14 May ტანჯვის საფასური
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
IV თავი
ტანჯვის საფასური
1944 წლის ბოლო თვეებში, თითქმის ათწლიანი ომის შემდეგ, იაპონიას საქმე ცუდად ჰქონდა. ეკონომიკა თავზე ენგრეოდა, ჯარი მთელ აზიაში ჰყავდა მიმოფანტული, წყნარ ოკეანეში შექმნილი იმპერია კი, ამერიკელთა შემოტევების შედეგად, დომინოს ხუხულასავით ეშლებოდა. მარცხი გარდაუვალი ჩანდა.
1944 წლის 26 დეკემბერს იაპონიის საიმპერატორო არმიის უმცროსი ლეიტენანტი ჰიროო ონოდა ფილიპინების პატარა კუნძულ ლუბანგზე გაგზავნეს და უბრძანეს, რაც შეიძლებოდა დიდხანს შეეფერხებინა შეერთებული შტატების შემოტევა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა და არავითარ შემთხვევაში არ დანებებულიყო. ჰიროომ და მისმა უშუალო მეთაურმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.
1945 წლის თებერვალში ამერიკელები ლუბანგზე გადმოსხდნენ და, უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობის წყალობით, მთელი კუნძული მალევე დაიკავეს. სულ რამდენიმე დღის განმავლობაში იაპონელ ჯარისკაცთა უმეტესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. მაგრამ ონოდამ და სამმა მისმა თანამებრძოლმა ჯუნგლებში გადამალვა მოახერხეს, საიდანაც ამერიკელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა წამოიწყეს. ისინი აფეთქებდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის კომუნიკაციებს, ხოცავდნენ სამხედრო შენაერთს ჩამორჩენილ ჯარისკაცებს და ხელთ არსებული ყველა საშუალებით ურთულებდნენ მოწინააღმდეგეს ცხოვრებას.
ექვსი თვის შემდეგ, ამავე წლის აგვისტოში, შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარა. იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომიც თავის დრამატულ დასასრულს მიუახლოვდა.
მაგრამ კუნძულებზე კვლავ იყო მიმოფანტული ათასობით იაპონელი მებრძოლი, რომელთა უმეტესობა ჯუნგლებში იმალებოდა და ომის დამთავრების შესახებ არაფერი იცოდა. ისინი უწინდელივით განაგრძობდნენ ბრძოლასა და მაროდიორობას და სერიოზულად აფერხებდნენ აღმოსავლეთ აზიაში ნორმალური ცხოვრების აღდგენის პროცესს. მალე ხელისუფალნი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა ეღონათ.
ამერიკელმა სამხედროებმა, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, წყნარი ოკეანის კუნძულებზე ჩამოყარეს ათასობით პროკლამაცია, რომლებიც ტყეებში გადამალულ ჯარისკაცებს ომის დასრულებისა და შინ დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ამცნობდა. ამ ფურცლებს ონოდა და მისი თანამებრძოლებიც პოულობდნენ, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ეს ყველაფერი დეზინფორმირების მცდელობად ჩათვალეს – ამერიკელებს ჩვენი გამოტყუება უნდათო! ამიტომაც ონოდა დაუღალავად წვავდა ამ ბროშურებს და ამხანაგებთან ერთად ტყეში დამალვასა და ბრძოლას განაგრძობდა.
ასე გავიდა ხუთი წელი. პროკლამაციების ჩამოყრა შეწყდა,
ამერიკელ სამხედროთა უმეტესობა კი შინ დაბრუნდა. ლუბანგის მოსახლეობა ცდილობდა, ჩვეულ ცხოვრებას – ხვნა-თესვასა და მეთევზეობას მიბრუნებოდა. მაგრამ ვინ აცალა! ონოდა და მისი ამხანაგები გაუთავებლად ესროდნენ გლეხებს, წვავდნენ მათ მოსავალს, იპარავდნენ საქონელს და დაუნდობლად ხოცავდნენ ტყის სიღრმეში შეხეტებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს. მაშინ ფილიპინების მთავრობა ჯუნგლებში ახალი ფურცლების ჩამოყრას შეუდგა – გამოდით, ომი დამთავრდა, წააგეთო! ☺️
მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო.
1952 წელს იაპონიის ხელისუფლებამ უკანასკნელად სცადა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტყეში გავარდნილი ჯარისკაცების შინ დაბრუნება. ამჯერად თვითმფრინავებიდან უგზოუკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ნათესავების წერილებსა და თვით იმპერატორის პირადი მიმართვის ტექსტს ყრიდნენ. მაგრამ ონოდამ ეს წერილებიც ამერიკელთა მიერ ფალსიფიცირებულად ჩათვალა და ისევ ბრძოლა განაგრძო.
გავიდა კიდევ რამდენიმე წელი. ტერორისგან დაღლილმა ფილიპინების ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ძალებით დაიწყო პარტიზანებთან ბრძოლა. 1959 წელს ონოდას ერთ-ერთი თანამებრძოლი ტყვედ ჩავარდა, მეორე კი – დაიღუპა. კიდევ ათი წლის შემდეგ, ონოდას უკანასკნელი ხელქვეითი, სახელად კოძუკა, ბრინჯის ყანის მორიგი გადაწვისას, პოლიციასთან შეტაკებაში მოკლეს (მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან საუკუნის მეოთხედი გასულიყო და ის ისევ ადგილობრივ მოსახლეობას ეომებოდა!).
ონოდა, რომელმაც ცხოვრების ნახევარზე მეტი ლუბანგის ჯუნგლებში გაატარა, მარტო დარჩა.
1972 წელს კოძუკას დაღუპვის ამბავმა იაპონიაში დიდი აურზაური გამოიწვია, რადგან საზოგადოებას მიაჩნდა, რომ დიდი ომის უკანასკნელი მონაწილეები ჯერ კიდევ წლების წინ დაუბრუნდნენ ოჯახებს. იაპონურ მედიას ასეთი კითხვა გაუჩნდა: თუ კოძუკამ 1972 წლამდე გაძლო, იქნებ თავად ონოდაც ცოცხალიაო? იმ წელს იაპონიისა და ფილიპინების მთავრობებმა ლუბანგზე რამდენიმე სამძებრო ჯგუფი გაგზავნეს, რომლებსაც იდუმალებით მოცული მითური უმცროსი ლეიტენანტი, გმირად და აჩრდილად ქცეული ჰიროო ონოდა უნდა ეპოვათ.
მაგრამ ვერ იპოვეს.
გავიდა რამდენიმე თვე და ლეიტენანტი ონოდა იაპონიაში ლეგენდად იქცა. მისი გმირობის ამბავი იმდენად გიჟურად ჟღერდა, რომ სიმართლეს არ ჰგავდა. ზოგი მის იდეალიზებას ცდილობდა, ზოგიც აკრიტიკებდა, ზოგს კი ძველი იაპონიის მოტრფიალეთა მიერ შეთხზული ზღაპრების პერსონაჟად მიაჩნდა.
დაახლოებით ამ პერიოდში ონოდას ისტორია ერთმა ახალგაზრდა კაცმა, ნორიო სუძუკიმაც მოისმინა. სუძუკი ომის დამთავრებიდან კარგა ხნის შემდეგ დაბადებული ავანტიურისტი, თავგადასავლების მაძიებელი და ჰიპი იყო. მან უნივერსიტეტში სწავლას თავი მიანება და ოთხი წელი აზიაში, ახლო აღმოსავ- ლეთსა და აფრიკაში გაატარა. ხან პარკებში ეძინა, ხან ვიღაცის მანქანაში, ხან წინასწარი დაკავების საკნებში და ხანაც ღია ცის ქვეშ. დროდადრო, ლუკმაპურის სანაცვლოდ, ფერმებში მუშაობდა ან სისხლს აბარებდა, რომ ბინის ქირა გადაეხადა. ერთი სიტყვით, თავისუფალი და ცოტა შერეკილი კაცი იყო.
1972 წელს სუძუკის კვლავ თავგადასავლების საძებნელად გაუწია გულმა. იაპონიაში უკვე კარგა ხნის დაბრუნებული იყო და მკაცრი კულტურული ნორმებისა და სოციალური იერარქიის პირობებში სული ეხუთებოდა. არც სწავლა უნდოდა, არც დიდხანს ერთ ადგილას მუშაობა შეეძლო. უნდოდა, ისევ გზას დასდგომოდა და არავისზე ყოფილიყო დამოკიდებული.
ჰიროოს ლეგენდამ სუძუკის პრობლემის გადაწყვეტის გზა დაანახვა. ეს ახალი, მაგარი თავგადასავალი უნდა ყოფილიყო. მტკიცედ სჯეროდა, რომ ონოდას იპოვიდა. მერე რა, რომ იაპონიის, ფილიპინებისა და ამერიკის მთავრობების მიერ გაგზავნილმა სამძებრო ჯგუფებმა ვერაფერი შეძლეს; მერე რა, რომ პოლიცია თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ამაოდ ჩხრეკდა ჯუნგლებს და თვითმფრინავებიდან გადმოყრილმა ათასობით პროკლამაციამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა! ონოდა უსაქმურ, ნასტუდენტარ ჰიპის უნდა მოეძებნა.
სუძუკი ლუბანგზე იარაღისა და სამძებრო თუ ტაქტიკური გამოცდილების გარეშე გაემგზავრა და ჯუნგლებში მარტო ხეტიალს შეუდგა. ასეთი სტრატეგია ჰქონდა: ონოდას ხმამაღლა ეძახდა და დასძენდა, თქვენ გამო იმპერატორი ღელავსო.
და სულ რაღაც ოთხ დღეში მიზანსაც მიაღწია.
სუძუკი ერთხანს ონოდასთან დარჩა, ტყეში. ამ დროისთვის უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ონოდა მარტოდმარტო ცხოვრობდა. მას ადამიანებთან ურთიერთობა ენატრებოდა და გარე სამყაროს შესახებ სანდო ინფორმაციაც ესაჭიროებოდა. მოკლედ, მალე ისინი თითქმის დამეგობრდნენ.
როცა სუძუკიმ ჰკითხა, ტყეში რატომ დარჩი და ბრძოლა რატომ განაგრძეო, ძალიან მარტივი პასუხი მიიღო: ნაბრძანები მქონდა, არ დავნებებულიყავი და ამიტომაც არ დავნებდიო. თავის მხრივ, ონოდამაც ჰკითხა, „ჰიპი ბიჭუნას“ ინტერესის ობიექტად რატომ ვიქეციო. სუძუკიმ მიუგო, რომ იაპონია სამი რამის – ლეიტენანტ ონოდას, პანდასა და თოვლის კაცის პოვნის მიზნით მიატოვა (სწორედ ამ თანმიმდევრობით ჩამოუთვალა).
სახელსა და დიდებაზე მცდარი წარმოდგენებით თავგამოტენილი ეს ორი იდეალისტი და თავგადასავლების მაძიებელი ბედმა ძალიან უცნაურ პირობებში შეახვედრა ერთმანეთს. ისინი იაპონელ დონ კიხოტად და სანჩო პანსად მოგვევლინნენ, რომლებიც ფილიპინების ნესტიან ჯუნგლებში ისხდნენ და თავი გმირები ეგონათ. იმ დროისთვის, ონოდას თავისი ილუზორული ომისთვის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჰქონდა შეწირული. მიზნის მისაღწევად სუძუკიმაც ბევრ რამეზე თქვა უარი. მოგვიანებით, ჰირო ონოდასა და პანდის პოვნის შემდეგ, ის ჰიმალაებში, თოვლის კაცის ძიებისას დაიღუპა.
ადამიანები ხშირად უძღვნიან ცხოვრებას თითქოს უსარგებლო ან სულაც ცუდ საქმეებს. ერთი შეხედვით, ამ საქმეების კეთებას აზრი არა აქვს. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ონოდა ბედნიერი ყოფილიყო კუნძულზე, სადაც ოცდაათი წლის განმავლობაში მწერებითა და მღრღნელებით იკვებებოდა, სიბინძურეში ეძინა და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა? ძნელი გასაგებია, რატომ წავიდა სუძუკი საკუთარი სიკვდილის შესახვედრად, როცა არც ფული ებადა, არც მეგობარი, არც თანამგზავრი და არც რაიმე მიზანი ჰქონდა, გარდა ზღაპრული იეტის პოვნისა.
მოგვიანებით ონოდა იტყვის, არაფერს ვნანობო. იტყვის, რომ ამაყობს თავისი არჩევნით და ლუბანგზე გატარებული წლებით, რომ მისთვის უზარმაზარი პატივი იყო ცხოვრების დიდი ნაწილის უკვე აღარარსებული იმპერიისთვის მიძღვნა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, სუძუკიც ალბათ იმავეს იტყოდა: რომ რაც უნდოდა, იმას აკეთებდა და რომ არაფერს ნანობს.
ამ ადამიანებმა თავიანთ მოსაწონ სატანჯველს მიაგნეს. ჰიროო ონოდა დაღუპული იმპერიის გამო იტანჯებოდა, სუძუკი კი – სარისკო თავგადასავლებისათვის. მათთვის განსაცდელს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა – ის რაღაც დიდი მიზნისთვის უნდა გადატანილიყო. ხოლო ვინაიდან ტანჯვას აზრი ჰქონდა, ის უფრო ადვილად მოსათმენი და, შესაძლოა, სასიამოვნოც კი იყო. თუ ტანჯვა გარდაუვალია, თუკი ცხოვრებისეული პრობლემების თავიდან არიდება შეუძლებელია, შესაფერისი კითხვა იქნება არა „როგორ შევწყვიტო ეს ტანჯვა?“ – არამედ, „რისთვის, რა მიზნისთვის ვიტანჯები?“
ჰიროო ონოდა იაპონიაში 1974 წელს დაბრუნდა და მყისვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მას იწვევდნენ თოქშოუებსა და რადიოგადაცემებში. პოლიტიკოსებს ერთი სული ჰქონდათ, მისთვის ხელი ჩამოერთმიათ. მერე წიგნიც გამოსცა და მთავრობისგან სოლიდური თანხაც კი მიიღო ჯილდოდ.
მაგრამ ჰიროო გულის სიღრმემდე შეძრა და შეზარა იმ სამომხმარებლო, კაპიტალისტურმა და ზედაპირულმა კულტურამ, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულს დახვდა. ამ კულტურას დაკარგული ჰქონდა ღირსებისა და მსხვერპლის გაღების ყველა ის ტრადიცია, რომელზეც ჰიროოს თაობა იყო აღზრდილი.
ონოდა ცდილობდა თავისი უეცარი პოპულარულობა ძველი იაპონიის ღირებულებების ასაღორძინებლად გამოეყენებინა, მაგრამ საზოგადოებამ მისი არ ისმინა. მას ექსპონატად უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე ინტელექტუალად. ხალხისთვის ის დროის კაფსულში ჩადებული გზავნილი, გასართობი სანახაობა და სამუზეუმო რელიკვია იყო და სხვა არაფერი.
ბედის ირონიით, ონოდამ სახლში უფრო ცუდად იგრძნო თავი, ვიდრე ჯუნგლებში ყოფნისას. სხვა თუ არაფერი, ტყეში მის ცხოვრებას აზრი და შინაარსი ჰქონდა. ეს მის სატანჯველს უფრო ასატანს და ოდნავ სასურველსაც კი ხდიდა. იაპონიაში კი დახვდნენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც მისთვის უშინაარსო იყო – გარშემო ჰიპები და ევროპულად ჩაცმული, თავისუფალი ზნის ქალები ტრიალებდნენ. მათ შემხედვარეს მალევე აეხილა თვალი უბრალო ჭეშმარიტებაზე – რომ თურმე მის ბრძოლას აზრი არ ჰქონია. იაპონია, რომელშიც ის აღიზარდა და რომლისთვისაც იბრძოდა, უკვე აღარ არსებობდა. ეს მწარე სიმართლე მძიმე გა- დასატანი იყო: თუ მის ტანჯვას აზრი არ ჰქონდა, ესე იგი, ტყუილად უცხოვრია.
ამიტომაც 1980 წელს ონოდამ დაკრა ფეხი და ბრაზილიაში გადასახლდა, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა.
თვითშემეცნების ხახვი
თვითშემეცნება ხახვის ბოლქვს ჰგავს: უამრავი შრე აქვს და რაც მეტ ფენას აშორებ, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ყველაზე უდროო დროს ატირდები.
ამ ხახვის პირველი ფენა საკუთარი ემოციების უბრალო გააზრებაა – „აი, როდის ვარ ბედნიერი“; „აი, რა მანაღვლიანებს“; „აი, რა მაიმედებს“.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითშემეცნების ამ საწყის დონეზეც კი დიდ სირთულეებს აწყდება. ეს დანამდვილებით ვიცი, რადგან თავადაც ასეთი ვარ. არაერთხელ მქონია ცოლთან დაახლოებით ასეთი სასაცილო საუბარი:
ის: მოხდა რამე?
მე: არაფერი. მშვიდობაა.
ის: არა, აშკარად რაღაც მოხდა. გამოტყდი.
მე: ყველაფერი კარგადაა. სიმართლეს გეუბნები.
ის: დარწმუნებული ხარ? რაღაც გაბრაზებული ჩანხარ.
მე: (ნერვიული სიცილით). მართლა? არა, მშვენივრად ვარ…გეფიცები.
[ოცდაათი წუთის შემდეგ…]
მე: აი, თურმე რატომ ვარ ასეთ ცუდ გუნებაზე! ის ტიპი ისე მექცევა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე!
მსგავსი ემოციური „ბრმა ზონები“ ყველა ადამიანს აქვს. ხშირ შემთხვევაში ისინი პირდაპირ კავშირშია იმ განცდებთან, რომლებსაც, აღზრდის შედეგად, ბავშვობიდან უადგილოდ და შეუფერებლად მივიჩნევთ. საკუთარ თავში ასეთი ბრმა ზონების გამოვლენასა და პრობლემური ემოციების ადეკვატურად გამოხატვას მრავალწლიანი ვარჯიში და პრაქტიკა ესაჭიროება. თუმცა ამ ამოცანის შესრულება უაღრესად მნიშვნელოვანია და უდავოდ ღირს გაწეულ ძალისხმევად.
თვითშემეცნების ხახვის მეორე შრე წარმოადგენს უნარს, ჰკითხო საკუთარ თავს – რატომ განვიცდით ამა თუ იმ ემოციას.
ეს საკმაოდ რთული კითხვაა და მასზე ზუსტი, თანმიმდევრული პასუხის გაცემას ხშირად თვეები და წლებიც კი ესაჭიროება. ადამიანთა უმეტესობას ასეთი კითხვები თერაპევტებისგან ესმის. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ, რას მივიჩნევთ წარმატებად და რას – მარცხად. „რატომ ბრაზობთ? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც მიზანს ვერ მიაღწიეთ? რატომ ხართ აპათიური და დათრგუნვილი? იმიტომ ხომ არა, რომ თავს არასრულფასოვნად მიიჩნევთ?“ ამგვარად დასმული კითხვები ძლიერი ემოციების პირველწყაროს გამოავლენს. ხოლო თუ სიღრმისეულ მიზეზებს გამოვააშკარავებთ, იდეალურ შემთხვევაში, რაღაცის შეცვლაც შეიძლება ვცადოთ.
თუმცა არსებობს თვითშემეცნების კიდევ ერთი, ბევრად უფრო ღრმა შრე, რომელიც მართლაც ცხარე ცრემლით აგატირებთ. ის მოიცავს ჩვენს პირად ფასეულობებს: რატომ მივიჩნევ ამას წარმატებად/წარუმატებლობად? რა პრინციპით ვაფასებ საკუთარ თავს? რა კრიტერიუმით განვსჯი საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს?
ამ დონის მიღწევა წარმოუდგენლად ძნელია, რადგან მუდმივ რეფლექსიასა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ის ყველაზე მნიშვნელოვანიცაა, რადგან ფასეულობები ჩვენი პრობლემების ხასიათს, პრობლემების ხასიათი კი – ჩვენი ცხოვრების ხარისხს განაპირობებს.
ფასეულობები უდევს საფუძველში ყველა საქმესა და საკეთებელს. თუკი ის, რასაც ვაფასებთ, უსარგებლოა, თუ წარმატებისა და წარუმატებლობის კრიტერიუმები არასწორად გვაქვს არჩეული, მაშინ ამგვარ ფასეულობებზე დაფუძნებული ყველა აზრი, ემოცია და ყოველდღიური გრძნობაც ფუჭი იქნება. ერთი სიტყვით, ნებისმიერ სიტუაციასთან დაკავშირებულ თითოეულ ფიქრსა და განცდას სწორედ ფასეულობები განსაზღვრავს.
ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია „რატომ“ კითხვაზე პასუხის გაცემა და, შესაბამისად, უჭირს საკუთარი ფასეულობების შეფასება. ვინმემ შეიძლება გითხრას – პატიოსნებასა და მეგობრობას ვაფასებო; მერე კი, თუ დასჭირდა, ზურგს უკან ლაფში ამოგსვრის. სხვამ შეიძლება დაიწუწუნოს, თავს მარტოსულად ვგრძნობო, მაგრამ თუ ჰკითხავ, რატომ გრძნობს თავს მარტოსულად, სხვების დადანაშაულებას დაიწყებს – ირგვლივ ყველა არარაობაა და არავინ მყავს იმდენად ჭკვიანი, რომ გამიგოს და დამაფასოსო. ცხადია, ეს პრობლემის მოგვარება კი არა, ქვიშაში თავის ჩარგვაა და სხვა არაფერი.
ბევრი სწორედ ასეთ არაადეკვატურ თვითშეფასებას უწოდებს „თვითშემეცნებას“. მაგრამ თუ ადამიანი უფრო მეტად დააკვირდება საკუთარ ცხოვრებას და უფრო გულდასმით აწონ-დაწონის თავის სიღრმისეულ ფასეულობებს, დაინახავს, რომ მსგავსი ზერელე ანალიზი პრობლემის შესწავლას კი არა, მხოლოდ პრობლემის გამო პასუხისმგებლობის არიდებას ისახავს მიზნად. დაინახავს, რომ მისი გადაწყვეტილებები ამწუთიერი სიამოვნების ძიებითაა განპირობებული და არა ნამდვილი ბედნიერების მიღწევის სურვილით.
ჭკუის დარიგების მოყვარულ „გურუებს“, როგორც წესი, მხედველობიდან რჩებათ თვითშემეცნების ეს სიღრმისეული შრე. ისინი სამიზნედ ირჩევენ გამდიდრების წყურვილით დატანჯულ ხალხს და დიდი ფულის შოვნის საშუალებებს სთავაზობენ. მაგრამ ამგვარი მიდგომა უგულებელყოფს ფასეულობებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს კითხვებს: რატომ გაჩნდა გამდიდრების ასეთი მოთხოვნილება? რატომ ირჩევს ადამიანი სიმდიდრეს წარმატებისა და წარუმატებლობის კრიტერიუმად? იქნებ მისი უბედურების ჭეშმარიტი მიზეზი „ბენტლის“ არქონა კი არა, რაღაც კონკრეტული ფასეულობაა?
არსებობს უამრავი ზედაპირული რჩევა, რომელთა მიზანი პრობლემის მოგვარება კი არა, კომფორტის წამიერი შეგრძნების წარმოქმნაა. ადამიანის აღქმა და ემოციები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სიღრმისეული ფასეულობები და ამ ფასეულობების განმსაზღვრელი შინაგანი კრიტერიუმები არ შეიცვლება. ეს კი სულაც არაა პროგრესი. ეს უფრო ჰგავს თრობას, რომლის შენარჩუნებასაც სულ უფრო და უფრო მეტი ნარკოტიკი ესაჭიროება.
თვითანალიზი ძნელი საქმეა, რადგან ეს ბევრ მარტივ, მაგრამ უხერხულ კითხვაზე მოითხოვს პასუხის გაცემას… და, როგორც გამოცდილება მკარნახობს, რაც უფრო უხერხულია პასუხი, მით უფრო დიდია მისი სისწორის ალბათობა.
წამით დაფიქრდით, რა გაბრაზებთ სინამდვილეში და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომაა ეს რაღაც ასეთი გამაღიზიანებელი? შეიძლება ამის მიზეზად რაიმე წარუმატებლობა მოგეჩვენოთ. მაგრამ კიდევ უფრო ჩაუღრმავდით პასუხს: რატომ გგონიათ, რომ საქმე მართლა ასეა? იქნებ ის, რაც მარცხად გეჩვენებათ, სინამდვილეში სულაც არ იყო მარცხი? იქნებ ყველაფერს არასწორი კუთხიდან უყურებთ?
აი, ჩემი ცხოვრების სრულიად ცინცხალი მაგალითი: „მაღიზიანებს ის, რომ ჩემი ძმა ტექსტურ შეტყობინებებსა და ელექტრონულ წერილებზე არ მპასუხობს“. რატომ?
„როგორც ჩანს, ფეხებზე ვკიდივარ და იმიტომ“. რატომ მგონია, რომ ასეა? „ჩემთან ურთიერთობა რომ ნდომოდა, როგორმე გამონახავდა დღეში ათ წამს პასუხის გასაცემად“. რატომ აღვიქვამ ურთიერთობის ამ ნაკლებობას საკუთარ მარცხად? „იმიტომ, რომ ძმები ვართ. ძმებს კი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ“. აქ ორი ასპექტი მოქმედებს – ფასეულობა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კრიტერიუმი, რომლითაც ვაფასებ ამ ფასეულობისკენ სვლას.
ჩემი ფასეულობაა: ძმებს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ჩემი კრიტერიუმია: ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ურთიერთობა არის ის საზომი, რომლითაც ვაფასებ საკუთარ თავს, როგორც ძმას. მაგრამ ამ კრიტერიუმზე დაყრდნობა მიჩენს განცდას, რომ ძმობაში რაღაც მეშლება, რის გამოც შაბათის ყველა დილა მოშხამული მაქვს.
მოდი, ახლა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს პროცესი:
რატომ უნდა ჰქონდეთ ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა?
„იმიტომ, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოჯახის წევრებს კი განსაკუთრებული სიახლოვე უნდა ჰქონდეთ“.
რატომ მგონია, რომ ასეა?
„იმიტომ, რომ ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია“.
რატომ მგონია, რომ ასეა?
„იმიტომ, რომ ოჯახთან სიახლოვე „ნორმალური“ და „ჯანსაღი“ რამაა. მე კი ამას მოკლებული ვარ“.
ამ დიალოგში მკაფიოდ ჩანს ჩემი სიღრმისეული ფასეულობა
– ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარგი ურთიერთობა მქონდეს ძმასთან. მაგრამ კვლავ რჩება კრიტერიუმთან დაკავშირებული პრობლემა. ამჯერად კრიტერიუმს ახალი განსაზღვრება („სიახლოვე“) მოვუძებნე, მაგრამ არსი არ შეცვლილა: კვლავაც ძმობის ხარისხს ძმასთან ურთიერთობის სიხშირით ვაფასებ და, ამ საზომის გამოყენებით, ჩემს თავს ნაცნობ ადამიანებს ვადარებ. ვისაც ვიცნობ, ყველას კარგი ურთიერთობა აქვს საკუთარი ოჯახის წევრებთან (ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანს), მე კი ასეთი ურთიერთობა არა მაქვს. ესე იგი, რაღაც მჭირს.
კი, მაგრამ იქნებ საკუთარ თავსა და ცხოვრებას არასწორი საზომით ვზომავ? იქნებ ყველაფერი არ გამითვალისწინებია? იქნებ კარგი ურთიერთობისთვის, რომელსაც ესოდენ ვაფასებ, სულაც არაა აუცილებელი ძმასთან ასეთი სიახლოვე? ეგებ ურთიერთპატივისცემაც საკმარისი იყოს (რაც ისედაც არსებობს)? ან ეგებ ერთმანეთის ნდობაა საჭირო (რაც აგრეთვე არსებობს ჩვენ შორის)? იქნებ ეს კრიტერიუმები უფრო ზუსტად აფასებს ჩვენს ძმობას, ვიდრე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა?
ეს, უდავოდ, შეიცავს საღი აზრის მარცვალს და მართლაც ჰგავს სიმართლეს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვგრძნობ, რომ ძმასთან საკმარისი სიახლოვე არ მაქვს. ამაში კარგი და სატრაბახო არაფერია. მაგრამ რას იზამ, ზოგჯერ ძმებს (მათაც კი, რომლებსაც გულით უყვართ ერთმანეთი) ახლო ურთიერთობა არა აქვთ ხოლმე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თავიდან ამის გაცნობიერება ცოტა რთულია, მაგრამ არა უშავს… კონკრეტული სიტუაციის ამსახველი ობიექტური სიმართლე არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ვითარების მიმართ დამოკიდებულება, მისი ანალიზი და შეფასება. პრობლემებს ვერსად გავექცევით, მაგრამ შესაძლებელია მათი არსის კორექტირება. ჩვენ შეგვიძლია პრობლემების გაკონტროლება, თუკი თავად ავირჩევთ,
რა დამოკიდებულება გვქონდეს მათ მიმართ და რა კრიტერიუმე- ბით შევაფასოთ ისინი.
როკ ვარსკვლავის პრობლემები
1983 წელს ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გიტარისტი ძალიან უხეშად გააგდეს მშობლიური ჯგუფიდან. ანსამბლს სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ხელი მოწერილი პირველი ალბომის ჩაწერის კონტრაქტზე და დღე-დღეზე აპირებდა მუშაობის დაწყებას. მაგრამ ჩაწერამდე ორიოდე დღით ადრე, ყველანაირი გაფრთხილების, წინასწარი საუბრისა და ურთიერთობების გარკვევის გარეშე, გიტარისტს კარისკენ მიუთითეს – უბრალოდ, გააღვიძეს და ავტობუსის ბილეთი მიაჩეჩეს.
ჰოდა, იჯდა ჩვენი გიტარისტი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ ავტობუსში და ფიქრობდა: ეს რა დამემართა, ნეტავ რა შემეშალა, ახლა რაღა ვქნაო? ალბომის ჩაწერასთან დაკავშირებული კონტრაქტები ციდან არავის აცვივა – განსაკუთრებით ხმაურიან მეტალისტებს, და ნუთუ ერთადერთი და უკანასკნელი შანსი გავუშვი ხელიდანო?
მაგრამ სანამ ავტობუსი ლოს-ანჯელესს მიუახლოვდებოდა, გიტარისტი საკუთარი თავის დატირებას შეეშვა და დაიფიცა, რომ ახალ ბენდს შექმნიდა. გადაწყვიტა, ისეთი წარმატებული ჯგუფი ჩამოეყალიბებინა, რომ ყოფილ პარტნიორებს მწარედ ენანათ თავიანთი საქციელი; ისეთი ცნობილი გამხდარიყო, რომ ის მოღალატეები ტელეეკრანებზე, ჟურნალებსა თუ სარეკლამო პლაკატებზე სულ მის სახეს, რადიოარხებზე კი სულ მის მუსიკას წასწყდომოდნენ. დაე, ეცოხნათ მერე ბურგერები და ეთრიათ კლუბიდან კლუბში თავიანთი ჯართი აპარატურა, სანამ არ დასუქდებოდნენ და სანამ მათ ცოლებს კბილები არ დასცვივდებოდათ. ის კი ხალხმრავალი სტადიონების წინაშე გამოვიდოდა და მისი მუსიკა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ის ყოველდღე ყოფილი თანაგუნდელების სიმწრის ცრემლში იბანავებდა და ცრემლის თითოეულ წვეთს ტკიცინა ასდოლარიანებით შეიმშრალებდა.
მას შემდეგ გიტარისტი ისე მუშაობდა, თითქოს მუსიკის დემონით შეპყრობილი ყოფილიყო. თვეების განმავლობაში აგროვებდა საუკეთესო მუსიკოსებს (ძველი ანსამბლისაზე ბევრად უკეთესებს), გამალებით წერდა სიმღერებს და ფანატიკური შემართებით ვარჯიშობდა. მის ამბიციებს მრისხანება ასაზრდოებდა, შურისძიების წყურვილი კი მისი მუზა იყო. სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ გიტარისტის მიერ შექმნილმა ახალმა ჯგუფმა ალბომის ჩაწერაზე შეკვეთა მიიღო, კიდევ ერთი წლის მერე კი ამ პირველ ალბომს „ოქროს“ კატეგორია მიენიჭა.
ეს გიტარისტი დეივ მასტეინი, მის მიერ შექმნილი ანსამბლი კი, მძიმე მეტალის ლეგენდარული ჯგუფი Megadeth-ი იყო. მომდევნო წლებში Megadeth-მა 25 მილიონი ალბომი გაყიდა და მრავალჯერ შემოიარა კონცერტებით მთელი დედამიწა. დღესდღეობით მასტეინი ჰევი-მეტალის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს მუსიკოსად ითვლება. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ჯგუფი, საიდანაც ის გამოაპანღურეს, იყო Metallica, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 180 მილიონი ალბომი გაყიდა და რომელსაც მუსიკის ბევრი მოყვარული ყველა დროის უდიდეს როკჯგუფად მიიჩნევს.
ამიტომაც იყო, რომ 2003 წელს, იშვიათი გულწრფელობით გამორჩეულ ერთ-ერთ ინტერვიუში, მასტეინმა თვალცრემლიანმა აღიარა – თავს ისევ წარუმატებელ ადამიანად ვთვლიო. როგორც ჩანს, ყველა მიღწევის მიუხედავად, ის თავს კვლავაც Metallica-დან გამოგდებულ მუსიკოსად აღიქვამს.
ჩვენ ჩვეულებრივი მაიმუნები ვართ. კი, ტოსტერებისა და დიზაინერული ფეხსაცმლის შემხედვარეებს გვგონია, რომ სიბრძნის, სინატიფისა და დახვეწილობის მწვერვალებს მივაღწიეთ, მაგრამ სინამდვილეში კარგად ჩაცმულ-დახურული მაიმუნები ვართ და მეტი არაფერი. ხოლო ვინაიდან მაიმუნები ვართ, ინსტინქტურად, სხვების მიხედვით ვაფასებთ საკუთარ პერსონას და მუდამ სტატუსისთვის ვიბრძვით. შესაბამისად, საკითხავი ის კი არაა, ვეტოლებით თუ არა გარშემო მყოფებს, არამედ ის, თუ რა კრიტერიუმებით ვსარგებლობთ თვითშეფასების პროცესში.
გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დეივ მასტეინი საკუთარ წარმატებას Metallica-ს წარმატებასა და პოპულარულობას ადარებდა. ჯგუფიდან გამოგდება მისთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ საკუთარ წარმატებასა და მუსიკალურ კარიერას „Metallica-სთან შეფარდებით“ ზომავდა.
ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების ამ არასასიამოვნო ეპიზოდიდან პოზიტიური მუხტი მიეღო (რაც მოახერხა კიდეც, როცა Megadeth-ი შექმნა), მან Metallica-ს წარმატება საკუთარი წარმატების საზომად აქცია და ამის გამო ათწლეულების განმავლობაში იტანჯებოდა. ფულის, თაყვანისმცემლებისა და კარგი გამოხმაურებების სიმრავლის მიუხედავად, ის თავს მაინც ხელმოცარულად მიიჩნევდა.
ცხადია, დეივის სიტუაციაზე შეიძლება გულით გაგვეცინოს. კაცი საყვარელი საქმის კეთებით მილიონებს შოულობს, ასობით ათასი ფანი ჰყავს და მაინც ტირის, რომ მისი ყოფილი ძმაკაცები, რომლებთანაც ოცი წელია ურთიერთობა არ ჰქონია, მასზე ბევრად უფრო სახელგანთქმული არიან.
საქმე ისაა, რომ მე და თქვენ სხვა ფასეულობები გვაქვს, მასტეინს კი სულ სხვა. ჩვენი კრიტერიუმები დაახლოებით ასეთია: „არ მინდა ოფლს ვღვრიდე ისეთი უფროსისთვის, რომელსაც ვერ ვიტან“; ან „ნეტავ იმდენი ფული მაშოვნინა, რომ ბავშვს კარგ სკოლაში ვასწავლო“; ანდა – „კარგი იქნებოდა, ყოველ დილას სანიაღვრე არხში არ ვიღვიძებდე“. ამ კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, მასტეინი წარმოუდგენლად წარმატებულია. მაგრამ მისი კრიტერიუმიდან გამომდინარე („მინდა ვიყო Metallica-ზე უფრო პოპულარული და წარმატებული“), მართლაც ვერშემდგარი პიროვნებაა.
სწორედ ფასეულობები განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომ- ლებითაც საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს ვაფასებთ. ონოდას ფასეულობა იაპონიის იმპერიის ერთგულება იყო. ეს ფასეულობა მას ოცდაათი წლის განმავლობაში უნარჩუნებდა სულის სიმტკიცეს. მაგრამ ამავე ფასეულობამ გახადა ის უბედური იაპონიაში დაბრუნების შემდეგ. მასტეინს მისმა კრიტერიუმმა – ყოფილიყო Metallica-ზე უკეთესი – უაღრესად წარმატებული მუსიკალური კარიერა გააკეთებინა. მაგრამ, მოგვიანებით, იგივე კრიტერიუმი ტანჯავდა და აშხამებდა ყველა წარმატებას.
თუ გინდათ შეცვალოთ პრობლემის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ფასეულობები და/ან წარმატების/წარუმატებლობის კრიტერიუმები უნდა გადააფასოთ.
ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი: საქმე ეხება მუსიკოსს, რომელიც ასევე გამოაგდეს ანსამბლიდან. მისი ისტორია დეივ მასტეინისას წააგავს, მაგრამ ეს ამბავი ოციოდე წლით ადრე მოხდა.
1962 წელი იდგა. ერთი ლივერპულური ჯგუფის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. ამ ჯგუფს უცნაური სახელი ერქვა, მის წევრებს კი არანაკლებ უცნაური ვარცხნილობები ჰქონდათ. თუმცა ეს ბიჭები ისეთ კარგ მუსიკას უკრავდნენ, რომ ხმის ჩამწერმა ინდუსტრიამ, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაქცია.
ანსამბლში შედიოდნენ: სოლისტი და სიმღერების შემქმნელი ჯონი, პატარა ბიჭის იერის მქონე ბასგიტარისტი პოლი, მეამბოხე სოლოგიტარისტი ჯორჯი… და კიდევ დრამერი. ეს დრამერი ოთხეულში ყველაზე ლამაზად ითვლებოდა: გოგოები მის დანახვაზე ჭკუას კარგავდნენ და ჟურნალებშიც პირველად მისი სახე გამოჩნდა. გარდა ამისა, ის ჯგუფის ყველაზე სერიოზული პროფესიონალიც იყო – არ სვამდა, ერთადერთ გოგოსთან დადიოდა და, ზოგიერთი ჰალსტუხიანი ავტორიტეტის აზრით, ბენდის სახე სწორედ ის უნდა ყოფილიყო, და არა ჯონი ან პოლი.
ამ კაცს პიტ ბესტი ერქვა. 1962 წელს, ხმის ჩამწერ სტუდიასთან პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, Beatles-ის დანარჩენმა წევრებმა პირი შეკრეს და ანსამბლის მენეჯერს, ბრაიან ეპსტაინს ბესტის გაგდება მოსთხოვეს. ეპსტაინს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, რადგან პიტი ესიმპათიურებოდა. ამიტომაც წელავდა ამ ნაბიჯის გადადგმას იმ იმედით, რომ ბიჭები გადაიფიქრებდნენ.
მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, პირველი ჩაწერის დაწყებამდე სამი დღით ადრე, ეპსტაინმა ბესტს თავისთან უხმო და ზედმეტი ცერემონიების გარეშე ურჩია, Beatles-იდან დაეხვია და სხვა ჯგუფი მოეძებნა. მას არც გაგდების მიზეზებზე ულაპარაკია და არც თანაგრძნობა გამოუხატავს. მხოლოდ ის უთხრა – ანსამბლის სხვა წევრები შენთან მუშაობაზე უარს აცხადებენ და ამიტომაც კარგად იყავიო.
პიტის შემცვლელად ჯგუფმა რინგო სთარი შეარჩია. რინგო სხვებზე უფროსი იყო და დიდი, სასაცილო ცხვირი ჰქონდა. ის უმალ დასთანხმდა, ისეთივე უშნო ვარცხნილობა გაეკეთებინა, როგორიც ჯონს, პოლსა და ჯორჯს ჰქონდათ. სანაცვლოდ უნდოდა, რვაფეხებსა და წყალქვეშა ნავებზე ეწერა სიმღერები. ბიჭებმა მიუგეს: რატომაც არა, წერეო!
ბესტის გაგდებიდან ექვსი თვეც არ იყო გასული, რომ მსოფლიო ბიტლომანიამ შეიპყრო, ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო პლანეტის ყველაზე ცნობილ ადამიანებად გადაიქცნენ. ბესტი კი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და იპოვა საქმე, რომელსაც, მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ინგლისელი სიხარულით ჰკიდებს ხელს: სმა დაიწყო.
პიტისთვის მომდევნო წლებიც საკმაოდ მძიმე გამოდგა. 1965 წელს მან Beatles-ის ორ წევრს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. მისმა მუსიკალურმა პროექტებმა, ერთიმეორის მიყოლებით, სრული კრახი განიცადა. 1968 წელს მან თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ დედამ გადააფიქრებინა. ერთი სიტყვით, ცხოვრება აერ-დაერია.
ბესტის ისტორია სწრაფი აღმასვლის ისტორია არაა, როგორც დეივ მასტეინის შემთხვევაში. ის არც მსოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავად ქცეულა და არც მილიონები უშოვია. მაგრამ, მრავალი თვალსაზრისით, მას ცხოვრება ბევრად უკეთ აეწყო, ვიდრე მასტეინს. 1994 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ბესტმა თქვა – Beatles-ში რომ დავრჩენილიყავი, ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარო.
რატომ?
როგორც თავად ახსნა, Beatles-იდან წამოსვლის გამო განვითარებული მოვლენების წყალობით, ბესტმა მომავალი მეუღლე გაიცნო. მერე იქორწინა, შვილები შეეძინა და ფასეულობები მკვეთრად შეეცვალა. ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედა. კი ბატონო, პატივი და დიდება მშვენიერი რამეებია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მოიპოვა: მტკიცე, მოყვარული ოჯახი და უბრალო ცხოვრება. ის დროდადრო დაკვრასაც განაგრძობდა – 2000-იანი წლების შემდეგაც აწყობდა ტურებს ევროპაში და იწერდა ალბომებს. მაშ, რაღა დაკარგა? რა და, ბრბოს ყურადღება და თაყვანისცემა, რის სანაცვლოდაც თავისთვის ბევრად ფასეული რამ შეიძინა.
ზემოთ მოთხრობილი ამბები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ზოგი ფასეულობა და კრიტერიუმი სხვებზე უკეთესია. ზოგ ღირებულებასა და საზომს კარგი პრობლემები მოჰყვება, რომლებიც ადვილად და რეგულარულად გვარდება; ზოგს კი მოაქვს ცუდი პრობლემები, რომლებსაც დიდი გაჭირვებით და იშვიათად თუ მოაგვარებ.
უვარგისი ფასეულობები
არსებობს უამრავი „მიწიერი“ ფასეულობა, რომლებიც მართლაც ცუდ, გადაუჭრელ პრობლემებს უქმნის ადამიანებს. მოდი, მოკლედ განვიხილოთ ისინი:
1. სიამოვნება: სიამოვნება საამო რამეა. მაგრამ მისი მთავარ ფასეულობად გადაქცევა არ ღირს. ჰკითხეთ ნებისმიერ ნარკომანს, რით დაასრულა სიამოვნების ძიება. ჰკითხეთ მოღალატე ცოლს, ოჯახი რომ დაანგრია და ბავშვები დაკარგა, გააბედნიერა თუ არა სიამოვნებამ. ჰკითხეთ ადამიანს, რომელმაც კინაღამ მუცელი გაიხეთქა მსუნაგობით, მოუგვარა თუ არა სიამოვნებამ პრობლემები.
სიამოვნება ცრუ ღვთაებაა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც მთელ ძალებს სიამოვნების ძიებაში ხარჯავენ, უფრო მშფოთვარე, ემოციურად გაუწონასწორებელი და დეპრესიულები არიან. სიამოვნება ცხოვრებით ტკბობის ყველაზე ზედაპირული ფორმაა. ამიტომაც მისი მიღებაც ადვილია და დაკარგვაც.
ამის მიუხედავად, ესაა ყველაზე გასავლიანი საქონელი, რომელიც ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში იყიდება. ჩვენ მისკენ დაუოკებელი ლტოლვა გვახასიათებს. მისით ვიყუჩებთ ტკივილს და მისით ვიქარვებთ ნაღველს. მაგრამ მხოლოდ სიამოვნება (რომელიც ზომიერი დოზით აუცილებელიცაა) თავისთავად საკმარისი არაა. ის ბედნიერების მიზეზი კი არა – შედეგია. შესაბამისად, როცა სხვა რამეებს (სხვა ფასეულობებსა და ნკრიტერიუმებს) მოვაწესრიგებთ, სიამოვნებაც თავისით გაჩნდება.
2. მატერიალური წარმატება. მრავალი ადამიანის თვითშეფა- სება იმით შემოიფარგლება, რამდენ ფულს შოულობენ, რა მან- ქანით დადიან და მეზობლებზე რამდენად უფრო მოვლილი და მწვანე გაზონი აქვთ სახლის წინ.
კვლევებმა ცხადყო, რომ ძირითადი ფიზიკური საჭიროებების (საკვები, ბინა და ა. შ.) დაკმაყოფილების შემდეგ, ბედნიერებასა და ცხოვრებისეულ წარმატებას შორის კორელაცია ნულს უტოლდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ინდოეთის რომელიმე ქალაქის ქუჩაში ცხოვრობ და შიმშილობ, ათი ათასი დოლარი ძალიან გაგაბედნიერებს. მაგრამ თუ განვითარებული ქვეყნის საშუალო ფენას მიეკუთვნები, ზედმეტი ათი ათასი დოლარი შენს ცხოვრებაში ბევრს არაფერს შეცვლის. ამგვარად, წელის გაწყვეტამდე შრომა და დამატებითი სამუშაო საათების აღება თითქმის არაფერს მოგცემს.
გარდა ამისა, ასეთმა გადამეტფასებამ შეიძლება მატერიალური წარმატება ისეთ ფასეულობებზე მაღლაც კი დააყენოს, როგორებიცაა პატიოსნება, ძალადობის უარყოფა და თანაგრძნობა. თუ ადამიანი საკუთარ თავს საქციელის მიხედვით კი არა, სტატუსის მაჩვენებელი სიმბოლოებით აფასებს, ის მხოლოდ წვრილმანი ტიპი კი არა, სავარაუდოდ, პროჭიც იქნება.
3. შეუცდომლობა. ადამიანის ტვინი გაუმართავი მექანიზმია. ჩვენ გამუდმებით ვაყალიბებთ მცდარ ვარაუდებს, არასწორად ვაფასებთ ალბათობებს, ვურევთ ფაქტებს, ვართ მიკერძოებული და ახირებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ერთი სიტყვით, ადამიანები ვართ და ძალიან ხშირად ვცდებით. ამიტომაც, თუ ცხოვრებისეული წარმატების კრიტერიუმად მუდამ მართლად ყოფნა გაქვს არჩეული, ძალიან ბევრი წვალება მოგიწევს საკუთარი გამოქლიავებულობის გასამართლებლად.
მეტიც, მას, ვისაც თავი ყველაფერში მართალი ჰგონია, საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია. ასეთ ადამიანებს არ აქვთ განსხვავებული თვალსაზრისის აღქმისა და უცხო გამოცდილების გაზიარების უნარი. ისინი თავიანთ ნაჭუჭში არიან გამოკეტილი და ახალ, მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ითვისებენ.
ბევრად სასარგებლოა, როცა თავს უვიცად მიიჩნევ და თვლი, რომ კიდევ უამრავი რამ გაქვს სასწავლი. ეს მრავალი ცრურწმენისა თუ არასწორი შეხედულების გაზიარებისგან გიხსნის და მუდმივი სწავლისა და ზრდის საშუალებას მოგცემს.
4. პოზიტიური განწყობა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა თვითშეფასება ყველაფერზე პოზიტიურად რეაგირების უნარით განისაზღვრება: სამსახური დაკარგე? შესანიშნავია! ახლა შეგიძლია აკეთო ის, რაც მართლა გიტაცებს. ქმარმა შენს დასთან გიღალატა? რას იზამ, სამაგიეროდ, ის მაინც გაიგე, რამდენად გაფასებენ ახლობელი ადამიანები. ბავშვი გიკვდება ყელის კიბოთი? სამაგიეროდ, კოლეჯისთვის ფულის გადახდა არ მოგიწევს!
რასაკვირველია, „ყველაფრის ნათელ ფერებში აღქმა“ ხანდახან სასარგებლოა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ცხოვრება ზოგჯერ სასტიკად გვეპყრობა და ამის არ აღიარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ნეგატიური ემოციების უარყოფას უფრო ღრმა და ხანგრძლივი ნეგატიური ემოციები და ემოციური დისფუნქცია მოჰყვება. მუდამ პოზიტიურ ტალღაზე ყოფნა ქვიშაში თავის ჩარგვის ტოლფასია. ასე ცხოვრებისეული პრობლემები არ გვარდება. არადა, სწორი ფასეულობებისა და კრიტერიუმების ქონის შემთხვევაში ისინი ძალასა და მოტივაციას უნდა გვმატებდეს.
ასეა ცხოვრება მოწყობილი: საქმეები ხშირად არასახარბიელოდ მიდის, ადამიანები გვაბრაზებენ, ხდება უბედური შემთხვევები. ამ ყველაფრის გამო თავს ცუდად ვგრძნობთ, და ეს სავსებით ნორმალურია. ნეგატიური ემოციები ემოციური სიჯანსაღის აუცილებელი კომპონენტია. მათი უარყოფა პრობლემების მოგვარებას კი არა, სამუდამოდ შენახვას ნიშნავს.
ნეგატიური ემოციების მიმართ სწორი მიდგომა ასეთია: 1) ისინი უნდა გამოიხატოს სოციალურად მისაღები და ჯანსაღი ფორმით; 2) ისინი უნდა გამოიხატოს შენი საკუთარი ფასეულობების გათვალისწინებით. ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი: მე ვაფასებ არაძალადობრივ ქცევას და ჩემთვის ასეთი ქცევის კრიტერიუმი ჩხუბისგან თავის არიდებაა. შესაბამისად, როცა ვინმე მაბრაზებს, ბრაზს არ ვმალავ, მაგრამ ვცდილობ, ჩემს მეტოქეს ცხვირი არ გავუტეხო. ვიცი, რადიკალური აზრია. მაგრამ პრობლემა ბრაზი არაა. ბრაზი ბუნებრივი მოვლენაა, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მრავალ სიტუაციაში ის სასარგებლოცაა (არ დაგავიწყდეთ, რომ ემოციები მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო რეაქციაა).
აი, ადამიანებისთვის ცხვირების ჭეჭყვა კი უდავოდ პრობლემური საქციელია. ამ შემთხვევაში დამნაშავე ბრაზი არაა. ბრაზი მხოლოდ და მხოლოდ შუამავალია ჩემს მუშტსა და თქვენს სახეს შორის. ამიტომაც ნუ ადანაშაულებთ შუამავალს. დაადანაშაულეთ ჩემი მუშტი (ან თქვენი სახე).
როცა თავს მუდამ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ვაიძულებთ, ცხოვრებისეული პრობლემების არსებობას უარვყოფთ. პრობლემების უარყოფით კი თავს სირთულეების დაძლევისა და ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობას ვართმევთ. პრობლემები ჩვენს ცხოვრებას აზრსა და მნიშვნელოვნებას მატებს. მათ თავს თუ ავარიდებთ, უაზრო (თუმცა, ერთი შეხედვით, კომფორტული) ცხოვრებით ვიცხოვრებთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, მარათონის დაძლევა უფრო გაგვაბედნიერებს, ვიდრე შოკოლადის ტორტის შეჭმა. ბავშვის აღზრდას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე ვიდეოთამაშის მოგებას. მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყებას უამრავი თავსატკივარი ახლავს, მაგრამ, ამავდროულად, მოაქვს უფრო მეტი სიამოვნებაც, ვიდრე, ვთქვათ, ახალი კომპიუტერის შეძენას. კი ბატონო, ამას მთელი დრო და ნერვები მიაქვს, კი, პრობლემას პრობლემა მოსდევს, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ბევრი სიხარული და აზრიც ახლავს. როცა ყველაფერი დამთავრდება, ბევრი ტკივილისა და ბრძოლის, ბრაზისა და სასოწარკვეთის მიუხედავად, დიდი ხალისით მოუყვებით ამ ამბებს შვილიშვილებს.
ფროიდი ამბობს – როცა განვლილ წლებს გადახედავთ, ყველაზე მშვენივრად ბრძოლაში გატარებული წუთები მოგეჩვენებათო.
აი, რატომაა, რომ ისეთი ფასეულობები, როგორებიცაა – სიამოვნება, მატერიალური წარმატება, სურვილი, იყო მუდამ მართალი, ან გქონდეს მუდამ პოზიტიური განწყობა, ცხოვრების იდეალებად არ გამოგვადგება. ცხოვრების ყველა საუკეთესო წამი როდია აღსავსე სიხარულითა და წარმატებით, ცოდნითა და პოზიტიური განწყობით.
შესაბამისად, თუ სწორ ფასეულობებსა და კრიტერიუმებს ავირჩევთ, სიამოვნება და წარმატება თავისთავად მოვა, როგორც კარგი ფასეულობების თანამდევი გვერდითი პროდუქტი. კარგი ფასეულობების გარეშე კი სიამოვნება და წარმატება მხოლოდ ნარკოტიკია და სხვა არაფერი.
როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი ფასეულობები
კარგი ფასეულობები 1) ეფუძნება რეალობას, 2) სოციალურად კონსტრუქციულია, 3) უშუალო და კონტროლირებადია.
ცუდი ფასეულობები 1) მოწყვეტილია რეალობას, 2) სოციალურად დესტრუქციულია, 3) არაა უშუალო და გაუკონტროლებელია.
პატიოსნება კარგი ფასეულობაა, რადგან თავიდან ბოლომდე კონტროლდება, ასახავს რეალობას და გარშემო მყოფთათვისაც სასარგებლოა (თუმცა ყოველთვის სასიამოვნო არაა). მეორე მხრივ, პოპულარობა ცუდი ფასეულობაა. თუ წვეულებაზე ყველას დაჩრდილვის განზრახვით შეაბიჯებ, შემდგომი მოვლენები შენს კონტროლს არ დაექვემდებარება, რადგან არ გეცოდინება, კიდევ ვინ მოვა ამ წვეულებაზე და რამდენად მიმზიდველები და მომხიბვლელები იქნებიან სხვა ადამიანები. გარდა ამისა, სიტუაციის შენეულ აღქმას ცოტა რამ ექნება საერთო რეალურ ვითარებასთან: შეიძლება თავი პოპულარულად ან არაპოპულარულად იგრძნო, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ გექნება, რას ფიქრობენ შენზე სხვა ადამიანები (მაგალითად, კაცს, რომელსაც გარშემო მყოფთა აზრი ადარდებს, ხშირ შემთხვევაში ეშინია, რომ ყველა ისეთი ცუდი თვალით უყურებს, როგორი ცუდი წარმოდგენაც აქვს საკუთარ თავზე).
კარგი და ჯანსაღი ფასეულობებია, მაგალითად, პატიოსნება, ნოვატორობა, მგრძნობიარობა, თავის დაცვის უნარი, სხვების დაცვის უნარი, საკუთარი თავის პატივისცემა, ცნობისმოყვარეობა, მოწყალება, თავმდაბლობა და შემოქმედება.
ცუდი, არაჯანსაღი ფასეულობებია – მანიპულირებასა და ძალმომრეობაზე დაფუძნებული ძალაუფლება, განურჩეველი სექსი, მუდამ კარგ გუნებაზე ყოფნა, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მარტო ყოფნის აუტანლობა, საყოველთაო სიყვარული, სიმდიდრე სიმდიდრისთვის, წარმართული ღმერთებისთვის ცხოველთა შეწირვა და ა. შ.
საგულისხმოა, რომ კარგი და ჯანსაღი ფასეულობები შინაგან დონეზე მოიპოვება. მაგალითად, ახლავე შეგიძლიათ შეიგრძნოთ, როგორია შემოქმედებითი მუხტი ან თავმდაბლობა. ამისათვის გონების სათანადო კალაპოტით წარმართვაც საკმარისია. ეს ფასეულობები უშუალო და კონტროლირებადია და გამოგონილ, საოცნებო სამყაროსთან კი არა, რეალობასთან გვაკავშირებს.
ცუდი ფასეულობები კი, ძირითადად, გარე მოვლენებზეა მიბმული. მათი რეალიზებისთვის კერძო თვითმფრინავით უნდა დაფრინავდე, გამუდმებით ისმენდე, რომ მართალი ხარ, ფლობდე ვილას ბაჰამებზე, ჭამდე კანოლებს და თანაც ერთდროულად სამ ტოპმოდელს აძლევდე პირში. კარგად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ცუდი ფასეულობები უმართავია და ისინი ხშირად დესტრუქციული ან სულაც სახიფათო საშუალებებით მოიპოვება.
ერთი სიტყვით, ეს პრიორიტეტების საკითხია. ვის არ უყვარს კარგი კანოლები, ან ვის არ უნდა ვილა ბაჰამის კუნძულებზე! მაგრამ ჯერ პრიორიტეტებში უნდა გავერკვეთ. რა ფასეულობებს ვანიჭებთ უპირატესობას? რა ფასეულობები ზემოქმედებს ყველაზე მეტად ჩვენს გადაწყვეტილებებზე?
ჰიროო ონოდას უმთავრესი ფასეულობა იაპონიის იმპერიის უპირობო ერთგულება და სამსახური იყო. მაგრამ ეს ფასეულობა დამპალ თევზზე მეტად ყარდა და ჰიროოს მხოლოდ პრობლემებს უქმნიდა: ის ჩარჩა შორეულ კუნძულზე, სადაც ოცდაათი წლის განმავლობაში ხოჭოებითა და მატლებით იკვებებოდა… და თანაც თავს ვალდებულად თვლიდა, მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანები ეხოცა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰიროო თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევდა და სრულად აკმაყოფილებდა საკუთარ კრიტერიუმებს, მგონი, ყველანი დამეთანხმებით, რომ მისი ცხოვრება დიდი სირობა იყო – არც ერთი ჩვენგანი არ მოისურვებს მის ადგილას ყოფნას და არ მოიწონებს მის საქციელს.
დეივ მასტეინმა, მართალია, სახელი მოიხვეჭა, მაგრამ თავს მაინც ხელმოცარულ ადამიანად თვლიდა. რატომ? იმიტომ, რომ უვარგისი ღირებულებები აირჩია: საკუთარ წარმატებას სხვების წარმატებით აფასებდა. ამგვარმა ღირებულებებმა მხოლოდ პრობლემები შეუქმნა („150 მილიონით მეტი ფირფიტა უნდა გავყიდო“, „მომდევნო ტურში სტადიონები უნდა გადავჭედო“) – პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც, თითქოსდა, გააბედნიერებდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამან დიდი ვერაფერი ბედნიერება მოუტანა.
დიამეტრულად განსხვავებულია პიტ ბესტის მაგალითი, რომელიც Beatles-იდან გაგდების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ ასაკთან ერთად პრიორიტეტები შეიცვალა და სხვა ცხოვრებისეული საზომები იპოვა. ამ ფერისცვალების წყალობით ის დღეს გვევლინება ბედნიერ და ჯანღონით აღსავსე მოხუცად, რომელსაც დიდი ოჯახიც ჰყავს და ცხოვრებაც აწყობილ-დალაგებული აქვს (ის, რის მისაღწევადაც Beatles-ის დანარჩენ წევრებს უდიდესი ძალისხმევა და ათწლეულები დასჭირდათ).
როცა ფასეულობები არ გვივარგა (ანუ, როცა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფთათვისაც არასწორი სტანდარტები გვაქვს დაწესებული) გამუდმებით ვდარდობთ უმნიშვნელო რამეებზე – ისეთ წვრილმანებზე, რომლებიც, სინამდვილეში, მხოლოდ ცხოვრებას გვიმწარებს. ხოლო როცა არჩევანი სწორია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია უკეთეს და ღირებულ რამეებზე, რომლებსაც ფიზიკური სიჯანსაღე, ბედნიერება, სიამოვნება და, გვერდითი ეფექტის სახით, წარმატებაც მოაქვს.
სწორედ ესაა „თვითსრულყოფის“ არსი: უპირატესობა მიანიჭო სწორ ფასეულობებს, იზრუნო უკეთეს რამეებზე. რადგან როცა კარგ რამეებზე ზრუნავ, პრობლემებიც ჯანსაღი გაქვს. ხოლო როცა პრობლემები ჯანსაღია, ცხოვრებაც უკეთესია.
წიგნის დანარჩენი ნაწილი ეთმობა ხუთ პარადოქსულ და, ჩემი აზრით, განსაკუთრებით სასარგებლო ფასეულობას. თითოეული მათგანი ექვემდებარება ზემოთ ხსენებულ „უკუქმედების კანონს“, რადგან ყველა „ნეგატიურია“. ისინი სიღრმისეული პრობლემებისთვის თავის არიდებასა და ნარკოტიკულ თრობაზე გადართვას კი არა, სირთულეებთან დაპირისპირებას გვაიძულებს. ეს ხუთი ფასეულობა არასტანდარტული და არაკომფორტულია, მაგრამ მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
დასაწყისისთვის, მომდევნო თავში განვიხილავთ პასუხისმგებლობის რადიკალურ ფორმას: პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება (მიუხედავად იმისა, ვინაა დამნაშავე). შემდეგ ვისაუბრებთ ისეთ ფასეულობაზე, როგორიცაა არათავდაჯერებულობა: საკუთარი უმეცრების აღიარება და საკუთარი შეხედულებების მუდამ ეჭვქვეშ დაყენების აუცილებლობა. შემდეგ გადავალთ წარუმატებლობაზე: საკუთარი ნაკლისა და შეცდომებისგან გათავისუფლების მიზნით, მათი გააზრებისა და გაცნობიერების მზაობაზე. შემდეგ განვიხილავთ უარს: „არას“ თქმისა და მოსმენის უნარს – რაც საშუალებას მოგვცემს, გავარკვიოთ, რისი მიღება შეგვიძლია ცხოვრებაში და რისი – არა. და ბოლო ფასეულობაა – საკუთარი მოკვდავობის გააზრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რადგან სიკვდილის მუდმივი შეხსენება ყველა დანარჩენი ფასეულობის სწორი რაკურსით დანახვაში გვეხმარება.
No Comments