05 Nov იგდრასელი – თავი II
გერმანული კულტურის ტრადიციის გავლენით ცხრა სამყარო გავს ცხრა ‘სახლს’, ან ‘სასახლეს’.
დავიწყოთ ჩვენთვის უფრო ნაცნობი საშუალო (შუა) სამყაროთი, რომლის დასახელება – მიდგარდიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ‘შუა მიწას’. იგი ასე იწოდება, რადგანაც განლაგებულია კოსმიური სტრუქტურის ცენტრში, ყველა დანარჩენი სამყაროს ურთიერთქმედების წერტილში. აქ ჩვენი მთლიანი ყოფიერების ყველა ასპექტი – ფიზიკური, ენერგეტიკული, მენტალური და სულიერი – დინამიურ წონასწორობაში იმყოფება და ერთმანეთზე ზემოქმედებს. ესაა ყოველდღიური რეალობის, საღი აზრისა და ემოციის სამეფო. აქ, სადაც დრო მბრძანებლობს, იმყოფება ადამიანური პიროვნების დროებითი ‘მე’-ც. აქ თანაბრადაა ძალები, რომლებსაც ჩვენ სიკეთეს და ბოროტებას ვუწოდებთ, და ყოველი ქმედება ხორციელდება არჩევანის ან მდუმარე თანხმობის შედეგად. ‘მიდგარდი’ – კაცობრიობის ადგილ-სამყოფელია, ‘სახლი ყოველივე არსებულის შუაში’.
მიდგარდის საკვანძო რუნაა ‘იერა’ – (Jeraᛃ) რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მიწის სტიქიას. მისი ძირითადი თვისება მდგომარეობს დროის ‘წრე-ბრუნვაში’, რამეთუ ეს ძალა მართავს წელიწადის დროთა ცვლილებას. იგი გამოიხატება თანდათანობით ცვლილებებსა და განვითარებაში და ნათლად მიუთითებს ჩვენი მიწიერი ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანზე: ესაა პერიოდი ჩვენი მთლიანი არსების ყველა ასპექტის განსავითარებლად – სულის სრულყოფისათვის.
მიდგარდის თავზე ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია ლაიტალფჰეიმი, რომელსაც შემოკლებით ალფჰეიმსაც უწოდებენ – ანუ გასხივოსნების ადგილს, სადაც გონის სინათლე უფლობს. ესაა ინტელექტისა და წარმოსახვის სამეფო. ესაა ჩვენი მენტალური სამყარო, ჩვენ კარგად ვიცნობთ მას, და არც კი ვეჭვობთ, რომ იგი ალტერნატიულ რეალობაშიც არსებობს. ჩრდილოურ მითებში ალფჰეიმი ელფების სამყოფელი იყო – პაწაწინა არსებების, რომლებიც იშვიათად ენახვებოდნენ ადამიანებს, მაგრამ ძლიერ (უფრო ხშირად ცუდ) გავლენას ახდენდნენ ადამიანის გონებაზე. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ აზროფორმებს, რომელთა ‘დანახვაც’ არცთუ ისე მარტივია.
ალფჰეიმის საკვანძო რუნაა – სოუილუ (Sowilō ᛋ)- მზის ენერგიის პოტენციალი, რომელიც დაფარულის აღქმის საშუალებას გვაძლევს. ჩვეულებრივ ეს რუნა ასოცირდება ამომავალ მზესთან და ცეცხლის სტიქიასთან, თუმცა ჩრდილოურ მითოლოგიაში მზის ღვთაებას ასევე ქალური ასპექტიც გააჩნდა. ეს ასპექტი განასახიერებდა არა დღის მზიურ ნათებას, არამედ ღამის მთვარის არეკლილ სინათლეს. ალფჰეიმი — გონების საუფლოა, თუმცაღა თავად გონება მხოლოდ ემანაციაა სამშინველისა და მის სინათლეს ირეკლავს. რუნა სოუილუ (სოულ), თუმცა კი დაკავშირებულია მზისა და სამშინველის მოძრაობასთან, აქ იგი ასოცირდება გონებასთან, როგორც სამშვინველის ანარეკლთან.
მიდგარდის ქვეშ ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია სვარტალფჰეიმი, რაც ნიშნავს ‘გნომების სამეფოს’. ჩრდილოურ ტრადიციაში გნომები ელფების ერთგვარ ორეულებს წარმოადგენენ, მაგრამ ისინი შემოქმედნი არიან. ისინი მიწის ნედლეულს ამუშავებენ (მაგალითად კრისტალებს და მინერალებს) და დასრულებულ ფორმას აძლევენ მათ. კლასიკურ დისნეის მულტფილმში ‘ფიფქია და შვიდი ჯუჯა’ – გნომები ნაჩვენებია როგორც ძვირფასი ქვების მომპოვებლები. მითოლოგიურად გნომები ქვედა სამყაროს შემოქმედებით საწყისს განასახიერებენ: ისინი არიან იმ ყველაფრის დამამუშავებელნი და ფორმის მიმცემნი, რაც მიდგარდში იძენს ყოფიერ ფორმას. ამგვარად, სვარტალფჰეიმი — ესაა ‘ქმნილების’ სამეფო, სადაც მომავალი აწმყოს აზრობრივი ხატ-სახეებისგან ფორმირდება; იგი ასოცირდება ქვეცნობიერ აქტივობასთან, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერების ზედაპირის ქვეშ და ინარჩუნებს ჩვენი ‘ჩვეული’ რეალობის სტრუქტურას.
სვარტალფჰეიმის საკვანძო რუნაა — ეივაზი (Eihwaz ᛇ), რომლის გამოსახულებაც ხერხემლის არხის, ხის ღეროს ან მცენარის ღეროს სიმბოლოა: ცენტრალური ღერძის, რომელიც ფიზიკურ სხეულს ინარჩუნებს. ამიტომ სვარტალფჰეიმი წარმოადგენს ცნობიერების იმ დონეს, რომელიც შეესაბამება გონების ქვეცნობიერ ასპექტს, ცნობიერი ‘მე’-ს მსახურს.
იგდრასილის ხის ვერტიკალური ღერძის ფუძეში განლაგებულია ჰელლი. თუმცაღა ეს არაა ჯოჯოხეთი ამის ქრისტიანული გაგებით, რაც შეგვეძლო სათაურიდან გამომდინარე გვევარაუდა. ქრისტიანული ჯოჯოხეთი წარმოადგენს იუდაური გეენას ინტერპრეტაციას: საზოგადოებრივი ნაგავსაყრელის ძველ ისრაელში, სადაც იწვებოდა ნარჩენები და მკვდარი მცენარეები. ჩვენი ჩრდილოელი წინაპრების წარმოდგენების თანახმად, ჰელლი გარდაცვლილთა სამყოფელს წარმოადგენდა. ბუნებრივ ციკლში სიცოცხლეს სიკვდილისკენ მივყავართ, სიკვდილს კი – ახალი სიცოცხლისკენ. ჰელლი არასოდეს გამოისახებოდა ‘ცეცხლოვანი გეენის’ სახით. ძველი ჩრდილოელი ხალხებისთვის ცეცხლს სრულიად სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე უფრო ცხელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ეკვატორთან უფრო ახლოს არიან. ჩრდილოეთში დაღუპვის საფრთხეს ადამიანისთვის ყინვა წარმოადგენდა და არა სიცხე!
სიტყვა ‘ჰელლ’ ნიშნავს ‘გარსს’. ჰელლი მართლაც ‘შემოგარსავს’ ბუნებრივ ძალებს, რომლებიც არაცნობიერის ყველაზე ღრმა დონეებზე ფუნქციონირებენ. ესაა უძრაობისა და ინერციის სამეფო, სიმშვიდის სამეფო, რომელიც სიკვდილთან ასოცირდება. ესაა იმპულსებისა და ინსტინქტების სამყოფელი, სადაც იმყოფება ფიზიკური სხეულის არსი — სხეულებრივი ‘მე’.
ქრისტიანობამდელ ჩრდილოეთის რელიგიაში ჰელლს ორმაგი ბუნება ჰქონდა. მისი განსახიერება იყო ქალ-ღმერთი ჰელა, რომელიც ერთი მხრიდან გამოისახებოდა, როგორც გვამი, ხოლო მეორე მხრიდან – როგორც მშვენიერი, სასურველი ქალი. ამგვარად, ღვთაების ერთი ასპექტი მიანიშნებს საფლავში შესასვლელისკენ, მეორე კი – ქალის საშოში შესასვლელისკენ. ქალ-ღმერთის ორმაგი ბუნება გულისხმობს, რომ ყველა ‘გარდაცვლილი’ ყოფიერების შემდგომ ციკლში აღდგება.
ჰელლის საკვანძო რუნაა – ჰაგლაზი (Haglaz ᚺ) – გარდამქმნელი ძალა, რომელიც ცოცხალი არსებების თესლში იმყოფება. ესაა ქმნილების ძალა ინერტულ მდგომარეობაში. იგი ხიდს ჰგავს, რომელიც ერთიდან მეორე ნაპირზე გადასვლის საშუალებას იძლევა.
ვერტიკალური ღერძის მწვერვალზე განლაგებულია ასგარდი, ‘ღმერთების’, ანუ ‘მანათობელი არსებების’ ზეციური სამეფო. მიუხედავად იმისა, რომ ასგარდი ხის უმაღლეს წერტილში იმყოფება თითქმის წვდომის მიღმა, სინამდვილეში ეს ადამიანური არსების ყველაზე დაფარული შინაგანი ნაწილია.
ცენტრალური ამერიკის შამანების შეხედულებებში დიდი მსგავსებაა მათი ჩრდილოელი ‘კოლეგების’ შეხედულებებთან: ისინი ფიქრობდნენ, რომ ყოველ ცოცხალ არსებას გააჩნია სული, რომელიც იმყოფება, როგორც სულიერ რეალობაში (ნაგუალი), ასევე ფიზიკურში (ტონალი). მათი გაგების თანახმად, სიკვდილისა და ხორცისგან განცალკევების შემდეგ ცნობიერება განაგრძობს არსებობას სულიერ რეალობაში, სადაც იგი გარშემორტყმულია ენერგეტიკული ველებით, რომლებიც ადამიანის არსების შიგნით მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იქმნებოდა. შესაბამისად ჩვენ ვქმნით ჩვენს საკუთარ ჯოჯოხეთს!*
[ავტორი განზრახ ან უნებლიედ ამახინჯებს ‘ნამდვილი წყვილის’ ცნებას ცენტრალური ამერიკის ტოლტეკთა სწავლებაში. სინამდვილეში მას სრულიად სხვა მნიშვნელობა გააჩნია და არ ჯდება შამანისტიკის მისი მეთოდის ფარგლებში. – მთარგმნელის შენიშვნა]
ასგარდის უმაღლესი მდებარეობა ნიშნავდა, რომ ეს ადგილი მიღწევადია მხოლოდ მტკიცე, შეუპოვარი ძალისხმევის შედეგად და (შამანურ ტრადიციაში) ვალკირიების მეშვეობით. მითოლოგიური ვალკირიები ოდინის ქალიშვილები იყვნენ, რომლებსაც გარდაცვლილი გმირი-ვიკინგების სულები ბედნიერებისა და სამუდამო სიცოცხლის სამეფოში გადაჰყავდათ.
სიტყვა ‘ვალკირია’ აღნიშნავს ‘მას, ვინც მკვდრებს შორის აირჩიეს’ ვალკირიები წარმოადგენენ იმ ადამიანური ‘მე’-ს სრულყოფის სიმბოლოს, რომელმაც მიწიერ ცხოვრებაში ღირსეული ბრძოლით ბედნიერი იმქვეყნიური ცხოვრება დაიმსახურა. ასგარდის საკვანძო რუნაა – გუფუ (Gyfu ᚷ ).
ჰორიზონტალურ პლანზე განლაგებულია ოთხი ‘გარე’ სამყარო.
ნიფელჰეიმი (დასახელება აღნიშნავს ‘ნისლების სამყოფელს’ (обитель туманов)) — ილუზიების ადგილი, სადაც გარეგნული ფორმები იმყოფებიან დამკვირვებლის შინაგან არსთან შესაბამისობაში. მას გააჩნია მაგნეტური ძალა, რომელიც საგნებს ისე იწოვს, როგორც კოსმოსის ‘შავი ხვრელი’.
ნათქვამია, რომ ნიფელჰეიმში წყალი ‘იბადება’. ნისლი — ესაა წყალი გაზისებრ მდგომარეობაში, წყალს კი ყინულად გამყარების უნარიც გააჩნია, ამიტომ აქ იგულისხმება მდგომარეობა შეხებადსა და შეუხებელს შორის. ნიფელჰეიმის საკვანშო რუნაა – ისაზი ( Isaz ᛁ (ice)).
მუსპელჰეიმი (დასახელება ნიშნავს ‘ცეცხლის სამყოფელს’ ან ‘ვნების სამეფოს’) — ნიფელჰეიმის საპირისპირო სამყაროა, და ისინი ასევე ურთიერთ-შემავსებელნი არიან ერთმანეთისთვის. ეს ადგილი ელექტრულ ენერგიას ჰგავს, რომელიც გამუდმებით ფართოვდება თავისი წყაროსგან. მითიურ არსებებს, რომლებიც ამ სამეფოსთან ასოცირდებიან, ტურსებს უწოდებენ. მათ ძალიან დიდი სიმაღლე ჰქონდათ და ფლობდნენ როგორც გარდამქმნელ, ასევე დამანგრეველ (დამშლელ) ძალას.
მუსპელჰეიმის საკვანძო რუნაა დაგაზი (Dagaz ᛞ) გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის ძალა.
ვანაჰეიმი — ეს ვანების სამყოფელია. ვანები წარმოადგენენ გონიერ ძალებს, რომლებიც ორგანულ პროცესებს და ბუნების სიუხვეს მართავენ, ამიტომ ვანაჰეიმს ყოველთვის უწოდებდნენ ‘სიმშვიდისა და სიუხვის’ სამყაროს. მისი საკვანძო რუნაა — ინგ (ინგუაზი Ingwaz ᛝ ) — ჩასახვისა და ორგანული ზრდის ენერგია.
იოტუნჰეიმი — ესაა სამყოფელი გიგანტებისა, რომლებიც წარმოუდგენელ ზომებსა და უზარმაზარ ძალას ფლობენ. ესაა ინტელექტისა და წარმოსახვის სამეფო; ერთიც და მეორეც შემაძრწუნებელ ძალას ფლობს. იოტუნჰეიმის საკვანძო რუნაა – ნაუდიზი (Naudizᚾ), რომელიც ასოცირდება გარდაუვალ ცვლილებებთან.
არსებობს რა ჩვენს გარეთ, ეს ცხრა ‘სამეფო’ ასევე ჩვენს შინაგან სამყაროსაც ქმნის. კოსმოსი — კოლექტიური და ინდივიდუალური ყოფიერების მთლიანობაა — და საკუთარ თავში მოიცავს შინაგანსაც და გარეგანსაც, ხილულსაც და უხილავსაც.
ზოგიერთი მისტიკოსის სწავლების თანახმად ცხრა ‘სამყარო’ ერთმანეთს უკავშირდება ოცდაოთხი ‘ხიდით’, რომელიც კოსმოსს განუყოფელ მთლიანობად ინარჩუნებს. ყოველი სამყარო იმართება ამოუბრუნებელი რუნათი, რომელიც იცავს მის შესასვლელს, როგორც კარიბჭეს, და ამავდროულად ხსნის წვდომას სხვა დონისკენ. ამოუბრუნებელი რუნა ერთნაირად გამოიყურება პირდაპირ და ამობრუნებულ მდგომარეობაში. სულ ასეთი რუნა ცხრაა: იერა, სოუილუ, ეივაზი, ჰაგლაზი, გუფუ, ისაზი, დაგაზი, ინგუაზი, ნაუდიზი.
24 ხიდი სამყაროებს შორის იკვლევა მეთოდის მეშვეობით, რომელსაც ‘შამანური სიზმარხილვა’ ეწოდება. იგი ჰგავს მეთოდს, რომელსაც იყენებენ კაბალისტები, და ისინი, ვინც ტაროს ღრმა ეზოთერულ ასპექტებს იკვლევს. შამანური სიზმარხილვის განხორციელება შეუძლებელია შინაგანი მეგზურის გარეშე. ეს არაა არც სულიერი ლიდერი, არც გურუ და არც რაიმე გარე ძალა, სპირიტულ სეანსებზე მეგზურ სულთა მსგავსად. შინაგანი მეგზური (Внутренний проводник) ყოფიერების შინაგან დონეებზე იმყოფება. ესაა არსება, რომელიც წარმართავს და იცავს ფიზიკურ სხეულს მისი ინკარნაციის დროს; იგი ენერგიის სახით არსებობს და ინტელექტი გააჩნია.
თქვენ არ შეგიძლიათ იპოვოთ შინაგანი მეგზური, უბრალოდ მისი მოხმობით, რადგანაც იგი უკვე თქვენთან იმყოფება. უნდა მისცეთ საშუალება, რომ გაგეხსნათ, ამის მიღწევა კი მხოლოდ განზრახვითაა შესაძლებელი, რომელიც გამოიხატება შამანურ მოგზაურობაში — ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი მრავალგანზომილებიანი ყოფიერების უფრო მაღალი დონეების წვდომაა შესაძლებელი. შინაგანი მეგზური ზრუნავს თქვენზე: ესაა მეგობარი, კომპანიონი, მრჩეველი და დამცველი, რომელსაც უხარია თქვენი მიღწევები სულიერი განვითარების პროცესში.
‘ცხრა სამყარო’ ასევე წარმოადგენს ცნობიერების დონეებს, რომლებსაც რუნული შამანები რუნებთან ‘მოგზაურობის’ დროს აღიქვამენ. შამანური მოგზაურობა — ესაა მოძრაობა სხვა რეალობაში, ჩვეულებრივ შამანური დოლის ან საჩხრიალოს მეშვეობით. ესაა ცნობიერების გადანაცვლების აქტი ყოფიერების სხვა სფეროში გარკვეული ამოცანის შესასრულებლად, ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად ან ცოდნის მისაღებად. მოგზაურობის დროს შამანი ძილისმაგვარ მდგომარეობაში გადადის, რუნების თვისებებსა და ატრიბუტებს, როგორც ვიზუალურ ხატ-სახეებს, ბგერებსა და შეგრძნებებს ისე აღიქვამს. ასეთი მოგზაურობები შესაძლებელია ისევე მკაფიო და ‘რეალური’ იყოს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ლეგენდის თანახმად, იგდრასილის ხის ფესვები, თუმცა კი საფუძვლიანადაა გამჯდარი რეალობის ნიადაგში, უფრო ღრმად ჩადიან და წყალს მიწისქვეშა, ანუ ‘ქვეცნობიერი’ დონეებიდან იღებენ. სამიდან პირველი ფესვი ჩაძირულია მიმირის წყაროში (სახელწოდება აღნიშნავს ‘მეხსიერებას’). მაგრამ ეს არაა უბრალოდ იმ საჭირო ინფორმაციის გახსენება, რომელიც ადამიანის გონებაშია და კავშირი აქვს ჩვენს მოკვდავ ‘მე’-სთან. ეს უფრო სამშინველის ცოდნაა, სადაც ჩვენს დაბადებამდე არსებული მოგონებები ინახება. იმისთვის, რომ ამ წყაროს წყალი დაელია, ოდინმა თავისი ‘საღი აზრის თვალი’ დაკარგა, თვალი, რომელიც ინტელექტთან იყო დაკავშირებული. მან გააძლიერა ინტუიციური ხედვა, რომელიც სამშვინველთანაა დაკავშირებული, და ამგვარად შეძლო ‘ეხილა’ ინტელექტისთვის მიუწვდომელი.
მოგონებები, რომლებიც მიმირის წყაროდანაა მიღებული — ესაა ცოდნა იმ პოტენციური ნიჭის შესახებ, რომელიც ჩვენს გამთლიანებულ ენერგეტიკულ სისტემას ახასიათებს. ისინი ჩვენს წინა ინკარნაციებში ვლინდებოდნენ და ახლა შესაძლებელია მათი აღდგენა გამოყენებისათვის და განვითარებისათვის.
წყლები, რომლებიც იგდრასილის ხის ფესვებიდან ამოდიან, წარმოადგენენ არაცნობიერის გაცნობიერებულ გამოცდილებად ამოტანას. მისი თვალუწვდენელი კრონას ტოტები წარმოადგენენ გონებისა და აზრების სამეფოს, რომლებიც ჰაერის მსგავსად მოძრაობენ და ასევე შეუხებელნი (неосязаемы) არიან. ხის მწვერვალი, რომელიც ცას სწვდება, წარმოადგენს გზას სამშვინველისა და სულის კიდევ უფრო ნატიფი ენერგიების სამეფომდე, რომლამდე წვდომაც იხსნება ვერტიკალური ღერძით, რომელიც ზედას და ქვედას აკავშირებს.
ჩრდილოეთის მითოლოგიაში ‘მიმირს’ უწოდებდნენ ასევე ყველაზე ბრძენს ეტინთაგან, რომელმაც ცოდნა მოიპოვა, დალია რა წყალი წმინდა წყაროდან. ‘მიმირის’ ცოდნის წყლები — ჩვენი წინაპრების საგვარეულო მეხსიერებაა და მოგონებები წინა ცხოვრებებიდან, რომელთაგანაც ყოველი გავლენას ახდენს მომდევნო ცხოვრებაზე. ყოველი ცალკეული ცხოვრება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ეტაპი ერთი უკვდავი სულის სრულყოფის პროცესში. მსგავსად მარგალიტისა მარგალიტის მძივში, სადაც სიცოცხლის ხაზი სულში გრძელდება.
იგდრასილის ხის მეორე ფესვი წყალს ურდის ჭიდან იღებდა, სადაც მითის თანახმად იმყოფებოდა სამი ‘ნორნი’, რომლებიც ვიურდის ძაფს წნავდნენ. თუმცა სიტყვა ‘ვიურდი’ ყველაზე ხშირად ითარგმნება, როგორც ‘ბედი’, იგი არ აღნიშნავს, რაღაც წინასწარ-განსაზღვრულს. იგი არაა იგივე, რაც კარმა, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული პრივილეგიები ან გამოცდები მიმდინარე ცხოვრებაში წარმოადგენენ ჯილდოს ან სასჯელს წინა ცხოვრებებში ჩადენილი ქმედებებისთვის. ‘ნორნები’ განასახიერებენ ბუნებრივ პროცესს, რომლის მეშეობითაც ხდება ჩვენი ინდივიდუალური ქმედებების ენერგიის განაწილება, ტრანსფორმირება და დაბრუნება პირველად წყაროსთან. სხვა სიტყვებით, ყოველი ჩვენგანი თავის საკუთარ ბედს თავისი აზრებითა და ქმედებებით წნავს.
კოსმიური ხის მესამე ფესვი ჰვერგელმირის უძირო აუზში ჩადის, სადაც მას დაუღალავად ღრღნის უზარმაზარი დრაკონი, რომელიც განასახიერებს წარსულის აწმყოს მიერ შთანთქვისა და აწმყოს მომავლად გარდაქმნის გამუდმებულ პროცესს.
წყალი, რომელიც ფესვებიდან მოდის, კვებავს ღეროსა და ტოტებს უმცირეს ფოთლებამდე. შემდეგ იგი შეიწოვება ნიადაგის მიერ და წყაროს უბრუნდება აქტიურობის ახალი ციკლისთვის. ამგვარად, ყოველ ჩვენგანს თავისი საკუთარი ვიურდი აქვს: ჩვენი წარსული ცხოვრებების გამოცდილებისა და მიმდინარე ცხოვრებაში განხორციელებული ცნობიერი ქმედებების მთლიანობა. ყოველი ჩვენგანი თავად წნავს თავისი ბედის ქსელს.
(კენეტ მედოუზის წიგნიდან – რუნების მაგია)
მთარგმნელი: მამუკა გურული
წყარო: magma.ge
No Comments