';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

იუნგისეული ფსიქიკის მოდელი

იუნგისეული ფსიქიკის მოდელი

კარლ გუსტავ იუნგი*  თანამედროვე ფსიქოლოგიის როკსტარი, უდიდესი მოაზროვნე, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე და ლიტერატურაზე.

იგი  1875 წლის 26 ივლისს სოფელ კესვილში დაიბადა, (შვეიცარია). ის მეოთხე და ერთადერთი გადარჩენილი ბავშვი იყო პოლ და ემილი იუნგების ოჯახში. იუნგის მამა ღარიბი მღვდელი იყო, ხოლო დედა მდიდარ შევიცარიულ ოჯახს ეკუთნოდა.

იუნგის უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა, ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმიაასტროლოგიასოციოლოგიალიტერატურა და ხელოვნება. იუნგის ინტერესმა ფილოსოფიისა და ოკულტიზმისადმი მას ბევრის თვალში მისტიკოსის სახელი დაუმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა თავი მეცნიერად წარმოეჩინა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა  ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაზე, „რელიგიურ ფსიქოანალიზზე“, სპირიტუალიზმზე და ახალი ეპოქის მოძრაობაზე.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზაცია — ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი საკუთარ თავზე და თავის პაციენტებზე ჩატარებული სამუშაობის შედეგად დარწმუნდა, რომ ცხოვრებაში მატერიალური მიზნების მიღმა არსებობს სულიერი სწრაფვებიც. მას სჯეროდა, რომ ადამიანების მთავარი დანიშნულება იყო მათი თანდაყოლილი შესაძლებლობების აღმოჩენა და სრულქმნა. ქრისტიანობისინდუიზმისბუდიზმისგნოსტიციზმისდაოიზმის და სხვათა ტრადიციების შესწავლის საფუძველზე იუნგი დარწმუნდა, რომ ყველა რელიგიის მისტიკური გული იყო ინდივიდუალიზაცია. ეს იყო მოგზაურობა საკუთარი თავის საპოვნელად და ამავე დროს ღმერთის აღმოსაჩენადაც. ფროიდის ‘ობიექტივისტური’ მსოფმხედველობისგან განსხვავებით, იუნგი ‘პანთეისტურმა’ ხედვამ დაარწმუნა, რომ ადამიანის კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვანი იყო სულიერი გამოცდილება და ის თითოეული ინდივიდის სიცოცხლეს აიგივებდა მთლიან სამყაროდ. იუნგის რელიგიური შეხედულებები უპირისპირდებოდა ფროიდისეულ სკეპტიციზმს რელიგიაზე. მისი მოსაზრება რელიგიაზე, როგორც გზისა ინდივიდუალიზაციის მისაღწევად, ძალიან პოპულარული გახდა და მისი ნაშრომები დღემდე გამოიყენება რელიგიური ფსიქოლოგიის ანალიზში, თუმცა მის იდეებს ჰყავს კრიტიკოსებიც.

კარლ იუნგის ჩანახატი, ‘წითელი წიგნი’

1940 წლიდან იუნგის ნაშრომები ფოკუსირებული იყო ალქიმიაზე. 1944 წელს იუნგმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი “ფსიქოლოგია და ალქიმია”, სადაც ის აანალიზებს ალქიმიურ სიმბოლოებს და აჩვენებს მის პირდაპირ კავშირს ფსიქოანალიტიკურ პროცესებთან. ის ალქიმიკურ პროცესებს ადარებს ტრანსფორმაციას, რომელსაც გადის სული დაბალი საფეხურებიდან სრულყოფილებამდე და ინდივიდუალიზაციის მეტაფორად მიიჩნევს.

1963 წელს იუნგის კოლექტიურ ნაშრომებს შორის პირველად გამოქვეყნდა Mysterium Coniunctionis, რომელიც იუნგის უკანასკნელი წიგნია. მისი მთავარი თემატიკა მოიცავს მითოლოგიურ არქეტიპებს, რომელიც ცნობილია როგორც მზისა და მთვარის წმინდა ქორწინება. იუნგი ფიქრობდა, რომ ალქიმიის საფეხურები- გაშავება, გათეთრება, გაწითლება და გაყვითლება შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო ინდივიდუალიზაციის სიმბოლოდ, რომელიც მის საუკეთესო ტერმინს წარმოადგენს პიროვნული ზრდის გამოსახატად.

იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის ინდივიდუალური უფლებები სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან მიმართებაში შეზღუდული იყო. ის ხედავდა, რომ სახელმწიფო აღიქმებოდა, როგორც ‘ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი, რომლისგანაც ყველაფერს უნდა ელოდო’ და ის წარმოადგენდა მხოლოდ ‘ნიღაბს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იცოდნენ მისით მანიპულირება’, სახელმწიფო წყობას მონობის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდა. იუნგი ასევე ფიქრობდა, რომ სახელმწიფომ ‘შთანთქა რელიგიური ძალები’ და აქედან გამომდინარე, მან მიითვისა ‘ღმერთის ადგილი’, ის ‘სახელმწიფო მონობას თაყვანისცემის ერთგვარი ფორმად’ მიიჩნევდა. იუნგის დაკვირვების მიხედვით, სახელმწიფო და რელიგიური წარმოდგენები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: ‘სასულე საკრავების ბენდები, დროშები, ბანერები, პარადები, დემონსტრაციები პრინციპში არ განსხვავდება საეკლესიო პროცედურებისგან, რომლის საშუალებითაც დემონებს ებრძვიან’. იუნგის აზრით, ღმერთის ჩანაცვლებამ სახელმწიფოთი მოახდინა საზოგადოებაში რელიგიის სახეცვლილება (დეგრადირება) და მიიღო ფანატიზმის სახე, რომელიც ძალიან ჰგავს ბნელი საუკუნეებისდროინდელ ფანატიკურ განწყობას ეკლესია-სახელმწიფოებში, სადაც რაც უფრო მეტად ეთაყვანებოდნენ სახელმწიფოს, მით მეტად იზღუდებოდა თავისუფლება და მორალი. ყოველივე ეს კი, იუნგის აზრით, აფერხებს პიროვნების ფსიქიკურ განვითარებას და ხელს უშლის მას იქონოს საკუთარი ჩამოყალიბებული მოსაზრებები.

 

კარლ იუნგის ჩანახატი, ‘წითელი წიგნი’

იუნგი მიიჩნევდა, რომ ხელოვნებას შეეძლო გამოეხატა პიროვნების შინაგანი განცდები: ტკივილი, შიში, მღელვარება ან დადებითი ემოციები, რომელსაც მაამებელი და სამკურნალო ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. თავის პაციენტებთან მუშაობის და ასევე საკუთარი პირადი გამოკვლევების შედეგად მან დაასკვნა, რომ ადამიანის წარმოსახვის მიერ შექმნილი ხატებები და შთაბეჭდილებები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ემოციური სტრესის სამკურნალოდ. იუნგი ხშირად ხატავდა, აფერადებდა, ქმნიდა საგნებსა და კონსტრუქციებს ემოციური სტრესის დროს და ხელოვნებას საუკეთესო თერაპიად თვლიდა.

იგი მეგობრობდა ჰერმან ჰესესთან, რომელიც  დაიტერესებული იყო ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიით.

ფედერიკო ფელინის შემოქმედებაში ასახულია იუნგისეული თეორიები, განსაკუთერბით სიზმრების ინტერპრეტაცია. ფელინი ფროიდთან შედარებით უპირატესობას იუნგს ანიჭებდა, რადგან იუნგისეული კონცეფცია სიზმრებს განიხილავდა, არა როგორც ავადმყოფობის სიმპტომს, რომელსაც განკურნება სჭირდება, არამედ როგორც ერთგვარ მაკავშირებელს არქეტიპულ სახეებთან.

 

იუნგის ფსიქიკის მოდელი

 

 

იუნგის ‘ფსიქიკის მოდელში’ რომბის ზედა ნაწილი წარმოადგენს ადამიანის ცნობიერ მხარეს.

ეგო – ესაა ცნობიერების სფეროს ცენტრი ადამიანის ფსიქიკაში. აქ მდებარეობს ცნობიერი ‘მე’-ს დაკვირვების ცენტრი შინაგან და გარე სამყაროზე.

პერსონა – ეგოს გარეგნული მხარეა, პერსონა არის ადამიანის მიერ შეგნებულად შექმნილი პიროვნულობა ან ინდივიდუალობა (იდენტურობა), რომელსაც ის წარმოქმნის კოლექტიური ფსიქიკის გავლენით სოციალიზაციის, კულტურული ასიმილაციისა და გამოცდილების შედეგად. იუნგმა ეს ტერმინი შემთხვევით არ შეარჩია, ვინაიდან მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გულისხმობს ნიღაბს, რომელსაც მსახიობი ატარებს, რათა განასახიეროს თავისი როლი, რომელსაც ის თამაშობს.

პერსონა არის ‘კოლექტიური ფსიქიკის’ მიერ შექმნილი ნიღაბი, რომელსაც ადამიანი სოციალურ ურთიერთობებში იყენებს და ისე ირგებს, რომ თავად მას და სხვებსაც სჯერათ მისი შენიღბული ინდივიდუალობის, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ის კარგად გათამაშებული როლია. იუნგი მიიჩნევდა, რომ ‘პერსონა-ნიღაბი’ იყო რთული სისტემა, რომელიც კოორდინირებდა ინდივიდუალ ცნობიერებასა და სოციალურ საზოგადოებას შორის: ‘ის არის მედიატორი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, ის სახე, რითაც ადამიანი ჩნდება სხვების თვალში’. ის ერთგვარად წარმოადგენს სახასიათო ნიღაბს, რომელსაც მსახიობი ირგებს თატრალური წარმოდგენისას და ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ერთი მხრივ, ცდილობს სხვებზე შთაბეჭდიების მოხდენას, ხოლო მეორე მხრივ კი, საკუთარი ნამდვილი ინდივიდუალური ბუნების დამალვას (ნაწილობრივ). თერაპევტები პაციენტებს ეხმარებიან ინდივიდუალიზაციაში, რომლის დროსაც ადამიანი იბრუნებს მის ‘ნამდვილ სახეს’. ეს პროცესი მიიღწევა საკუთარი თავის პერსონული ნიღბისგან გათავისუფლებით და არაცნობიერი იმპულსური ძალებისგან დახსნით.

პირადი არაცნობიერი (ქვეცნობიერი) – არის ჩევნი რეპრესირებული ემოციების და სურვილების ადგილი, რომელსაც სიზმრებით და ხელოვნების სხვადასხვა ფორმით უკავშირდებით. იგი წარმოადგენს ხიდს უფრო სიღრმისეული დონის ცნობიერებაში – კოლექტიური არაცნობიერში. იუნგი თვლიდა რომ კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს ტრანსპერსონალურ რეალობას სადაც ერთიანდებინ უნივერსალური არქაული ხატ-სახეები – არქეტიპები.

არქეტიპები – წარმოადგენენ ხატ-სახეთა ერთგვარ ბიბლიოთეკას, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა კაცობრიობას. ეს არის თაობების მანძილზე გამომუშავებული ქცევის  ხატ-სახეები ანუ მოდელები რომლებიც გვიბიძგებენ რომ სიტუაციებზე შაბლონური რეაქციები გვქონდეს. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით. არქეტიპები ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. ეს არც ჩვენი მოგონილი სახელებია და არც ფილოსოფიური ცნებები. ეს სიცოცხლის ნაწილებია, ხატები, რომლებიც გადაჯაჭვულია ემოციებთან და ცოცხალ ადამიანებთან.

ჩრდილი – წარმოადგენს პირადი არაცნობიერის მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს, იგი ფორმირდება იმ რეპრესირებული ასპექტებისგან  რომელიც მოიცავს სექსუალურ და სასიცოცხლო ინსტიქტების ერთობლიობას ასევე დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს და ნაკლოვანებებს. ეს არქეტიპი ხშირად მოიხსენიება, როგორც ფსიქიკის ბნელი მხარე, რომელიც განასახიერებს ველურობას და ქაოსს. იუნგის მიხედვით ასეთი ლატენტური პროცესები ყველა ჩვენგანისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ხშირად ადამიანები ამ თვისების თავის თავში არსებობას უარყოფენ და მათ მხოლოდ სხვებს მიაკუთვნებენ. ჩვენი ჩრდილის ფლობა ნიშნავს როდესაც ვაღიარებთ მის არსებობას და ვახდენთ ამ ასპექტების ინტეგრაციას. თუ ჩრდილოვანი მხარე არ არის ინტეგრირებული ჩვენი ფსიქიკა იწყებს ამ ასპექტების სხვა ადამიანებზე პროექცირებას, რომლებიც უსამართლოდ ხდებიან ჩვენი განკითხვის და გაღიზიანების მსხვერპლნი.

სულის ხატ-სახე- ეს არის ჩვენი მეორე ნახევარი, ჩვენი მასკულინური ან ფემინური ასპექტი, ჩვენი მუზა.. რომელიც სტიმულს გვაძლევს რომ უკეთესი გავხდეთ, ანიმა არის მდერობითის სახე მამრის ფსიკიკაში, ხოლო ანიმუსი – მამრობითის სახე მდედრის ფსიქიკაში. იგი წარმოადგენს კრებით გაუთვითცნობიერებელთან კომუნიკაციის პირველად წყაროს. ანიმას და ანიმუსის ერთიანობა ცნობილია, როგოც სრულყოფილი სული და განასახიერებს დამთავრებულობას, უნიფიკაციას და სიმთლიანეს.

მანა პერსონა – წარმოადგენს ჩვენ შინაგან არქეტიპს, გნასხვავებით სულის ხატ-სახესგან მანა წამოადგენს იგივე სქესის  არქეტიპულ გამოვლინებას. ქალური არქეტიპი შეიძლება გამოვლენილ იქნეს ნაზი ქალწულის ან ბოროტი ჯადოქრის ხატ-სახით. მამაკაცური – კეთილშობილი პრინცის ან ტირანის სახით.

თვითობა – იუნგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ფსიქიკური მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ინდივიდუალიზაციის პროცესი, ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და ამასთან მათი ავტონომიის შენარჩუნება.

ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ტრანსფორმაციის პროცესს, როდესაც პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერი ქმნიან ცნობიერებას(სიზმრების, აქტიური წარმოსახვის ან თავისუფალი ასოციაციების საშუალებით), რათა შენარჩუნდეს პიროვნული მთლიანობა. ეს სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია ადამიანის ფსიქიკის სიჯანსაღისა და მთლიანობისთვის.

გარდა ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღისა, ადამიანები რომლებიც აღწევენ ინდივიდუალიზაციას არიან ჰარმონიულები, დინჯები და აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი აფასებენ ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და სამრთლიანობა. ამასთან, კარგად ესმით ადამიანური ბუნება და სამყაროს არსი.

თვითობა – ესაა ასევე საკუთარი არსისა და ადგილის გაცნობიერება სამყაროში. სიმბოლურად თვითობის მიღწევა ასახულია მითებში, როგორც გმირის შეერთება მის სულთნ საპირისპირო სქესის სახით. «ორფეოსი და ევრიდიკა» – ესაა მითი, სადაც მამაკაცი თავის ქალურ საწყისს – ანიმას უერთდება. ეგვიპტური მითი ოსირისისა და იზიდას შესახებ – ესაა ისტორია, სადაც ქალი თავის შეყვარებულს, შინაგან მამაკაცს – ანიმუსს მკვდრეთიდან ნაწილებისგან აღადგენს.

შემეცნების პროცესში არაერთხელ აღმოვაჩენთ, რომ ოდესღაც, წარსულში საკუთარი სული „დავკარგეთ“. შემდეგ კი, მორიგი ნიღბის მოგლეჯით და ჩრდილის მორიგი ასპექტის მიღებით კვლავ მოვიპოვებთ საკუთარ სულს.

მანდალა, თვითობის არქეტიპის სიბოლო

 

სიცოცხლის ბოლო ათწლეულების განმავლობაში იუნგის განკარგულებაში იყო უნიკალური დარბაზი ღია ცის ქვეშ ლაგო მაჟორის მახლობლად, სადაც ყოველწლიურად თავს იყრიდნენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მრავალფეროვანი მოხსენებებითა და დისკუსიების გასამართავად, რომლებიც ეხმიანებოდა იუნგის მოსაზრებებს. სიცოცხლის ბოლო წლებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი შრომები პირველად სწორედ ამ შეკრებებზე წარმოადგინა სამეცნიერო საზოგადოების წინაშე. 

იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. დღესაც მისი გარდაცვალებიდან 57 წლის თავზე მისი ‘ფსიქიკის მოდელი’ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიაში. 

 

 

ავტორი: ნინო ტოგონიძე

გამოყენებული წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: magma.gewikipedia.org 

 

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment