ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის — ამბავი მთვარეულებზე

 “ეს წიგნი არ არის დაწერილი წასაკითხად, არამედ მათ ჩასაძირად, ვინც ცურვა არ იცის.”

სწორედ ასეთი უკომპრომისო ულტიმატუმით მიდის გურჯიევი მკითხველთან: ან გაიღვიძებ, ან ჩაიძირები.

 

 

ლიტერატურული სტილი — მიზნობრივი დისონანსი

 

ბელზებელის ნაამბობი მისი შვილიშვილისთვის ეზოთერული და ფილოსოფიური მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური, მისტიური და წინააღმდეგობრივად აღქმული ნაწარმოებია. ავტორი იყენებს “დაუმორჩილებელ” ენას, რთულ მეტაფორებს, დაუსრულებელ წინადადებებს, წინააღმდეგობრივ ტერმინოლოგიას და არქაული კონსტრუქციებით აყალიბებს იდეებს, რათა მკითხველი აიძულოს — გაარღვიოს საკუთარი გონებრივი ინერცია. გურჯიევი მკითხველს აშორებს ენის კომფორტს, რადგან სწორედ ენობრივი ავტომატიზმი, მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა ცნობიერების ზრდისთვის.

 

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ნაწარმოები მიზანმიმართულად ანტილიტერატურულია — „მკითხველს არ ემორჩილება“. ეს არის ანტიპოეზია, ანტიფილოსოფია, რომელიც საკუთარ ენას ქმნის და მკითხველსაც აიძულებს, რომ იყოს თანაშემქმნელი.

 

ფილოსოფიური სკოლა — ცნობიერების გამოღვიძება

 

გურჯიევის ფილოსოფიური არქიტექტურა მთლიანად ემყარება იმას, რასაც თვითონ უწოდებს ობიექტური ცნობიერება — ეს არის ადამიანის ცნობიერების განვითარების ისეთი საფეხური, რომელზეც იგი აღარ მოქმედებს მექანიკურად, წარსულის, ინსტინქტების, კოლექტიური ჰიპნოზისა და სოციალური კოდის საფუძველზე.

 

ცენტრალური იდეაა: ადამიანი მექანიკურია, თუკი ის არ იღვიძებს. იღვიძებს მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავს ატარებს ცნობიერების მძიმე გზაზე.

ეს იდეა თანხვედრაშია ბუდისტურ და ჰერმეტულ სწავლებებთან, სადაც ადამიანის ძილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი მეტაფორაა. თუმცა გურჯიევის შემთხვევაში ეს ძილი გაფართოებულია კოლექტიურ დონეზე, სოციალური და ისტორიული კონტექსტით, სადაც ცივილიზაცია თავად მოქმედებს როგორც ჰიპნოზის მანქანა.

 

შინაარსი

 

ამბავი იწყება იქ, სადაც არქანგელოზ ბელზებელსდიდ ცასა და კოსმოსში ერთ დროს ძლიერ გავლენიან არსებას, აწ უკვე თითქმის უსახელოს, პატივაყრილსა და გადასახლებულს პლანეტა კარატასში, დასჯილს კოსმოსური წესების დარღვევისათვისმიეცა ნებართვა, კვლავ ჩამოუაროს მზის სისტემას.

აქ ბელზებელი არ არის ბიბლიური სატანა, არამედ ადამიანის ალეგორია, რომელიც ერთ დროს ფხიზელი და ცნობიერი, ახლა დაეცა, დაივიწყა საკუთარი არსი და გახდა მექანიკური.

წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ და სულიერ გზავნილს, რომელიც გადმოსცემს კაცობრიობის სახეს. ბელზებელი, რომელმაც კაცობრიობის მსგავსად, წარსულში დაუშვა მთელი რიგი შეცდომები, ამჟამად ცდილობს თავისი გამოცდილება და სიბრძნე გადასცეს საკუთარ შვილიშვილს — მომავალ თაობას.

ეს არის ბელზებელის პირით მოთხრობილი ამბავი დედამიწელების შესახებ.

 

 

 

საკვანძო იდეები

 

მექანიკური ცხოვრება — აღნიშნავს ადამიანთა ყოფიერების ისეთ ფორმას, რომელიც განპირობებულია სტერეოტიპებით, ყოველდღიური რუტინით და დამახინჯებული, ავტომატური ქცევებით. ბელზებელი გადმოსცემს ამ მდგომარეობის მექანიზმს, რომელშიც ადამიანი აღარ ავლენს კრიტიკულ აზროვნებას და მოქმედებს როგორც ავტომატური მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ გარეგანი ფაქტორების გავლენითა და შიდა ძალების გარეშე ფუნქციონირებს. იგი აღწერს პროცესს, როგორც ფსიქოლოგიურ ძილს“, სადაც ადამიანს დავიწყებული აქვს საკუთარი სულიერი ბუნება.

 

ცრუ ცოდნის გავრცელება — ბელზებელი აკრიტიკებს კაცობრიობას დამახინჯებული და შეზღუდული ცოდნის გავრცელებაში. ეს ცრუ ცოდნა ქმნის ილუზიას სამყაროს შესახებ, რომელიც არ ემთხვევა რეალობას, ზღუდავს ადამიანის ცნობიერების თვალსაწიერს, კარს უკეტავს გამოღვიძებისაკენ, საკუთარი ცნობიერების სრულყოფილად აღქმაში.

 

ცივილიზაციის დაშლა და სულიერი დაცემა — ბელზებელი აღწერს საზოგადოებას, დეგრადირებულ ცივილიზაციას, სადაც ადამიანს სრულიად დავიწყებული აქვს შინაგანი არსი და დაცლილია ყოველგვარი სულიერებისაგან. რასაც უწოდებს სულიერ მოწყინებას“, სადაც ადამიანი ნაკლებად აკვირდება საკუთარ შინაგან მდგომარეობას და აღარ გააჩნია რაიმე სულიერი მიზანი.

 

შინაგანი გაღვიძების აუცილებლობა — გურჯიევი ცდილობს გამოაღვიძოს ადამიანი მექანიკური ყოფიერებიდან, დაუბრუნოს მას დავიწყებული ცოდნები, შეახსენოს ეგზისტენციალური მრავალფეროვნება, კარი გაუხსნას საკუთარი შეუცნობელი სამყაროს აღმოსაჩენად, რაც თავისთავად დაკავშირებულია საფრთხეებთან.

 

კრიტიკული შეფასება

 

სირთულე და არაკომპეტენტურ მკითხველთან დაკავშირებული რისკი — მთავარი კრიტიკა სწორედ ისაა, რომ ტექსტი შეიძლება გახდეს საფრთხე ფსიქოლოგიურად დაუცველი ადამიანებისთვის, რადგან ის პირდაპირ მიდის ცნობიერების ღრმა ფენებში. ადამიანისთვის, ვისაც სტრუქტურული სტაბილობა არ აქვს, ტექსტი შეიძლება გახდეს არა ინსტრუმენტი, არამედ სარკე, სადაც იგი დაინახავს ქაოსს და ამ ქაოსს ვერ გაუმკლავდება.

 

შეიძლება ითქვას, რომ როგორც ყველა საკრალურ ნაწარმოებს, აღნიშნულ ტექსტსაც აკლია ფილოსოფიური კონსისტენტურობა და ნოყიერ ნიადაგს ქმნის პარანოიდული იდენტიფიკაციებისათვის. ამიტომ ტექსტი შეიძლება გახდეს ფანტასმაგორიული ლაბირინთი, სადაც მოუმზადებელი მკითხველი იკარგება.

 

მოსალოდნელია ინტელექტუალური სიგიჟე — ზედმეტად თუ ჩაძვრები ტექსტის სიტყვებით თამაშში, შესაძლოა მთელი არსი გამოგეპაროს. გურჯიევი ამას უწოდებს ინტელექტუალურ აკრობატიკას“, რომელიც ადამიანებს აშორებს ჭეშმარიტებისგან.

 

ასევე მოსალოდნელია, რომ მალევე დაიბნე, აირიო და შეწყვიტო კითხვა, მაგრამ გურჯიევი ამბობს:

 “წიგნი ჩაფიქრებულია ისე, რომ ზოგიერთმა მკითხველმა თავი დაანებოს კითხვას და ასე გამოააშკარავოს საკუთარი მოუმზადებლობა.”

 

გურჯიევს ხშირად ადანაშაულებენ ელიტიზმში — ტექსტი, თითქოს, განზრახ გასაიდუმლოებულია და მიზანმიმართულად “შიდასაინიციაციო” წრეზეა გათვლილი.

 

დასკვნა — მთავარი ღირებულება

 

ბელზებელის ნაამბობი არ არის ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოები. ის არის ძალიან დახვეწილი და საშიში მანქანა, რომლის მართვაც საჭიროებს შინაგან ეთიკას, ფსიქოლოგიურ სტაბილურობას და გულწრფელობას საკუთარ თავთან.

 

რადგან გურჯიევი, იმისათვის, რომ გამოხვიდე მექანიკური აზროვნების ჩარჩოებიდან და გამოავლინო შენი შინაგანი “ძილის” დონე, ცდილობს დაგაბნიოს, შეგაწუხოს, გადაგღალოს, გაგაღიზიანოს, გაგიყვანოს კომფორტის ზონიდან, რომ დაიწყო აზროვნება.

 

თუ გსურს მისტიური ფანტასმაგორიებით მანიპულაცია,

მითებითა და ლეგენდებით ტკბობა,

ფორმებით თამაში,

ან უბრალოდ გსურს იტრაბახო, რომ წაკითხული გაქვს ბელზებელის ნაამბობი, მაშინ ეს წიგნი შენთვის არ არის,

რადგან გურჯიევი მხოლოდ ერთ მკითხველს ელოდებოდა — მას, ვინც გაბედავს გაღვიძებას.

 

  „შეიტყვე, ძვირფასო ჰასიდ, რომ ადამიანები პლანეტა დედამიწაზე ამჟამად თითქმის სრულიად წყვეტენ იმ შინაგანი ძალების გამოყენებას, რომელიც მათ თავად შემოქმედმა ჩაუნერგა. მათ დაავიწყდათ საკუთარი მისია, ამის ნაცვლად, სიზმრებისაგან შექმნილი მექანიკური ცხოვრების ფერხულში ებმებიან და ისე კვდებიან, რომ არასდროს იღვიძებენ.

 წამით მაინც რომ გამოეღვიძათ და შეეხედათ თავიანთი ბუნებრივი მდგომარეობისათვის, ისინი ვერ გაუძლებდნენ იმ სირცხვილს, თუ რამხელა ცნობიერება გამოკეტეს ისეთ პაწაწინა ნაჭუჭში, რომელსაც დედამიწელები „ცხოვრებას“ უწოდებენ.“

 

ავტორი: თამთა დიდებაშვილი

 

“შენი ბიბლიოთეკის” წიგნების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 📞+995 555 364 384

ან მოგვწერეთ SHEN პლატფორმის სოციალურ არხებზე: 📸 Instagram:   / shen__space   👥 Facebook –   / shensite

უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით

Category
ბიბლიოთეკა