18 Dec ოთხი შეთანხმება. ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი VII
ახალი სიზმარი
მე მინდა, რომ ყველაფერი რაც აქამდე ცხოვრებაში გისწავლიათ, დაივიწყოთ. ეს ახალი ხედვის, ახალი სიზმრის დასაწყისია.
სიზმარი რომელშიც ცხოვრობთ, თქვენივე ნახელავია. ეს სინამდვილის აღქმაა, რომლის შეცვლაც ადამიანს ნებისმიერ მომენტში შეუძლია. თქვენს ხელშია შექმნით ჯოჯოხეთს თუ შექმნით სამოთხეს. გამოიყენეთ შესაძლებლობა და გონების, წარმოსახვის და ემოციების საშუალებით შეცვალეთ თქვენი სიზმარი.
ჩართეთ ფანტაზია და საოცარ შედეგს მიიღებთ. წარმოიდგინეთ რომ შეგიძლიათ სამყარო სხვა თვალით დაინახოთ, რაც თვალის ყოველ გახელისთანავე აუცილებლად მოხდება. თქვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეამჩნევთ სიყვარულს. იქნება ეს ხეები, ცა თუ სინათლე, გარემოცვა მოგცემთ შანსს მიიღოთ ბუნების მიერ გამოვლენილი სიყვარული, მაშინაც კი თუ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანები მოწყენილი ან გაბოროტებული იქნებიან.
მე მინდა, რომ წარმოსახვის და განახლებული აღქმის საშუალებით, მაქსიმალურად შეიგრძნოთ ახალი ცხოვრება, ახალი სიზმარი, სადაც საკუთარი არსებობის გამართლების აუცილებლობა არ გექნებათ. ეს იქნება ცხოვრება, სადაც შეძლებთ იყოთ უბრალოდ საკუთარი თავი.
წარმოიდგინეთ, რომ ნება დაგრთეს იყოთ ბედნიერი და თქვენი ცხოვრება არ არის კონფლიქტში სხვების ცხოვრებასთან.
წარმოიდგინეთ რომ შიშის გარეშე ცხოვრობთ, იცით რა გინდათ, როდის გინდათ და რა არ გინდათ. საკუთარი სურვილით შეგიძლიათ მართოთ ცხოვრება, არ გეშინიათ რაიმეს თხოვნა და თამამად ამბობთ სიტყვებს ‘კი’ და ‘არა’.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის სულერთია თუ რას იტყვიან სხვები. არ აწყობთ ცხოვრებას სხვის სურვილებზე, არ გჭირდებათ არაფრის გაკონტროლება და არ ხართ თავად კონტროლში. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ თქვენთვის და არავის განსჯით. ადვილად მიუტევებთ, არ იბრძვით იმისთვის, რომ გამოჩნდეთ მართალი, ხოლო სხვა მტყუანი, პატივს სცემთ სხვებს, ხოლო ისინიც ასევე პატივს გცემენ.
წარმოიდგინეთ რომ არ გეშინიათ გიყვარდეთ ან ვინმეს უყვარდეთ. არ გეშინიათ იყოთ გარიყული და არ გაქვთ აუცილებლობა საზოგადოებამ მიგიღოთ. ყოველგვარი სირცხვილის გარეშე შეგიძლიათ წარმოთქვათ სიტყვები ‘მე შენ მიყვარხარ’. შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაოთ და არ გეშინოდეთ შეურაცხყოფის.
წარმოიდგინეთ, რომ არ გეშინიათ გარისკოთ, რათა შეიცნოთ ცხოვრება, არ გეშინიათ რაიმეს დაკარგვის, ცხოვრების და სიკვდილის. საკუთარი თავი გიყვართ ისეთი, როგორიც ხართ და ხართ სრულყოფილი.
მიზეზი, რატომაც ამის გაკეთებას გთხოვთ, არის ის, რომ ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია. თქვენ შეგიძლიათ სამოთხის სიზმარში ბედნიერად იცხოვროთ. მაგრამ იმისთვის, რომ სიზმარი შევიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა გავიგოთ თუ რას წარმოადგენს ის.
მხოლოდ სიყვარულს მოაქვს ასეთი ნეტარება. ნეტარება სიყვარულის სინონიმია. იყოთ შეყვარებული, ნიშნავს იყოთ ნეტარებაში. ამ დროს ღრუბლებში ხართ და გარშემო ყველგან სიყვარულია. სხვებმა შეძლეს და რადგან თქვენ არაფრით განსხვავდებით მათგან, შეძლებთ თქვენც.
ისინი ნეტარებაში არიან, რადგან შეცვალეს შეთანხმებები და ავტომატურად სხვა სიზმარში აღმოჩნდნენ.
შეძელით ეს და დაინახავთ, რომ სამოთხის არსებობა დედამიწაზეც შესაძლებელია.
არჩევანი თქვენზეა, შეგიძლიათ მუდამ გიყვარდეთ და შეიგრძნოთ სამყაროს სიყვარული. ის თქვენ აღქმის უნარს ცვლის. შეხედეთ ყველაფერს სიყვარულით. გააცნობიერეთ, რომ გარშემო მხოლოდ სიყვარულია. ამ დროს გაიფანტება ფიქრებში არსებული ბურუსი. მიტოტე სამუდამოდ დაგტოვებთ. ადამიანები ათასწლეულების მანძილზე ცდილობდნენ ამის მიღწევას. ბედნიერება, ეს დაკარგული სამოთხეა. ეს მდგომარეობა სავსებით შესაძლებელია და თქვენ ხელშია. მოსემ მას აღთქმული ქვეყანა უწოდა, ბუდამ – ნირვანა, იესომ – ღვთის სასუფეველი, ტოლტეკებმა – ახალი სიზმარი.
სამწუხაროთ თქვენი პიროვნება პლანეტარულ სიზმარს არის მორგებული და ყველა რწმენა თუ შეთანხმება ბურუსით არის გარემოცული. პარაზიტს, რომელიც თქვენშია, საკუთარ ‘მე’-დ აღიქვამთ.თქვენ მსაჯულსა და მსხვერპლს მიეჩვიეთ, ტანჯვა ძალიან ნაცნობია, რის გამოც ის დაცულობის გრძნობას გაძლევთ.
სინამდვილეში არ გაქვთ ტანჯვის მიზეზი. მისი ერთადერთი გამომწვევი მიზეზი თქვენივე არჩევანია. ბედნიერებას და ტანჯვას შორის არჩევანს მხოლოდ თქვენ აკეთებთ.
დედამიწაზე ადამიანის ხვედრის თავიდან აცილება ჩვენ ძალებს აღემატება, მაგრამ არჩევანი ყოველთვის გვაქვს: ტანჯულის ან ბედნიერი ადამიანის ხვედრი.
ტანჯვა ან სიყვარული და ბედნიერი ყოფნა.
ცხოვრება ჯოჯოხეთში ან სამოთხეში.
მე სამოთხეს ვირჩევ.
თქვენ?
ავტორი: მიგელ რუისი
თრგმანი: მანგალა
No Comments