12 Dec ადამიანი არის ის, რასაც ჭამს
‘ადამიანი არის ის, რასაც ჭამს’
– ლუდვიგ ფოიერბახი
გაცნობიერებულობას, როგორც ხმას გააჩნია დიაპაზონი და როდესაც იგი ფართოვდება, თანდათან ვიწყებთ ისეთი ინფორმაციის მიღებას და გადახარშვას, რომელსაც აქამდე ვერ ვიგებდით, რადგან ცნობიერების დონე არ იმყოფებოდა მიღებული ინფორმაციის მანძილზე. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანების მიერ ინფორმაციის ათვისება უაღრესად ინდივიდუალურია და არ უნდა გვეწყინოს ან გავბრაზდეთ, როდესაც სხვებს ჩვენი ბოლომდე არ ესმით. ამ პროცესში ძალიან მნიშვენელოვანია ვისწავლოთ სხვა ადამიანების აღქმის წერტილიდან დანახული შეხედულების პატივისცემა და თანაგრძნობა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს გარშემო ირეოდნენ ვეგეტარიანელები, ვეგანები, ზოგიც მარხვას იცავდა ზოგი ცილების დიეტას და ზოგიც საერთოდ არ ჭამდა (პოლ ბრეგის დიეტა : )) მე ყოველთვის მიჩნდებოდა პროტესტის შეგრძნება და მაღიზიანებდა იარლიყები და ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა შემეზღუდა თავი რაღაც მოცემულობებით. ერთხელ ერთმა ჩემმა ძალიან გონიერმა მასწავლებელმა მითხრა – ‘ყველაფერი შეიძლება, რაც გულწრფელად გინდაო’ – მეთქი როგორ, ყველაფერი მოსულა? : )) ნარკოტიკები და ალკოჰოლიც შეიძლება თქო?? შენ განვითარება არ შეწყვიტო, იკითხე, ისწავლე, ყოველდღიურად მიყევი შენს არჩეულ დისციპლინას და ერთ დღესაც აღარ მოგინდებაო. მაშინ ამ ყველაფერზე გამეცინა მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ნელ-ნელა, როგორც დამჭკნარი ყვავილის ფურცლები ისე მცვიოდა ჩემი დესტრუქციული ჩვევები, სულ მახსენდებოდა ეს სიტყვები და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ საუკეთესო გზა ამ ყველაფრიდან გამოსვლისა არა სურვილების რეპრესირება არამედ თვითშემეცნებაა.
ხოდა ესე, ერთხელაც მოვიდა დღე, როცა გავაცნობიერე, რომ ის საკვები რითაც მთელი ცხოვრება ვიკვებებოდი აღარ მსიამოვნებდა, რადგან უკვე მესმოდა ჩემი სხეულის ენა. არა ტრენდის გამო, არა პროტესტის გამო, არა დიეტის გამო, არამედ გაცნობიერებულობის გამო ვერღარ ვჭამდი ხორცს, აღარ მსიამოვნებდა მკვდარი და გადამუშავებული საკვები, რადგან უკვე მესმოდა ყველა ჩემი უჯრედის სუნთქვა და ვიაზრებდი იმას, რომ საკუთარ სხეულს აგებ იმ ენერგიისგან, რასაც საკვებისგან იღებ. შესაბამისად საკვების ხარისხისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნივთიერებები, არამედ ენერგიის ის მუხტი, რომელსაც იგი თავისთავში შეიცავს, რაც აუცილებელია არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე სულიერი შემოქმედებითი ენერგიისთვის. მხედველობაში მაქვს არა “კალორიები”, არამედ ის სპეციფიკური სახის ენერგია, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისთვის. სხვადასხვა სწალვლებებში ამ ენერგიას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ (პრანა, ჩი, კოსმიური ენერგია ა.შ) მკვდარი ნივთიერება რომ გაცოცხლდეს, იგი უნდა ამაღლდეს უფრო მაღალ ენერგეტიკულ საფეხურამდე. ეს გარდაქმნა ხდება მხოლოდ მცენარის ორგანიზმში. მცენარიდან იწყება სიცოცხლის ჯაჭვი, რომელიც დასაბამს იღებს მზიდან.
საკვების ცალკეული ნაწილაკი შეიცავს ფიზიკურ, ემოციურ არსთან ერთად, სიცოცხლეს. გადამუშავების გზით ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის ჩანერგვამდე უნდა მოხდეს მისი გადალახვა და დამორჩილება. ამისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობის ენერგია და დრო. მინერალური, ცხოველური და მცენარეული საკვების გადამუშავება-ათვისებას, მათი განსხვავებების მიხედვით, სჭირდება შესაბამისი რაოდენობის ენერგია და დრო. ადამიანი და ცხოველები მცენარეებით კვებისას ითვისებენ მიწის ქიმიურ კომპონენტებს. ადამიანის მიერ ადვილად აითვისება მინერალური საკვები, მასთან შედარებით ძნელად ასათვისებელია მცირე ინდივიდუალობის მქონე მაღალორგანიზებული მცენარეებისაგან მიღებული საკვები, კიდევ უფრო ძნელად – მაღალორგანიზებული ცხოველური საკვები. საკვები რომელიც მიღებულია ცხოველისაგან, შედგება ინდივიდუალური ‘სხეულის სურვილის’ ნაწილაკებისაგან. ამის გამო, იგი გაცილებით ინდივიდუალიზებულია, ვიდრე მცენარეული საკვები. ცხოველურ საკვებში არსებობს უჯრედის ინდივიდუალური სამშვინველი, რომელიც განმსჭვალულია ცხოველის ვნებებითა და სურვილებით, ამიტომ მისი გადალახვისა და დამორჩილებისათვის, საჭიროა, მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგია და დრო, რათა მოხდეს მისი ათვისება.
ჯანმრთელი ადამიანის სხეულს აქვს საკვების თვითშერჩევის უნარი, ამ გზით იგი ხშირ შემთხვევაში აკეთებს ინდივიდუალურად მისთვის საუკეთესო არჩევანს, მაგრამ ჩვენს დღევანდელობაში ჩვენს ნერვულ სისტემას მუდმივ გაღიზიანებულ მდგომარეობაში ვამყოფებთ სიგარეტით, ნარკოტიკებით, ჭარბი ალკოჰოლით თუ კოფეინით გაჯერებული სასმელებით, ასევე ქიმიური ნივთიერებებით გაზავებული სასმელი წყალი, ქიმიკატებით მოყვანილი ხილი და ბოსტნეული, ემულატორებით, საღებავი ნივთიერებებით, არომატიზატორებითა და სხვა სინთეზური დანამატებით წარმოებული საკვები პროდუქტები დღითიდღე ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას. ასე რომ, თუ ჩვენს ცივილიზაციას კოსმიური პერსპექტივიდან გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ მიწიერი ადამიანის მხოლოდ მცირე პროცენტი ინარჩუნებს აბსოლუტურ ჯანმრთელობას.
თანამედროვე ადამიანს გრძნობის ორგანოები დაზიანებული აქვს და ვერ ანსხვავებს ნატურალურ და სინთეზური დანამატებით შექმნილ პროდუქტს. იგი იძულებულია საკვებად გამოიყენოს ჯანმრთელობისათვის უვარგისი ნაწარმი. ასეთი პროდუქტები ადამიანში იწვევს სასიცოცხლო ძალების დისჰარმონიას, რაც ვლინდება ტკივილსა და ავადმყოფობაში. საკვებისაგან მიღებული დისჰარმონიის მოსახსნელად ადამიანი თითქოს შვებას პოულობს წამალში. ტკივილის მოსახსნელი პრეპარატები კლავს ორგანიზმის სასიგნალო რეფლექსებს, ასუსტებს გრძნობისუნარიანობას დისჰარმონიის დასაძლევად და სპობს ინდივიდის უმაღლესი შემოქმედების უნარს. თითქმის ყველა დაავადება გამოწვეულია საკვებით და შემდგომ ამ დაავადების არასწორი მკურნალობით, ასევე წამლებით ავადდება სხვა ჯანმრთელი ორგანოები.
რატომაა ადამიანი ერთადეთი ცოცხალი არსება, რომელიც თავის მსგავს არსებებს უმიზეზოდ კლავს? სხვა სახეობებს აქვთ მიზეზი, ადამიანის სახეობა კი რაღაცნაირად ვერ ჯდება სამყაროს ბიოლოგიაში. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მაიმუნებზე. ისინი მათთვის არაბუნებრივ გარემოში მოათავსეს და რაღაც დროის შემდეგ უმიზეზოდ დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა. ჯანმრთელობა შეუძლებელია ბუნებასთან კონტაქტის გარეშე. ქალაქებში კორპუსებში გამოკეტილი ცხოვრება, ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო ძალას. სასიცოცხლო ძალის საიდუმლოებებს ვერც წიგნებიდან მიიღებთ, ვერც მედინსტიტუტებიდან. სასიცოცხლო ძალის მიღების ერთადერთი საშუალებაა, გახდეთ ბუნების ნაწილი. გამოიკვლიეთ იგი მისივე კანონებით და ისიც შეგცვლით თქვენ, თანაც ყველა თავის საიდუმლოებს გასწავლით.
ეს ყველაფერი თითქოს ვიცით ინტუიტიურად, მაგრამ ვერ გამოვდივართ ცხოვრების რბოლის მოჯადოვებული წრიდან. როდესაც ფინანსურად გიჭირს, შვილები შემოგყურებენ საშობაო საჩუქრების მოლოდინში შენ კი ორმაგად დასტრესილი, ხარ სამსახურში თვითდამკვიდრებას ცდილობ და არაფერი გამოგდის და ამ დროს ვიღაც გეუბნება, არ დაზოგო ფული შენს ჯანმრთელობაზე, წყალი უნდა გაფილტრო, ზეთი მხოლოდ შუშის ბოთლში უნდა იყიდო ბუნებრივია გაღიზიანდები. რა დროს მაგაზე ფიქრია როდესაც ამდენ პრობლემაში ხარ. ამ ყველაფრისგან გადაღლილს ერთი სული გაქვს რამე მიღო, მოეშვა და დაივიწყო როგორი “ლუზერი” ხარ.
მთავარია მიხვდეთ, იმისათვის რომ შეცვალოთ თქვენი რეალობა გჭირდებათ შემოქმედებითი (განზრახვის) ენერგია. ამ ენერგიის ქვეშ არ იგულისხმება ფიზიკური ძალა, იმისთვის რომ მთელი ღამე იცეკვოთ, არამედ თავისუფალი ენერგია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს რომ თავისი ნების რეალიზაცია მოახდინოს. არ არსებობს თავისუფალი ენერგია – არ არსებობს განზრახვა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, არაფერი არ გინდათ და არაფერი შეგიძლიათ. ძალები მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის და რუტინული მოქმედებების შესრულებისთვის გყოფნით. განზრახვის ენერგია ესაა სასიცოცხლო ძალა, რომლის წყალობითაც ადამიანს უჩნდება სურვილი უხაროდეს ცხოვრება, აქტიურად იმოქმედოს, იყოს შემოქმედი, დასახოს მიზნები და საბოლოო ჯამში შექმნას თავისი რეალობა. ძალიან მარტივია ენერგეტიკის დაბალი დონის დროს ოპტიმიზმი პესიმიზმში გადაიზარდოს, ხოლო სამყაროს სარკე ამ ხატსახეს რეალობად აქცევს, რის გამოც მიზეზი პესიმიზმისთვის უფო მეტი გვეძლევა და აქ კი ვხვდებით გამოუვალი რეალობის ჩაკეტილ წრეში, რომლიდანაც გამოძრომის კიარა, იმის ძალაც კი არ გვყოფნის, რომ გავიაზროთ თუ რა მდგომარეობაში ვართ.
ერთადერთი გზა ამ წრიდან გამოსვლის თვითშემეცნებაა, არ დაუჯეროთ არავის, უსმინეთ მხოლოდ თქვენს სხეულს, იკვებეთ იმით რაც გსიამოვნებთ, რაც მთავარია იკითხეთ ბევრი, განვითარდით და მიხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის მოვლა, სწორედ რომ ჯანმრთელი სხეული და გონება გაძლევთ იმ ენერგიას რითიც შეძლებთ იხაროთ ცხოვრებით და იყოთ შემოქმედი თქვენი ყოველი დღის.
ჩვენს რეალობაში ძალიან რთულია ამ ყველაფრის რეალიზება რადგან უაღრესად აჩქარდა ცხოვრების ტემპი, ჯანმრთელი საკვები კი ნელ და გულითად მომზადებას მოითხოვს, ამასთანავე სიღრმისეულ ცოდნას და გულწრფელობას. სამსახურში და უნივერსიტეტებში კვებისთვის ცოტა დრო გვაქვს გამოყოფილი და ფინანსურადაც არ ჯდება იაფი ყოველდღიურად ჯანსაღი და ახალი პროდუქტის მომარაგება. სწორედ ეს იყო მიზეზი თუ რატომაც შეიქმნა ᛝ ‘ხემსი’, მიგვეცა მეტი ადამიანისთვის ჯანსაღად კვების საშუალება, სწრაფი, ხარისხიანი და დაბალანსებული რაციონი. ასევე მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება კვებასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო რაშიც დიდ როლს ითამაშებს ᛝ ‘ხემსის’ ბლოგი, სადაც ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას დაბალანსებული კვების შესახებ, უძველესი სწავლებებიდან საინტერესო რჩევებს, ორგანიზმის გამწმენდ დიეტებს და სხვა მრავალ საინტერესო სტატიებს.
ავტორი: ნინო ტოგონიძე
No Comments