19 Nov ერთიდან მრავლამდე და მრავლიდან ერთამდე. ნაწილი I
– ანუ ამბავი მრავლად დაფანტული ღმერთისა
პარადოქსია, მაგრამ იმისთვის, რომ გასაგებად მოვყვეთ რთულის შესახებ, ზოგჯერ საჭიროა მარტივი დეტალების რთული, ადამიანისთვის გასაგები ენით ახსნა და შემდეგ ამ ყველაფრის ერთ მთლიან სურათად შეკვრა. ანუ მარტივიდან რთულისკენ, და რთულიდან – მარტივისკენ. პირველ რიგში შემოვიტანოთ გარკვეული ცნებები და სიმბოლოები – აბსტრაქტული, მაგრამ რეალობის ამსახველი, და მარტივი ანალოგიებით ახსნილი. გთხოვთ, ბრმად ნუ მიიღებთ აქ მოყვანილ პოსტულატებს და ბოლომდე გაიაზრეთ.
სისტემა – (ძვ.ბერძნ. σύστημα — „შესატყვისობა“) — გარკვეული წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე… სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილაკებისაგან.
თუკი ათვლის წერტილად ავიღებთ ერთ კონკრეტულ ადამიანს, იმ უზარმაზარ სისტემაში, რომელსაც სამყაროს ვუწოდებთ, იგი წარმოადგენს ერთ პაწაწინა ქვესისტემას. მაგრამ თავის მხრივ ადამიანი, როგორც სისტემა, შედგება უფრო დაბალი თანრიგის ქვესისტემებისგან: ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა… ორგანოები, ქსოვილები, უჯრედები, უჯრედის შემადგენელი ნაწილები, ბირთვი, დნმ და ა.შ. მაქსიმალურად მცირემდე…
ადამიანისთვის ზესისტემას წარმოადგენს ის წესრიგი (სისტემა), რომლის შემეცნებაც არ შეუძლია და მისთვის ქაოსურ, უხილავ ძალას წარმოადგენს, მაგრამ შეუძლია ამ ზესისტემის ზემოქმედების შეგრძნება. ანალოგიისთვის მოვიყვანოთ ადამიანის და ბუზის მაგალითი. ადამიანს შეუძლია ბუზის, როგორც მცირე ქვესისტემის აღწერა, დანაწევრება (როგორც აბსტრაქტულად, ასევე ფიზიკურად), მასზე ექსპერიმენტების ჩატარება, და ბოლოს და ბოლოს მოკვლა (უკვე რაღაც დონეზე მისი ხელოვნურად შექმნაც კი, – კლონირების გზით). ბუზს კი არ შეუძლია შეიმეცნოს ადამიანი, მას შეუძლია მხოლოდ შეიგრძნოს მისი ზემოქმედება, მისგან მომავალი საფრთხე, როგორც სტიქიური უბედურება, რომელიც უახლოვდება, მაგრამ ადამიანის შემეცნებაზე და აღწერაზე (როგორც მაგალითად, ადამიანი აღწერს ტორნადოს), ლაპარაკიც ზედმეტია. მას შეუძლია მხოლოდ რეაგირება მოახდინოს, გაფრინდეს და გადარჩეს, ან ვერ მოასწროს და მოკვდეს.
ადამიანი, როგორც სახეობა, ერთიანდება ერთ დიდ სისტემაში, რომელსაც ეწოდება კაცობრიობა. კონკრეტული ადამიანები, ერები, ქვეყნები, სხვადასხვა გაერთიანებები – კაცობრიობის ქვესისტემებს წარმოადგენენ. კაცობრიობა – ერთი მთლიანი სხეულია და მისი შემადგენელი ნაწილები (ადამიანები) მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი (თუ რატომ და როგორ, ეს მოგვიანებით გახდება გასაგები) მიუხედავად იმისა, რომ მის თვითოეულ წევრს თითქოს დამოუკიდებელი არსებობა შეუძლია. ანალოგიისთვის მოვიყვანოთ ვოლვოქსი – სიცოცხლის ერთგვარი შუალედური ფორმა ერთუჯრედიან და მრავალუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ესაა კოლონია, წყალმცენარე, რომელიც თან ერთი სხეულია, და თან მის ყოველ შემადგენელ უჯრედს დამოუკიდებლად არსებობაც შეუძლია. მსგავსი მოწესრიგებული დაჯგუფება ფლორას და ფაუნას სხვა სახეობებშიც ბევრი გვხვდება და ამაზე აღარ შევჩერდეთ.
აქ დავსვათ ერთი კითხვა, რომელსაც შემდეგ ვუპასუხებთ, მაგრამ მანამდე ეცადეთ თავადვე გასცეთ პასუხი: რატომაა ჩვენთვის ცნობილი ყველა მცენარეული და ცხოველური სისტემა ბუნებასთან ჰარმონიაში და რატომ ქმნის კონფლიქტს ბუნებასთან მხოლოდ ადამიანი (კაცობრიობა)?
დუალიზმი— იგივე პოლარობა. სამყაროში ყველაფერი ორ პოლარობად იყოფა (რომელიც შემდეგ თავის მხრივ კვლავ იყოფა და ა.შ.) მთავარი პოლარობებია: ინი და იანი, არსი და ფორმა, წესრიგი და ქაოსი, გაცემა და მიღება, დაბადება და სიკვდილი, ცა და მიწა, სული და მატერია, ქალი და მამაკაცი, დღე და ღამე, ყინული და ცეცხლი, ცხელი და ცივი, ტალღა და ნაწილაკი, ‘კარგი’ და ‘ცუდი’, თეთრი და შავი, პლუსი და მინუსი… სამყარო დუალური კონტრასტებისგან შედგება და სწორედ ეს პოლარობები ამოძრავებენ მას. დუალიზმი გვხვდება ყველა სფეროში: მეცნიერებაში, რელიგიებში, ხელოვნებაში, დრამატურგიაში და ა.შ.
უფრო დაწვრილებით შევეხოთ წესრიგისა და ქაოსის დუალობას. ამ შემთხვევაში სიტყვა ‘ქაოსს’ ვიყენებთ ჭეშმარიტი მათემატიკური მნიშვნელობით. მათემატიკაში ქაოსს უწოდებენ დინამიური სისტემის აპერიოდულ დეტერმინირებულ ქცევას, რომელიც უკიდურესად მგრძნობიარეა საწყისი პირობებისადმი. მარტივად რომ ვთქვათ, ქაოსი — ესაა სისტემის არაპროგნოზირებადობა. სამყაროს შემეცნების გზაზე მეცნიერებას რადიკალური პოზიცია ეკავა და ვარაუდობდა, რომ მთელი ეს მოჩვენებითი უწესრიგობა მხოლოდ ზუსტად მომუშავე მექანიზმია, რომელიც უბრალოდ ჯერ არაა შესწავლილი, მაგრამ რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება, მით უფრო ვგებულობთ, რომ ყველაფერი არც ისეთი სწორხაზოვანი და მოწესრიგებულია, როგორც მანამდე თვლიდნენ. თანდათანობით მივდივართ იმ გაგებამდე, რომ ბუნებაში ჩადებულია ერთგვარი ‘თავისუფლება’, ანუ ქაოსი.
შემდეგი დუალობა, რომელსაც მინდა შევეხო, ესაა —არსი და ფორმა, რომელიც მჭიდრო კავშირშია წესრიგთან და ქაოსთან.მაგალითისთვის ავიღოთ ვაშლი. სიტყვა ვაშლი — ესაა სიმბოლო, არსი, რომელიც გამოხატავს ყველა იმ ვაშლის იდეას, რომელიც არსებულა და იარსებებს დედამიწაზე. ეს ერთი იდეა იშლება უთვალავ ფორმად: მწვანე ვაშლი, მჟავე ვაშლი, მიჩურინის ვაშლი, Apple-ს ‘ჩაკბეჩილი ვაშლი’, ვაშლ-ატამა (რომელიც სხვა იდეასთან შერევის შედეგად მიიღება), მსხვილი ვაშლი, დამპალი ვაშლი და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა განსხვავებულნი იყვნენ ეს ვაშლები, მათ შორის არის რაღაც საერთო სტრუქტურა, რაც მას არსთან აერთიანებს, და რაც უფრო მეტია ვაშლის მსგავსება თავის საწყის იდეასთან, მით უფრო „იდეალურია“ ეს ვაშლი. ანუ ვაშლში არის ორივე ასპექტი: ქაოსიც და მოწესრიგებულობაც. წესრიგი აახლოებს ვაშლს თავის საწყის იდეასთან, ხოლო ქაოსი განაპირობებს მის უამრავ განსხვავებულ და მრავალფეროვან ფორმას. შესაბამისად ქაოსის, ანუ გამოვლენილ ფორმათა სამყაროში ვაშლი უამრავ ინდივიდუალობად იშლება, ხოლო არსთა მოწესრიგებულ სამყაროში — ვაშლი მხოლოდ ერთია.
თუ ამ ყველაფერს სისტემებზე გადმოვიტანთ, რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო რთულია მისი გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაც და მეტია არახაზობრივი კავშირები. თუ ქვა მთელი «ცხოვრების» განმავლობაში თითქმის არ ურთიერთქმედებს გარემოსთან და არ იცვლება, ადამიანი, როგორც გაცილებით უფრო რთული სისტემა იმდენად ექვემდებარება ქაოსურ ცვლილებებს, რომ მისი ქცევა გაცილებით მეტად ‘არაპროგნოზირებადია’, და სწორედ ეს აძლევს ადამიანს და მთელ კაცობრიობას გაცილებით უფრო სწრაფი ევოლუციის საშუალებას, ვიდრე მცენარეს, ან იგივე ქვას.
ფრაქტალურობა — სამყარო არა მხოლოდ დუალურია, არამედ ფრაქტალურიცაა. ფრაქტალი, ესაა გეომეტრიული ცნება, რომელიც შემოიღო მათემატიკოსმა ბენუა მანდელბროტმა. მან კომპიუტერისა და მარტივი მათემატიკური ფორმულის (Z=Z^2+C) მეშვეობით შექმნა ფიგურა, რომელიც მანამდეც იყო ცნობილი ‘მონსტრების’ სახით (‘მონსტრის’ ერთ-ერთი მაგალითი იყო ჩვეულებრივი ხე, რომელიც უსასრულოდ იტოტება). ამ ფორმულის მიხედვით ყოველი შედეგი არის მოცემულობისა (Z) და შედეგის უკუკავშირი, და შემდეგი შედეგი მსგავსებასთან ერთად წინაზე რთულია. მანდელბროტმა შექმნა უსასრულო სირთულის გამოსახულება, რომელიც უსასრულოდ რთულდება. ფრაქტალებისგან შემდგარ გამოსახულებას მანდელბროტის სიმრავლეს, ან ‘ღმერთის თითის ანაბეჭდს’ უწოდებენ. იტერაციის პროცესი ამ ფიგურას მრავალ საინტერესო თვისებას ანიჭებს, მათ შორის აღსანიშნავია თვით – მსგავსებადობა და უსასრულო დეტალურობა.
მანდელბროტმა და სხვა მეცნიერებმა (ფაიჟენბაუმმა, ბერნსლიმ, სმეილიმ და ა.შ.) აღმოაჩინეს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების კონფლიქტის საზღვარზე იქნება არა ქაოსური, უწესრიგო სტრუქტურები, როგორც ადრე თვლიდნენ, არამედ უფრო მაღალი დონის თვითორგანიზაციის გამოვლენა. იგი არ ექვემდებარება ევკლიდე-ნიუტონის სქემებს, არაა სტატიური და მოძრაობისა და ზრდის პროცესში იმყოფება. ფრაქციული განზომილება — ესაა სისტემის არასწორობის (არამოწესრიგებულობის) დონე. მანდელბროტმა აღმოაჩინა, რომ არსებობს რეგულარულობა (სისწორე, მოწესრიგებულობა) ნებისმიერი არარეგულარულობისთვის. ანუ როდესაც ჩვენ ვუყურებთ რაღაცას, როგორც შემთხვევითს და ქაოსურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უფრო მაღალი თანრიგის სისტემას, ანუ ზესისტემას.
თუ შევაჯამებთ უკვე ჩამოთვლილ ცნებებს და პოსტულატებს, მივიღებთ, რომ სამყარო არც ისეთი მარტივია, რომ მხოლოდ დუალისტურ კატეგორიებად დავყოთ და ის, რაც ერთი შეხედვით გარესამყაროს ქაოსურობად (მოუწესრიგებელ და ბნელ გარემოდ) ჩანს ცალკე აღებული ერთი სისტემისთვის, სინამდვილეში ის ზღვარია, რომელიც მას ზესისტემისგან ჰყოფს და სინამდვილეში უფრო მაღალი თანრიგის სისტემის ქვესისტემად აქცევს. მარტივად: თუ ‘შემთხვევით’ თავში აგური დაგეცათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოვლენა შემთხვევითია, არამედ ნიშნავს, რომ ასეთი იყო ზესისტემის ‘ნება’. სწორედ ადამიანის ზესისტემასთან, როგორც შეუცნობელ ძალასთან ურთიერთობის შედეგად დაიბადა რელიგიები, ფილოსოფია, ეზოთერია, პარაფსიქოლოგია და სხვა მეტაფიზიკური დისციპლინები. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სისტემაზე და ქვესისტემებზე, ზესისტემასთან დაკავშირებით კი შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, ფრაქტალური და სხვა ანალოგიების საფუძველზე. და რაც უფრო კარგად შევიცნობთ კაცობრიობას, როგორც სისტემას, და ადამიანს, როგორც ქვესისტემას, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ მივუახლოვდეთ ზესისტემის არსის წვდომას. მითუმეტეს, რომ ადამიანს გაცილებით უფრო ადვილად შეუძლია შეიცნოს ზესისტემა (პირობითად ვუწოდოთ მას ‘ღმერთი’), ვიდრე ბუზს — ადამიანი, რადგანაც ფრაქტალურობის კანონიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი თანრიგისაა ფრაქტალური სისტემა, მით უფრო რთულია იგი და მეტი მსგავსება აქვს მთელთან, ანუ ‘ღმერთთან’.
ცოტა რამ კვანტური ფიზიკის შესახებ. კლასიკური ფიზიკისგან განსხვავებით, რომელიც ობიექტების უშუალო ფიზიკურ მახასიათებლებს აღწერს, კვანტური ფიზიკა უფრო ღრმად განიხილავს სისტემის მდგომარეობას. კლასიკური მიდგომა გულისხმობს, რომ სისტემის თვითოეული ნაწილის სტრუქტურისა და ქცევის ცოდნით შეგვიძლია გამოვიყვანოთ ობიექტთა ერთობლიობის, როგორც მთლიანის ქცევის კანონები, მაგრამ კვანტური თეორიის მიხედვით ასე არაა. სინამდვილეში ნაწილების სრულყოფილი გაგებაც კი ვერ მოგვცემს მთლიანის გაგებას. და ურთიერთქმედება ნაწილსა და მთელს შორის კვანტურ ფიზიკაში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კლასიკურში. რაც უფრო დიდია სისტემა, მით უფრო მეტი ურთიერთკავშირში მყოფი ქვესისტემისგან შედგება იგი, და ამ კავშირების სრულყოფილად დასანახად საჭიროა ამ სისტემაზე გარედან დაკვირვება და მისი მთლიანად მოცვა.
კვანტურ ფიზიკაში ყველაზე დიდი სისტემა — ესაა სამყარო. სამყაროში ყველაფერი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: ლოკალურში (გამოვლენილში) და არალოკალურში (გამოუვლენელში).ლოკალურში ჩვენ მას ვხედავთ და იგი კლასიკური ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ესაა როგორც მყარი სხეულები, ასევე ძალები (სივრცე, დრო, გრავიტაცია, ელექტრო-მაგნიტური ველი, სხვადასხვა გამოსხივებები და ა.შ.). არალოკალურში— ჩვენ მათ ვერც ვხედავთ და ვერც ავღწერთ. იგი კლასიკური ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. იქ არაა სივრცე, დრო და ჩვენთვის ცნობილი სხვა სიდიდეები. და სწორედ მთლიანის ეს ყველაზე ‘მისტიური’ მდგომარეობაა პირველადი. ჩვენი სამყარო სწორედ ამ არალოკალური მდგომარეობის გამოვლენის შედეგია. კვანტურ ფიზიკაში ამ პროცეს დეკოგერენცია ეწოდება, ხოლო რეკოგერენცია — ესაა საპირისპირო პროცესი ხილულიდან უხილავისკენ. ისევე როგორც ლოკალურ, ასევე არალოკალურ მდგომარეობაშიც თავისი კანონები მოქმედებენ.
კვანტური ჩახლათულობა (Quantum entanglement) — კვანტურ-მექანიკური მოვლენა, რომლის დროსაც ორი ან მეტი ობიექტის კვანტური მდგომარეობები ურთიერთდაკავშირებულია. ეს ურთიერთკავშირი შენარუნებულია მაშინაც კი, თუ ეს ობიექტები სივრცეში დაშორებულია ნებისმიერ ცნობილი კავშირების საზღვრებს მიღმა, რაც ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის ლოკალურობის პრინციპთან. ეს ეფექტი დიდი ხნის წინ აღმოაჩინა აინშტაინმა პოდოლსკისთან და როზენთან ერთად.
ნაწილაკებს გააჩნიათ სპინები — მაგნიტური მახასიათებლები პროექციით ზემოთ/ქვემოთ. ცდისთვის იღებდნენ ნაწილაკს ორი სპინით: ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ. ისინი იღებდნენ ამორ სპინს და აშორებდნენ მათ სივრცეში (თეორიაში უსასრულობამდე), შემდეგ კი ზემოქმედებდნენ ერთ-ერთ მათგანზე, ანუ ცვლიდნენ მის პროექციას. აღმოჩნდა, რომ მორე სპინი, მიუხედავად მანძილისა, ნულოვან დროში, ანუ მყისიერად იცვლიდა თავის პროექციას საწინააღმდეგოზე. ეს აინშტაინის რეალობის ყველა კანონს ეწინააღმდეგებოდა. კვანტური ჩახლართულობა —უბრალოდ აბსტრაქცია არაა. იგი ბუნებაში არსებული ობიექტური რეალობაა და მას კვანტურ კომპიუტერებსა და კვანტურ-კრიპტოგრაფიულ სისტემებშიც იყენებენ.
ჩახლართულობა — ესაა ურთიერთობის განსაკუთრებული სახე სისტემის შემადგენელ ნაწილებს შორის, და მას ანალოგი არ გააჩნია კლასიკურ ფიზიკაში. იგი ჩნდება სისტემაში, რომელიც შედგება ორი ან მეტი ურთიერთმოქმედი ქვესისტემისგან (ან ადრე ურთიერთქმედებაში მყოფი და მერე დაშორებულისგან). მსგავს სისტემებში ცალკეული ნაწილების ქცევა ურთიერთკავშირშია, მაგრამ არა ჩვეული კლასიკური ურთიერთქმედებების, მაგალითად სინათლის სიჩქარის, არამედ არალოკალური კვანტური კავშირების (კვანტური კორელაციების) მეშვეობით. აქ სისტემის ერთი ნაწილის ცვლილება დროის იმავე მომენტში ახდენს გავლენას მის დანარჩენ ნაწილებზეც (მაშინაც კი, თუ ისინი უსასრულო მანძილზე არიან დაშორებულნი). ესაა სისტემის შემადგენელის მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელია დავყოთ ცალკეულ, სრულიად დამოუკიდებელ და თვითმყოფად ნაწილებად. იგი წარმოადგენს განუყოფელს (არასეპარაბელურს). ჩახლართულობა და არასეპარაბელურობა — ფაქტიურად, ერთი და იგივეა.
დავუბრუნდეთ ფრაქტალებს. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ფრაქტალის მცირე ნაწილი შეიცავს ინფორმაციას მთელი ფრაქტალის შესახებ, ანუ ქვესისტემა აგებულია სისტემის ერთიანი კანონების მიხედვით. ამ კანონის თანახმად ყველაფერი სამყაროს მიკრო-მოდელს უნდა წარმოადგენდეს. თუ განვიხილავთ ადამიანს, როგორც ცალკე სისტემას, დავინახავთ, რომ მასაც მთელი სამყაროს მსგავსად ორი მდგომარეობა გააჩნია: ლოკალური (გამოვლენილი) და არალოკალური (გამოუვლენელი). ლოკალური — ესაა ჩვენი ფიზიკური სხეული, ხოლო არალოკალური — ჩვენი ფსიქიკა, და ისინი მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან, ანუ ‘ჩახლართულ მდგომარეობაში’ იმყოფებიან. ეს ორმაგობა ყველა სხვა სისტემაზეც ვრცელება, ცხოველებზე, მცენარეებზე და ა.შ. რაც უფრო მარტივია სისტემა, მით უფრო ნაკლებად ჩანს მისი ორმაგობა, მაგრამ ისეთი მიკროსკოპული სისტემაც კი, როგორიცაა ნაწილაკი, ამ ორმაგობას ატარებს.სწორედ მცირე ‘ნაწილაკებთან’ (და უფრო პატარებთანაც) მუშაობენ კვანტური ფიზიკოსები. რას აღარ აკეთებენ იქ, და რაღაც კუთხით პროცესების მართვაც კი ისწავლეს. შეძლეს, მაგალითად, ტელეპორტაციის გაკეთება – ნულოვან დროში გადაადგილება. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ შემთხვევაში — თუ სისტემა იზოლირებულია სხვა სისტემებთან ურთიერთქმედებისგან. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რადგანაც სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ყველაფერი ურიცხვ ჩახლართულ მდგომარეობებში იმყოფება.
არსებობს ასეთი ცნება: ჩახლართულობის სიდიდე (0-დან 1-მდე). იგი დამოკიდებულია სისტემის შემადგენელ ნაწილთა შორის ურთიერთქმედების ინტენსივობაზე. მაგალითად, ჩაკეტილი სისტემა შეიძლება იყოს მაქსიმალურად ჩახლართულ მდგომარეობაში (1) და მას არ ექნება შემადგენელი ლოკალური ნაწილები (ქვესისტემები), მაგრამ როგორც კი იგი ურთიერთქმედებაში მოდის გარემოცვასთან, მაშინ ჩახლართულობის სიდიდე მის ქვესისტემებს შორის თანდათანობით შემცირდება 0-მდე და ისინი გამოვლინდებიან ქვესისტემების (ლოკალური ობიექტების) სახით. მოვიყვან მცირე მონაკვეთს ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, ს.ი. დორონინის წიგნიდან ‘კვანტური მაგია’:
‘დავუშვათ, რომ გვაქვს ფოტოქაღალდი გამოუვლენელი (გასამჟღავნებელი) გამოსახულებით — ეს ერთგვარი არალოკალური მდგომარეობაა. ობიექტთა ხილულ ფორმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ გამოვლინება, თუკი ფოტო-ქაღალდს სპეციალურ გასამჟღავნებელ სითხეში ჩავდებთ (გარემოსთან ურთიერთქმედება). ჩახლართულობის სიტუაცია მხოლოდ ოდნავ უფრო რთულია — იქ არაა მანამდე გამოსახული ‘სურათი’ ნეგატივიდან. პოტენციური გამოსახულება (და ის მხოლოდ ერთი არაა!) თითქოს თანაბარზომიერადაა ‘გაშლილი’ ფოტოქაღალდზე და ამიტომაც უჩინარია. ყველა შესაძლო ელემენტი სუპერპოზიციურ მდგომარეობაში იმყოფება. მათ არ გააჩნიათ ლოკალური ფორმები. გარემოსთან ურთიერთქმედების შემთხვევაში სუპერპოზიცია ირღვევა და ვლინდება ესა თუ ის კლასიკური მდგომარეობა ურთიერთქმედების ტიპის შესაბამისად. ამ ფიზიკურ პროცესს ეწოდება დეკოგერენცია. ამ პროცესის მეორე მხარეს წარმოადგენს სისტემის ჩახლართულობის ზომის გაზრდა გარემოცვასთან მიმართებაში. იგი თითქოს სხვადასხვა მხარეს ანაწილებს იმის ნაწილებს, რაც მანამდე ერთი მთლიანი იყო, გარკვეულ ფორმას აძლევს მას, და ისინი ხილულნი, გარჩევადნი ხდებიან ჩვენი ჩვეული, კლასიკური თვალთახედვით. არსებობს უკუპროცესიც — შეგვიძლია მოვახდინოთ ჩახლართულობის ‘კონცენტრირება’, გადიდება. ამ პროცესს ეწოდება რეკოგერენცია, ანუ ჩახლართულობის დისტილირება. ჩვენს მაგალითში ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ეს იმას ჰგავს, რომ რაღაც ეშმაკური ოპერაციების შედეგად მიღებული ფოტოთი და გამოყენებული გასამჟღავნებელი სითხით ჩვენ კვლავ შევძლებთ ფოტოქაღალდის გასუფთავებას, ანუ შევძლებთ გამოვლენილი გამოსახულებების საწყისი სუპერპოზიციის მდგომარეობამდე დაბრუნებას’.
ჩახლართულობა — ეს არაა უბრალოდ ურთიერთქმედება, არამედ ესაა ერთგვარი ‘ტელეპატია’, როდესაც ერთი ობიექტი უშუალოდ ‘შეიგრძნობს’ თავის ერთიანობას სხვა სხეულებთან, როდესაც ყველა გარე ცვლილება მყისვე აისახება თავად მასზეც, და პირიქით, ცვლილებები ობიექტში მყისვე აისახება გარემოცვაზე. თუკი წარმოვიდგენთ მთელ სამყაროს, რომელშიც თვითოეული ქვესისტემა რაღაც არხებით დაკავშირებულია სხვა ქვესისტემებთან, გამოდის, რომ სამყაროში ყველაფერი მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ნებისმიერი ცვლილება ერთ კონკრეტულ ობიექტში მყისიერად (ნულოვან დროში) იწვევს ცვლილებას მთელ სისტემაზე, და შესაბამისად ყველა ობიექტზე, რომელთანაც ოდესღაც ეს ობიექტი ჩახლართულობის კავშირში იყო. და მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომ ეს ობიექტები ამჟამად სხვადასხვა ქვესისტემებში იმყოფებიან.
აი, აქ მოვითხოვ თქვენს ძალიან დიდ ყურადღებას: მაქსიმალურად ჩახლართულ მდგომარეობაში (სიდიდით – 1) ქვესისტემებს სრულიად დაკარგული აქვთ დამოუკიდებლობა. მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ ‘ნების თავისუფლება’, არ შეუძლიათ, რომ სხვა ქვესისტემებისგან დამოუკიდებლად შეიცვალონ. ქვესისტემებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი დინამიკა. შეუძლებელია ობიექტმა ზღვარი გაავლოს საკუთარ თავსა და გარემოცვას შორის და თქვას, რომ ‘მე აქ ვარ, აქ კი მე არ ვა’. მას არ შეუძლია თავისი ინდივიდუალურობის ‘შეგრძნება’ და არ შეუძლია ევოლუცია განცალკევებული დამოუკიდებელი ‘პიროვნების’ სახით. ამაზე დროებით შევჩერდეთ. ჩახლართულობის ცნებას კვლავ დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც განვიხილავთ კიდევ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან ცნებას.
დავუბრუნდეთ სისტემის და ზე-სისტემის ცნებებს. თუ ფართო მასშტაბით შევხედავთ, – სად გადის ზღვარი მათ შორის? ამ ზღვარს ვეჯახებით იქ, სადაც უკვე ვეღარ ვხედავთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
მაგალითად, ვხედავთ ავტომობილს—Ferrari F80. ახალთახალი მარკაა, ლამაზია, ზოგისთვის ‘ღმერთივითაა’, (ანუ ზე-სისტემას ჰგავს) და ისიც კი შეუძლია, რომ ეთაყვანოს მას. მაგრამ თუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გავყვებით ვნახავთ, რომ ეს ავტომობილი დამზადდა Ferrari-ს რომელიღაც კონკრეტულ ქარხანაში და მასზე მუშაობდნენ რომელიღაც კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ხელსაწყოების მეშვეობით. ამ ავტომობილის იდეა, დიზაინი და ა.შ. ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს. ანუ ამ ‘ღმერთივით’ ავტომობილს ჰყავს თავისი ზესისტემა, ანუ ღმერთები, რომლებმაც იგი შექმნეს. თავის მხრივ ამ ავტომობილის შემოქმედებს ჰყავთ მშობლები, რომლებსაც ასევე ჰყავთ მშობლები… და მივდივართ კითხვამდე – როგორ გაჩნდა ადამიანი? აქ უკვე ვაწყდებით ზე-სისტემას ადამიანთან მიმართებაში და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ვეღარ ვხედავთ. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, გვჯეროდეს, დავუჯეროთ სხვადასხვა თეორიებს, მაგრამ რეალური კონკრეტული და ექსპერიმენტალურად დამტკიცებადი ცოდნა ამის შესახებ არ გაგვაჩნია.
აქ უნდა შემოვიტანოთ დუალიზმის ახალი კატეგორია — შემოქმედი-ქმნილება. ეს იგივე სისტემა-ზესისტემის დუალიზმია, ოღონდ ძალიან მასშტაბურ დონეზე. როგორ გაჩნდა სამყარო? როგორ გაჩნდა ქმნილება? ესაა უკიდურესი ზღვარი იმ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში, რომლის შეცნობაც ჩვენ შეგვიძლია. უფრო უკიდურესი, ვიდრე კითხვა: ვინ შექმნა ადამიანი?
კვანტური ფიზიკის ძირითადი თეორია სამყაროს შექმნის შესახებ გვეუბნება, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ სადღაც რაღაც აფეთქდა, შემდეგ გაფართოვდა და მივიღეთ დღევანდელი სამყარო. მაგრამ საიდან გაჩნდა ის სინგულარობის წერტილი, რომელიც აფეთქდა? ამაზე უკვე პასუხი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ზესისტემამ, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ შემოქმედს, შექმნა ქმნილება. ქმნილებას არჩევანი არ ჰქონია. იგი გამოვლინდა შემოქმედის მიერ, როგორც მიღების სურვილი.
თუ აბსტრაქციის დონეზე შევადარებთ, შემოქმედი — ესაა გაცემის სურვილი, ხოლო ქმნილება — ესაა მიღების სურვილი. ქმნილებას სურს აივსოს, მიიღოს შემოქმედისგან, განვითარდეს, და თანდათანობით დაემსგავსოს შემოქმედს, ანუ შეერწყას მას. ქმნილების არსი — ესაა ეგოიზმი, რომელიც იზრდება, ფართოვდება და გარდაიქმნება ალტრუიზმად — ანუ გაცემის თვისებად.
ზესისტემა სისტემასთან (ქმნილებასთან) მიმართებაში გამცემია, ხოლო ქმნილება ბავშვს ჰგავს, იგი ვერ იცოცხლებს მიღების გარეშე. ფაქტიურად ჩანასახი, ესაა არსი, რომელიც იკვებება დედით, ‘ჭამს’ მას ჯერ საშვილოსნოში ყოფნისას, შემდეგ კი გარეთაც. და რაც მთავარია ეს კვება არ გამოიხატება მხოლოდ ფიზიკურ კვებაში (ქიმიური ელემენტებით), არამედ იმ სითბოში, მზრუნველობაში, ყურადღებაშიც, რომელიც ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება სრულყოფილად განვითარებისთვის, ანუ ავსებისთვის. ბავშვი — ესაა ერთგვარი ჭურჭელი, რომელიც უნდა აივსოს,ხოლო დედა — მასთან მიმართებაშ გამცემია. ბავშვს შეუძლია მხოლოდ შეიგრძნოს დედა, როგორც ზე-სისტემა, რომელიც კვებავს მას და ამ შემთხვევაში ის ბედნიერია, ან არ კვებავს — და მაშინ ის ტირის და ამით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, მაგრამ დედის შემეცნება მას არანაირად არ შეუძლია, სანამ გარკვეულ დონემდე არ აივსება (ანუ სანამ მისი ეგო გარკვეულ დონემდე არ განვითარდება).
როგორც ვიცით, ჩანასახი გადის განვითარების გარკვეულ სტადიებს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა, წარმოიქმნება ზიგოტა, რომლის უჯრედები თანდათან დიფერენცირდებიან და გვაძლევენ უფრო რთულ ფორმებს და ქსოვილებს. რაღაც დონეზე ჩანასახი ჰგავს თევზს, ამფიბიას, და თანდათანობით ემსგავსება ადამიანს. თუ შევადარებთ, ესაა მიკრო-მოდელი იმისა, რაც სიცოცხლემ გაიარა დედამიწაზე. ყველაფრის მსგავსებიდან და ფრაქტალურობის პრინციპიდან გამომდინარე — ქმნილებას, როგორც მაკრო-სისტემას, უნდა გაევლო დაახლოებით იგივე ეტაპები, რასაც გადის ადამიანი, როგორც მიკრო-სისტემა.
თავად ქმნილებას, გააჩნია თავისი არსი, რომელიც პირველადია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, არსთა სამყაროში არსი, ანუ იდეა ერთია, რომელიც ფორმათა სამყაროში ურიცხვ ფორმებად იყოფა (გაიხსენეთ ვაშლის მაგალითი). შესაბამისად მთელს ქმნილებას გააჩნია ერთიანი არსი, რომელიც შემდეგ იტოტება და სხვადასხვა ქვე-არსებად, ანუ ქვე-იდეებად იყოფა. ადამიანიც, ცხოველებიც, მცენარეებიც, უკვე ნახსენები ვაშლიც და Ferrari-ც ამ ერთიანი არსის განტოტვის შედეგად მიღებული ქვე-იდეებია, რომლებიც მატერიალურ ურიცხვ ფორმებად ვლინდებიან.
მაგრამ! ისევე, როგორც ადამიანის ჩანასახი გადის გარკვეულ სტადიებს, ქმნილებაც ასევე ვითარდება და თანმიმდევრულად ავლენს თავის სხვადასხვა ფორმებს. ესაა კანონზომიერი და მოწესრიგებული პროცესი და ფორმათა ურიცხვი სიმრავლე სულაც არ გამოვლენილა ქაოსურად. ქმნილების განვითარებას თავისი დონეები აქვს და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ჯერ-ჯერობით კი გავაკეთოთ მოკლე რეზიუმე:
‘სადღაც’, ‘ოდესღაც’, ‘რატომღაც’ შემოქმედი არსის მიერ გამოვლინდა ქმნილების არსი, როგორც მიღების სურვილი და ამ არსმა დაიწყო სწრაფვა თავისი შემოქმედი არსისკენ. და ჩვენ არ ვეხებით შემოქმედი არსის, როგორც ზე-სისტემის აღწერას (ეს საქმე რელიგიებსა და სხვადასხვა ფილოსოფიურ-ეზოთერულ სწავლებებს მივანდოთ), ჩვენი ყურადღება მიმართულია ქმნილების არსის შესწავლაზე იმ დონემდე, რა დონემდეც შესაძლებელია. ესაა შემეცნების აღმავალი —გზა, და ეს გზა ოდესმე აუცილებლად მიგვაახლოვებს ზე-სისტემის გარკვეული დონის შემეცნებამდეც, ისევე როგორც პატარა ბავშვი იზრდება და გარკვეული დონის შემდეგ აღარაა მხოლოდ მიმღები მშობლებთან მიმართებაში და იძენს გაცემის თვისებასაც, და შესაბამისად შეუძლია არა მხოლოდ შეიგრძნოს, არამედ შეიმეცნოს კიდეც თავისი მშობლები.
გაგრძელება იქნება…
ავტორი: მამუკა გურული
წყარო: maGma.ge
No Comments