12 Nov ოთხი შეთანხმება. ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი V
[sc_embed_player fileurl = http://shen.com.ge/wp-content/uploads/2018/10/shamanM.mp3 ]
მეოთხე შეთანხმება
ეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად აკეთოთ
ნებისმიერ სიტუაციაში, ეცადეთ აკეთოთ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები ყოველთვის ერთნაირი არ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ცოცხალი იცვლება დროში, თქვენი მონდომება, პერიოდულად, როგორც მაღალი, ისევე შედარებით დაბალი ხარისხის შედეგებით დასრულდება. შესაძლებლობები, დილით, დასვენებულ მდგომარეობაში ბევრად დიდია, ვიდრე საღამოს, როდესაც გადაღლილი ხართ. მეტი შეგიძლიად როდესაც ჯანმრთელი ხართ და ნაკლები – ავადმყოფობისას; ისევე როგორც ფხიზელი შეძლებთ ბევრად მეტს, ვიდრე ნასვამ მდგომარეობაში. თქვენი პოტენციალი დამოკიდებულია თქვენივე სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო, შესაძლებლობები იცვლება წუთიდან წუთამდე, საათიდან საათამდე, დღიდან დღემდე – ისინი იცვლება დროში. ოთში შეთანხმების ჩვევებად გამომუშავების პროცესში, უმჯობესდება „მაქსიმალურად კარგად“ კეთების ხარისხი.
ამისდა მიუხედავად, დაიხარჯეთ მაქსიმალურად. მაგრამ თუ გადაამეტებთ, საჭიროზე მეტი ენერგია დაიხარჯება, საბოლოოდ ძალა არ გეყოფათ და მიზნისკენ მიმავალი გზა გაგრძელდება. საქმეს თუ ნაკლები მონდომებით მოეკიდებით, გაჩნდება სასოწარკვეთილება, თვითჯანსჯა, დანაშაულის გრძნობა და წუხილი.
ნებისმიერ სიტუაციაში, ყველაფერი აკეთეთ მაქსიმალურად საუკეთესოდ. ავადმყოფობის ან დაღლილობის შემთხვევაშიც, დახარჯეთ ძალების მაქსიმუმი და აღარ გექნებათ მიზეზი უსაყვედუროთ საკუთარ თავს. აღარ გაჩნდება დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა.
ერთი ადამიანი, მწუხარების გადასალახავად, ბუდისტურ ტაძარს ესტუმრა და მასწავლებელს დაუწყო ძებნა, რომელიც დაეხმარებოდა. როდესაც იპოვნა, შეეკითხა:
– თუ დღეში ოთხ საათს მედიტაციას დავუთმობ, რა დრო დამჭირდება ტანჯვის გადასალახად?
მასწავლებელმა შეხედა და უპასუხა:
– თუ დღეში ოთხ საათს მედიტაციას დაუთმობ, შესაძლოა ტრანსფორმაციას ათ წელიწადში მიაღწიო.
კაცმა ივარაუდა რომ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა იყო შესაძლებელი და იკითხა:
– თუ დღეში რვა საათს დავუთმობ?
მასწავლებელმა კვლავ შეხედა და უპასუხა:
– ამ შემთხვევაში შესაძლოა ოცი წელი დაგჭირდეს.
– მაგრამ რატომ დამჭირდება ამხელა დრო მაშინ, როდესაც მედიტაციისთვის განკუთვნილ დროს გავაორმაგებ? – იკითხა კაცმა.
მასწავლებელმა უპასუხა:
– აქ არ ხარ იმისთვის, რომ მსხვერპლად გაიღო სიხარული ან სიცოცხლე. აქ ხარ იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო და გიყვარდეს. თუ შეძლებ, მედიტაციას ორი საათი დაუთმე, შენ კი ამის ნაცვლად რვა საათზე საუბრობ. საბოლოოდ გადაიღლები, მთავარი მიზანს ზურგს აქცევ და ვერ დატკბები ცხოვრებით. მაქსიმალურად დაიხარჯე და დაინახავ, რომ მედიტირების პროცესის ხანგრძლივობისგან დამოუკიდებლად შეგიძლია იცხოვრო, გიყვარდეს და თავი ბედნიერად იგრძნო.
ყველაფრის მაქსიმალურად კარგად კეთებისას, გაივლით სავსე ცხოვრებას. მუშაობის ხარისხი აიწევს და ამასთანავე ბევრს შეძლებთ საკუთარი თავისთვის. ბედნიერი ცხოვრების გრძნობა აქტიურობის მაღალი მაჩვენებლისას ჩნდება. ყველაფრის უკეთესად კეთებისას, ადამიანი მაქსიმალურად აქტიური ხდება.
ასეთი ცხოვრება არის ცხოვრების და ქმედებების სიყვარულიდან გამომდინარე მოქმედება და არა ჯილდოს მოლოდინში გატარებული სიცოცხლე. ადამიანების უმეტესობა სწორედ პირიქით იქცევა და მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმეს მიღებას ელიან. ამ დროს ვერ ტკბებიან თვით პროცესით, რის გამოც სრულყოფილად ვერ მიეცემიან ვერაფერს.
მაგალითად, ადამიანების უმეტესობა, ყოველდღიურად, სამსახურში გაწეული სამუშაოს საფასურად აღებული ხელფასის გამო მიდის. როდესაც ხელფასს მიიღებენ, ერთი სული აქვთ მოვიდეს კვირის ბოლო, რომ მოდუნების საშუალება მიეცეთ. მუშაობენ გასამრჯელოს გამო. აქტიური ქმედებების გარეშე კი სამსახური დამამძიმებელ ტვირთად იქცევა.
ეს ადამიანები მთელი კვირის მანძილზე რთულ პირობებში მუშაობენ და გადაღლილობას უჩივიან, რადგან თავს ვალდებულად თვლიან და სამსახურისგან სიამოვნებას ვერ ღებულობენ. მათ აუცილებლად უნდა იმუშაონ – ოჯახს შენახვა ესაჭიროება. ამ დროს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებიან და ხელფასის მიღება აღარც ახარებთ. მათ აქვთ მხოლოდ ორი თავისუფალი დღე, რათა გააკეთონ ის რაც უნდათ. მაგრამ რას აკეთებენ? – ცხოვრებას გაურბიან. თვრებიან. საკუთარი ცხოვრება ეზიზღებათ. როდესაც ზიზღის გრძნობა გვიჩნდება, ვიწყებთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას.
მეორეს მხრივ, როდესაც თვით ქმედება გახდება მიზანი და სამაგიეროდ არაფერს ელოდებით, დაინახავთ რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ, სიამოვნებას მოგანიჭებთ. რა თქმა უნდა გასამრჯელოს მიიღებთ, მაგრამ მასზე მიჯაჭვული არ იქნებით. გასამრჯელოს მიღების იმედის გარეშე ადამიანი ბევრად მეტს მიაღწევს ვიდრე წარმოუდგენია. თუ სამსახური მოგვწონს და ყველაფერს მაქსიმალურად კარგად ვაკეთებთ, ცხოვრებითაც ვტკბებით.
ამგვარად მოქცევისას, არ აძლევთ „მოსამართლეს“ თქვენი განკითხვის ან ბრალდების საშუალებას. ყველაფრის მაქსიმალურად კარგად კეთებისას სინანულის გრძნობა აღარ ჩნდება.
ამ შეთანხმების მიღწევა და შესრულება არც თუ ადვილი საქმეა, მაგრამ წარმატების შემთხვევაში, ის ნამდვილად ათავისუფლებს ადამიანს.
როდესაც მაქსიმალურად იხარჯებით, ისწავლეთ საქმეში აღიქვათ საკუთარი თავი; გააცნობიერეთ რას აკეთებთ და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. შეაფასეთ შედეგები და ეცადეთ საქმე მაქსიმალურად კარგად აკეთოთ, რაც გაცნობიერებულ მდგომარეობას კიდევ აამაღლებს.
„აკეთეთ მაქსიმალურად კარგად“, არ გავს სამსახურს, რადგან თქვენ ტკბებით პროცესით. როდესაც თვით პროცესით ხართ კმაყოფილი და სამუშაოს დასრულების შემდეგ უსიამოვნო გრძნობა არ გრჩებათ, ნიშნავს თქვენ სრულ ძალას ახმართ საქმეს. მაქსიმალურად იხარჯებით, რადგან ეს ნამდვილად გსურთ და არა იმიტომ რომ გინდათ გარშემომყოფებს ან შინაგან მოსამართლეს ასიამოვნოთ.
თუ თქვენ იძულებული ხართ იმოქმედოთ და მხოლოდ ამ გრძნობით უდგებით საქმეს, შეუძლებელია აკეთოთ საქმე მაქსიმალურად კარგად და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოთ. მხოლოდ მაშინ ხარჯავთ შესაძლებლობებს ბოლომდე, როდესაც პროცესი გაბედნიერებთ და კეთების მომენტში ტკბებით.
ქმედება – სიცოცხლის სისავსეა. უმოქმედობა – მისი უარყოფა.
პასიურობა, საკუთარი თავის გამოვლინების შიშის გამო წლობით ტელევიზორის წინ ჯდომაა. თვითგამოხატვა კი ქმედებაა. თავში შეიძლება მრავალი საოცარი იდეა მოგდით, მაგრამ მხოლოდ ქმედება ცვლის სიტუაციას. იდეის რეალიზაციის გარეშე არაფერი გამოვლინდება, გამომდინარე აქედან არ იქნება შედეგი და გასამრჯელო.
საუკეთესო მაგალითი ფორესტ გამპია, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული იდეა არ ქონია, მაგრამ მოქმედებდა. იყო ბედნიერი, რადგან მაქსიმალურად იხარჯებოდა და რაიმე სარგებლის იმედი არ ჰქონდა, თუმცა უხვად იქნა დაჯილდოებული.
იმოქმედოთ, ნიშნავს იცხოვროთ. გარისკეთ მოიკრიბეთ ძალა და გამოხატეთ თქვენი სიზმარი. ეს არ არის საკუთარი სიზმრის სხვებზე მოხვევა – თავის გამოხატვის უფლება ხომ ყველას აქვს.
ყველაფრის საუკეთესო გზით კეთება ძალიან კარგი ჩვევაა. მაქსიმალურად მივეცემი ყველაფერს რასაც ვაკეთებ და ვგრძნობ. ყველაფრის მაქსიმალურად კარგად კეთება ჩემ ცხოვრებისეულ რიტუალად იქცა, რადგან ასე საკუთარი სურვილისამებრ ვიქცევი.
მაგალითად, შხაპი ჩემთვის რიტუალია, რითაც მთელ სხეულს ვატყობინებ თუ როგორ მიყვარს ის. ვგრძნობ და შევიგრძნობ წყალს, რომელიც სხეულს მბანს. ვცდილობ შევასრულო სხეულის მოთხოვნილებები და მივიღო ის მაქსიმუმი, რომელსაც ის მე მაძლევს.
ინდოეთში არსებობს რიტუალი პუჯა, რომლის დროსაც თაყვანს სცემენ, აბანავებენ და სიყვარულს უძღვნიან ღმერთის სხვადასხვა ინკარნაციებს, თავიანთ თაყვანისცემის ობიექტებს. ხშირად მანტრებსაც კი უმღერიან. თვით თაყვანისცემის ობიექტი არაფერს ნიშნავს. მთავარი რიტუალის შესრულებაა და ის თუ როგორ წარმოთქვამენ: „მიყვარხარ ღმერთო“.
ღმერთი სიცოცხლეა – სიცოცხლე მოქმედებაში. საუკეთესო საშუალება თქვათ „ღმერთო მიყვარხარ“, არის იცხოვროთ ისე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად აკეთოთ. საუკეთესო საშუალება თქვათ „შენი მადლობელი ვარ ღმერთო“, წარსულის დატოვება და ახლანდელ მომენტში ცხოვრება. მიეცით ცხოვრებას ის, რასაც მოითხოვს. თუ დატოვებთ წარსულს, ამით საკუთარ თავს ახლანდელ მომენტში ცხოვრების საშუალებას მისცემთ და დატკბებით ამ მომენტში არსებული სიზმრით.
მაშინ, როდესაც წარსულის სიზმარში ცხოვრობთ, არ შეგიძლიათ დატკბეთ იმით, რაც ამჟამად ხდება, რადგან გამუდმებით გინდათ, რომ ყველაფერი იყოს არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. თქვენ, აწმყოში, მოცემულ მომენტში ცხოვრობთ და არ გაქვთ მოგონებების დრო. თუ ვერ ღებულობთ სიამოვნებას იმისგან, რაც უშუალოდ ამ მომენტში ხდება, მხოლოდ სანახევროდ ცოცხლობთ, რის გამოც გიჩნდებათ საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობა, წუხილი და ცრემლი.
ბედნიერების უფლება დაბადებიდან გაქვთ. ეს არის სიყვარულის, ნეტარების განცდის და მათი განაწილების უფლება. თქვენ ცოცხალი ადამიანი ხართ, ამიტომ იცოცხლეთ და დატკბით. ნუ ეწინააღმდეგებით ცხოვრებას, რომლითაც გაჯერებული ხართ, რადგან ღმერთით ხართ გაჯერებული. თქვენი არსებობა ღმერთის, სიცოცხლის და ენერგიის არსებობის დამადასტურებელია.
არ გვევალება რაიმეს ცოდნა ან გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ჩვენი ყოფა, რისკი და ცხოვრებით ტკბობა. თქვით „არა“, როდესაც გინდათ თქვათ „არა“ და თქვით „კი“ როდესაც გინდათ თქვათ „კი“. თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ის, რაც ხართ.
მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხართ ის, რაც სინამდვილეში ხართ, თუ აკეთებთ ყველაფერს რაც თქვენ შესაძლებლობებშია. საპირისპირო შემთხვევაში უკუვაგდებთ უფლებას ვიყოთ საკუთარი თავი. ეს თესლი აუცილებელია ჩვენ ფიქრებში გამოვზარდოთ. თქვენ არ გჭირდებათ კონკრეტული ფილოსოფიური ცოდნა. არ გჭირდებათ ის, რომ აუცილებლად გღებულობდნენ. საკუთარ ღვთაებრიობას თქვენივე ცხოვრებით და საკუთარი თავის და სხვების სიყვარულით გამოხატავთ. სიტყვებით „მე შენ მიყვარხარ“ ღმერთი გამოხატავს თავის თავს.
პირველი სამი შეთანხმება იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს მაქსიმალურად კარგად გააკეთებთ.
ნუ გექნებათ იმედი, რომ მაშინვე მიაღწევთ სიტყვებში სიზუსტეს. თქვენი ჩვევები ძალიან ძლიერია და მყარად არიან აზრებში ჩამჯდარი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი რაც თქვენ შესაძლებლობებშია.
ნუ იფიქრებთ, რომ არასოდეს მიიღებთ რაიმეს საკუთარ თავზე; უბრალოდ აკეთეთ ამისათვის მაქსიმალურად ყველაფერი.
ნუ იოცნებებთ, რომ არასოდეს გააკეთებთ ვარაუდებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია ვეცადოთ და ამგვარად ვიცხოვროთ.
თუ ყველაფერს შეძლებისდაგვარად კარგად გააკეთებთ, ჩვევები როგორებიც არის სიტყვის ბოროტად გამოყენება, ყველაფრის საკუთარ თავზე მიღება და დასკვნების გამოტანა შესუსტდება და შემდეგ საბოლოოდ დაკარგავთ მათ. არ ღირს საკუთარი თავის ფუჭი განსჯა და დანაშაულის გრძნობის გაღვივება თუ ამ შეთანხმებებს ვერ შეასრულებთ. აკეთეთ მაქსიმუმი და სიმსუბუქის გრძნობა გაჩნდება, მაშინაც კი თუ განაგრძობთ ფუჭი დასკვნების გამოტანას, ბევრი რამის საკუთარ თავზე მიღებას და თუ თქვენი სიტყვა არ იქნება ყოველთვის უნაკლო.
მაქსიმალურად დახარჯვისას, ტრანსფორმაციის პროცესი მოგიცავთ. ოსტატი პრაქტიკაში იზრდება. ყველაფერი რაც ოდესმე გისწავლიათ, დაგამახსოვრდათ გამეორების შემდეგ. წერა, მანქანის ტარება, სიარული, გამეორებების ხარჯზე ისწავლეთ. ასევე გამეორების მეშვეობით ისწავლეთ მშობლიური ენა. ყველაფერი ეს მოქმედებაა.
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან მიმართებაში, და ყველაფერი დროის ამბავია. ოდესმე უსათუოდ მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. არ არის საჭირო ხედვა ან ჯდომა და საათებით მედიტაციაში ყოფნა. მთავარია იყოთ ადამიანი. პატივი ეცით საკუთარ თავში ქალს ან მამაკაცს. პატივი ეცით სხეულს, დატკბით მისით, გიყვარდეთ, კვებეთ, გაწმინდეთ და უმკურნალეთ. ისწავლეთ აკეთოთ ის რაც მისთვის სასიამოვნოა.
არ არის აუცილებელი ეთაყვანებოდეთ ღვთისმშობელს, ქრისტეს ან ბუდას. აკეთეთ ეს თუ გნებავთ, თუ ეს სიამოვნებას მოგიტანთ. თქვენი სხეული ღმერთის გამოვლინებაა და ყველაფერი შეიცვლება, თუ მის პატივისცემას ისწავლით. თუ მის ყოველ ნაწილს და ორგანოს სიყვარულით მოეპყრობით, ფიქრებში სიყვარულის თესლს დათესავთ და მის ზრდასთან ერთად შეძლებთ უსაზღვროდ შეიყვაროთ საკუთარი სხეული.
მაშინ ყოველი მოქმედება გადაიქცევა რიტუალად, რომლითაც ღმერთს სცემთ პატივს. ამის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯით, პატივი ეცით უმაღლეს გონს, გრძნობებით, რწმენით და ყველანაირი „სწორი“ და „არასწორი“ გაგებით. ყოველი თქვენი აზრი ღმერთთან კავშირში იქნება და დაიწყებთ განსჯის და სიტყვის ბოროტად გამოყენების გარეშე ცხოვრებას.
თუ ოთხივე შეთანხმებას ასრულებთ, აღარ მოგიწევთ ჯოჯოხეთში ცხოვრება. თუ თქვენი სიტყვა უნაკლოა, არაფერს ღებულობთ საკუთარ თავზე, არ აკეთებთ ფუჭ დასკვნებს და ყველაფერს შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ აკეთებთ, უმშვენიერეს ცხოვრებას მიიღებთ.
ოთხი შეთანხმება ტრანსფორმაციის ფლობის შედეგია – ეს ტოლტეკების ერთ ერთი მიღწევაა. ჯოჯოხეთს გარდაქმნით სამოთხედ. პლანეტარული სიზმარი გარდაიქმნება თქვენ პირად სამოთხის სიზმრად.
ეს არის სრული ცოდნა – მიიღეთ და გამოიყენეთ.
მიიღეთ და პატივი ეცით მათ მნიშვნელობასა და ძალას. ეცადეთ პირნათლად შეასრულოთ ოთხივე შეთანხმება. დღესვე შეგიძლიათ ასეთი შეთანხმება შეადგინოთ:
მაქსიმალურად ვეცდები შევასრულო ოთხი შეთანხმება.
ეს იმდენად მარტივი და ლოგიკურია, პატარა ბავშვიც კი გაიგებს. არ არის საჭირო მათ შესასრულებლად განსაკუთრებული ძალის და ნების ფლობა. რატომ? რადგან თქვენ გარშემო მუდმივად წინაღობებია. ყველაფერი იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენ გავტეხოთ პირობა და არ შევასრულოთ შეთანხმებები. პრობლემა პლანეტარული სიზმრის სხვა დანარჩენ შეთანხმებებშია. ისინი დიდ ძალას ფლობენ და მოქმედებენ ჩვენზე.
ამიტომ ეცადეთ გახდეთ დიდებული მეომარი და მონადირე, რომელიც სიცოცხლის ფასად დაიცავს ოთხ შეთანხმებას. ამაზეა თქვენი ბედნიერება, თავისუფლება და ცხოვრების სტილი დამოკიდებული. მეომრის მიზანი ამ ყველაფრის გადალახვა და ჯოჯოხეთის სამუდამოდ თავიდან აცილებაა. როგორც ტოლტეკები გვასწავლიან, ჯილდო, ტანჯვის ადამიანურ გამოცდილებას უნდა აღემატებოდეს და ღმერთის განსხეულებად იქცეს. სწორედ ეს არის ჯილდო.
ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ძალების სრული მობილიზება რათა შეთანხმებები შევასრულოთ. ბევრჯერ დავეცი, მაგრამ ყოველ ჯერზე ვდგებოდი და წინ მივდიოდი. ერთი წამით არ გამჩენია საკუთარი თავის შეცოდების გრძნობა. ყოველი დაცემისას შთავაგონებთ თავს: „თუ დავეცემი, აუცილებლად მეყოფა წამოდგომის ძლა. მაინც გავაკეთებ!“. დასაწყისში ძალიან ჭირდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მიადვილდებოდა.
თუ დაეცემით, ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. ნუ მიანიჭებთ შინაგან მოსამართლეს სიამოვნებას, გაქციოთ მსხვერპლად. იყავით მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, ყოველ ჯერზე წამოდექით და შეადგინეთ შეთანხმება „მართალია დავარღვიე შეთანხმება და არ იყო ჩემი სიტყვა უნაკლო, მაგრამ კვლავ ვეცდები. ჩემი სიტყვა იქნება ზუსტი, არაფერს მივიღებ საკუთარ თავზე, არ შევქმნი ფუჭ ვარაუდებს და ყველაფერს მაქსიმალურად კარგად გავაკეთებ“.
თუ შეთანხმებას დაარღვევთ, ახლიდან დაიწყეთ მომდევნო დღეს. თავიდან ძალიან რთული იქნება, მაგრამ ერთ დღესაც მიხვდებით რომ გაადვილდა და საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებთ. ოთხი შეთანხმების წყალობით შეამჩნევთ თუ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება.
არ არის აუცილებელი იყოთ რელიგიური და ყოველ დღე ეკლესიაში იაროთ. თქვენში სიყვარული და ღირსების გრძნობა იზრდება. თქვენ ამას შეძლებთ. მე თუ შევძელი, თქვენც აუცილებლად შეძლებთ. ნუ იფიქრებთ მომავალზე, იყავით აწმყოში, გააკეთეთ კონცენტრაცია ახლანდელ მომენტზე. იცხოვრეთ დღევანდელი დღით. მაქსიმალურად კარგად შეასრულეთ ახალი შეთანხმებები და მალე ყველაფერი შეიცვლება.
დღეიდან ახალი სიზმარი იწყება.
ავტორი: მიგელ რუისი
თრგმანი: მანგალა
No Comments