შეცლის ნება — „იძებნება კაცი, რომელსაც უყვარს“.
შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელსაც არ ასწავლეს და საერთოდ აუკრძალეს სიყვარული — უყვარდეს?
შეუძლია ადამიანს, რომელსაც აუკრძალეს ემოციების ქონა — საკუთარი თავის შეცნობა?
ან თუ შეუძლია ადამიანს, რომელიც არ იცნობს საკუთარ თავს — იცოდეს, რომ უყვარს?
ვის ასწავლიან, რომ მგრძნობელობა სისუსტეა?
ვინ არის ის და როგორ შეგვიძლია ჩვენ მისი შეცნობა — ვისაც პატრიარქატმა ისიც კი აუკრძალა, რომ საკუთარ თავს იცნობდეს?
ხშირად გაიგონებთ, რომ ქალია პატრიარქატის მსხვერპლი, მაგრამ Not Today — ეს არის ამბავი მამაკაცებზე.
კაცები, რომლებსაც არ ვიცნობთ
სანამ კაცობრიობა გამოქვაბულიდან დღემდე დაუშურებლად სვამდა კითხვებს იმის შესახებ, თუ რა სურთ ქალებს, ვინ არიან ისინი, ან რა იმალება ამ იდუმალ, ცვალებად, მოუხელთებელ, მისტიფიცირებულ არსებაში —
სანამ თავად ქალებიც სიამოვნებით კეკლუცობდნენ თავიანთი ამოუცნობი ბუნებით და ასე მაცდურად იზიდავდნენ მამაკაცებს ამ გაუვალ ლაბირინთში მოგზაურობისაკენ, რასაც ქალის შეცნობა ჰქვია — ყველას ყურადღების მიღმა დარჩა საკითხი: კი მაგრამ, კაცებს რა სურთ? კაცები ვინ არიან?
და თუ შევეცდებით და იმაზე ღრმად ჩავიხედავთ მამაკაცის ბუნებაში, ვიდრე ისეთი ყბადაღებული კლიშეებია, როგორიცაა მაგალითად: “კაცებს მხოლოდ ერთი რამ სურთ” — აღმოვაჩენთ, რომ კაცების შესახებ არაფერი ვიცით.
ბელ ჰუკსის წიგნი „შეცვლის ნება“ ერთდროულად არის ფემინისტური მანიფესტიც და, რაც შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყოს — ქალების ერთგვარი აღსარებაც: აღსარება იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება მამაკაცები.
მეტიც, პლანეტა სავსეა ისტერიული მაძიებელი ქალებით, აწ უკვე ხელჩაქნეული ქალებით და იმედით სავსე ქალებით, რომლებიც სასოწარკვეთილნი საჭიროებენ კაცის სიყვარულს.
შეიძლება რომელიმე რადიკალურმა ფემინისტმა ამაზე ირონიულად ჩაიფრუტუნოს და თქვას: „რაში გვჭირდებიან კაცები? ისედაც კარგად ვგრძნობთ თავს, მეტი საქმეც არა გვაქვსო.“
მაგრამ ბელ ჰუკსი ამბობს:
„არავის სწყურია კაცის სიყვარული ისე, როგორც პატარა გოგოს ან ბიჭს, რომელიც ეძიებს კუთვნილ სიყვარულს მამისგან. მამა შეიძლება იყოს წასული, მკვდარი, ფიზიკურად გვერდით, მაგრამ ემოციურად გადაკარგული. ყოველღამე მილიონობით ბავშვი იძინებს დამშეული — მამის უყურადღებობისგან. რთულია, დედობრივმა ალერსმა მამობრივი სიყვარულის ნაკლებობა ამოავსოს. რაღა გასაკვირია, რომ უკვე გაზრდილი ეს გოგოები და ბიჭები გულით კაცებისადმი ბრაზს დაატარებენ — რომ არა და არ ეღირსათ სიყვარული, რომელიც თავს სრულყოფილად, ღირებულად, მიღებულად აგრძნობინებდა. ისინი სწავლობენ სიყვარულის მოთხოვნილების დათრგუნვას, სწავლობენ მცირედით დაკმაყოფილებას, სწავლობენ, თავი მოიტყუონ, თითქოს ეს იყოს სიყვარული, სწავლობენ, როგორ იცხოვრონ ტყუილში.“
გენდერული ნეvროზი — ანუ მამაკაცობის ფასადის ქვეშ გამომწყვდეული ბიჭები
ბელ ჰუკსი პატრიარქატს არ უყურებს მხოლოდ როგორც ქალების ჩაგვრის მექანიზმს. ის საუბრობს მამაკაცებზე, როგორც პატრიარქატის კიდევ ერთ მსხვერპლზე,
სანამ უამრავ ფემინისტს აშინებს ამაზე საუბარი.
ბიჭები პატარაობიდანვე იღებენ ბრძანებებს: “არ იტირო, იყავი ძლიერი, ქალივით ნუ იქცევი, ეს ქალურია, ის ქალურია, იყავი ნამდვილი მამაკაცი, რატომ ტირი, გოგო ხარ?”
ეს არის კულტურული ტრავმა, რომელსაც ჰუკსი უწოდებს გენდერულ ნეიროზს.
გენდერული ნეიროზით დათრგუნულ მამაკაცს ჰგონია, რომ ძლიერი მხოლოდ მაშინაა, როდესაც დუმს, როდესაც არ უყვარს, როდესაც არ ეშინია.
ფსიქოანალიზის თვალსაზრისით, ეს არის სუბლიმაციისა და განდევნის კლასიკური შემთხვევა — როცა სურვილი, ემოცია და სისუსტე ცნობიერიდან ქვეცნობიერში ინაცვლებს, სადაც იკრეფს ენერგიას და შემდეგ, ერთიორად თავდადებით, ვლინდება ისეთ ფორმებში, როგორებიცაა: აგრესია, ძალადობა, დამოკიდებულებები ან ქრონიკული მარტოობა.
ბიჭს, რომელსაც ემოციურობა აუკრძალეს, მოზრდილობაში შესაძლოა გამოუვლინდეს ძალადობრივი ქცევები ან გაუცხოება. ამიტომაც სიყვარულს აღიქვამს სისუსტედ — რამეთუ სიყვარული აიძულებს ადამიანს იგრძნოს, ეტკინოს, ემოციური იყოს, ეს ყოველივე კი სათავეშივე აკრძალულია მამაკაცისათვის.
ამიტომაც ის შესაძლოა საყვარელ ქალს აღიქვამდეს როგორც მაკასტრირებელ არსებას, მტერს, რომელმაც გადაწყვიტა მასში მამაკაცის დამარცხება, მამაკაცის ჩაკვლა — და რაღა გასაკვირია, გაბრაზდეს, აგრესია გამოავლინოს, შეებრძოლოს არსებას, რომელიც დამცირებით ემუქრება მას, მისი მამაკაცის ხატისა და მამის წინაშე.
სიყვარულის დეფიციტი — ნიღბების კულტურა
სწორედ ამ დათრგუნული ემოციებისა და გრძნობების კვალდაკვალ, მამაკაცი ირგებს ნიღაბს.
კარლ გუსტავ იუნგი ამას „პერსონას“ უწოდებს — ეს არის სოციალური ნიღაბი, რომელსაც ადამიანი ატარებს, რათა მოერგოს მოლოდინებს, რომელიც მის მიმართ აქვს ოჯახსა და საზოგადოებას.
ნიღაბი — ძლიერი, წარმატებული, მცველი — ხშირად ფარავს იმ მამაკაცის ნამდვილ სახეს, რომელსაც სურს უბრალოდ მოუსმინონ, უთხრან, რომ საკმარისია და უფლება აქვს იყოს არასრულყოფილი, იყოს უბრალოდ ადამიანი.
ბიჭები ასე იზრდებიან, აკრული პირებით, მდუმარებაში, და როდესაც იზრდებიან, მათ არ შეუძლიათ თქვან: „მეშინია“, „მინდა გიყვარდე“, „მტკივა“.
ის ნელნელა და უფრო და უფრო კარგავს კავშირს საკუთარ ემოციებთან, კარგავს კავშირს საკუთარ თავთან —
რომ საბოლოოდ აღარ შეუძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა და დასახელება.
ფსიქოანალიზი ამას „ალექსითიმიას“ უწოდებს — უუნარობას, ამოიცნო და სახელი უწოდო შენს ემოციას. ეს გრძნობათა გაუცხოება მას აქცევს მამაკაცად, რომელიც ვერ ცნობს საკუთარ შეგრძნებებს, ვერ ცნობს საკუთარ თავს, მან არ იცის საკუთარი თავი, შესაბამისად, არ შეუძლია მისი სიყვარული. როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, რასაც არ იცნობ, ან როგორ შეიძლება გიყვარდეს ქალი, მეორე ადამიანი, როდესაც არ იცნობ საკუთარ თავს და არც არავის უსწავლებია შენთვის სიყვარული?
სიყვარულის ტრანსფორმაცია — ბელ ჰუკსის პოლიტიკა
ბელ ჰუკსისათვის სიყვარული არ არის რაღაც რომანტიული გრძნობა, ის არის არჩევანი, ეთიკური პოზიცია, ყოველდღიური ქმედება. სიყვარული — ეს ნიშნავს გამოვლენას, საკუთარ თავში გაჩერების უნარს და მზადყოფნას შეხვდე სხვის სიღრმეს საკუთარი სიღრმით.
პატრიარქატმა კაცს ასწავლა, როგორ იყოს მამაკაცი, მაგრამ არასდროს უსწავლებია — როგორ იყოს ადამიანი. ჰუკსი აფრთხილებს: სანამ კაცები არ ისწავლიან საკუთარ თავის მოსმენას სიყვარულით და არა კრიტიკით, სანამ ისინი არ დაიწყებენ საკუთარი ემოცების ამოცნობას, მათ პატივისცემას, სანამ კაცები არ ისწავლიან საკუთარ თავს და მის სიყვარულს, მათი სიყვარული ვერ იქნება ნამდვილი.
ფსიქოანალიტიკური დეფიციტი
კოჰუტის მიხედვით, “დეფიციტური თვითობა” _ მდგომარეობა, როცა ადამიანის ეგო არ არის საკმარისად მყარად ჩამოყალიბებული, უჭირს სტაბილური თვითაღქმის შენარჩუნება, განიცდის შფოთვას, სიყვარულს აღიქვამს როგორც პიროვნული დაშლის საფრთხეს და ხშირად ექმნება ნარცისული დაძაბულობები, დაქვეითებული თვითშეფასება, არასტაბილურობა ურთიერთობებში, ემოციური რეგულაციების სირთულე; სიყვარული და სიახლოვე აღიქმება, როგორც მუქარა, ხიფათი, საშიშროება. კაცები, რომლებიც პატრიარქატმა ჩამოაყალიბა როგორც ბრუტალური, ძალისმიერი არსებები, სინამდვილეში შინაგანად შიშით სავსე ბავშვებად რჩებიან, რომლებმაც ვერ მიიღეს თავიანთი მშობლების — განსაკუთრებით კი მამის — სითბო და სიყვარული.
როცა ბიჭს აკლია მამის სითბო, მას არ გააჩნია ემოციური მამაკაცის მოდელი. მან არ იცის, როგორ გამოიყურება სიყვარულის გამოხატვა კაცისგან. ამიტომაც, მოზრდილობაში, როცა ქალი ეუბნება: “მინდა მითხრა, რა გინდა, რას გრძნობ, რა გაწუხებს”, ის ან დუმს, ან ბრაზდება — რადგან ბავშვობიდან ეუბნებოდნენ: “არ შეიმჩნიო”, “არ გამოხატო”, “მამაკაცები არ ტირიან”.
ეს ემოციური უწონასწორობა წყვილს შორის ქმნის ისეთ დისონანსს, სადაც ორივე სქესი იტანჯება. ქალი ვერ იღებს იმ სიყვარულს, რომელიც სჭირდება. კაცი კი ვერ იძლევა მას, რადგან არ ასწავლეს საკუთარ გრძნობებზე საუბარი.
გამოსავალი: შინაგანი რევოლუცია
ბელ ჰუკსის გზავნილი არ არის დაპირისპირებისკენ მოწოდება. ის არის მოწოდება შერიგებისა და ზრდისკენ. ის ამბობს — “კაცებს შეუძლიათ შეიცვალონ, თუ ეცოდინებათ, როგორ უყვარდეთ.” მაგრამ ეს ცვლილება ვერ მოხდება გარედან, ქალების მოთხოვნისა და საჭიროების საფუძველზე. ეს უნდა წამოვიდეს შიგნიდან — კაცი თვითონ უნდა ჩაიძიროს საკუთარ თავში და უპასუხოს კითხვას:
“რატომ მეშინია სიყვარულის?”
ეს კითხვა იმ პროცესის დასაწყისია, რომელსაც ჰუკსი “ემოციურ წვრთნას” უწოდებს — კაცებისთვის ემოციური განათლების მიცემა, როგორ გამოხატო გრძნობა, როგორ მოუსმინო საკუთარ თავს, როგორ გამოთქვა სიყვარული და როგორ გამოთქვა სიყვარულის სურვილი. ეს განვითარების გზაა, სადაც ჰუკსი სერიოზულად აყენებს პრობლემას რომ პატრიარქატმა დააკასტრირა მამაკაცების ემოციური სხეული და წაართვა ყველა უნარი, რომელოც საჭიროა ემოციური ინტელექტის განვითარებისათვის.
სანამ ისინი არ ისწავლიან ემოციების ამოცნობას, დატევას, გამოხატვას, ისინი იქნებიან ნახევრად ადამიანები. ქალები და შვილები კი ვერ მიიღებენ სიყვარულს, რომლის გაცემაც მხოლოდ ემოციურად ზრდასრულ და გაცნობიერებულ სულს შეუძლია.
სიყვარულის პოლიტიკა
სანამ სიყვარულს განვიხილავთ, როგორც ემოციას, ვერასდროს გავიცნობთ მის პოლიტიკას. სიყვარული სისტემური პრობლემის პასუხია. ბელ ჰუკსი გვახსენებს: პატრიარქატი არა მხოლოდ ჩაგრავს, არამედ აუტანლად ანადგურებს ურთიერთობის საფუძველს. სიყვარული კი — როგორც სამკურნალო ძალა — მამაკაცებისგან მოითხოვს აღიარებას:
“მე არ მინდა ვიყო ემოციურად დათრგუნული კაცის ემოციურად დათრგუნული შვილი და არ მსურს გავხდე ემოციურად დათრგუნული კაცი, რომელიც შობს ემოციურად დათრგუნულ შვილებს.”
ეს არის გზა, რომელზეც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა იარონ, რადგან ტრავმა უმძიმესია. იმ ემოციური საპყრობილეს ფორმირებაში, რომელშიც დამწყვდეულნი არიან მამაკაცები, მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ მამა, არამედ დედაც, საყვარელი ქალიც და სრულიად საზოგადოებაც. ეს არის ემოციური მამაკაცი VS დანარჩენი სამყაროს მოდელი და ამ მარტოობის აღმოფხვრა არ იწყება ფემინისტური სლოგანებით, ყბადაღებული ფრაზებითა და ხმამაღალი შეგონებებით. ეს ტრანსფორმაცია იწყება ჩუმად — ბავშვის გულში, რომელსაც ეტყვიან:
“გიყვარს? გიყვარდეს.
ტირი? იტირე.
რას გრძნობ?
რა ქვია შენს ემოციას?
სიყვარული სირცხვილი არ არის, ემოცია სირცხვილი არ არის, სირცხვილი არ არის იყო ადამიანი.”
ეს დამოკიდებულება ქმნის მომავალს, სადაც კაცებს შეუძლიათ იგრძნონ და იცოდნენ საკუთარი თავი, უყვარდეთ შვილები, ქალები, კაცები, ადამიანები. ამიტომაც ბელ ჰუკსი ამბობს: “იძებნება კაცი, რომელსაც უყვარს” — საზოგადოების რეაბილიტაციისათვის, ნამდვილი ურთიერთობებისათვის, იმისათვის, რომ პლანეტაზე არც ერთმა ბავშვმა აღარ დაიძინოს მამის სიყვარულის დანაკლისით სავსე პატარა გულით, რადგან მამებს არავინ ასწავლა _ როგორ უყვარდეთ.