14 Oct ბგერის მისტიციზმი
[sc_embed_player fileurl = http://shen.com.ge/wp-content/uploads/2018/10/hazrat.mp3 ]
ჰაზრათ ინაიათ ხანი ინდოელი სუფი*, მისტიკოსი, ფილოსოფოსი, პოეტი და მუსიკოსი 1882 წელს ინდოეთის ქალაქ ბაროდაში დაიბადა. თავის დროზე მას მთელს ინდოეთში იცნობდნენ როგორც ვინაზე უბადლო დამკვრელსა და მომღერალს, რომელმაც ინდური კლასიკური მუსიკა ააღორძინა. ის პირველი იყო, ვინც მუსიკას სახელმძღვანელოთი ასწავლიდა. თვით სახელმძღვანელო მისი ბაბუის მიერ იყო შექმნილი, რომელმაც ინდური მუსიკისათვის ნოტების სისტემა გამოიგონა. 1910 წელს ჰაზრათ ინაიათ ხანი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი პარიზში ინდური მუსიკის კონცერტების გასამართავად მიიწვიეს, სადაც მის მრავალრიცხოვან ნაცნობებს შორის კლოდ დებიუსიც იყო. კომპოზიტორს ინაიათ ხანმა რამდენიმე მელოდია აჩუქა, რომელთა მოსმენაც დებიუსის რამდენიმე სიმფონიურ ნაწარმოებში შეიძლება. 1913 წელს ის რუსეთში ჩავიდა, სადაც კომპოზიტორ სკრიაბინს დაუმეგობრდა და მასაც რამდენიმე მელოდია აჩუქა.
1914 წელს მან დაარსა მძლავრი მოძრაობა, რომელშიც სიყვარულის, ჰარმონიისა და მშვენიერების დროშის ქვეშ მისი სუფიზმის ძმები და დები გაერთიანდნენ. ამ მოძრაობის ძირითადი არსი იყო: სულიერი თავისუფლების მიღწევა, მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისათვის ფილოსოფიური საიდუმლოებების უნიკალური ახსნა და რელიგიური, ეზოთერული ცოდნის ფსევდო-რელიგიური ძალაუფლებისგან აბსოლუტური გათავისუფლება, სულიერებისადმი ახალი მიდგომების პოვნა, რომელსაც კასტური ან აღმსარებლური განსხვავება არ ექნებოდა. სუფიურ მემკვიდრეობას, რომელიც ჰაზრათ ინაიათ ხანმა მსოფლიოს დაუტოვა, სიყვარულის, ჰარმონიის და მშვენიერების კოსმიურ სიმფონიას ადარებენ. მას „მუსიკალური აღორძინების დილის ვარსკვლავი“ შეარქვეს. გარდაიცვალა 1927 წელს. დასაფლავებულია დელიში. მან 13-ტომიანი ლექსების, პიესების, რელიგიური, მისტიკური და ფილოსოფიური ნაწარმოებების მემკვიდრეობა დატოვა. მკითხველი მათში დღესაც იპოვის პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს ასე აღელვებს. „ბგერის მისტიციზმი“ მისი ერთ-ერთი ვრცელი ფილოსოფიურ-მისტიკური ნაშრომია, რომელიც 4 ნაწილისგან და 43 თავისგან შედგება. ამჯერად მხოლოდ 2 თავის თარგმანს გთავაზობთ.
მუსიკა
სიტყვა მუსიკა, რომელსაც ყოველდღიურ ენაში ვიყენებთ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სატრფოს** გამოსახულება. ასე არაამქვეყნიურად იმიტომ გვიყვარს მუსიკა რომ მისი დახმარებით ჩვენ სატრფოს შევიგრძნობთ. მაგრამ კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ვინ არის ჩვენი სატრფო და სად იმყოფება იგი?
ჩვენი სატრფო არის ის, ვინც ჩვენს საწყისს და ჩვენს მიზანს წარმოადგენს; იგია ისიც, რასაც ჩვენ ჩვენი სატრფოდან ჩვენივე ფიზიკური თვალებით ვხედავთ, – ეს არის სილამაზე, რომელიც ჩვენს წინაშე წარმოჩინდება. ხოლო ჩვენი სატრფოს ის ნაწილი, რომელიც ჩვენი თვალების წინაშე არ აისახება, შინაგანი სილამაზის ფორმას წარმოადგენს, რომლის საშუალებით სატრფო ჩვენთან საუბრობს. რომ გვესმოდეს მშვენიერების ხმა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გვიზიდავს, აღმოვაჩენდით რომ ყველანაირი გამოვლინების უკან სრულყოფილი სული – სიბრძნის სული დგას.
რას ვხედავთ ცხოვრებაში, როგორც სილამაზის მთავარ გამოვლინებას? ეს მოძრაობაა. ხაზში, ფერში, წელიწადის დროთა ცვლილებაში, ტალღების მიმოქცევაში, ქარში, ქარიშხალში, – ბუნების სრულ მშვენიერებაში უწყვეტი მოძრაობა არსებობს. სწორედ ეს მოძრაობა იწვევს ღამესა და დღეს, წელიწადის დროთა ცვლას, და ეს მოძრაობა გვაგრძნობინებს იმას, რასაც ჩვენ დროს ვეძახით. სხვა შემთხვევაში დრო არ იარსებებდა, რამდენადაც სინამდვილეში მხოლოდ მარადისობა არსებობს და ეს ჩვენ გვასწავლის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს და რითიც აღფრთოვანებულები ვართ, ვაკვირდებით და ვაღწევთ, არის სიცოცხლე, რომელიც ყველაფერ ამის უკან იმალება, და ჩვენი ყოფაც ეს სიცოცხლეა. მხოლოდ ჩვენი შეზღუდულობის წყალობით არ შეგვიძლია დავინახოთ ღვთის სრული ყოფა, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს ფერში, ხაზში, ფორმაში თუ პიროვნებაში, ამ რეალურ სილამაზეს მიეკუთვნება, – ყველა სატრფოს. და თუკი ჩვენ გამოვიკვლევთ იმას, რაც გვიზიდავს ამ მშვენიერებაში, რომელსაც ჩვენს ირგვლივ ყველა ფორმაში ვხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის სილამაზის მოძრაობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – მუსიკა.
ბუნების ყველა ფორმა, მაგალითად, ყვავილები, შექმნილია და შეფერილია სრულყოფილებაში. პლანეტები და ვარსკვლავები, დედამიწა – ყველაფერი ჰარმონიის, მუსიკის იდეას გვაწვდის. არა მარტო ცოცხალი არსებები, მთელი ბუნება სუნთქავს. და ჩვენი ახირება, შევადაროთ ის, რაც ჩვენთვის ცოცხალია იმას, რაც ცოცხლად არ გვეჩვენება გვავიწყებს, რომ ყველა საგანი და არსება სრულყოფილი სიცოცხლით ცოცხლობს და სიცოცხლის ნიშანი, რომელსაც ეს ცოცხალი სილამაზე ასხივებს, არის სწორედ მუსიკა.
რა აიძულებს პოეტის სულს რომ იცეკვოს? ეს მუსიკაა. რა აიძულებს მხატვარს დახატოს უმშვენიერესი ტილოები, მუსიკოსს იმღეროს უმშვენიერესი სიმღერები? ეს შთაგონებაა, რომელსაც სილამაზე გვაწვდის. სწორედ ამიტომ სუფია ამ სილამაზეს „საკის“ ეძახის, რაც „ღვთიურ მომნიჭებელს“-ს ნიშნავს, ანუ მას, ვინც ყველას სიცოცხლის ღვინოს უსხამს. რა არის სუფიას ღვინო? ესაა სილამაზე ფორმაში, ხაზში, ფერში, წარმოსახვაში, გრძნობაში, მოქმედებაში, ანუ ის ყველაფერში მხოლოდ სილამაზეს ხედავს. ყველა ეს განსხვავებული ფორმა სილამაზის სულის ნაწილია, რომელიც მარადკურთხეულ სიცოცხლეს წარმოადგენს. ჩემთვის არქიტექტურა მუსიკაა, მებაღეობა მუსიკაა, ფერმერობა მუსიკაა, მხატვრობა მუსიკაა, პოეზია მუსიკაა. ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ, სადაც შთაგონების წყარო მშვენიერებაა და სადაც იღვრება ღვთიური ღვინო, არსებობს მუსიკა.
სხვადასხვა ხელოვნებაში მუსიკალური ხელოვნება განსაკუთრებულად ღვთიურად ითვლება, რადგან ის იმ კანონის მინიატურულ ასლს წარმოადგენს, რომელიც მთელს სამყაროში მოქმედებს. მაგალითად, თუკი ჩვენ საკუთარ თავს შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ გულის პულსირება, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ყველაფერი რიტმში მუშაობს. სიცოცხლე მთელი სხეულის მექანიზმის რიტმულ მუშაობაზეა დამოკიდებული. სუნთქვით მიიღება ხმა, სიტყვა, ბგერა და ეს ხმა მუდმივად გვესმის, მათ შორის, შინაგანი ხმაც. ეს მუსიკაა. ის გვიჩვენებს, რომ მუსიკა ჩვენს გარეთ და შიგნით არსებობს. მუსიკა არა მარტო დიდებულ მუსიკოსს შთააგონებს, არამედ ნებისმიერ ბავშვს, რომელიც სწორედ მუსიკის რიტმში დაბადებისთანავე თავის პატარა ხელებს და ფეხებს ამოძრავებს. ამიტომ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მუსიკა იმ ერთიანის სილამაზის ენაა, რომელზეც შეყვარებულია ყველა ცოცხალი. ვინც ამას ცხადად წარმოიდგენს და აცნობიერებს, რომ ყოველივე მშვენიერი ღმერთია, – ჩვენი სატრფო, ის ხვდება, რატომ მაინცა და მაინც მუსიკას, რომელსაც ჩვენ ხელოვნებასა და სამყაროში განვიცდით, უნდა ერქვას ღვთიური ხელოვნება.
მსოფლიოში ბევრი მუსიკას გასართობ, დროის გასატარებელ საშუალებად აღიქვამს, მუსიკოსს კი, თავშესაქცევ ადამიანად. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ალბათ ისეთი ადამიანი, მუსიკას ხელოვნების ყველა დარგთაგან ყველაზე წმინდად რომ არ თვლიდეს. ფაქტობრივად, რაზეც ფერწერის ხელოვნება გარკვევით ვერ იმეტყველებს, პოეზია სიტყვებით გამოხატავს, მაგრამ რისი გადმოცემაც პოეტს პოეზიაში გაუჭირდება, მუსიკას შეუძლია. ამით მინდა ვთქვა, რომ მუსიკა არა მარტო ხელოვნებასა და პოეზიას აღემატება, ფაქტობრივად, ის რელიგიაზე მაღლაც დგას, რადგან მუსიკა ადამიანის სულს იმის მაღლაც კი აღამაღლებს, რასაც რელიგიის ე. წ. გარეგანი ფორმები ჰქვია. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მუსიკას რელიგიის ადგილის დაკავება შეუძლია, რადგან თითოეული სული იმ ტონალობაზე ვერ იქნება აწყობილი, სადაც მართლა შეიძლება მუსიკისგან რაიმე სარგებელი მიიღოს. არც ისაა აუცილებელი, ნებისმიერი მუსიკა ისეთი ამაღლებული იყოს, ადამიანი რომ რელიგიაზე უფრო ძლიერად აღამაღლოს. თუმცა მათთვის, ვინც შინაგან რწმენას მისდევს, მუსიკა სულიერი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიზეზი ისაა, რომ სულიერი განვითარების მაძიებელი სული ყოველთვის უფორმო ღმერთს ეძებს. ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნება სულს ამაღლებს, მაგრამ, ამავე დროს, ის ფორმას შეიცავს, პოეზია კი – სიტყვას, სახელებს, სავარაუდო ფორმებს, მაგრამ მხოლოდ მუსიკას, მთელი თავისი მშვენიერებით, ძალით, მომხიბლველობით შეუძლია სული ფორმის საზღვრებზე მაღლა აიტაცოს.
სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან უდიდესი წინასწარმეტყველები დიდებული მუსიკოსები იყვნენ. მაგალითისთვის ჰინდუ წინასწარმეტყველებს შორის შეგვიძლია ნარადა გავიხსენოთ, რომელიც, ამავე დროს, მუსიკოსიც იყო; შივა, საღვთო ღვინის გამომგონი, კრიშნა, რომელსაც ყოველთვის ფლეიტით გამოსახავენ. ამავე დროს, არსებობს ცნობილი ლეგენდა მოსეს ცხოვრებიდან, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ გაიგონა მან ღვთის ნებელობა სინას მთაზე Museke სიტყვებით – „მოსე შეისმინე“. ხოლო ღვთიური გამოცხადება ტონსა და რიტმს შეიცავდა, რომელსაც მან სწორედ ეს სიტყვა – მუსიკა დაარქვა, ხოლო ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „Music“ და „Musike“ სწორედ ამ სიტყვიდან წარმოიქმნენ.
დავით წინასწარმეტყველის საგალობლებმა საუკუნეებს გაუძლო. მისი ეს გზავნილი სწორედ მუსიკის ფორმითაა გადმოცემული. ბერძნული მითოლოგიური ორფეოსიკარგად იცნობდა ტონისა და რიტმის საიდუმლოს და ამ ცოდნის წყალობით ბუნების უჩინარ ძალებს იმორჩილებდა. ჰინდუების სილამაზისა და ცოდნის ქალღმერთი, სარასვატი ყოველთვის ღვინით გამოისახება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთელი ჰარმონია მუსიკაშია განსხეულებული.
ბუნებრივის გარდა, მუსიკას მაგიური ხიბლიც აქვს, რომელიც დღესაც შეგვიძლია ვიგრძნოთ. ადამიანთა მოდგმამ უძველესი მეცნიერების, მაგიის დიდი ნაწილი თითქოს დაკარგა, მაგრამ მისგან თუ რამე დარჩა, მხოლოდ მუსიკაა. ძალასთან ერთად მუსიკა თრობაცაა. თუკი ის ათრობს მსმენელს, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მძლავრად უნდა ათრობდეს იმათ, ვინც უკრავს ან მღერის. და კიდევ, რამდენად უფრო და უფრო დაათრობს იმათ, ვინც მის სრულყოფილებას შეეხო და მასზე წლების მანძილზე მედიტირებდა. ის მათ გაცილებით დიდ სიხარულსა და აღფრთოვანებას ჩუქნის, ვიდრე ამას ტახტზე ასული მეფე გრძნობს.
აღმოსავლელ მოაზროვნეთა აზრით ხუთი სხვადასხვა „თრობა“ არსებობს. პირველია თრობა მშვენიერებით, ახალგაზრდობითა და ძალით; შემდეგ თრობა კეთილდღეობით; მესამეა თრობა ძალაუფლებით, ბრძანებებით, მართვის უფლებით; მეოთხე თრობაც არსებობს. ეს სწავლითა და ცოდნის მიღებით თრობაა. მაგრამ ეს ოთხი თრობა მუსიკის თრობასთან ისე ფერკმრთალდება, როგორც ვარსკვლავები მზესთან, რადგან ეს თრობა ადამიანის არსის უღრმეს ნაწილებს ეხება. მუსიკა უფრო შორს აღწევს, ვიდრე გარეგანი სამყაროს მიერ მოხდენილ შთაბეჭდილებას შეუძლია შეაღწიოს. მუსიკის მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ ის შემოქმედების საწყისსაც წარმოადგენს და მისი შთანთქვის საშუალებასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყარო მუსიკით შეიქმნა და მუსიკის მეშვეობითვე იმ საწყისს უბრუნდება, რომელმაც ის შექმნა. მეცნიერულ და მატერიალურ სამყაროში ჩვენ მსგავს მაგალითს ვხედავთ. მანქანა ან მექანიზმი მანამ იწყებს ხმაურს, სანამ ამოძრავდება. ჩვენ გვესმის ხმა, შემდეგ კი მოძრაობას ვხედავთ. გინდ გემი იყოს, გინდ თვითმფრინავი ან ავტომობილი. ბგერის მისტიციზმი სწორედ ამაში მდგომარეობს. ბავშვი ბგერას მანამდე უსმენს, სანამ ფერით ან ფორმით აღტაცებას გამოხატავს. და თუკი არსებობს ისეთი ხელოვნება, რომელიც გაახარებს მოხუცებს, ეს მუსიკაა.
თუ არსებობს ხელოვნების ისეთი დარგი, რომელიც ახალგაზრდებს სიცოცხლითა და ენთუზიაზმით, გრძნობით თუ ვნებით აღავსებს, ესეც მუსიკაა. ამავე დროს, ის არის რაღაც, რაც ადამიანს იმ ძალასა, მოქმედების სიმძლავრეს აძლევს, რომელიც თუნდაც ჯარისკაცს დასარტყამებისა და საყვირების ფონზე მარშირების გავლას აიძულებს. გადმოცემებში ცნობილია, რომ „სამყაროს დასასრულამდე“, „საშინელი სამჯავროს დღეს“ საყვირის ხმა იჟღერებს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მუსიკა სამყაროს შექმნასთან, მის გაგრძელებასთან და აღსასრულთანაა დაკავშირებული. მუსიკა ყოველი საუკუნის მისტიკოსებს უყვარდათ. სამყაროს ნებისმიერ ნაწილში მუსიკა კულტისა და ცერემონიების ცენტრი იყო. და ის, ვინც სრულყოფილ სიმშვიდეს აღწევს, რომელსაც ნირვანა, ან ჰინდუების ენაზე სამადხი ჰქვია, ამას მუსიკის დახმარებით ბევრად უფრო იოლად აკეთებს. ამიტომ სუფიები, განსაკუთრებით ჩიშტიას სკოლაში, უძველესი დროიდან მუსიკას მედიტაციის წყაროდ მიიჩნევენ. ამ სახით მედიტირებისას ისინი გაცილებით მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე ის, ვინც მუსიკის გარეშე მედიტირებს. ისინი ინტუიციური შესაძლებლობების სულის გახსნის ეფექტს გრძნობენ. მათი გულები, შეიძლება ითქვას, მთელი მშვენიერებისთვის იხსნება, რომელიც შიგნით და გარეთ არსებობს, მათ აღამაღლებს და ამავე დროს ის სრულყოფილება მოაქვს, რომელიც თითოეულ სულს ასე სწყურია.
* სუფი – სუფიზმის მიმდევარი. სუფიზმი – მუსულმანური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება.
** სატრფო – ასე უწოდებენ სუფიები შემოქმედს.
*** ვინა – ინდური ნაციონალური სიმებიანი საკრავი.
გაგრძელება იქნება…
ავტორი: ჰაზრატ ინიატ ხანი
თარგმანი: © Lasha Gabunia
No Comments