა გამუდმებით ერთ რამეზე ოცნებობ, ქვეცნობიერში სულ უფრო და უფრო გიმტკიცდება აზრი, რომ ის არ ხარ, ვინც გინდოდა ყოფილიყავი.

ჩვენ მუდამ გვეუბნებიან და სატელევიზიო რეკლამებითაც ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ კარგი ცხოვრებისთვის აუცილებელია უფრო შემოსავლიანი სამსახური, უფრო მაგარი მანქანა, უფრო ლამაზი საყვარელი, ანდა გასაბერი აუზი გათბობით. მთე- ლი მსოფლიო ქადაგებს, რომ უკეთესი ცხოვრების გასაღები მე- ტის, მეტის და მეტის მოხვეჭაშია: მეტი უნდა ვიყიდოთ, მეტი ვაკეთოთ, მეტი ვიქონიოთ, მეტი ვიქინძაოთ. ჩვენ ყოველ წუთს რაღაცით გვთაფლავენ: მოგვიწოდებენ, ვიყიდოთ ახალი ტელევიზორი, თანამშრომლებზე უკეთ გავატაროთ შვებულება, შევიძინოთ ახალი დეკორი გაზონისათვის, ანდა სწორად შევარჩიოთ სელფის ჯოხი.

რატომ? ალბათ იმიტომ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი რამის მოხმარება ბიზნესისთვის სასარგებლოა.

წარმატებული ბიზნესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ერთდროულად ამდენ რამეზე ზრუნვა ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. თანდათან სულ უფრო მეტად გავხდებით ზედაპირულ და ყალბ რამეებზე დამოკიდებული და ცხოვრებას ბედნიერებისა და კმაყოფილების მირაჟის დევნაში გავატარებთ. სრულფასოვანი ცხოვრების გასაღები ახალახალ საზრუნავებში კი არა, ნაკლები საზრუნავის ქონაშია. თუ ზრუნ- ვაა, ნამდვილ, გადაუდებელ და მნიშვნელოვან რამეებზე უნდა ვიზრუნოთ.

ჯოჯოხეთური მოჯადოებული წრე

 

ჩვენს ცნობიერებას ძალიან ცუდი აკვიატებები ახასიათებს, რომლებმაც, თუ მიუშვი, შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს. მითხარით, გეცნობათ თუ არა სიტუაცია, როცა:

ვთქვათ, აფორიაქებული ხარ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობის გამო. ეს გრძნობა მოსვენებას არ გაძლევს და ვერ გაგი- გია, რა გაშფოთებს. მერე წუხხარ იმაზე, რომ, ზოგადად, რაღაც გაწუხებს. შიში მატულობს. ორმაგდება. ერთი სიტყვით, გაშფოთებს ის, რომ შეშფოთებული ხარ და ამას კიდევ უფრო მეტი შფოთვა მოჰყვება. არიქა! სადაა ვისკი?!

ან, ვთქვათ, ადვილად ბრაზდები. ძალიან სულელური, უმნიშ- ვნელო რამეებიც კი გაცოფებს და ვერ გაგიგია, რა არის ამის მიზეზი. ის ფაქტი, რომ ასე იოლად კარგავ წონასწორობას, კიდევ უფრო ამძაფრებს შენს რისხვას. ბოლოს, მრისხანებაში ჩავარდნილი, აცნობიერებ, რომ გაუთავებელმა ბუზღუნმა და გაღიზიანებამ წვრილმან, უბადრუკ ადამიანად გაქცია და ეს ნერვებს გიშლის… შენს თავზე გეშლება ნერვები. მოკლედ: გაბრაზებს ის, რომ ბრაზობ საკუთარ ბრაზიანობაზე… და მუშტებზე გადადიხარ. ან ისე ძალიან გინდა ყველაფერი სწორად გააკეთო, რომ მერე იმაზე იწყებ ნერვიულობას, ამაზე ასე რატომ ვნერვიულობო. ან იმდენად დამნაშავედ თვლი თავს თითოეული დაშვებული შეცდომის გამო, რომ თავად დანაშაულის ეს გრძნობა გიჩენს დანაშაულის გრძნობას. ანდა ისე მოწყენილად და მარტოსულად გრძნობ თავს, რომ ამაზე ერთი გაფიქრებაც კი გიმძაფრებს სევდას.

მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთურ მოჯადოებულ წრეში. დიდი ალბათობით შემიძლია ვამტკიცო, რომ არაერთხელ იქნებით მასში ნამყოფი. ვინ იცის, იქნებ ახლაც იქ ხართ გამოკეტილი. „ღმერთო, ისევ ამ დახშულ წრეში მოვხვდი. რა უსუსური და ხელმოცარული ვინმე ვარ. ახლავე უნდა შევწყვიტო ამაზე ფიქრი. ღმერთო ჩემო, თავს „ხელმოცარულს“ რომ ვუძახი, იმიტომაც ვარ ხელმოცარული. აღარ უნდა ვუწოდო საკუთარ თავს „ხელმოცარული“. ფუ, შენი… ისევ ვუწოდე! აი, ხომ ხედავთ, მართლა ხელმოცარული ვყოფილვარ. ვაი!“

დამშვიდდი, მეგობარო. დამიჯერე, ასეთ ფიქრებს თავისებური ხიბლი აქვს – ისინი ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია. ლოგიკურად აზროვნება ყველა ცხოველს არ შეუძლია. ადამიანებს კი ფიქრებზე ფიქრის ფუფუნება გვაქვს. მაგალითად, თავში უეცრად გამიელვა, YouTube-ზე მაილი საირუსის ვიდეოკლიპი ხომ არ ვნახო? ცნობიერება მაშინვე მომაძახებს: შენ რა, ავადმყოფი ხომ არა ხარ, მაილი საირუსის ყურება რამ მოგანდომაო. საოცარია, არა?!

თუმცა აქ ჩნდება პრობლემა: ჩვენმა საზოგადოებამ, სამომხმარებლო კულტურის საოცრებებისა და სოციალური ქსელების („ნახე, შენზე მაგრად ვცხოვრობ“) გადამკიდემ, აღზარდა ადამიანთა მთელი თაობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უარყოფითი ემოციები – შფოთვა, შიში, დანაშაულის გრძნობა – არანორმალურია. იმას ვგულისხმობ, რომ Facebook-ს თუ გადახედავ, შეიძლება იფიქრო, რომ ყველას შესაშური ცხოვრება აქვს. ა, ბატონო, ამ კვირაში რვა ადამიანმა იქორწინა! ტელევიზორში უჩვენეს თექვსმეტი წლის გოგონა, რომელსაც დაბადების დღეზე Ferrari აჩუქეს. აგერ, ყმაწვილმა ორი მილიარდი იშოვა თავისი აპლიკაციის წყალობით, რომელიც, ტუალეტის ქაღალდის დამთავრების შემთხვევაში, ავტომატურად გაწვდის ახალ რულონს.

შენ კი სახლში ზიხარ და ყვერებში მახათს იყრი. სწორედ ამ დროს გიჩნდება აზრი, რომ შენი ცხოვრება იმაზე უარესია, ვიდრე გეგონა.

მოჯადოებული წრის ეს ფენომენი გადაიქცა ნამდვილ ეპიდემიად, რომელმაც მილიონობით ადამიანს ნევროზი და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა გაუჩინა.

ადრე ხალხი სულ სხვაგვარად აზროვნებდა. როცა ბაბუაჩემი ცუდ გუნებაზე იყო, ამბობდა: ჰო, მძღნერ ხასიათზე ვარ, მაგრამ ასეთია ცხოვრება; წავალ, თივას დავაბინავებო.

მაგრამ დღეს რა ხდება? ხუთი წუთითაც რომ გაგიფუჭდეს განწყობა, ამ ხუთი წუთის განმავლობაში სოციალური ქსელი მოგაყრის 350 ფოტოსურათს, რომლებზეც ადამიანები სრულიად ბედნიერები არიან და ხოშიანად ცხოვრობენ. ასეთ წუთებში შეუძლებელია არ გაგიჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსი და განცდა, რომ საქმე მართლაც ცუდადაა.

სწორედ ეს მომენტი ქმნის მთავარ პრობლემას. ჩვენ ცუდად ვართ იმის გამო, რომ ცუდად ვართ, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ იმის გამო, რომ დამნაშავედ ვგრძნობთ თავს, ვბრაზობთ იმაზე, რომ ვბრაზობთ. ვღელავთ იმის გამო, რომ ვღელავთ. მაინც რა მჭირს ასეთი?

აი, რატომაა აუცილებელი ზოგიერთი რამის ფეხებზე დაკიდება. სწორედ ფეხებზე დაკიდების უნარი გადაარჩენს მსოფლიოს. უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ქვეყნად ყველაფერი მარტივად არაა და რომ ამაში უჩვეულო არაფერია – ყოველთვის ასე იყო და მუდამ ასე იქნება.

ფეხებზე დაიკიდეთ, რომ უგუნებოდ ხართ და გაარღვიეთ ეს ჩაკეტილი წრე. თქვით თქვენთვის – „კი, ცუდად ვარ, მაგრამ მერე რა?“ ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმის შემდეგ საკუთარი თავი აღარ შეგძულდებათ.

ჯორჯ ორუელის აზრით, დიდი ძალისხმევა სჭირდება იმის დანახვას, რაც ცხვირწინაა. სტრესისა და შიშებისგან თავის დაღწევის საშუალებაც ცხვირწინ გვაქვს. მაგრამ ისეთი დაკავებულები ვართ, რომ ვერ ვხედავთ: თვალის მოუშორებლად ვუყურებთ პორნოგრაფიებსა და ნაირ-ნაირი უსარგებლო ტრენაჟორების რეკლამებს და ვბრაზობთ, გვერდით კარგა ნავარჯიშები, ვნები- ანი, ქერა ტურფა რომ არ გვიწევს.

ჩვენ ბევრს ვქილიკობთ „განვითარებული სამყაროს“ პრობლემებზე, მაგრამ, სინამდვილეში, მართლაც საკუთარი წარმატების მსხვერპლად ვიქეცით. უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში სტრესის, ნევროზისა და დეპრესიის შემთხვევები და მათთან დაკავშირებული დაავადებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები და პროდუქტებს შინ მოგვართმევენ. ჩვენი კრიზისი უკვე მატერიალური კი არა, ეგზისტენციური და სული- ერია. ჩვენ იმდენი ხარახურა დაგვიგროვდა და იმდენი შესაძლებლობა გვაქვს, რომ აღარ ვიცით, სად შევიტენოთ ეს ყველაფერი.

რამდენადაც ბოლო დროს სულ უფრო მეტს ვისმენთ და ვხედავთ, ჩვენ წინ ფარდა ეხდება უამრავ სიტუაციას, რომლებსაც არ მივესადაგებით, ან რომლებშიც შორს ვართ იდეალისგან, ანდა რომლებშიც ირკვევა, რომ ზოგიერთი რამ არც ისეთი დიდებულია, როგორიც უნდა ყოფილიყო. ასეთ აღმოჩენებს ჭკუიდან გადავყავართ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში Facebook-ზე რვა მილიონმა ადამიანმა გააზიარა ისეთი სირობა, როგორიცაა, ვთქვათ, სახელმძღვანელო – „როგორ გავბედნიერდეთ“. მაგრამ ამ ადამიანებს მხედველობიდან რჩებათ ერთი უმთავრესი რამ:

 

პოზიტიური გამოცდილებისკენ ლტოლვა, თავისთავად, ნეგატიური გამოცდილებაა. და, როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ნეგატიურ გამოცდილებასთან შეგუება სხვა არაფერია, თუ არა პოზიტიური გამოცდილება.

 

ცხადია, ამ აზრის გადახარშვა არც ისე ადვილია. ამიტომაც ცოტა სული მოითქვით და თავიდან გადაიკითხეთ: პოზიტიური გამოცდილებისკენ ლტოლვა ნეგატიური გამოცდილებაა. ნეგატიური გამოცდილების მიღება კი – პოზიტიური. ამას ფილოსოფოსი ალან უოტსი „უკუქმედების კანონს“ უწოდებს. იდეის არსი ისაა, რომ რაც უფრო ძალიან გვინდა კარგად ყოფნა, მით მეტად გვიმძაფრდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რადგან, რაც უფრო გვწყურია რაღაცის მოხვეჭა, მით მეტად განვიცდით ამ რაღაცის არქონას. რაც უფრო მეტად ცდილობ გამდიდრებას, მით უფრო ღარიბი და უბადრუკი გეჩვენება თავი (მიუხედავად იმისა, რამდენს შოულობ); რაც უფრო მეტად ცდილობ იყო სექსუალური და სასურველი, მით უფრო უშნოდ აღიქვამ თავს (მიუხედავად იმისა, სინამდვილეში როგორ გამოიყურები); რაც უფრო დაჟინებით ითხოვ სიყვარულსა და ბედნიერებას, მით მეტად მარტოსული და შეშინებული ხდები (მიუხედავად იმისა, გარშემო ვინ გახვევია); და რაც უფრო მეტად მიილტვი სულიერი გასხივოსნებისკენ, მით უფრო ეგოისტ და წვრილმან ადამიანად იქცევი განბრძნობის ძიებაში.

ერთხელ, როცა LSD-ს კაიფში შინისკენ მივბანცალებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაც უფრო წინ მივიწევდი, მით მეტად ვშორდებოდი სახლს (აი, ხომ ხედავთ, LSD-ს ჰალუცინაციებიც კი მოვიშველიე ბედნიერებასთან დაკავშირებული ფილოსოფიური მოსაზრებების დასადასტურებლად).

როგორც ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი ალბერ კამიუ ამბობს (დარწმუნებული ვარ, LSD-ს ზემოქმედების ქვეშ არ უთქვამს): „ბედნიერი ვერასოდეს გახდები, თუ არ შეწყვეტ იმის ძიებას, რისგანაც ბედნიერება შედგება. სიცოცხლეს ვერასოდეს გაუგებ გემოს, თუ ცხოვრების აზრის ძებნას დაიწყებ“.

 

ამის თქმა ორი სიტყვითაც შეიძლება. ეს სიტყვებია: „ნუ შეეცდებით“.

ვიცი, ახლა ფიქრობთ: „ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ რა ვუყო Camaro-ს, რომლისთვისაც ამდენი ხანია ფულს ვაგროვებ? ან როგორ დავიკიდო ჩემი იდეალური სხეული, რომლის გულისთვისაც ამდენი ვიშიმშილე? ანდა როგორ შევეშვა ტბისპირა სახლზე ოცნებას? თუ ასეთ რამეებს მივაფურთხებ, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ? მე კი სულაც არ მინდა, ასე რომ მოხდეს. ხომ მართალია?“

კარგია, რომ მკითხეთ.

არასოდეს შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო ნაკლებად ცდილობ, მით უკეთ აკეთებ საქმეს? არასოდეს შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად წარმატებას ის აღწევს, ვინც ყველაზე ნაკლებად იხარჯება მიზნის მისაღწევად? არ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ საკმარისია, რაღაც ფეხებზე დაიკიდო და ყველაფერი თავის ადგილას დგება?

რატომ ხდება ასე?

უკუქმედების კანონს ერთი საინტერესო თავისებურება ახასიათებს და ასეთი სახელი ტყუილად არ ჰქვია. ფეხებზე დაკიდების ფაქტორი უკუღმა მოქმედებს. პოზიტივისკენ სწრაფვას ნეგატივისკენ მივყავართ და პირიქით. ვარჯიშით გამოწვეულ ტკივილს ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ენერგიის მოზღვავება მოსდევს. ბიზნესში განცდილი მარცხი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიაზროთ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. სა- კუთარი გაუბედაობის აღიარება სითამამესა და ქარიზმას გვმატებს ადამიანებთან ურთიერთობისას. ღია დაპირისპირებით გა- მოწვეულ ტკივილს მეტი ნდობა და პატივისცემა შემოაქვს ურთიერთობაში. საკუთარი შიშებისთვის თვალის გასწორება ვაჟკა- ცობასა და სიმტკიცეს გვძენს.

მართლა ასეა. ამ ჩამონათვლის გაგრძელება დიდხანს შეიძ- ლება, მაგრამ მგონი, აზრს მიმიხვდით. ყველაფერი, რაც კი ცხოვრებაში ღირებულია, ნეგატიური გამოცდილებით მიიღწევა. უარყოფითი გრძნობების გაქარწყლების, თავიდან მოცილების, ჩაკვლისა თუ ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა საპირისპირო ეფექტს იძლევა. ტკივილისთვის თავის არიდების წადილი ტკივილის ერთგვარი ფორმაა. ბრძოლისთვის თავის არიდების მცდელობა – თავადაა ბრძოლა. მარცხის აუღიარებლობა სხვა არაფერია, თუ არა მარცხი. სამარცხვინო რამის დამალვა, თავისთავად, სამარცხვინოა. ტკივილი არის ძაფი, რომლითაც სიცოცხლის ქსოვილია შეკერილი. მისი ამოგლეჯა მარტო შეუძლებელი კი არა, დამღუპველიცაა, რადგან ასე ყველაფერი ირღვევა. თუ ცდილობ, ტკივილს თავი დააღწიო, ესე იგი, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მას. და პირიქით, როცა ყველა სატკივარს ფეხებზე იკიდებ, ვეღარავინ გაჩერებს.

ცხოვრებაში უამრავ რამეზე მინერვიულია; ბევრი რამეც ფეხებზე დამიკიდებია. და, რობერტ ფროსტის ლექსისა არ იყოს (ხომ გახსოვთ „გზა, რომელსაც არ დავდგომივარ“?), ის, რაც ფეხებზე დამიკიდებია, არანაკლებ მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ყველაფერი ის, რაც მონდომებით მიკეთებია.

თავს დავდებ, უსათუოდ გეყოლებათ ვინმე ნაცნობი, რომელმაც ერთი-ორჯერ ყველაფერი დაიკიდა და დიდ წარმატებას მიაღწია. შეიძლება თქვენც მიგიღწევიათ მიზნისთვის მას შემდეგ, რაც ამ მიზანზე ხელი ჩაგიქნევიათ. აი, მაგალითად, მე. ჩემი ძირითადი პროფესიით – ფინანსისტად – მხოლოდ ექვსი კვირა ვიმუშავე. მერე კი სამსახურს დავადე და ინტერნეტბიზნესში ჩავერთე. ეს ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაკიდება იყო. იგივე შეიძლება ითქვას ჩემს გადაწყვეტილებაზე, გამეყიდა ქონების უდიდესი ნაწილი და საცხოვრებლად სამხრეთ ამერიკაში გადავსულიყავი. ყველაფრის დედაც ვატირე-მეთქი – ავდექი და გავაკეთე.

ჩვენს ცხოვრებას, ძირითადად, ასეთი დაკიდებები განსაზღვრავს: როცა, ვთქვათ, ხელაღებით შეიცვლი სამსახურს, ან კოლეჯს თავს დაანებებ და როკჯგუფში გაწევრდები, ანდა პანღურით გააგდებ უსაქმურ ბოიფრენდს, რომელსაც შენი კოლჰოტების ჩაცმა უყვარდა ჩუმ-ჩუმად.

ფეხებზე დაკიდება სხვა არაფერია, თუ არა ყველაზე რთული და სახიფათო გამოწვევებისთვის თვალის გასწორება და მოქმედება.

ერთი შეხედვით, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს! მაგრამ სინამდვილეში ეს სულ სხვა კომპოტია (წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს ეს გამოთქმა და არც მაინტერესებს).

ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა უამრავ დროსა და ნერვებს ახარჯავს ისეთ რამეებს, რისთვისაც საერთოდ არ ღირს აღელვება. ჩვენ ვბრაზობთ, როცა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ხურდას წვრილი ფულით გვიბრუნებს; როცა ეთერში საყვარელ გადაცემას არ უშვებენ, როცა თანამშრომლები არ გვეკითხებიან, როგორ გავატარეთ უქმეები და ა. შ.

ამასობაში საკრედიტო ბარათს ვადა ეწურება, შენი ძაღლი დასანახავად ვერ გიტანს, შვილი მეტამფიტამინით კაიფობს სააბაზანოში… შენ კი დამდგარხარ და ხურდა ფულსა თუ „ყველას უყვარს რაიმონდის“ მორიგ სერიაზე ნერვიულობ…

 

რეალურად, საქმე ასეა: ერთხელაც იქნება, მოკვდები. ვიცი, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, გაიხსენე – ეგებ დაგავიწყდა. მოკლედ, შენც და ყველა, ვინც შენ გარშემოა, მალე ცოცხალი აღარ იქნება. იმ მცირე დროში, რაც ამქვეყნად დაგვრჩენია, ცოტა რამეზე თუ მოვასწრებთ ნერვიულობას. ძალიან ცოტა რამეზე. ამიტომაც, თუ განურჩევლად ყველასა და ყველაფერზე აპირებთ გადარევას, ცოტა ხანში მართლა გააფრენთ.

ფეხებზე დაკიდება მართლაც ხელოვნების დარგია და გარკვეულ გაწაფულობას საჭიროებს. შეიძლება სულელურად ჟღერს და მეც კრეტინად გამოვიყურები, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა და მნიშვნელოვან რამეებზე ფოკუსირება. პირად ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა ვარჩევდეთ, რას ვაფასებთ ყველაზე მეტად და რა არის მეორეხარისხოვანი. ეს წარმოუდგენლად რთულია და მრავალწლიან ძალისხმევასა და ვარჯიშს მოითხოვს. მარცხსაც არაერთხელ იწვნევთ. მაგრამ ეს ალბათ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ბრძოლაა… სულაც ერთადერთი ბრძოლა.

რადგან, როცა ყველაფერზე ნერვიულობ, გგონია, რომ მუდმივ კომფორტსა და ბედნიერებას იმსახურებ, და რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ. ეს კი ჩვეულებრივი ავადმყოფობაა. ასეთი განწყობა ცოცხლად შეგჭამს. ასეთ დროს ნებისმიერ უსიამოვნებას უსამართლობად, ნებისმიერ გამოწვევას წარუმატებლობად, ნებისმიერ მოუხერხებელ მდგომარეობას შენი პერსონის მიმართ უპატივცემულობად, ნებისმიერ განსხვავებულ აზრს კი – ღალატად აღიქვამ. ეს კი შენივე პაწაწინა თავის ქალის ჩარჩოებში გამოგკეტავს, სადაც მუდამ დაგტანჯავს ეჭვი და რწმენა, რომ ყველას შენი ვალი აქვს; მუდამ პირადულ, ჩაკეტილ წრეში იტრიალებ და, საბოლოო ჯამში, ვერსად ვერ მიხვალ.

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

 

უმეტესობას ფეხებზე დაკიდების ცნება ყველა ჭირ-ვარამის მიმართ გულგრილ, მშვიდ დამოკიდებულებაში ერევა. ისინი ამ დროს წარმოიდგენენ ადამიანს, რომელსაც გულთან ახლოს არაფერი მიაქვს და რომელსაც ვერაფერს აგრძნობინებ.

მაგრამ იცით, რა ჰქვია კაცს, რომელსაც ემოციები არ აქვს და აზრსაც ვერაფერში ხედავს? რა და – ფსიქოპათი. ვფიქრობ, ფსიქოპათობა არავის უნდა.

მაშ, რას გულისხმობს ფეხებზე დაკიდების უნარი? მოდი, იმისათვის, რომ ყველაფერს ნათელი მოვფინოთ, სამი ნიუანსი განვიხილოთ.

 

ნიუანსი #1. ფეხებზე დაკიდების უნარი ინდიფერენტულობას არ ნიშნავს. ესაა სხვანაირ ადამიანად ყოფნის უნარი

 

მოდი, პირდაპირ ვთქვათ: გულგრილობაში აღსაფრთოვანებელი ან თავმოსაწონი არაფერია. ინდიფერენტული ადამიანები არასრულფასოვნები და დაშინებულნი არიან. სწორედ ეს ხალხი შეადგენს მხართეძოზე წამოწოლილი ბუზიყლაპიებისა და ინტერნეტის ტროლთა არმიის ძირითად ბირთვს. ხშირ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ თავს გვაჩვენებენ ფეხებზემკიდიებად, რადგან სინამდვილეში ფეხებზე ვერაფერს იკიდებენ. მათ ფეხებზე არ ჰკიდიათ, რას ფიქრობენ სხვები მათი თმის შესახებ, ამიტომაც თავს არასოდეს იბანენ და ივარცხნიან; ფეხებზე არ ჰკიდიათ, რას ფიქრობენ მათ იდეებზე, ამიტომაც სარკაზმსა და ქედმაღლობას არიან ამოფარებული; ანდა ეშინიათ ადამიანებთან დაახლოებისა, ამიტომაც თავი წარმოუდგენიათ განსაკუთრებულ, სათუთ არსებებად, რომელთა პრობლემების ბოლომდე გააზრება არავის ხელეწიფება.

ინდიფერენტულ ადამიანებს ეშინიათ მთელი მსოფლიოსი და ნებისმიერი არჩევნის შედეგებისა. ამიტომაც გააზრებულ არჩევანს ვერასოდეს აკეთებენ. ისინი თავიანთი ხელით გამოთხრილ ცივ და ბნელ სოროებში იმალებიან, მთელ დროს საკუთარი თავის მიმართ სიბრალულში ატარებენ და მუდამ გაურბიან იმ სამწუხარო გაუგებრობას, რომელში გარკვევაც დროსა და ენერგიას მოითხოვს და რომელსაც სახელად სიცოცხლე ჰქვია.

რადგან მწარე სიმართლე ისაა, რომ ყველაფრის ფეხებზე დაკიდება შეუძლებელია, აუცილებლად უნდა გვქონდეს რაღაც, რაც ფეხებზე არ გვეკიდება. რაღაცაზე ზრუნვა და ნერვიულობა ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა.

 

შესაბამისად, საკითხი ასე დგას: რა არ გვკიდია? და როგორ დავიკიდოთ ის, რაც, საერთო ჯამში, უმნიშვნელოა?

ცოტა ხნის წინ დედაჩემს თავისმა ახლო მეგობარმა დიდი თანხა გამოსტყუა. ინდიფერენტული ადამიანი რომ ვყოფილიყავი, მხრებს ავიჩეჩდი, ყავას მოვწრუპავდი და საყვარელი სერიალის ბოლო სერიის ჩამოტვირთვას შევუდგებოდი – ძალიან ვწუხვარ, დედიკო-მეთქი, ვეტყოდი.

მაგრამ ამ ამბავმა ძალიან აღმაშფოთა… გამაცოფა. ვუთხარი:

– ჯანდაბა, დედი! ახლავე ადვოკატთან წავალთ და ყოფას ვუტირებთ იმ ახვარს! რატომ? იმიტომ, რომ ფეხებზე არ მკიდია! თუ დამჭირდა, სიცოცხლეს გავუმწარებ მაგ ვიგინდარას!

მაშ ასე, პირველი ნიუანსი ისაა, რომ როცა ვამბობთ – შეხედეთ, მარკ მენსონს ჰკიდიაო, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ მარკ მენსონს არაფერი ადარდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარკ მენსონს ფეხებზე ჰკიდია ყველა ის უსიამოვნება, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეხვდება; ან ის, რომ ვიღაცას აღიზიანებს რომელიმე მისი ნაბიჯი, რომელსაც იგი სწორად, მნიშვნელოვნად, ანდა ღირსეულად მიიჩნევს. ანუ ვგულისხმობთ, რომ მარკ მენსონი ის ტიპია, რომელიც საჭიროდ თვლის და ამიტომაც წერს საკუთარ თავზე მესამე პირში. მას უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიასხვისი აზრი.

ახლა კი შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ. არა, ჩემით კი არა, სულელებო… აღფრთოვანების ღირსია, ზოგადად, მზადყოფნა – დაძლიო ყველა სირთულე, იყო სხვებისგან განსხვავებული და, თუნდაც, გარიყული საკუთარი ფასეულობების დასაცავად. მზადყოფნა, თვალებში ჩახედო და ბრანწი უჩვენო ყველა წარუმატებლობას. მართლაც აღტაცების ღირსია თითოეული ადამიანი, რომელსაც მიუფურთხებია ყველა უსიამოვნებისა თუ სიძნელისთვის და არ ეშინია, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან სულაც ერთი-ორჯერ ჩაისვრის სხვების დასანახავად. ადამიანები, რომლებიც სიცილით აკეთებენ იმას, რისიც გულწრფელად სწამთ და რასაც სწორად მიიჩნევენ. ამ ხალხმა იცის, რომ ზოგიერთი რამ გრძნობებზე, სიამაყესა და ეგოზე ბევრად მნიშვნელო- ვანია. მათ ყველაფერი კი არა, მხოლოდ მეორეხარისხოვანი რამეები ჰკიდიათ და მხოლოდ მნიშვნელოვანი რამეები ანაღვლებთ: ვთქვათ, მეგობრები, ოჯახი, მიზნები, ბურიტო… და ვინაიდან მხოლოდ მნიშვნელოვანი რამეები ანაღვლებთ, დიდად არც გარშემო მყოფები ნაღვლობენ მათზე.

რადგან აქ თავს იჩენს კიდევ ერთი მწარე სიმართლე: ისე ვერ იქნები მნიშვნელოვანი ადამიანთა ერთი ნაწილისთვის, რომ მეორე ნაწილისთვის დაცინვის ობიექტად და დაბრკოლებად არ გადაიქცე. გამორიცხულია… რადგან საითაც უნდა წახვიდე, ყოველთვის შეგხვდება წინააღმდეგობა. ბევრს ნახავ მარცხსაც და სიძნელესაც. საითაც გინდა გაიხედო, ყველგან მძღნერის ვეებერთელა გროვა გელოდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მთავარი ამ გროვებისთვის თავის არიდება კი არა, ისეთი გროვის პოვნაა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობ.

 

ნიუანსი #2. იმისათვის, რომ ფეხებზე დავიკიდოთ ყველა უსიამოვნება, უნდა ვიდარდოთ იმაზე, რაც უსიამოვნებებზე მნიშვნელოვანია

 

წარმოიდგინეთ, რომ სასურსათო მაღაზიაში ხართ და რიგში თქვენ წინ მდგომი ბებია მოლარეს უყვირის, ჩემს ოცდაათცენტი- ან კუპონს რატომ არ იღებო. ნეტავ რა აყვირებს იმ მოხუცს? ეს ხომ მხოლოდ ოცდაათცენტიანი კუპონია!

ახლავე აგიხსნით, რაც აყვირებს. ამ ქალბატონს სახლში ჯდომისა და ჟურნალ-გაზეთებიდან კუპონების ამოჭრის მეტი სხვა საქმე და გასართობი არ აქვს; ის მოხუცი და მარტოხელაა; ჰყავს გამოქლიავებული შვილები, რომლებიც არასოდეს აკითხავენ; გარდა ამისა, ოცდაათი წელია კაცთან არ წოლილა; ყოველ გაკუებაზე წელს ქვევით საშინელ ტკივილს გრძნობს; პენსია მიზერული აქვს და ალბათ ისე მოკვდება, რომ ჩაჯმულ საფენებში მწოლიარეს თავი შოკოლადის ქვეყანაში ეგონება.

მაშ, რაღა ქნას, ზის და ჭრის ამ კუპონებს. ქვეყნად მნიშვნელოვანი მისთვის მეტი აღარაფერია – მხოლოდ ის და მისი კუპონებიღა დარჩენილან. მას, ამ კუპონების გარდა, აღარაფერი ადარდებს, რადგან მეტი არც არაფერი აქვს სანერვიულო. ამიტომაც, როცა ჩვიდმეტი წლის მუწუკებიანი მოლარე ლაწირაკი უარს ამბობს კუპონის მიღებაზე და ისეთივე შემართებით იცავს თავისი სალაროს ხელშეუხებლობას, როგორი შემართებითაც შუა საუკუნეების რაინდები იცავდნენ სატრფოს ღირსებას, ბებოს რისხვა პიკს აღწევს. ოთხმოცი წლის განმავლობაში ნაგროვები ბრაზი და ბოღმა ცეცხლის გრიგალივით ატყდება თავზე საბრალო გამყიდველს. და იწყება „აი, ჩემს დროს…“, „ადამიანები მეტ პატივისცემას იჩენდნენ…“ და მსგავსი ისტორიები.

ნერვიული ადამიანების (რომლებიც ისე აფრქვევენ შიშებს და სადარდებლებს, თითქოს ზაფხულის სიცხეში ნაყინს არიგებენო) მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ სინამდვილეში არაფერი აქვთ ისეთი, რისთვისაც მართლა ღირს ნერვიულობა.

მაგრამ თუ ყველანაირ სისულელეზე ინაღვლებთ – ვთქვათ, ყოფილი ბოიფრენდის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე, ტელევიზორის პულტის ელემენტების ხანგამძლეობასა თუ ერთის ფასად ორი გელის ყიდვაზე, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საზრუნავისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. სწორედ ესაა რეალური პრობლემა, და არა ხელის გელი და ტელევიზორის პულტი.

ერთხელ რომელიღაც მხატვარმა თქვა, როცა ადამიანს პრობლემები გამოელევა, გონება ავტომატურად პოულობს ახალ საზრუნავსო. ჩემი აზრით, უმეტესობას – განსაკუთრებით, თეთრკანიანი მოსახლეობის განათლებულ და განებივრებულ საშუალო კლასს – „ცხოვრებისეულ პრობლემებში“ ეშლება ის, რაც სხვა არაფერია, თუ არა მნიშვნელოვანი საზრუნავის არქონის გვერდითი ეფექტი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და მართლაც საგულისხმო რამის პოვნა დროისა და ენერგიის პროდუქტიულად განკარგვის საუკეთესო საშუალებაა. რადგან, თუ ასეთ რამეს ვერ მიაგნებთ, მეორეხარისხოვან წვრილმანებზე დაიხარჯებით.

 

ნიუანსი #3. არ ვიცი, აცნობიერებთ ამას თუ არა, მაგრამ რაზე იდარდოთ, თქვენი გადასაწყვეტია

 

ფეხებზე დაკიდების უნარი თანდაყოლილი არაა. პირიქით, ჩვენ უამრავი სადარდებლით ვიბადებით – არ გინახავთ, როგორი გამყინავი ხმით ტირის ბავშვი, როცა თავზე იმ ფერის ქუდს არ დაახურავ, რა ფერისაც უნდა, რომ ეხუროს. სწორედ ამის თქმა მინდა! ერთი იმ ბავშვის ჭკუაც ვატირე.

როცა ახალგაზრდები ვართ, გარშემო ყველაფერი შეუცნობელი და მნიშვნელოვანი გვგონია. ამიტომაც ვღელავთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ბევრი რამ გვადარდებს და გვანერვიულებს. მაგალითად, რას ამბობენ ჩვენზე ადამიანები, დაგვირეკავს თუ არა ის სიმპათიური ყმაწვილი/გოგონა, შეეფერება თუ არა წინდების ფერი ტანსაცმლისას და რა ფერის ბუშტებით მომირთავენ დაბადე- ბის დღეს?

მერე კი ვბერდებით და, გამოცდილების მატებასთან ერთად, ვამჩნევთ, რომ უამრავი დრო დავკარგეთ ამაოდ და რომ უწინდელი საზრუნავების უმეტესობას ჩვენს ბედზე დიდი ზემოქმედება არ მოუხდენია. ადამიანები, რომელთა აზრსაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით, სამუდამოდ გაქრნენ ჩვენი ცხოვრებიდან. სიყვარულში განცდილი თითოეული მარცხი, რომელმაც ამდენი ტკივილი მოგვაყენა, მხოლოდ სასიკეთო ყოფილა. გარდა ამისა, ვიაზრებთ, რაოდენ მცირე ყურადღება უნდა დაუთმონ ადამიანებმა ცხოვრების მეორეხარისხოვან დეტალებს, და მტკიცედ გადავწყვეტთ, აღარ ვინერვიულოთ ამ წვრილმანების გამო.

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით მეტი ყურადღებით ვირჩევთ, რაზე ვიდარდოთ. ამას მოწიფულობა ეწოდება. სხვათა შორის, სცადეთ: სასარგებლო თვისებაა. ეს მდგომარეობა მაშინ დგება, როცა მართლაც ღირებულ რამეებზე იწყებ ნერვიულობას. სერიალში „მოსმენა“ (რომელსაც, თითოეული თქვენგანის აზრის მიუხედავად, მაინც სიამოვნებით ვუყურებ) მთავარი გმირი ბანკ მორლენდი თავის მეწყვილეს, დეტექტივ მაკნალტის, ეუბნება: ასე ხდება, როცა არ იკიდებ იმას, რაც დასაკიდებელიაო!

მერე, როცა შუახნის ასაკს ვაღწევთ, კიდევ ერთი რამ იცვლება – ენერგია გვაკლდება და მყარდება ჩვენი იდენტურობა. ახლა უკვე ვიცით, ვინა ვართ და თავს ზუსტად ასეთებად ვაღიარებთ – ყველა ძლიერი მხარითა და ნაკლოვანებით. შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ბევრი რამისგან გვათავისუფლებს. უკვე ყველაფერზე აღარ გვიწევს ნერვიულობა. ცხოვრება ისეთია, როგორიც არის და მას ყველა ხინჯის გათვალისწინებით ვეგუებით. ვაცნობიერებთ, რომ ვერასოდეს დავამარცხებთ კიბოს, ვერასოდეს გავფრინდებით მთვარეზე და ვერასოდეს მოვეფერებით ძუძუებზე ჯენიფერ ენისტონს. მაგრამ მერე რა?! ცხოვრება გრძელდება. სამაგიეროდ, ფეხებზე არ გვკიდია ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები, როგორებიცაა ოჯახი, მეგობრები და ოსტატურად შესრულებული სვინგი გოლფში. ჩვენდა გასაოცრად, ესეც საკმარისია. ყველაფერი მარტივდება და ამას მოაქვს კმაყოფილების მდგრადი გრძნობა. ჰოდა, ჩვენც გვიჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ის გადარეული ალკოჰოლიკი ბუკოვსკი მართალი იყო. ნუ შეეცდებით.

 

მაშ, რის შესახებაა ეს ოხერი წიგნი?

 

ეს წიგნი დაგეხმარებათ, გაარჩიოთ, რა არის ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანი და რა – მეორეხარისხოვანი. ჩემი ღრმა რწმენით, ფსიქოლოგიური ეპიდემიის მძვინვარების ეპოქაში ვცხოვრობთ: ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ნებისმიერი მარცხი და წარუმატებლობა ნორმალურია. ეს შეიძლება ინტე- ლექტუალური სიზარმაცის გამოვლინებად მოგვეჩვენოს, მაგრამ მერწმუნეთ, აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება.

რადგან როდესაც მივიჩნევთ, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ქვეცნობიერად საკუთარი თავის დადანაშაულებას ვიწყებთ. გვიჩნდება შეგრძნება, თითქოს რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს და ვიწყებთ ამ დანაკლისის ანაზღაურებას: ვყიდულობთ ორმოც წყვილ ფეხსაცმელს, სამშაბათს საღამოს არაყს ვაყოლებთ „ქსანაქსს“ და ცეცხლს ვუხსნით ბავშვებით სავსე სკოლის ავტობუსს.

ურყევი რწმენა, რომ ყველაფერი მუდამ წესრიგში უნდა იყოს, ადამიანს გამოკეტავს მოჯადოებულ, ჯოჯოხეთურ წრეში, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად დომინირებს ჩვენს კულტურაში.

ამიტომაცაა აუცილებელი დაკიდების უნარი, რაც საშუალებას გვაძლევს, ხელახლა შევაფასოთ ცხოვრებისეული მოლოდინები და მივხვდეთ, რა არის მართლა მნიშვნელოვანი და რა – არა. ამგვარი უნარის გამომუშავებას ერთგვარ „პრაქტიკულ გასხივოსნებამდე“ მივყავართ.

არა, ამაში ზღაპრული, მარადიული ნეტარება და ყველანაირი განსაცდელის დასასრული არ იგულისხმება. ასეთი რამეები ახლა სულ არ მაინტერესებს. პრაქტიკული გასხივოსნება – ესაა შეგუება აზრთან, რომ ტანჯვა-წვალება გარდაუვალია, რომ როგორადაც უნდა გავისარჯოთ, ცხოვრებაში ხშირად ვნახავთ მარცხსა და დანაკლისს, სინანულსა და სიკვდილს. და როცა შევეგუებით მთელ იმ ნაგავს, რომელსაც უხვად გვაყრის ცხოვრება (დამიჯერეთ, ეს ნაგავი მართლაც ძალიან ბევრია), სულიერად დაუმარცხებელი გავხდებით. სხვა თუ არაფერი, განსაცდელის დამარცხების ერთადერთი საშუალება მისი ატანაა.

ეს წიგნი ტკივილსა და პრობლემებს არ მოგიხსნით. გულახდილად გეუბნებით, ამას არც კი ვეცდები. ის არც დიდებას მოგიტანთ. გამორიცხულია, რადგან დიდებაც მხოლოდ ჩვენი ცნობიე- რების ნაყოფია – შეთითხნილი მიზანი, რომლის მიღწევასაც თავს ვაძალებთ. ის ერთგვარი ფსიქოლოგიური ატლანტიდაა და სხვა არაფერი.

სამაგიეროდ, ეს წიგნი ტკივილს იარაღად, ჭრილობას ძალად, პრობლემებს კი… უფრო უმნიშვნელო პრობლემებად გადაგიქცევთ. სწორედ ესაა ნამდვილი პროგრესი. შეხედეთ ამას, როგორც ერთგვარ სახელმძღვანელოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მორჩილებითა და თანაგრძნობით გადაიტანოთ ყველა განსაცდელი და გარკვეული აზრი დაინახოთ მათში. ესაა წიგნი იმის შესახებ, როგორ ვიაროთ მსუბუქად ზურგზე ტვირთაკიდებულებმა, როგორ გავუსწოროთ თვალი ყველაზე დიდ შიშებს და როგორ ვიცინოთ ჩვენს ცრემლებზე.

ეს წიგნი მოხვეჭასა და მოპოვებას კი არა, გაშვებასა და მიტოვებას გვასწავლის. ის გვიჩვენებს, როგორ გადავავლოთ თვალი ჩვენს ცხოვრებას და როგორ მოვიშოროთ ზედმეტი შფოთვა და შიში. ის აგვიხსნის, როგორ გადავეშვათ გულაღმა სიცარიელეში და როგორ გადავრჩეთ. გვასწავლის, როგორ ვინაღვლოთ ნაკლები… და არასოდეს ვეცადოთ…

 

გაგრძელება იქნება..

ავტორი:  მარკ მენსონი 

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment